საქართველოს ხელისუფალთ!
(მიმართვა)
თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა ორ ფუნდამენტს ემყარება: მმართველობის დემოკრატიულ პრინციპებსა და ცოდნაზე დამყარებულ ეკონომიკას. სწორედ ამიტომ მიიჩნევა დღეს უმთავრეს ორიენტირებად განათლება და მეცნიერება, როგორც განუყოფელი ერთმთლიანობა თანამედროვე, ცივილიზებული საზოგადოების ფორმირებისათვის, განვითარებულ მსოფლიოსთან ურთიერთობისათვის მზადყოფნისათვის.
უკანასკნელი 8-9 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეროვნული მეცნიერების ფორსირებული, მიზანმიმართული ნგრევა, რამაც კატასტროფულად დასცა განათლების დონე და სერიოზულად მოარყია ქვეყნის განვითარების საფუძვლები.
ჩვენ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკაში იმთავითვე დავუკავშირეთ იმედს, რომ ქართველი ხალხი გათავისუფლდებოდა ნაციონალური მოძრაობის სასტიკი რეჟიმისაგან. საბედნიეროდ, ეს იმედი ახდა. ამასთანავე, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ჩვენ „ქართულ ოცნებას“ დავუდექით გვერდით, იყო ღია დეკლარირება ამ სტრატეგიული ღირებულებებისა, პრიორიტეტად გამოცხადება ეროვნული მეცნიერებისა და განათლების გადარჩენისა.
განვლილმა ერთმა წელმა, სამწუხაროდ, დაგვანახა, რომ ამ მიმართულებით რეალური, დეკლარაციების შესატყვისი ნაბიჯები ფაქტობრივად არ გადადგმულა; დღემდე არა ჩანს არავითარი სიმპტომი იმისა, რომ ქართული მეცნიერების ნგრევა შეჩერდება, რომ სამეცნიერო ინსტიტუტები გადარჩება...
ჩვენ ვერაფრით შევეგუებით იმ აზრს, რომ „ქართული ოცნება“ აღმოჩნდეს მიწისმიმყრელი იმ ღია სამარეზე, რომელიც ნაციონალებმა ქართულ მეცნიერებას გაუთხარეს. ვინარჩუნებთ იმედს, რომ ჩვენი პროფესიონალების ინტელექტუალური ძალებისა და გამოცდილების კონსოლიდირებული ჩართვა შეძლებს დაძლიოს ის კოლიზია, რომელიც ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენელთა სიტყვასა და ქმედებას შორის არსებობს. სწორედ ამ მოსაზრებით გამოვხატავთ მზადყოფნას, ნებისმიერი ფორმატით მივიღოთ მონაწილეობა იმ კარდინალური საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც მეცნიერების ორგანიზაციის საქმეს უკავშირდება.
შეუძლებელია, მეცნიერების იგნორირება სხვა პრიორიტეტებით იქნეს გამართლებული. ჩვენი ამ მიმართვის კონკრეტული მიზანი კი ისაა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ვიხსნათ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავლისათვის უაღრესად საშიში შეცდომის დაშვებისაგან.