„დღევანდელი ბრიუსელი იგივე ცეკაა. როგორც ახლანდელი მოღალატეები აგზავნიან „დეპეშებს“ ბრიუსელში, ასევე, მიდიოდა ცეკაში საჩივრები საქართველოდან. როდესაც სვანეთში მოხდა დიდი მეწყერი, ჯუმბერ პატიაშვილმა სვანები გადაასახლა და ჩაასახლა ქვემო ქართლში, ამის გამო მოსკოვში დაიგზავნა წერილები ქართველებისგან, ცეკას თანამშრომლებისგან, ჯუმბერ პატიაშვილი დემოგრაფიულ ვითარებას ცვლის ქვემო ქართლში ქართველების სასარგებლოდო. რით განსხვავდებიან ცეკას თანამშრომლებისგან დღევანდელი დამსმენები?!“ - აცხადებს ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან საუბრისას.
„გამჭვირვალობის შესახებ კანონმა“ ნაწილობრივ გააკეთა თავისი საქმე, რადგან გამოჩნდა, რამდენად დამოკიდებულნი არიან ცალკეული ადამიანები იმაზე, რას იტყვის დასავლეთი. რამდენად ადეკვატურია, როცა შენი ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოში შექმნილი ვითარებისა და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვას ევროპული საბჭოს სხდომაზე ითხოვდა, რაც ევროპულმა საბჭომ არ დააკმაყოფილა?
- ევროპულ საბჭოს ეს საკითხი რომ განეხილა, ეს იქნებოდა საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევა. არ მიკვირს, პრეზიდენტი ზურაბიშვილი რასაც აკეთებს, ეს ქალბატონი ქართველი არ არის, მან საქართველოს ისტორია არ იცის. მან არ იცის, ვინ იყო ქეთევან დედოფალი, რომელმაც უზრუნველ ცხოვრებას არჩია, არ მიეღო მუსლიმანობა, დარჩა ქრისტიანად და ამისთვის აწამეს. ზურაბიშვილი ამას ვერასოდეს გაიგებს, რადგან უსამშობლო ადამიანია. მათთვის სამშობლო არ არის ფასეულობა. მე ვსვამ ასეთ კითხვას, რით განსხვავდებიან ის მოღალატე ქართველები, რომელთაგან ზოგიერთები ირანს მიდიოდნენ, ზოგიერთები ოსმალეთს, ზოგნიც რუსეთში და იქიდან მოითხოვდნენ სამხედრო ძალებს საკუთარი ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევისთვის, ზუსტად ამას აკეთებს ზურაბიშვილი. ზუსტად ისეთივე მოღალატეა, როგორებიც შუასაუკუნეების განმავლობაში არაერთი და არაოცი ჰყავდა ჩვენს ქვეყანას. ერთ მაგალითს გეტყვით, ვახტანგ მეექვსე როდესაც იმყოფებოდა ირანში და იქიდან უნდა დაბრუნებულიყო ქართლში, შაჰი მას უშვებდა ქრისტიანად და მისმა ძმამ მისწერა წერილი საქართველოდან ირანში შაჰს, ეგ ქრისტიანად არ გამოუშვა საქართველოშიო. ანალოგიური სიტუაციაა ახლაც, ამ სისხლისაა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელსაც ვერ წარმოუდგენია, საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა იყოს. მის სულში დევს მონობა, ვასალიტეტი. ერთ მაგალითს გეტყვით, ნოე ჟორდანია და ზურაბიშვილის ე.წ. წინაპრები რომ გაიქცნენ, პიპინიამ რომ გაასწრო თავის ცხენს პორტ არტურიდან, ისევე ასწრებდნენ თავიანთ ჯარს თბილისიდან, ნოე ჟორდანია წიფის გვირაბს რომ გასცდა, გამოიღვიძა და გაჩერებული მატარებლის დანახვისას იკითხა, სად ვართო. ჯერ ერთი, ქვეყნიდან გარბიხარ, რა გაძინებს, შე უპატრონო. ეს ხალხი არიან ესენი და მათგან არ უნდა ველოდოთ არანაირ სიკეთეს. საქართველოს სუვერენიტეტი მათთვის მეორე და მესამეხარისხოვანი კი არაა, არამედ საერთოდ არ არსებობს მათთვის სუვერენიტეტი. მათთვის არსებობს მხოლოდ ვასალიტეტი. ისიც არ იციან, რა არის ვასალობა, მათთვის მთავარია მონობის ინსტიტუტი.
