ახალი მინისტრთა კაბინეტი მუშაობას ძველი შემადგენლობით აგრძელებს და როგორც ცნობილია არც სამთავრობო პროგრამა შეიცვლება. თუმცა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დოლიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ შესაძლოა, პროგრამის გადახალისება მოხდეს.
მინისტრთა კაბინეტი ძველი შემადგენლობით აგრძლებს მუშაობას, მაგრამ საინტერესოა შეიცვლება სამთავრობო პროგრამა, თუ დარჩება ის პროგრამა, რომლითაც „ქართული ოცნება ამომრჩევლის წინაშე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარსდგა?
ვიქტორ დოლიძე: ახალ მინისტრთა კაბინეტს არ დავარექმევდი. ეს არის ის კაბინეტი, რომელიც ერთი წელია ეფექტურად მუშაობს და სწორედ ამიტომაც აგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება პროგრამის გადახალისებას, შესაძლებელია, რომ რაღაცა ცვლილებები იყოს, ახალი საანგარიშო წელი იწყება, მაგრამ ძირითადად, ეს პროგრმა ეფუძნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას და საარჩევნო დაპირებებს, რის შესრულებასაც ვაპირებთ ბოლომდე.
პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალი თავისი ზომიერებით, თავისი შინაარსით, კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ამაღლებულია, ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ჩვენ რეალურად ევროპული ქვეყანა ვართ და ჩვენი დაბრუნება და სრული ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში აბსოლუტურად შესაძლებელია.
უმრავლესობას ამ შემადგენლობასთან კითხვები არ აქვს, მაგრამ საპრალემენტო უმცირესობა არ აპირებს მხარი დაუჭიროს მთავრობის ამ შემადგენლობას. გიორგი თევდორაძის განცხადებით, ამის მიზეზი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაა....
- თევდორაძე დიდი დასავლურად მოაზროვნე პიროვნებაა, გასაგებია. რაც შეეხება კურსს, მე ამასთან დაკავშირებით კომენტრას არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ყველასთვის ნათელია ყველაფერი. თევდორაძე და უმცირესობა რას იტყვის, ეს ნაკლებად საინტერესოა, მითუმეტეს, რომ დეზინფორმაციას ავრცელებენ. ამ მთავრობამ ეფექტურობა უკვე აჩვენა, ჩვენ ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ იმით, რომ შევძელით ერთხელ და სამუდამოდ, არჩევნებით შეგვეცვალა ხელისუფლება, ეს კოალიციის და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. ვაპირებთ ყველა დაპირების მაქსიმალურად შესრულებას.
მოგეხენებათ, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის ძალიან სერიოზულ გზაზე ვართ. პარაფირებას ვუკეთებთ ვილნიუსში ასოცირების შესახებ შეთანხმებას. საიდან გამოდის გიორგი თევდორაძის „საზრიანი“ კომენტარი რუსულ კურსთან დაკავშირებით, ძალიან მაინტერესებს. იგეგმება ნატოს სამიტი რისთვისაც ძალიან სერიოზულად ვემზადებით. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს წინ გასაკეთებელი და ამიტომ, საჭიროა ნაკლები ყურადღება დაეთმოს ამგვარ უაზრო გამონათქვამებს და მეტი ყურადღება საქმეს.
ახალი ხელისუფლება ვილნიუსის სამიტისთვის უკვე ემზადება, რაც თავისთავად დიდი გამოწვევაა, მაგრამ როგორ შეაფასებთ ლიტვის პრეზიდენტის განაცხადას, სადაც ის ამბობს, რომ შეთანხმება ხელმოსაწერად მზადაა, მხოლოდ ერთი პირობით - უნდა შეწყდეს შერჩევითი სამართლის გამოყენება...
- რაც შეეხება შერჩევით სამართალს, იცით, რომ ევროპარლამენტარებთან, ჩემს ევროპელ კოლეგებთან და დიპლომატებთან მაქვს ინტენსური კონსულტაციები. ჩვენ შევძელით, რომ გადაგვეტეხა ვითარება იმ მიმართულებით იმ ცრუ რეალიზმიდან, რომელიც მათ მიეწოდებოდათ. ისინი უკვე რეალურად ფლობენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყენაში. საქართველოში არის მათი პირადი წარმომადგენელი ბატონი ჰამერბერგი, არის ეუთოს მისია, რომელიც აკვირდება სამართლებლივი რეფორმების პროცესს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არანაირ შერჩევით სამართალს საქართველოში ადგილი არ აქვს და ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, ამაზე მეტყველებს გნებავთ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის თაობაზე, უამრავი დოკუმენტი, რომელიც ეუთოს, ნატოს, ევროკავშირის ფარგლებში არის მიღებული, როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელ დონეზე. ამიტომ, ვერანაირ წინაპირობას ჩვენ ვერ დავეთანხმებით. მითუმეტეს იმასთან დაკავშირებით, რაც ბუნებაში არ არსებობს. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ჩვენ ვმუშაობთ, მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, ვიზის ლიბერალიზაციის საკითხების გადაწყვეტას და, რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით ეკონომიკური, სოციალური პირობების გაუმჯობესებას.
ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის წერილი დაიბეჭდა ერთ-ერთ უცხოურ გამოცემაში, სადაც ის იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელის წინაშე შესაძლოა ქვეყანა დადგეს. სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა პუტინი სრულიად დარწმუნებულია, რომ თბილისის ოკუპაციის შემთხვეაში, არავინ ხელს არ გაანძრევსო. მან ასევე ისაუბრა სირიის და ირანის საკითხებზე. ამ სტატიაში სააკაშვილის ნეგატიური დამოკიდებულება იგრძნობა აშშ-ის მიმართ?
- წავიკითხე ეს სტატია. სანამ წავიდა, ჯერ ყველაფერი გააფუჭა, მაგრამ არა უშავს, ეს გამოსწორებადია,0 მაგრამ კიდევ აგრძელებს ქვეყნისთვის ცუდი სიგნალების დათესვას საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. წარმოიდგინეთ, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი საუბრობს აშშ-ზე, რომელიც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, საუბრობს სირიის ოპერაციაზე, იგივე რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაზე. ამ სტატიაში მთავარი აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ პუტინმა თავისი აგრესული პოლიტიკით ყველაფერი განახორციელა, მათ შორის სირიაში, ირანში და ახლა თუ უნდა საქართველოში ჩამოვა და მას ხმას არავინ არ გასცემს.
პრაქტიკულად, მან აშშ-ის და ევროკავშირის როლი იმდენად დააკნინა, რომ გეგონება არც აშშ-ის ადმინისტრაცია და არც ევროკავშირი არ არსებობს და თან, თუ არსებობს, არაფერს აკეთებდნენ. სააკაშვილმა, ეტყობა, კურსი დაკარაგა პოლიტიკასთან მიმართებაში. მესმის მისი, ნერვიულობს, მტკივნეულია სააკაშვილისთვის ქვეყნის სადავეების ხელიდან გაშვება, მაგრამ რა ვქნათ ჩვენ? მის კომენტარებზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს მისთვის სამარცხვინო სტატიაა.
როგორც ამ სტატიიდან ჩანს, სააკაშვილი შეეცადა ეს საკითხები გლობალური პოლიტიკის ჭრილში განეხილა...
- აბსოლუტურად გეთანხმებით. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა შეთანხმებები შედგა იგივე სირიასთან და ირანათან დაკავშირებით აშშ-ს, რუსეთსა და ევროპას შორის, ვფიქრობ, რომ კარგია გადაწყვეტილებები მშვიდობიანი გზებით, რომ მიიღება. თანამშრომლობის რაღაცა ქვაკუთხედებს ეძებენ ისინი და არა დაპირისპირებას. პოლიტიკური ინტერესები ხან ერთ მხარეს გადაწონის, ხან მეორე, ეს ნორმალური გლობალური პოლიტიკის ნაწილია. მათავარია იყოს შედეგი და შედეგია ის, რომ მშვიდობიანი გზით, ჯერჯერობით, მეტ-ნაკლებად, სირიის და ირანის პრობლემა გადაწყვეტილია, ეს არაა ცუდი. იმედი მაქვს, რომ იგივე შეთანხმების საგანი იქნება მათი საბოლოოდ გადაწყვეტა, ისევე, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ყველა საკითხი ჩვენი პარტნიორების ჩარევით უნდა მოხდეს. რუსეთთან მარტო ერთი-ერთზე დატოვებამ რა გამოიწვია, ეს ჩვენ ვნახეთ.
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ არც ერთი სისხლის სამართლის საქმე არაა აღძრული, ის ამავე სტატიაში ამბობს, რომ შევეცდები ვიბრძოლო ჩემს სამშობლოში ჩემი თავისუფლებისთვისო, ეს რას უნდა ნიშნავდეს?
- როგორ იბრძოლა მან სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის, ეს ჩვენ ერთად ვნახეთ 2008 წელს და ამის ნახვის საშუალება გვქონდა პირდაპირი ეთერის საშუალებით. სააკაშვილს უფლება არ აქვს თავისი სამშობლოსთვის ბრძოლაზე ისაუბროს.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომ ქვეყანაში კოაბიტაცია დასრულდებოდა, ეს გიორგი მარგველაშვილის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. რეალურად დასრულდება ე.წ. კოაბიტაცია და დაიწყება მუშაობის ახალი სტილი?
- კოაბიტაცია ისე მოახვიეს ჩვენს საზოგადოებას თავს, რომ მიუღებელ სიტყვად იქცა. კოაბიტაცია ქართულად ნიშნავს თანაცხოვრებას. ჩვენ თანავცხოვრობდით ჩვენს ოპოზიციურ ძალებთან აქამდეც, თანავცხოვრობთ დღესაც და მომავალშიც ამას ვერ გავაქცევით, ეს არის თანამშრომლობა. ჩვენ ვართ დემოკრატიული, ცივილური დასავლური ტიპის ქვეყანა. ჩვენ თუ გვინდა ევროკავშირში და ნატოში შესვლა, უნდა ვითანამშრომლოთ. რამე სხვა გზა არის? ვინმე თუ მეტყვის უკეთს გზას, მე დავთანხმდები.
სტრატეგიულად მნიშვნელოვან, როგორც შიდა, ასევე საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, რომ განსხვავებული ხედვები და მოსაზრებები გვაქვს, ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან.