პოლიტიკა ქართულად, ანუ როცა ბოთლში მართლა ღვინოა

პოლიტიკა ქართულად, ანუ როცა ბოთლში მართლა ღვინოა

ქართველთა აბსოლუტური უმრავლსეობა ორ საკითხში ერკვევა - ფეხბურთსა და პოლიტიკაში. ფეხბურთში დღეისათვის აკარად არეული სიტუაციაა, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკას, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალ ვექტორში გადადის და ახალი სტანდარტები ნელ-ნელა, მაგრამ ჯიუტად მკვიდრდება. მთავარი შემოქმედი ამისა ქართულ პოლიტიკაში უეცრად მოვლენილი და ასევე მოულოდნელად წასული ბიძინა ივანიშვილი გახლავთ, თუმცა საკითხავი ის არის, იყო კი რეალურად ცნობილი მეცენატის გადაწყვეტილება მოულოდნელობა?

აქამდე ასე იყო - როცა პოლიტიკოსები რამეს ამბობდნენ, ექსპერტები, მედია თუ მოსახლეობა ქვეტექსტებს ეძებდა, 2011 წლის შემდეგ კი, როცა ივანიშვილი გამოჩნდა, ქვეტექსტებმაც იკლო და იმის მიუხედავად, რომ მის ნათქვამში სხვადასხვა ინტერპრეტაციებს ეძებენ, არაფერი გამოდის - თუ ივანიშვილი ამბობს, რომ “ბოთლში ღვინოა”, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ნამდვილად ღვინოა და თან უმაღლესი ხარისხის.

ამის მიუხედავად, ოპონენტების ივანიშვილისადმი კრიტიკას არ ერიდებიან და ტელევიზიის თუ სოციალური ქსელების საშუალებით მაქსიმალურად ცდილობენ მოსახლეობა დააჯეროს, რომ ის გარბის. უფრო ზუსტად კი იმ დაპირებებს გაურბის, რომელიც ასე უხვად გასცაო. რეალურად კი ძალიან ძნელია დაიჯერო იმ კაცის გაქცევისა, რომელმაც თავი და საკუთარი ოჯახის სიციცხლე იმ სასწორზე შეაგდო, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ერქვა და ბეწვის ხიდზე ისე იარა, არათუ მას, არამედ საქართველოს არცერთ მოქალაქეს თმის ერი ღერიც კი არ დაუკარგავს.

სამწუხაროდ, 9 წლის განმავლობაში სამოქალაქო სექტორის ხმა ან არ ისმოდა, ან ისე ისმოდა, რომ მასების ყურამდე ვერ მიდიოდა და ამიტომ, ამომრჩეველს პირველ რიგში იმის ახსნა უფრო სჭირდება, რა არის სამოქალაქო სექტორი და არა იმისა, თუ სად მიდის ივანიშვილი. ივანიშვილი საქართველოში რომ რჩება, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ საკუთარი ხელით, საკუთარი სისხლითა და ოფლით ნაშენებს სხვას არ დაანგრევინებს და თუ ამის საშიშროება იგრძნო, ისევ დაბრუნდება და არც თანაგუნდელების კრიტიკას მოერიდება - როდის მორიდებია?

კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც მოსახლეობას ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არ მოსწონს ის არის, რომ არსებობს შიში ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრიუნებისა. პესიმიზმში გადავარდნილი ამომრჩევლისთვის 2011 წლამდე საშველი არსაიდან ჩანდა და არავის ეგონა, რომ გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც მონსტრს, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის დიქტატი ერქვა, დაამარცხებდა. სხვათა შორის, ეს შიში თავად ნაციონალური მოძრაობის წევრებმა შექმნეს, რადგან მუდმივად იმეორებენ, ხელისუფლებაში მალე დავბრუნდებითო, თუმცა მათი დაპირება შემოდგომის ბუზების ბზუილს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას.

მსოფლიოში არაერთი მაგალითი არსებობს იმისა, რომ პოლიტიკიდან საზოგადოებაში გადანაცვლებული ადამიანები უდიდეს გავლენას ინარჩუნებენ და ამას იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ “რუხი კარდინალების” მანტია მოირგონ, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებას მუდმივად შეახსენონ გასაკეთებელი საქმეების შესახებვ და მუდმივად უკიჟინონ, რომ ხელისუფალი აბსოლუტურ ძალაუფლებასა და დიქტატს არ ნიშნავს.

იმ რესურსით, რომელიც ივანიშვილს გააჩნია, სამოქალაქო სექტორი აშკარად გაძლიერდება. რაც მთავარია, ვერავინ იტყვის, რომ ბატონი ბიძინა გრანტებზე მონადირე ადამიანი იქნება და ვინმეს ინტერესებს გაატარებს, მან წლების წინაც დაამტკიცა, რომ მისი ინტერესი მხოლოდ ქვეყნის კეთილდღეობაა და ახლა ეს შეხედულება უბრალოდ გაამყარა. ივანიშვილი შეეცადა მოსახლეობისთვის ვრცელი წერილით აეხსნა საკუთარი გადაწყვეტილების მართებულობა.

“მინდა მივმართო ყველას - ნუ დავრჩებით თითქმის ზოგადსაკაცობრიო სტერეოტიპის ტყვეობაში, უნდა დავიჯეროთ, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ჭარბი სიმდიდრე და ჭარბი ძალაუფლება, მაგრამ გული და გონება მაინც სხვაგან მიუწევდეს, რადგან მისთვის კიდევ უფრო მაღალი ღირებულება არსებობს და ეს არის თავისუფალი სამშობლოს თავისუფალი მოქალაქეობა. ამ ოცნების ასრულებისთვის გახდა აუცილებელი ჩემი პოლიტიკაში დროებით მოსვლაც და ამასვე ემსახურება ჩემი პოლიტიკიდან წასვლაც. აი, ასე მარტივია სინამდვილეში ყველაფერი”...

გენიალურობა სიმარტივეშია და სწორედ ამის დანახებას ცდილობს ივანიშვილი როგორც ჩვენთვის, ისე მსოფლიო საზოგადოებისთვის. დღეს ძალიან ძნელია ყველასთვის უცნობმა ადამიანმა მსოფლიო პოლიტიკაში ადგილი დაიმკვიდრო, მაგრამ ივანიშვილმა ეს უკვე მოახერხა და ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსები მის მიმართ უკვე განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ და მოწიწებასაც ადასტურებენ. მათთვის, დემოკრატიის უმაღლეს მწვრევალზე მყოფი ქვეყნების წარმომადგენლებისთვისაც კი ძალიან ძნელია იმის გათავისება, რომ ადამიან საკუთარი ნებით თმობს იმას, რაც პრაქტიკულად სიცოცხლის რისკის ფასად მოიპოვა.

მოსაზრება, რომ ივანიშვილი კულუარებიდან დაიწყებს ქვეყნის მართვას, ასევე რეალობასაა მოკლებული ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, თუ მას ქვეყნის მართვა სურდა, ხელს არავინ და არაფერი უშლიდა. მას ამის კეთება მარტივად შეეძლო არა კულუარებიდან, არამედ პრემიერმინისტრის სავარძლიდან და მეორეც, კულუარებში დარჩენის სურვილი რომ გასჩენოდა, ივანიშვილი ამას მაშინ გააკეთებდა, როცა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დასაწყისში პარლამენტარებსა და მინისტრთა კაბინეტს ორწელიწადნახევრის განმავლობაში საკუთარი ჯიბიდან უხდიდა ხელფასს და არც რჩევება ამადლიდა. სანაცვლოდ კი...

“ვერცერთი ნაციონალი ვერ იტყვის იმას, რომ ამ ყველაფრის სანაცვლოდ ოდესმე რამე ვითხოვე პირადი კეთილდღეობისთვის. მე გავცემდი სახსრებს იმისთვის, რათა ქვეყანაში კორუფცია დასრულებულიყო და ხელისუფლებას ფულზე კი არა, საქმის კეთებაზე ეზრუნა. სამწუხაროდ, მათ ეს არ გააკეთეს და მათთან ყოველგვარი ურთიერთობა შევწყვიტე”...

ესეც ივანიშვილის სიტყვებია და როგორ გგონიათ - მას ოდესმე, ნახევარი სიტყვითაც რომ ეთხოვა ყოფილი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლისთვის რამე, აქამდე არ იტყოდნენ?! მისი წარსული სუფთაა და იქ შავი ლაქა ჯერ რუსულმა უშიშროებამ ვერ აღმოაჩინა კარგა ხნის ქექვის შემდეგ, მერე კი - ნაციონალების სპეც-სამსახურები დაშვრნენ ამაოდ.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ტელევიზიით ივანიშვილის ოპონენტებმა პირდაპირ განაცხადეს, საარჩევნო პროგრამაში კონკრეტული ციფრები ეწერა და ეს დაპირებები ვერ შესრულდაო. არ არის ეს სიტყვები რეალობისგან შორს, მაგრამ იმავე პროგრამაში დაპირებების შესრულება 4 წელზე რომ არის გაწერილი, რატომღაც არ უხსენებიათ. არც ის უთქვამთ, რომ საქართველო, რომელიც ციხედ იყო ქცეული, დღეს დიქტატისგან თავისუფალია და “ყვარყვარეს ციხეებიც” დაიცალა. არც ის უთქვამთ, რომ მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ტელეფონით საუბარი მარტივი გახდა და აღარ არსებობს შიში იმისა, რომ ვინმე მოგისმენს, მერე შენს საუბარს სხვანაირად ააწყობს და სამშობლოს ღალატს დაგაბრალებს ეს იმ პროგრამაში არ ეწერა, მაგრამ შესრულდა.

მთავარი ალბათ მაინც ის არის, რომ დღემდე ივანიშვილმა რაც თქვა, აასრულა. მას სიტყვა არც პოლიტიკაში მოსვლამდე გაუტეხავს და არც მანამდე. ამას ყველა აღიარებს და წესით, შიში იმისა, რომ ივანიშვილი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას არ უზრუნველყოფს, არ უნდა არსებობდეს. სამოქალაქო სექტორში მას საკუთარი დაპირებების შესრულებისთვის ხელისუფლებაზე მეტი კონტროლის საშუალება ექნება და უფრო თამამადაც ისაუბრებს იმ თემებზე, რომელსაც აქამდე სწორედ თანამდებობის გამო ერიდებოდა და ეს პირველ რიგში სამართლიანობის აღდგენაზე ითქმის. ეჭვი გვაქვს, სწორედ სამართლიანობის აღდგენის დაწყების შიში ალაპარაკებს “ქართული ოცნების” ოპონენტებს და ეგებ მართლებიც იყვნენ. აკი თქვა კიდეც ივანიშვილმა, ისეთი რამეები მესმის, გაოგნებული ვრჩები ხოლმეო და დაგვეთანხმებით, რომ ამ ადამიანის გაოგნება საძნელო საქმეა.