შსს-ს წარმომადგენლები შვედეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდნენ

შსს-ს წარმომადგენლები შვედეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა დავით სუჯაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხიძემ საქართველოში შვედეთის ელჩ დიანა იანსეს და საქართველოში შვედეთის თავდაცვის ატაშე პიტერ ადოლფსონს უმასპინძლეს.

მხარეებმა შეხვედრაზე შს სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს.

საუბრისას მათ ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნურად აღმართული ბარიერები როგორც ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს აუარესებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფლებში ახლახანს დამონტაჟებულ, საზღვრის აღმნიშვნელ ტრაფარეტებზე წარწერით – „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა,“ რომლებიც ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ გამოჩნდა.