საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე კანადაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა კანადის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, რიჩარდ ფადენთან. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებსა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს. კოლეგებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრეს. რიჩარდ ფადენმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მიმართ კანადის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.
კანადაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან. შეხვედრაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები და ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს. მიხეილ დარჩიაშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო ჰალიფაქსში გამართულ "საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმში".