ევროპის მოტაცება

ევროპის მოტაცება

ყველაფერი ბელარუსში დაიწყო. დემოკრატიის განვითარების შენელება სულ უფრო თვალშისაცემი ხდება. Freedom House-ის თანახმად, შემცირდა იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც ყველა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები გარანტირებულია. ეს ტენდენცია უკვე ზედიზედ მეექვსე წელია შეიმჩნევა.

დიდწილად ეს იმის ბრალია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. იზრდება განცდა, რომ ევროპა კარგავს იმ პრინციპებისადმი ერთგულებას, რომელზეც დგას, ასევე სუსტდება ემოციური კავშირი უახლეს ისტორიასთან, ევროპული ფასეულობებისათვის, თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიასთან.

იმედისმომცემი წარსული

ევროპის გაერთიანების წარმატებული ისტორია პოლიტიკურ ორიენტირად ვეღარ გამოდგება. აღმოსავლეთ ევროპას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდხანს აღარ უფიქრია ყოფილი იმპერიის აჩრდილზე და მტკიცედ შეტრილდა ნატოსა და ევროკავშირისაკენ. ევროკავშირმა საკუთარ რიგებში მიიღო პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, სლოვენია, ბულგარეთი, რუმინეთი. რეალობამ ყველაზე თამამ პროგნოზებსაც კი გადააჭარბა, პროგნოზებს, რომელიც ევროპულ კონტინენტზე დემოკრატიულ სამყაროს, პროგრესსა და ადამიანის უფლებებს უკავშირდებოდა. ერთიან და თავისუფალ ევროპაზე ოცნება რეალური გახდა.

1990-იან წლებში ჯერ კიდევ არსებობდა განცდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს გაჰყვებოდნენ სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკები, ყოველ შემთხვევაში მისი ევროპული ნაწილი მაინც. ეს იყო ყველაზე ხელსაყრელი დრო ყოფილი სსრკ-ის ევროპულ ნაწილში დემოკრატიის ინსტიტუტების შექმნისა და განვითარებისთვის. და მართლაც, ბელარუსში, უკრაინაში, რუსეთში გაჩნდა ბევრი დასავლური არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალქო საზოგადოების განვითარების მხარდასაჭერად. მაგრამ, სხვადასხვა მიზეზების გამო მათი საქმიანობა წარმატებული ვერ აღმოჩნდა.

ახალი ათასწლეულის დასაწყისში ევროპას ამერიკის შეერთებული შტატები სჭირდებოდა, მათ შორის ევროკავშირში ახალი წევრების მისაღებად, მხარს უჭერდა აშშ-ის პოლიტიკას, რომლის მთავარი საგარეოპოლიტიკური პოსტულატი დემოკრატიის გავრცელება იყო. ასეთი პრინციპული სოლიდარობით ევროპამ მხოლოდ მოიგო, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, რომლებმაც ევროპაში დაბრუნება შეძლეს.

დღეს ყოფილი სსრკ-ის მთელ ტერიტორიაზე დემოკრატიული ფასეულობებისაგან აშკარა უკანდახევაა. ხოლო დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი პარტნიორები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მთელი თავიანთი საქმიანობის განმავლობაში დღეს ყველაზე დიდი ზეწოლის ქვეშ არიან. არასამთავრობო ორგანიზაციები რუსეთში „უცხოელ აგენტებად“ არიან გამოცხადებული. ავტორიტარული რუსეთის საფრთხე ცხადი გახდა. გაძლიერდა ავტორიტარული ტენდენციები უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ კიევი ემზადება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისათვის. თავად მოლაპარაკებებიც ევროკავშირთან მიმდინარეობს არა უკრაინის „ცივილიზებული არჩევანის“ ჭრილში, არამედ იმაზე, თუ როგორ მოხდეს უკრაინის ავტორიტარ მმართველთა ინტერესების გათვალისწინება.

სამწუხარო აწმყო

დღეს აშშ დაშორდა არამხოლოდ დემოკრატიის გავრცელების და მხარდაჭერის პროცესს ზოგადად, არამედ დემოკრატიის განვითარების და ხელშეწყობის პროცესს ევროპაშიც. ჩვეულ „უსაფრთხოების პარადიგმასთან“ დაბრუნებას, რომელიც არ გულისხმობს აქცენტს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე, მოჰყვა ის, რომ აშშ-ს ურთიერთობა აქვს, და ზოგჯერ ძალიან მჭიდროც, არათავისუფალი ქვეყნების ნახევარზე მეტთან. ამიტომ, „არაბული გაზაფხული“ აშშ-ისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და დამატებითი პრობლემები გაუჩინა არამხოლოდ მას და ევროპას, არამედ მთელ მსოფლიოს. როგორიც არ უნდა იყოს „არაბული გაზაფხულის“ მიზეზები, ეს იყო აჯანყება ტირანების – დასავლეთის პარტნიორების – წინააღმდეგ.

ევროპა დღეს იგივე შეცდომას იმეორებს. ის უბრუნდება წინა საუკუნის შეფუთვის, ორი სისტემის, ორი იდეოლოგიის დაპირისპირების ეპოქის „რეალპოლიტიკის“ პრინციპებს. ეს ყველა შესაძლო ვარიანტებიდან ყველაზე დამღუპველი გზაა. მას მოჰყვება ღალატი დემოკრატიული მოძრაობებისა იმ ქვეყნებში, რომლებიც ავტორიტარულ და დიქტატორულ რეჟიმებში ცხოვრობენ.

ასეთი გადახვევის ერთ-ერთი არგუმენტი ცრუ მოსაზრებაა იმის თაობაზე, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება დასავლეთის გავლენას და მასთან დაპირისპირებისთვის სხვადასხვა ზომებს მიმართავს. შესაბამისად, ევროპა ცდილობს რუსეთს და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის დაპირისპირების ნებისმიერი ნიშანი ამოიცნოს და ხელი შეუწყოს ამ დაპირისპირებას.

ის, რომ ასეთი რეჟიმებისათვის რუსეთთან დაპირისპირების დახმარებით ევროკავშირი მათ ტოტალიტარიზმს აშორებს, საბედისწერო შეცდომაა.

სინამდვილეში, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რუსეთს არ ებრძვიან, მათ ალტერნატიული მოდელი შექმნეს და თანმიმდევრულად ამყარებენ მას რუსეთის წამყვანი როლის პირობებში და დასავლეთის „რეალპოლიტიკის“ დახმარებით. როგორი პრობლემებიც არ უნდა ექმნებოდეთ ზოგიერთ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს რუსეთთან, ამ რეჟიმების ბუნებაზე თვალის დახუჭვა და მათი მხარდაჭერა მხოლოდ რუსეთთან უთანხმოების გამო – დამღუპველია ამ ქვეყნების ღირებულებათა სისტემისა და მომავლისათვის. იმავდროულად საბაზისო ფასეულობები, რომელსაც ევროპა ეყრდნობა, მეორე პლანზე გადადის. პირველზე კი გამოდის გეოპოლიტიკური კონკურენციაა, რომელსაც მოსდევს არამხოლოდ პრინციპებზე უარის თქმა, არამედ ტოტალიტარული რეჟიმების გაძლიერება და მათი ლეგიტიმაცია.

ავტორიტარული მოდელი დღეს გაცილებით მიმზიდველია პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მმართველი ჯგუფებისათვის, ვიდრე დასავლური დემოკრატია. ისინი სწორედ ამ გზას ადგანან და არ აპირებენ არანაირი დასავლური დემოკრატიების ნებაყოფლობით გაზიარებას. რატომ? ლიბერალიზაცია და დემოკრატიზაცია მათ ძალაუფლებას დააკარგვინებს, ევროპასთან კი ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკება და ორმხრივი ურთიერთობებიდან ისეთი სისულელეების გამორიცხვა, როგორიცაა ადამიანის უფლებები. საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევისათვის მათ პრობლემა არ ექმნებათ, ევროკავშირის პოლიტიკის ზემოქმედებით გარდამნას ისინი არ აპირებენ, რადგან ეს სახიფათოა მათი დიქტატორული რეჟიმებისათვის.

პოსტსაბჭოთა ავტორიტარიზი საბჭოთა კავშირზე შორს წავიდა. ყოფილი ზესახელმწიფო საზღვრების პრინციპს იცავდა. დასავლეთთან დაპირისპირება „მესამე სამყაროში“ მიმდინარეობდა და არა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე. დასავლეთ ევროპაში სსრკ ტრადიციული მეთოდებით მოქმედებდა: ჯაშუშობა, პროპაგანდის მცდელობები, კომუნისტების მხარდაჭერა.

