„თბილისელობა ცოტა სხვა რამესაც ნიშნავს, მარტო ეკონომიკა არაა“

„თბილისელობა ცოტა სხვა რამესაც ნიშნავს, მარტო ეკონომიკა არაა“

კოალიციის პოლიტსაბჭოსგან განსხვავებული აზრი აქვს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ზაზა პაპუაშვილს, მისთვის დედაქალაქის მერის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურა მიუღებელია. დეპუტატი მიიჩნევს, რომ გამოჩნდებიან მერობის კანდიდატები, რომლებსაც ნარმანია მეტოქეობას ვერ გაუწევს. For.ge-სთან საუბრისას პაპუაშვილი აცხადებს, რომ მიმართავს კოალიციას, რომ დაიწყონ მსჯელობა სხვა კანდიდატზე.

რა არის ის მთავარი მიზეზი რატომაც დავით ნარმანიას კანდიდატურა მიუღებლად მიგაჩნიათ თბილისის მერის პოსტზე? ფაქტია, რომ ის დაასახელა კოალიციამ და როგორც ცნობილია, მის კანდიდატურას პოლიტსაბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი...

ზაზა პაპუაშვილი: დავით ნარმანიას კანდიდატურას თბილისის მერად ვერ განვიხილავ. ნარმანია, როგორც თბილისის მერის კანდიდატი, ჩემთვის მისაღები არ არის. მას პიროვნულად არანაირად არ ვეხები. როგორც მინისტრმა, ბევრი რამ შესანიშნავად გააკეთა, მაგრამ თბილისი ცოტა სხვა თემა მგონია. ამ შემთხვევაში ბევრი რამის გათვალისწინება უნდა მოხდეს. თბილისმა ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გადაიტანა. ეს ქალაქი მუდმივი ბრძოლის რეჟიმში იყო და რომ ვერ წააქცია იმ ჯალალედინმა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ჰქვია, ამიტომაც გადაიტანა პარლამენტი ქუთაისში.

თბილისი შეძლებს, თავად ჩამოყალიბდეს მერობის კანდიდატურაზე და გამოინახება ღირსეული ადამიანი. გამოჩნდებიან მერობის კანდიდატები, რომელსაც ნარმანია მეტოქეობას ვერ გაუწევს. არავითარი პიროვნული მასთან არ მაქვს, უბრალოდ, ეს არის ჩემი პოზიცია. მე თბილისელი კაცი ვარ და ასეთი პოზიცია მაქვს - ნარმანიას თბილისის მერობის კანდიდატად ვერ აღვიქვამ, ვერ განვიხილავ.

თქვენ ამბობთ, რომ თბილისელი კაცი ხართ და გაქვთ თქვენი პოზიცია. მთავარი მოტივი არის ის ფაქტი, რომ ნარმანია თბილისელი არაა და ზუგდიდის მკვიდრია?

- არავის არაფერს არ ვუწუნებ, თბილისელი ვარ და რა გავაკეთო?! რაღაცა არის თბილისში, რომელიც ბევრი ქალაქებისგან განსხვავდება. დასავლეთ საქართველოში ვარ გაზრდილი, მაგრამ როცა მეკითხებიან სადაური ხარო, ვპასუხობ, რომ თბილისელი ვარ-თქო. ამით ვინმეს კი არ ვამცირებ ან ვაკნინებ, მაგრამ თბილისი განსხვავდება სხვა ქალაქებისგან, ისევე როგორ ბათუმი განსხვავდება სხვა ქალაქებისგან. მე მგონია, რომ ქალაქში ჩამოყალიბდება ისეთი კანდიდატი, რომელსაც ნარმანია პაექრობას ვერ გაუწევს, ეს ჩემი მოსაზრება. მე მასთან პიროვნული არაფერი მაქვს, არც ვიცნობ კარგად, სულ რამდენიმეჯერ მაქვს ხელი ჩამორთმეული. რა ვქნა, მე თუ ასე ვფიქრობ, რა ვუყო ჩემს ოხერ თავს?

კოალიციაში თქვენ ხარ ერთადერთი, ვინც ამ კანდიდატურას არ უჭერს მხარს, ეს კოალიციაში პრობლემებს არ შეგიქმნით?

- რას ამბობთ, მე იმისთვის არ ვარ მოსული, რომ მარიონეტივით ხელი ავწიო და დავწიო. ჩემი მოსაზრებები მაქვს. შემიძლია გუნდური თამაში და ძალიან კარგად შემიძლია კიდევ ინდივიდუალური თამაში. ვაღმერთებ გუნდურ თამაშს, მაქვს რაღაცა მოსაზრებები და ამაზე თუ რამე კონფლიქტს წამოაგებენ, პროვოკაციაზე ვერავინ ვერ წამომაგებს, ასეთი ბილწი აზრებით მე არ ვცხოვრობ. მე რასაც განვიცდი ის ვთქვი ხმამაღლა. უკეთესი კანდიდატურა შეიძლება ჩამოყალიბდეს ქალაქში ვიდრე ნარმანიაა, რა არის ამაში მიუღებელი? მაინტერესებს როგორ უნდა შემექმნას პრობლემა? მე არ ვამბობ, რომ ნარმანიას კანდიდატურა კატასტროფაა, მე ვამბობ, რომ უკეთესი კანდიდატურა შეიძლება ჩამოყალიბდეს თბილისში.

