მშენებლები დეველოპერული სექტორისადმი მთავრობის უყურადღებობაზე საუბრობენ, ხელისუფლება კი პრობლემის მოგვარებას სხვა მხრიდან აპირებს. 2014 წლიდან ქვეყანას ახალი სამშენებლო კოდექსი ექნება.
ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორის, თორნიკე აბულაძის თქმით, სამშენებლო სექტორის არის ქვეყანაში გადასახადების ერთ-ერთი უმსხვილესი შემომტანი და მისი განვითარება აუცილებელია. საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება დაუსრულებელი მშენებლობები და 15 ათასი ოჯახი, რომლებიც ბინას ელოდებიან.
კომპანია „კიდ არქიტექტურას“ ხელმძღვანელიც აცხადებს, რომ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დეველოპერული სექტორის განვითარების კუთხით არაფერი გაკეთებულა.
ნიკა შავიშვილი ამბობს, რომ მენაშენეთა ასოციაციამ პარლამენტს სპეციალური დოკუმენტით მიმართა, სადაც კონკრეტულად იყო გაწერილი დეველოპერული სექტორის მდგომარეობიდან გამოყვანის გზები. პარლამენტში დეველოპერთა პრობლემების შემსწავლელი კომისიაც შეიქმნა, თუმცა ამ უკანასკნელს სექტორში პრობლემების აღმოსაფხვრელად წინ არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
მშენებლების პრეტენზია საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის, მაგრამ სამშენებლო ქაოსის მოწესრიგებას ხელისუფლება სხვა კუთხიდან გეგმავს. უკვე თითქმის დასრულებულია მუშაობა კანონმდებლობაზე და 2014 წლიდან ქვეყანას ახალი სამშენებლო კოდექსი ექნება. პროექტზე მუშაობა დეკემბრის ბოლოს დასრულდება, ხოლო იანვარში სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო პროექტის საჯარო განხილვა დაიწყება.
ახალი სამშენებლო კოდექსის შემუშავებაში საქართველოს გერმანელი ექსპერტები, ქართული პროფესიული საზოგადოებები და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები არიან ჩართულნი.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამჟამად სამშენებლო და სივრცითი დაგეგმარების საკანონმდელო დოკუმენტები რამდენიმე კანონსა და კანონქვემდებარე აქტშია მიმოფანტული, რომლებიც უკვე მოძველდა და პრაქტიკაში აღარ გამოიყენება.
კოდექსი ხელს კონსოლიდაციას და „ძირითადი პრინციპების კოდიფიკაციას“ შეუწყობს. ამასთან, შემოვა ახალი ინსტრუმენტები, მათ შორის, ლანდშაფტური დაგეგმარება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ინტეგრირება პროექტის დაგეგმარების პროცესში.
თუმცა, ის რაც კარგად ცნობილია სამთავრობო სტრუქტურაში მომუშავე ადამიანისთვის, სრულიად უცნობია დარგის სპეციალისტებისათვის. მაგალითად, მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე პრესასთან საუბრისას აცხადებს, რომ მათთვის არავის მიუმართავს.
„ვიცი მხოლოდ ის, რომ სამშენებლო კოდექსის განხილვა მიდის, მაგრამ მენაშენეთა ასოციაციასთან და დარგის სხვა სპეციალისტებთან, რომელსაც ვიცნობ, დაკავშირებას არავინ ცდილა. ჩემთვის ისიც უცნობია, კოდექსზე მუშაობისას რაზე გამახვილდება ყურადღება. ალბათ, კოდექსზე მუშაობს ჩაკეტილი ჯგუფი, რომელსაც განსხვავებული აზრის მოსმენა არ აინტერესებს. სამშენებლო სფეროში დღეს არსებული ნორმიდან ზოგი რამ დასახვეწია, ზოგიც შესაცვლელი და მისაღებია ახალიც. კოდექსი კოდექსისთვის ხომ არ იწერება, შედეგი უნდა მივიღოთ“, - ამბოს ირაკლი როსტომაშვილი.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სამშენებლო კოდექსი მალე ამოქმედდება, მაგრამ მშენებლები მას რა თვალით შეხედავენ, ამის გარკვევას გარკვეული დრო დასჭირდება.