დღეს ყველაფერი შეიცვალა. პოსტსაბჭოთა ავტორიტარიზმმა ევროპის სისუსტე იგრძნო და სულ უფრო ენერგიულად ცდილობს მასში საკუთარი თამაშის წესების დამკვიდრებას. შესაძლოა, ეს ჯერ არ ჩამოყალიბებულა შეგნებულ სტრატეგიად, მაგრამ „ევროპის მოტაცების“ მასშტაბი და ეფექტურობა შთამბეჭდავია.

საშიში მომავალი

ყველაფერი ფულადი ინვესტიციებით დაიწყო. პოსტსაბჭოთა „ნუვორიშები“ დასავლეთ ევროპისათვის სასურველი კლიენტები გახდენენ. დასაწყისში ისინი ჩამოდიოდნენ უბრალოდ გასართობად და „მათი“ ცხოვრებით ტკბობისათვის, ნელ-ნელა კი აცნობიერებდნენ, რომ არ იყო საჭირო სულელურ პირობითობაზე მორგება, ხოლო ფული იძლევა იმის საშუალებას, რომ მოიქცე როგორც გინდა და დაარღვიო ნებისმიერი კანონი.

შემდეგ დაიწყეს უძრავი ქონების შეძენა, საკუთარი ბიზნესების ევროპაში ან ევროპულ „ოფშორებში“ გადატანა, სპორტული კლუბების, გასართობი დაწესებულებების შესყიდვა. ევროპაში პირველი მოგზაურობების გამოცდილება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. რა საჭიროა კანონების დაცვა, როდესაც შეიძლება მაღალანაზღაურებადი იურისტების დაქირავება, რომლებიც ყველა გაუგებრობას მოაგვარებენ?

დღეს, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბიზნესები ყველა ევროპულ ქვეყანაშია. ამის ნათელი მაგალითია ლონდონი, სადაც რუსული კაპიტალი მყარად დაფუძნდა. თითქოს, ნორმალური, პროგრესული მოვლენაა, რომ არა ის გარემოება, რომ პოსტსაბჭოთა ტერიტორიებზე ბიზნესი ევროპაში მიღებულ კანონებს და თამაშის წესებს არ აღიარებს. ამ ბიზნესმა ევროპაში საეჭვო სქემები, უკონტროლო სწრაფი ფულის შესაძლებლობა და კორუფციული პრაქტიკა მოიტანა; და შესაბამისი გავლენა ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკაზე, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მიმართ.

ბიზნესს ლობირება სჭირდება, რასაც უმალ შეუდგნენ პოსტსაბჭოთა ბიზნესმენები და პოლიტიკოსები ევროპაში, ბუნებრივია ევროპელი პოლიტიკოსების და პარლამენტარების საშუალებით. რიგა ლობირებს ევროკავშირში სანქციების შესუსტებას, რათა ნავთობპროდუქტების ექსპორტი ლატვიის პორტების გავლით უზრუნველყოს. გერმანიის ყოფილი კანცლერი შრიოდერი დასავლეთთან მთელი ძალით გაჩაღებული „ენერგეტიკული“ ომების დროს „გაზპრომში“ იწყებს მუშაობას.

ევროპის „მოტაცების“ მიზნით მასში შეღწევის შემდეგი საფეხური ინტელექტუალურია. დასავლეთში ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის ან მხარდაჭერის ფუჭი მცდელობების შემდეგ, რომლებიც შესაბამისი პროპაგანდით დაკავდებოდნენ, რუსეთმა და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ დაიწყო მარტივად გადაბირება და ყიდვა ანალიტიკოსების, ჟურნალისტების, რომლებიც სრულად ფლობდნენ რა ცოდნას დასავლური რეალიების შესახებ, დაიწყეს ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმების ინტერესების დაცვა.

ძვირადღირებული პიარ-სააგენტოები ენთუზიაზმით იღებენ შეკვეთებს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მმართველი ავტორიტარული რეჟიმებისაგან და ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ ევროპამ არ მიაქციოს ყურადღება ამ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევას. ლორდ ბელის სააგენტომ ერთ დროს სიამოვნებით დაიწყო მუშაობა ლუკაშენკოს ინტერესების მომსახურებაზე დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში.

ასეთი გავლენის დამაჯერებელი მაგალითია მაგნიტსკის კანონი, რომელიც მიღებულია აშშ-ში და რომლის მიღებაც ძალიან არ უნდა ევროპას, რათა არ გაიფუჭოს ურთიერთობა რუსეთთან.

ამ ყველაფერს ყურადღებით აკვირდებიან დიქტატორები მთელი მსოფლიოდან. მათთვის საბედნიეროდ ევროკავშირის სასამართლომ განსახილველად მიიღო „შავ სიაში“ შეყვანილი ბელარუსის დიქტატორული რეჟიმის წარმომადგენელთა სარჩელები. ეს ადამიანები საკუთარ თავს უწოდებენ ჟურნალისტებს ან საარჩევნო კომისიების წევრებს, ასევე ბიზნესმენებს, რომლებიც დიქტატურას ემსახურებიან, და მოითხოვენ მათ ამოშლას ამ სიებიდან.

სასამართლომ არამხოლოდ მიიღო ეს სარჩელები განსახილველად, არამედ დაადგინა, რომ იმ დამნაშავეთა ადვოკატებს ხარჯებიც უნდა დაუფარონ, რომლებიც ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ მოქმედებენ. და დღეს უკვე ზიმბაბველ ტირან მუგაბესაც კი შეაქვს მრავალმილიონიანი სარჩელი ევროპულ სასამართლოში და მოითხოვს სანქციების გამო კომპენსაციას. და ამ მაღალანაზღაურებადმა ევროპელმა იურისტებმა, რომლებსაც დიქტატორების დაცვის პრობლემა არ აქვთ, ის რომ დაამტკიცონ, რომ ხალხის განადგურება – ეს ტირანის განუყოფელი უფლებაა?

ევროპული დემოკრატია შიდა მოხმარების საშუალებად იქცა. ევროპის შიგნით ის მოქმედებს და მას სიამოვნებით იყენებენ პოლიტიკოსებიც, ჟურნალისტებიც, მთავრობის ჩინოვნიკებიც, და რიგითი მოქალაქეებიც, ხოლო ევროკავშირის საზღვრებთან ის აღარ მოქმედებს.

ევროპის შიგნით დემოკრატიის პრინციპები დაცულია. დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა იცავს ადამიანის უფლებებს, როგორც სხვადასხვა პირების, ასევე სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო ხელყოფისაგან. სამაგიეროდ, საზღვრებს მიღმა შეიძლება პრინციპების დავიწყებაც და დიქტატორებთან ურთიერთობაც. იმას, რასაც ვაცლავ ჰაველმა „დიქტატორების „დაშოშმინების“ ავბედითი პრაქტიკა“ უწოდა, დღეს „ჩართულობის პოლიტიკას“ ეძახიან. სწორედ ეს არის დღეს ევროკავშირის პოლიტიკა ლუკაშენკოსთან ურთიერთობაში, რომლის რეჟიმიც პასუხისმგებელია ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების გაქრობასა და მკვლელობებზე, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვვებზე, ნაციონალური კულტურის, ისტორიის, ენის განადგურებაზე.

ყველაფერი ბელარუსში დაიწყო

მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის „მოტაცება“ ლუკაშენკოთი დაიწყო. ბელარუსში სწორედ 1990-იან წლებში, როდესაც ევროპა დიდებული იმედების, გაფართოვებისა და საერთო ფასეულობების საუკეთესო პერიოდს განიცდიდა, საფუძველი ჩაეყარა ევროპის უკანასკნელ დიქტატურას. 1996 წელს რეფერენდუმს უკან ამოფარებულმა ლუკაშენკომ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და ხელში ჩაიგდო ხელისუფლება. ევროკავშირმა ამ ფაქტს უპასუხა იმით, რომ მინსკთან ურთიერთობები გაყინა და მომავალი სამართლიანი არჩევნების იმედს იტოვებდა. 1999 წელს მოკლეს ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ხალხში პოპულარობით სარგებლობდნენ და მათი მხარდაჭერა ჰქონდათ. ესენი იყვნენ გენადი კარპენკო, იური ზახარენკო, ვიქტორ გონჩარი. ყველა მათგანი დაამარცხებდა დიქტატორს არჩევნებში. ევროპამ არაფერი იღონა. ევროპის საბჭომ საკუთარი გამოძიება ჩაატარა, მაგრამ მკვლელობებიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში კი ბელარუსში დიქტატორი მეთოდურად და გეგმაზომიერად აშენებდა ყველაზე სასტიკ, ტოტალიტარულ სისტემას დღევანდელ ევროპაში.

ბელარუსში დიქტატორული მმართველობის დროს გამოცდილ ხერხებსა და მეთოდებს ყურადღებით სწავლობდნენ პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა რეჟიმები, განსაკუთრებით რუსეთი; და არამხოლოდ სწავლობდნენ, არამედ იყენებდნენ კიდეც. ძალიან აშკარაა, თუ როგორ აქტიურად ინერგება დღეს რუსეთში ლუკაშენკოს პრაქტიკა. მათ შორის, ჩანს ევროპასთან ურთიერთობის აღდგენის სისწრაფეც მორიგი, კიდევ უფრო მწვავე კონფლიქტის შემდეგ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროპამ შექმნა ლუკაშენკო, ლუკაშენკომ კი პუტინის რუსეთი.

დიქტატურის გამოცდილება ბელარუსში იმაზე მოწმობს, რომ დასავლეთთან ნებისმიერი გამწვავების, მშვიდობიანი აქციების სასტიკი ჩახშობის, პოლიტპატიმრების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, მცირე დრო უნდა გავიდეს და ევროპაში აუცილებლად მოიძებნებიან გაკოტრებული რეჟიმის ლობისტები, ხოლო ქვეყნის შიგნით – მშვიდობისმყოფელები, რომლებიც საერთო ძალისხმევით დააბრუნებენ ევროკავშირს „რეალპოლიტიკასთან“.

დემოკრატიული ფასეულობების, პრინციპების და ნორმების აღდგენისა და განმტკიცების გარანტად პოსტსაბჭოთა სივრცეში უნდა იქცეს გაერთიანებული ევროპა აშშ-ის აქტიური მონაწილეობით. ეს აუცილებელია როგორც ევროატლანტიზმისათვის, ასევე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებისათვის და თავად ევროპისათვის. თუმცა ეს არ ხდება. და დღეს ევროპა ფასეულობების რეალურ კრიზისს განიცდის, რაც მას ნებისმიერ ფინანსურ, იპოთეკურ თუ სავალუტო კრიზისზე დიდ დარტყმას მიაყენებს.

კრიზისი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ევროპა ვერ ხედავს თავის მისიას დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცებასა და განვითარებაში. მას ჰგონია, რომ საკუთარი ინსტიტუტების და ფასეულობების დაცვა შესაძლებელია განსაკუთრებული ზიანის გარეშეც, ვაჭრობითა და კავშირების დამყარებით მეზობელ დიქტატორულ რეჟიმებთან. ეს შეცდომაა.

არანაირი „რეალპოლიტიკა“, არანაირი „ჩართულობა“ და შეთამაშება დიქტატორულ რეჟიმებთან არ შექმნის ევროპისათვის პროგნოზირებად და უსაფრთხო სამეზობლოს. ამ რეჟიმების „ჩართულობა“ მათ ლეგიტიმაციას სძენს და კარს უხსნის ევროპის შუაგულისკენ, სადაც მათი გავლენით ფასეულობების ეროზია მიმდინარეობს.

უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიოში დღეს უფრო ნაკლები თავისუფალი ქვეყანაა, ვიდრე ხუთი წლის წინ.

მხოლოდ დიქტატურის ქმედებების პრინციპული შეფასება, ძლიერი და თამამი პასუხი დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევაზე და დემოკრატიული მოძრაობების მტკიცე მხარდაჭერა შეაძლებინებს ევროპას საკუთარი ფასეულობების დაცვას და ახალი კონფლიქტებისა და „ცივილიზაციათა შეტაკებების“ თავიდან აცილებას.

ანდრეი სანნიკოვი – სამოქალაქო კამპანიის „ევროპული ბელარუსი“ ლიდერი, 2010 წლის არჩევნების საპრეზიდენტო კანდიდატი

foreignpress.ge