ძველი მინისტრები ახალი მოადგილეებით

ძველი მინისტრები ახალი მოადგილეებით

საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილება გრძელდება. თანამდებობას ინარჩუნებენ პირველი პირები, მათი მოადგილეები კი თანამდებობებს ტოვებენ. მათი ნაწილი სხვა უწყებაში გადადის, ნაწილი კი სახლში მიდის. ცნობილია, რომ არ შეიცვლებიან ვიცე-პრემიერები. პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი ვიცე-პრემიერის თანამდებობას შეინარჩუნებენ. შესაბამისად, საკადრო ცვლილება არ იქნება ენერგეტიკის და ეკონომიკის სამინისტროში. ძველი მინისტრები, ძველი მოადგილეებით განაგრძობენ მუშაობას.

ახალი მოადგილე ჰყავს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას. ალექსანდრე ბატიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის პერიოდში მისი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, თუმცა, პრემიერის თანამდებობაზე დამტკიცებული ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მან თავდაცვის სამინისტროში გადაინაცვლა. ალასანიამ ახალი მოადგილე თანამშრომლებს ოფიციალურად უკვე წარუდგინა. ბატიაშვილი კურირებას გაუწევს ფინანსების მართვის, სახელმწიფო შესყიდვების, სამხედრო ტექნიკურ საკითხთა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებს. ასევე, მის საკურატორო სფეროში სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი იქნება.

პირველი მოადგილე შეცვალა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. როგორც მან აღნიშნა, მოადგილეების განახლებული გუნდი ეყოლება. უკვე ცნობილია, რომ პირველი მოადგილის თანამდებობაზე დავით ჯანდიერს ალექსანდრე ბარამიძე შეცვლის. ამასთან, დავით ჯანდიერი იუსტიციის სამინისტროში მუშაობას აღარ გააგრძელებს. 

„მე საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარვუდგინე ჩემი მოადგილეების ახალი განახლებული გუნდი. პირველ მოადგილედ შევთავაზე სანდრო ბარამიძის კანდიდატურა. ბატონები გოჩა ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ბურჭულაძე ასევე გააგრძელებენ საქმიანობას და ისინი წარდგენილი არიან მოადგილის თანამდებობაზე. მეოთხე მოადგილის ადგილზე კი პრემიერს შევთავაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე. ეს ის გუნდია, ვისთან ერთადაც მესახება გავაგრძელო სერიოზული საქმის კეთება, რაც უკვე ხელმეორე ნდობის გამოცხადებით დაგვავალა პარლამენტმა და პრემიერ-მინისტრმა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება დავით ჯანდიერს, მინისტრის განმარტებით, მისი საქმიანობის გარკვეული კრიტერიუმების შეფასების შედეგად გადაწყვიტა, რომ პირველი მოადგილე ის აღარ ყოფილიყო.

„დავით ჯანდიერს მე ვიცნობ ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა სტასბურგში ის 3 თვის განმავლობაში ჩემი სტაჟიორი იყო. ბოლო წელი ერთად ვიმუშავეთ და ეს იყო ყველასთვის გამოცდა გამძლეობაში, სერიოზულობაში და საქმისადმი სწორ მიდგომაში. ამ საქმეების შეფასების შედეგად გადავწყვიტე, რომ პირველი მოადგილე არ იყოს“, - დასძინა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის განცხადებას სპეციალური განცხადებით პასუხობს ყოფილი პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი. წერილში ჯანდიერი არ მალავს მასსა და მინისტრს შორის არსებულ უთანხმოებას და თანადგომისთვის მადლობას უხდის კახი კალაძეს. კონკრეტულ მიზეზებზე და დეტალებზე ჯანდიერი არ საუბრობს.

„გასულ წელს ჩემს წარდგენას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე საზოგადოება დადებითად შეხვდა, რის გამოც, სავსებით ბუნებრივად მიმაჩნია ის ინტერესი, რაც მოჰყვა ჩემს ხელახლა წარუდგენლობას ამ პოზიციაზე. ასევე ბუნებრივად მიმაჩნია შეკითხვების გაჩენა მათგან, ვინც მიცნობს როგორც ადამიანს, მენეჯერს და იურისტს. განვლილი ერთი წელი იუსტიციის სამინისტროში მაფიქრებინებს, რომ ერთგულად, წესიერად ვემსახურე იმ საქმეს, რომელიც მე, როგორც საჯარო მოხელეს მევალებოდა. გადაწყვეტილებებს ვიღებდი ყოველთის გაბედულად, თუმცა საკითხის სათანადოდ აწონ-დაწონვისა და გაანალიზების შემდეგ.

მინდა განსაკუთრებული პატივისცემა დავადასტურო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომლის მხარდაჭერის გარეშეც ვერ შევძლებდი მემუშავა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს გაწეული თანადგომისათვის. მჯერა, რომ მხოლოდ პროფესიონალიზმით, გონივრული, ჯანსაღი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმის პირობებში შეძლებს იუსტიციის სამინისტრო წარმატების მიღწევას, იმ ურთულესი ამოცანებისა და განსახორციელებელი საკითხების გადაწყვეტას, რომლის წინაშეც ის დგას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი პირველი მოადგილე ჰყავს შს მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს. გიორგი ზედელაშვილს შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის თანამდებობა ეკავა. რაც შეეხება ალექსი ბატიაშვილის, იგი დავით ხუციშვილმა შეცვალა, რომელიც შსს-ში საკადრო და შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. თანამდებობას ინარჩუნებენ ლევან იზორია და ვახტანგ გომელაური. რაც შეეხება ალექსანდრე ტაბატაძეს, მინისტრის განმარტებით, ჯერჯერობით თანამდებობაზე რჩება, თუმცა მისი საკითხი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.

