საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გერმანიაში იმყოფება. მიხეილ დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, სახელმწიფო მდივანთან რუდიგერ ვოლფთან. მხარეებმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. გერმანულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ავღანეთში, ნატოს მიერ წარმოებულ სტაბილიზაციის ოპერაციაში საქართველოს წვლილი. ქართველმა და გერმანელმა კოლეგებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების სურვილი გამოთქვეს. საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი წარმოადგენდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე საგარეო, უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის საკითხებზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის გუნდსაც შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ დარჩიაშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების განხილვას ეთმობა.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან იუოზას ოლეკასთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები, თავდაცვის სფეროში მიმიდინარე რეფორმები და საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხები.