მმართველ კოალიციაში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ, გენერალ გიორგი შერვაშიძის კანდიდატურა განიხილება. ამ ინფორმაციას შერვაშიძე არც უარყოფს და არც ადასტურებს. როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მისი კანდიდატურა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. თუმცა მაშინ „ქართული ოცნების“ წევრს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ არ მოუსმინა და არჩევანი ვახტანგ ყოლბაიაზე შეაჩერა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ შესაძლოა აფხაზეთის ა-რ მთვარობის თავმჯდომარის პოსტი დაიკავით. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
გიორგი შერვაშიძე: ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, ეს უნდა გადაწყვიტოს უმაღესმა ხელისუფალმა. მე მაქვს ჩემი ხედვები ქართულ-აფხაზურ ურთიერთობასთან მიმართებაში, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილებთან მიმართებაში, რომლებიც გაურკვევლობაში არიან. ვნახოთ რა იქნება. თუ იქნება შესაბამისი წინადადება, მზად ვარ შესაბამისი პასუხი გავცე.
გავრცელებული ინფორმაციით თქვენს კანდიდატურას მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრი და ამ მხარდაჭერას თქვენი და თამაზ თამაზაშვილის ნაცნობობას უკავშირებენ...
- მე მლობირებს ის საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ჩემი კანდიდატურა წარადგინა აფხაზეთის ა-რ უმაღლეს საბჭოში. რაც შეეხება თამაზ თამაზაშვილთან მეგობრობას, რა თქმა უნდა, ვმეგობრობთ. როგორ შეიძლება 2 წელი პანკისის ხეობაში ერთ „აკოფში“ ვიყოთ და ერთმანეთს არ ვიცნობდეთ, ან რაღაცა ურთიერთობა არ გაგვაჩნდეს. რა თქმა უნდა, გვაქვს ურთიერთობა. ჩემი ლობისტია 5 კაციანი საინიციატივო ჯგუფი, დანარჩენი უმაღლესი საბჭოს გადასაწყევტია.
მაგრამ, თქვენი კანდიდატურა როდესაც წარადგინა საინიციატივო ჯგუფმა, მაშინ აფხაზეთის ა-რ უმაღლესმა თქვენი კანდიდატურა არ განიხილა, მეტიც არც მოგისმინათ. მაშინ უმაღლესმა საბჭომ ყველაფრი გააკეთა იმისათვის, რომ მთავრობის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია გამხდარიყო...
- ჩემს გარდა სხვა კანდიდატებიც იყვნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არც ერთს არ მოუსმინეს. უმაღლესი საბჭო ეს არის არჩევითი ორგანო, მიუხედავად იმისა, რომ ოც წელიწადზე მეტია არავის არ აურჩევია, მაინც არჩევითი ორგანო ჰქვია და ვალდებულია ყველა კანდიდატს მოუსმინოს. მცდელობა იყო, რომ მოესმინათ ჩემთვის, მაგრამ მერე რა მოხდა ეს უკვე უმაღლეს საბჭოს და მის თავმჯდომარეს უნდა ჰკითხოთ და იმედია, პასუხიც ექნებათ.
ვახტანგ ყოლბაიას არჩევისას, როგორც თავად უმაღლესი საბჭოს წევრები აცხადებენ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ მიმართა, რომ ეს კანდიდატურა შეთანხმებულია ბიძინა ივანიშვილთან და პაატა ზაქარეიშვილთან, მოგვიანებით თავად ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის საქმის კურსში არაა ამ საკითხზე. სწორედ ეს ხომ არ იყო მიზეზი იმისა, რატამოც არ მოგისმინათ მაშინ უმაღლესმა საბჭომ?
- არ მაქვს სურვილი ვისაუბრო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ალბათ, ჰქონდათ სურვილი, რომ ვახტანგ ყოლბაია დაენიშნათ მოვალეობის შემსრულებლად. ფაქტია, რომ მე და სხვა კანდიდატები არ აღმოვჩნდით ერთნაირ პირობებში. დემოკრატიასთან დაკავშირებით პატარა პრობლემები იყო ამ მიმართულებით და იგნორირებული ვიყავით ყველა კანდიდატი, ერთის გარდა. უმაღლესი საბჭო არის არჩევითი ორგანო და ვალდებულია მოუსმინოს ყველა კანდიდატურას. ვფიქრობ, რომ უმაღლესი საბჭო თავის თავში გააღვიძეს დადებით თვისებას, რომელიც დღეს მიძინებულია და რეალურად შეაფასებს მოვლენებს, რეალურად შეაფასებს სიტუაციას და დაიწყვებს საკითხების განხილვას და მათ შორის იმ საკითხების, რასაც აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს კანდიდატების განხილვა ჰქვია.
თქვენს კანდიდატურას უკვე გამოეხმაურა გარკვეული ჯგუფი და მიმართავენ პრემიერ-მინისტრს, რომ მხარი არ დაუჭიროს თქვენს კანდიდატურას. ერთ-ერთი ვერსიით ეს ყოლბაიას მხარდამჭერთა ჯგუფია, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
- ე.წ. მხარდამჭერები... საინტერესოა. ამ. ე.წ. მხარდამჭერების გვარებსაც კი არ დავასახელებ, ხალხის ამ კატეგორიაზე არ მინდა ლაპარაკი. იქიდან გამომდინარე, რაც მე და ჩემს ოჯახს 2004 წლიდან მოყოლებული გადატანილი გვაქვს ყოფილი ხელისუფლებიდან, არ მინდა ამ ე.წ. მხარმაჭერებს პასუხი გავცე. ისეთ სიბინძურეებზე რაც იქ წერია, ამაზე ჩემს სათქმელს სხვანაირად ვიტყოდი, მაგრამ საზოგადოებას და თქვენ ამას არ გაკადრებთ. ჩემი მეგობრები მეუბნებიან, რომ სასამართლოში უჩივლეო, მაგრამ ვის უნდა ვუჩივლო? არაკაცი არის არაკაცი.
ვინ არის ის საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც თქვენი კანდიდატურა წარადგინა?
- „ქართული ოცნების“ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ურთიერთობის საინიციატივო ჯგუფი. როდესაც ბატონი გიორგი ბარამია თანამდებობიდან გადადგა, სწორედ ამ ჯგუფმა წარმადგინა მაშინ. რამოდენიმე კაცი მოვიდა ჩემთან, გვქონდა კონსულტაციები და მერე გადავწყვიტე, რომ დამეკითხა სხვებისთვის, ენგურს გაღმაც ვიკითხე და მითხრეს, რომ რატომაც არაო.
აფხაზებს დაეკითხეთ?
- დიახ. ჩემს მეგობრებს. დღეს რომ წერენ, რომ თურმე არავის არ ვიცნობ, მე შერვაშიძეს აფხაზს თუ არ მყავს მხარდამჭერი და გულშემატკივარი, მაშინ სხვებმა რა უნდა თქვან?!
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი ხედვა წარადგინა აფხაზეთთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით პროვოკაციების საფრთხის პრევენციის მყარი მექანიზმის ჩამოყალიბების და უსაფრთხოების გარანტირების პროცესში, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფა აუცილებელია...
- ეს ინიციატივა დამატებით ფუნქციას სძენს აფხაზეთის მთავრობას. ეს არის პირველ რიგში ურთიერთობა შესაბამის სტრუქტურებთან აფხაზურ მხარესთან. ვიღაცას შეიძლება ასეთი რამ წარმოუდგენლად ეჩვენოს, მაგრამ ეს ის თემაა რაზეც ამ ოცი წლის განმავლობაში არავის არ უმუშავია. ამაზე მუშაობაა საჭირო ახლა.
რა გეგემებით მიდიხართ აფხაზეთის მთავრობაში?
- აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისათვის, რომ გაუადვილოს ცენტრალურ ხელისუფლებას საუბარი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და, რა თქმა უნდა, რუსეთთანაც. ეს უნდა გააკეთოს აფხაზეთის ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ და ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას თავისუფლად შეეძლოს დალაპარაკება როგორც აფხაზებთან, ასევე რუსებთან. ამაში მაქსიმალურად ჩართული უნდა იყოს ევროპული მხარე.
არჩევითი ორგანო ახსენეთ, 20 წელზე მეტია, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ამ შემადგენლობით აგრძელებს მოღვაწეობას. რამდენადაც ვიცი „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფში მუშაობენ ამ საკითხზე, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი...
- არსებობს საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხს სწავლობს და, რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო, რომელიც არჩეული იქნა აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველას მიერ. ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. დღეს მოქმედი არჩეული ლეგიტიმური ორგანო ვერაფერში ვერ გამოვიყენეთ, აბსოლუტურად. ყველაფრი უნდა გაკეთდეს ისე, როგორც ეს უკეთესია ქართულ-აფახაზური ურთიერთობისთვის.