გარკვეული საკადრო ცვლილება სასჯელაღსრულების სამინისტროშიც იგეგმება. თანამდებობას სოფო ჯაფარიძე ტოვებს. როგორც ჯაფარიძე ამბობს, ის სხვა სამსახურში გადადის. გავრცელებული ინფორმაციით, ჯაფარიძეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ღურწკაია შეცვლის. ამ დრომდე ვაკანტურია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. ნარმანიას შოთა მურღულიას შემცვლელი ჯერ არ შეურჩევია, რომელიც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად იქნა დანიშნული.

საკადრო ცვლილებები გრელდება პროკურატურაში. ოთარ ფარცხალაძემ საკადრო ცვლილებები უკვე საოლქო პროკურატურებშიც დაიწყო. იცვლება ყველა საოლქო პროკურორი. ახალი პროკურორი ჰყავს სამეგრელო-ზემო სვანეთს. ვალერიან იოსავა გიზო უბილავამ შეცვალა. რაც შეეხება იოსავას, მან აფხაზეთის პროკურორის თანამდებობა დაიკავა. ახალი პროკურორი ჰყავს აჭარას. ლევან გზირიშვილი შოთა ტყეშელაშვილმა შეცვალა. შოთა ტყეშელაშვილი რუსთავის პროკურორი იყო და ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით პირველ სხდომაზე გამოდიოდა პროკურორად.

თავად აჭარის ყოფილი მთავარი პროკურორი ლევან გზირიშვილი სამსახურიდან მისი გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის მოადგილეებმა მას განუცხადეს, რომ ახალი გუნდი ახალი გეგმებით აპირებს მუშაობას.

„მთავარ პროკურატურაში დამიბარეს პროკურორის მოადგილეებმა და მითხრეს, რომ მოდიოდა ახალი გუნდი, ახალი ხედვებითა და გეგმებით. სასურველი იქნებოდა, თუ გეგმების განხორციელებაში ხელს არ შევუშლიდი“, - აღნიშნა ლევან გზირიშვილმა.

მიმდინარე საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თინა ხიდაშელი რომლის შეფასებით, პროკურატურაში პრობლემა გაცილებით ღრმაა, ვიდრე მთავარი პროკურორი და მისი მოადგილის შეცვლის საკითხი. ხიდაშელი პროკურატურის ხელმძღვანელობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს „განსაკუთრებული ოპტიმიზმით“ არ ხვდება და სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს.

„პროკურატურის ხელმძღვანელობა ერთი წლის წინაც შეიცვალა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლაც მხოლოდ ხელმძღვანელობის ცვლილებაზე ვსაუბრობთ. პროკურატურაში მე უფრო ფუნდამენტურ ცვლილებას ველოდები. ვფიქრობ, რომ პროკურატურაში პრობლემა გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე ის, თუ ვინ იქნება მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე. პროკურატურაში მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ არ იციან, თუ როგორ უნდა გამოიძიონ საქმეები.

არა იმიტომ, რომ ინტელექტი, ან გამოცდილება არ ჰყოფნით, არამედ იმიტომ, რომ სხვანაირ სისტემაში მუშაობდნენ, სადაც ეს ყველაფერი წლების განმავლობაში საჭირო არ იყო. როგორც ჩანს, ძალიან უჭირდათ საქმის პროფესიონალურად, იმ ხარისხით გამოძიება, რა ხარისხიც დააკმაყოფილებს ისეთ სასამართლოს, რომელიც დღეს გვაქვს და რომლისკენაც მივდივართ. დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში, პროკურორს ასჯერ უფრო მეტი მონდომება სჭირდება, ვიდრე მას ზურაბ ადეიშვილის სასამართლოს პირობებში სჭირდებოდა“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ უნდა გაკეთდეს ანალიზი სად იცვლება და სად არა, მინისტრის მოადგილეები, ვინ არიან ახალი მოადგილეები და რა წარსული გააჩნიათ. მხოლოდ ასეთი ანალიზის შემდეგ შეიძლება საუბარი კანოზომიერებაზე.

 „შესაძლებელია ცვლილების მიზეზი სხვადასახვა იყოს სხვადასხვა სამინისტროში. მხოლოდ ახალი მოადგილეების ბიოგრაფია და გამოცდილება იქნება საფუძველი უფრო დამაჯერებელი ანალიზისთვის, რადგან, უმეტეს შემთხვევაში მათი გვარები საზოგადოებას არაფერს ეუბნება. ირაკლი ალასანიას მოადგილედ ყოფილი შს მინისტრის მოადგილის დანიშვნას რაც შეეხება, ეს ცვლილება ერთნაირად მისაღები უნდა იყოს როგორც ალასანიასთვის, ისევე ღარიბაშვილისთვის.

ამით ღარიბაშვილმა მეტი პასუხისმგებლობა იკისრა, როდესაც ასეთი დიდი უწყების ფინანსების მაკონტროლებელი იქნება მისთვის სანდო პირი. განსხვავებით ზოგიერთი წინამორბედისგან, ბატონი ალასანია დარწმუნებული ვარ, რომ სიხარულით შეხვდებოდა ამ ფაქტს, რომ მხოლოდ მისი პასუხისმგებლობის სფერო არ იქნება არც თუ მთლად საიმედო ფინანსური პროცესები, რომელიც ახასიათებდა ამ სისტემას წლების განმავლობაში“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.