აჭარასა და სამეგრელოში კოლხური ბზა განადგურებულია!“

აჭარასა და სამეგრელოში კოლხური ბზა განადგურებულია!“

ფლორისა და ფაუნის ქართული ენდემური ჯიშების დაცვა ბოლო დროს სულ უფრო ძნელდება, მაგრამ ის რაც კოლხური ბზის გარშემო ხდება, ეს უკვე კატასტროფაა! რამდენიმე წელიწადში ბზის უნიკალური სახეობა თითქმის მთლიანად განადგურდა. იგი „წითელ წიგნში“ ისედაც იყო შეტანილი, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ დასაცავიც აღარაფერი დარჩება.

სოკოვანი დაავადების გამო, განადგურებულია ბზის კორომების 90 პროცენტამდე. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მდგომარეობა საგანგაშოა, აუცილებელია ჩარევა, რომლის შედეგადაც, შესაძლოა, ბზა გარკვეულ ტერიტორიებზე მაინც გადარჩეს. ბოლო 8 წელიწადში დაავადება ისეთი სისწრაფით გავრცელდა, რომ ასწლოვანი ხე-მცენარეებიც კი გაახმო. აჭარასა და სამეგრელოში უკვე უმძიმესი მდგომარეობაა.

სოკოვანი დაავადება, რომელიც ბზის კორომებს ახმობს, საქართველოში 2004 წელს გამოჩნდა და დღეისთვის, თითქმის, მთელი საქართველო მოიცვა.

„საუკეთესო პირობები აქვს თბილ და ნესტიან ადგილას, რომელიც ნაკლებად ნიავდება. ამ მხრივ საუკეთესო გავრცელების ადგილი აჭარასა და სამეგრელოში იპოვა, სადაც უნიკალური ბზის კორომებია. 5 საათის განმავლობაში სოკო იზრდება, 48 საათში კი უკვე ახალ გენერაციას იძლევა. ამ თვისებების გამო, რამდენიმე წელიწადში ბზის კორომების 90-95 პროცენტი სრულიად განადგურდა“, - ამბობს კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-პატრონობის დეპარტამენტის უფროსი ნათია იორდანიშვილი რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ ბზის კორომების დიდი ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია. ამჯერად მიმდინარეობს კვლევები, რის შედეგადაც 2014 წლისთვის უკვე კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება.

„ახლა სააგენტო მუშაობს დაავადებული კორომების იდენტიფიცირებაზე, ანუ არეალის განსაზღვრაზე. 2014 წლის გაზაფხულიდან გაკეთდება სატყეო-პათოლოგიური გამოკვლევა, რომელიც უკვე მოგვცემს პროგნოზირების საშუალებას, რეკომენდაციებს, ბრძოლის ღონისძიებებს და ა.შ.“, - აცხადებს იორდანიშვილი.

კითხვაზე თუ რატომ ვერ მოხერხდა წლების განმავლობაში ამ დაავადების გავრცელების შეჩერება, სატყეო სააგენტოს წარომმადგენელი ამბობს, რომ ჯერჯერობით, მეცნიერებიც კი ვერ შეთანხმებულან, ბრძოლის რა მეთოდები იქნება სოკოვან დაავადებასთან ეფექტური. ამიტომაც კოლხური ბზის გადარჩენის პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხდა.

„კოლხური ბზა ადგილობრივი, აბორიგენი მცენარეა. როგორც ჩანს, ეს დაავადება საკმაოდ საშიშია, შეხებით გადადის. ვითარება მართლაც შემაშფოთებელია. ვისაც არ უნახავს, ამის წარმოდგენა შეუძლებელიცაა. გამოკვლევაა საჭირო ლაბორატორიაში.

2000 წლიდან დაიწყო ბზის დაავადებები. პირველად ახალ ზელანდიაში ნახეს, შემდეგ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში. სამწუხაროდ, ახლა ჩვენთანაც აღმოჩნდა. ამ სოკოს, ბზის სიდამწვრეს ეძახიან“, - განუცხადა „თავისუფლებას“ იორდანიშვილმა.

დაავადების საწინააღმდეგო მეთოდები, ანუ როგორ უნდა გაუმკვლავდე ამ დაავადებას, ჯერ ევროპაშიც არ შეუსწავლიათ, თუმცა არსებობს დაავადების ლოკალიზების საშუალებები.

კოლხური ბზა მარადმწვანე ბუჩქნარი ან ხეა. სიმაღლე 9-10 მეტრი. აქვს სწორმდგომი ღერო, რომელიც დაფარულია მომკრთალო-მოყვითალო ქერქით. იზრდება თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში. საქართველოში გავრცელებულია დაცულ ტერიტორიებზე. კოლხური ბზა გადაშენების პირას მდგომი სახეობაა. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.