მიმართავთ ინიციატივით კოალიციის პოლიტსაბჭოს, რომ დაიწყონ მსჯელობა სხვა კანდიდატზე?

- რა თქმა უნდა. კანდიდატი დაასახელა „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უკვე მერია. ჩვენ იმისთვის არ ვიბრძოდით, რომ სამართლიანად გადამწყდარიყო არჩევნების ბედი? კანონიერება გვინდოდა და სამართლიანი გადაწყვეტილება, ეს იყო მთელი წუხილი. მე კანდიდატს არ ვუჭერ მხარს, მაგრამ ეს არაა კატასტროფა. განსხვავებული აზრი მაქვს. შეიძლება სხვა კანიდატურა დაასახელოს ქალაქმა და ბევრად უკეთესი, არ შეიძლება? თუ ნარმანია ერთადერთი და ულატერნატივოა? ასე არც ბატონი ნარმანია არ უყურებს თავის თავს. კოალიციამ დაასახელა ნარმანიას კანდიდატურა? - კი ბატონო, დაასახელა, ხალხმა შეიძლება ალტერნატიული კანდიდატურა დაასახელოს. თბილისის მერმა ბევრი კომპონენტი უნდა დააკმაყოფილოს. არსებობს ნიუანსები, რომელსაც თბილისის მერი უნდა აკმაყოფილებდეს.

გადაგომამდე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მას უკვე შერჩეული ჰყავს თბილისის მერობის კანდიდატი. არ ფიქრობთ, რომ კოალიციას ნარმანიას კანდიდატურა ივანიშვილმა წარუდგინა?

- ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის ბევრი მნიშვნელობით ფასდაუდებელი ადამაინია. იმიტომ, რომ ფასეულობების ადამიანია, ძალიან ძვირფასია და ბედნიერი ვარ, რომ მას შევხვდი, მის მეგობრად ვთვლი თავს. მე კარგად ვიცი ქვეტექსტების ამოკითხვა, მისი პატიოსნების მჯერა. ეს ადამიანი თქვენგან და ჩვენგან მონობას არ ითხოვს, მისი აზრია, რომ მონობამ გაანადგურა ქვეყანა. პირიქით, ეს კაცი გეუბნება, რომ იყავით თავისუფალიო. მას თითი არავისთვის არ დაუქნევია, რომ გინდა თუ არა ეს გახდესო. გუნდთან ერთად წყვეტს საკითხებს და ასევე გუნდთან მოისმენს რაღაცა ალტერნატიულ წინადებას. ის არ ამბობს, რომ ყველა ერთ აზრზე იყავითო, ამას არ ითხოვს ეს კაცი. რატომ უნდა დაიდგა ზედმეტად მონის უღელი მე ეს არ მესმის.

ამ თემაზე თავისუფალ რეჟიმში იქნება მსჯელობა. შეიძლება ფრაქციაშიც იყოს ლაპარაკი, ასევე - კოალიციაში. თავ-პირს არავინ არავის ამტვრევს, არავის არ ეკრძალება აზრის გამოთქმა. ხალხიც ჩაერთვება, ნორმალური თბილისელები გულგრილი ვერ დარჩებიან, თავიანთ ქალაქს ეხება საქმე. თბილისელობა ცოტა სხვა რამესაც ნიშნავს, მარტო ეკონომიკა არაა. ეკონომიკა ბევრმა იცის. რაღაცა არის ისეთი, რომელიც მერე და მერე გაიხსნება.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პოზიცია ამ კანდიდატთან დაკავშირებით არ იქნება გაზიარებული, ეს გახდება მიზეზი იმისა, რომ დატოვოთ უმრავლესობა?

- მე ბუტია კაცი არ ვარ და ულტიმატუმებს არავის ვუყენებ. ასე პრიმიტიულად არ ვაყენებ საკითხებს, შანტაჟის და მუქარის ენა არ მაქვს. მე დავაფიქსირე ჩემი აზრი. თბილისელი კაცი ვარ, თბილისში თუ ამიკრძალა ვიღაცამ ჩემი აზრის დაფიქსირება, ეგრე სადაა კაცო. ამ ჯალათების არ შემშინებია ვინც ხელისუფლებიდან მოვიშორეთ და ახლა, ეგრე არაა.