თვითონ ევროკავშირს რაც შეეხება, როგორც ჩანს, მათ ჰგონიათ, რომ ქართველები საკუთარი თამაშის წესებს ვახვევთ თავს. ნუთუ შეიძლება მიგვიღონ ევროკავშირში სუვერენიტეტის დაკარგვის გარეშე?
- მივდივართ კი ევროკავშირში და გვღებულობენ კი?! რამდენი წელია თურქებს აქვთ კანდიდატობის სტატუსი, მაგრამ მიიღო თურქეთი ვინმემ? ზოგადად, რომელიმე კავშირში რომ შედიხარ, რაღაცებს თმობ. დიდი ილია ლაპარაკობდა, რა კარგი იქნება ევროპიული ცხოვრების წესი დაყრდნობილი ქართულ სინამდვილეზეო. მე მჭირდება ისეთი ევროპული კანონები, რომლებიც დამყნობილი იქნება ქართულ სინამდვილეზე და ჰარმონიულ ურთიერთობაში მოვა ერთმანეთთან. თორემ მე კოლონიზატორი მყავდა რუსის სახით, რუსული კანონები უნდა გატარებულიყო საქართველოში, მერე იყო ცეკა, იგივე ცეკა ახლა არის ბრიუსელი. ასევე მიდიოდა ცეკაში საჩივრები საქართველოდან. როდესაც სვანეთში მოხდა დიდი მეწყერი და მთელი სოფელი მოიყოლა, ჯუმბერ პატიაშვილმა სვანები გადმოასახლა და ჩაასახლა ქვემო ქართლში, ამის გამო დაიგზავნა მოსკოვში წერილები ისევ ქართველებისგან, ჯუმბერ პატიაშვილი დემოგრაფიულ ვითარებას ცვლის ქვემო ქართლში ქართველების სასარგებლოდო. ეს წერილები ცეკას თანამშრომლებმა გაგზავნეს მოსკოვში. რით განსხვავდებიან ცეკას თანამშრომლებისგან ეს დამსმენები?!
ვარაუდობენ, რომ ნჯო-ების კრიზისი მალე დადგება და სულ მალე არასამთავრობოებს ამოფარებული პოლიტიკოსები რუსთაველზე ხალხს ვერ გამოიყვანენ. ეს პროცესები როგორ დამთავრდება და 7-9 მარტისგან განსხვავებული იქნება თუ არა?
- ჩემი აზრით, დამთავრდება ისე, როგორც ქართულ სახელმწიფოს უნდა. ქართული სახელმწიფო დღეს მიდის სუვერენიტეტისკენ. დღევანდელ დღეს ეს კანონი თუ ვერ მივიღეთ და ვიღაცების დაკრულზე ვითამაშეთ, ქართული სახელმწიფო მსოფლიო არენაზე ჩვრად გადაიქცევა, ამიტომ აუცილებლად მისაღებია ეს კანონი, რომ ქართველმა კაცმა თავი ქართველად იგრძნოს. განსაკუთრებით, ეს ჩვენ უკანასკნელ წლებში ვიგრძენით, ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის პრემიერობის დროს, როდესაც შინაგან მე-ში ჩასახლდა ასეთი რამ - „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“, დიდი ილიას სიტყვები.
მედვედევი და პესკოვი აცხადებენ, რომ ეს არ არის რუსული კანონი და ამითაც ერთგვარ „პადაჩას“ აწვდიან ოპოზიციას. რისთვის არის ეს მესიჯები გათვლილი?
- ილაპარაკონ მედვედევმა, პესკოვმა, თუნდაც პუტინმა ილაპარაკოს, ქართული ანდაზაა, „ვინაც რა უნდა თქვასო, ჩემმა წისქვილმა უნდა ფქვასო“. ჩვენ დავაფქვევინოთ ქართულ წისქვილს ქართული კანონები და ქართული საქმე. მათ ილაპარაკონ რაც უნდათ, იმაზე მეტ წასაღებს რას წაიღებენ, რაც აქვთ წაღებული და იმაზე მძიმე სიტუაციაში რას ჩაგვყრიან, რაშიც უკვე ჩაგვყარეს. ჩვენ გავატაროთ ის პოლიტიკა, რასაც ვატარებთ, განსაკუთრებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღევანდელ დღემდე და მსოფლიო გადანაწილების პროცესს მშვიდობიანად შევხვდეთ. ამით დიდ რამეს გამოვკრავთ ხელს, რასაც ჯერჯერობით არ ვიტყვი.
გვარამიებს და მისთანებს კი საკადრის პასუხს გავცემთ!