როდესაც ტიტანები მიდიან: ლიდერების დეფიციტი საქართველოში

როდესაც ტიტანები მიდიან: ლიდერების დეფიციტი საქართველოში

ვაშინგტონი – ქართული პოლიტიკური გარემო ახალ ეტაპზე გადადის – 2014 წელს მას ძლიერი პოლიტიკური  ლიდერები აღარ ეყოლება. მიდის ორივე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს პოლიტიკური არენა მძიმეწონიანი პოლიტიკოსების გარეშე რჩება, რადგან არც ახალარჩეულ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და არც ახალდანიშნულ პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს არ გააჩნიათ მაგნეტიზმის მათეული ხარისხი.სიტუაციის ირონიულობა კი ისაა, რომ საქართველო ახლა შედის თავისი განვითარების ისეთ ეტაპზე, როდესაც სჭირდება კარგად ორგანიზებული, მოტივირებული და ძალიან სანდო პოლიტიკური ცენტრი. აღმოჩნდა რა რთულ მოპაექრე ინტეგრაციულ პროექტებს შორის  (ასეთი პროექტებია რუსეთის მიერ ინიცირებული ევრაზიული კავშირი, ნატო, ევროპული პარტნიორობა და ჩინეთის ინიციატივები), დღეს საქართველოს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ძალების მობილიზება  ძლიერი, პროდასავლური ლიდერების ხელმძღვანელობით, რათა მან შეძლოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირების რეალიზება.

ძლიერი ლიდერის არარსებობის პირობებში, ტვირთი, როგორც წესი, პოლიტიკურ პარტიებს აწვება. მაგრამ ვერც ერთი არსებული ჯგუფი ვერ შეძლებს მხოლოდ საკუთარი ძალებით განამტკიცოს არასტაბილური პოლიტიკური სისტემა. კოალიცია „ქართული ოცნების“ მრავალფეროვნება, რომელიც ოდესღაც მიმზიდველს ხდიდა მას, ახლა მის უდიდეს სისუსტედ იქცა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ის პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც მუდმივი თავდასხმის ქვეშ იმყოფება – ძალით ცდილობენ ადგილობრივი მთავრობების შეცვლას და მისი ფინანსური ბაზის განადგურებას. სავარაუდოდ, საქართველო დეზინტეგრირებულ, გახლეჩილ პოლიტიკური გარემოში აღმოჩნდება და, შესაბამისად, მთავრობის ძალისხმევის უდიდესი წილი დასჭირდება შიდა უთანხმოებების გამკლავებას ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის განვითარებასა და ქმედითი ინსტიტუტების განმტკიცებაზე კონცენტრირდეს ყურადღება. ძლიერი, ქარიზმატული ლიდერის და ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე, ორი ახლადწარმოქმნილი კრიზისი დაარღვევს, ალბათ, ისედაც არასტაბილურ ბალანსს. პირველი ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებაა და გარდაუვალი უკმაყოფილება ეკონომიკით. მეორე – დანაწევრებული პოლიტიკური სივრცით მანიპულირება გარეგანი აქტორების მიერ, რადგან რუსეთი და დასავლეთი, ორივე აძლიერებს ზეწოლას საქართველოზე და მისთვის სასურველი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ითხოვს. ზეწოლა რუსეთის მხრიდან, ალბათ, მიიღებს ტრადიციულ ფორმებს: შიდა პოლიტიკაში ჩარევა და ფარული ან ღია მანიპულაცია. ამ დროს კი დასავლეთი აძლიერებს ინსტიტუციურ ზეწოლას და ეხმარება დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებას.

ამ კრიზისებიდან, ორი ახალი პოლიტიკური ცენტრის გაჩენაა მოსალოდნელი, მათ მსოფლმხედველობა განასხვავებს: ეს იქნება პროდასავლური და ევროაზიული ბლოკები. პირველმა ბლოკმა გადასარჩენად უნდა შექმნას პროდასავლური პარტიების კოალიცია და დაადგინოს ის ამომრჩეველი, რომლისგანაც მხარდაჭერას მიიღებს. ნაწილი მათგან უკვე დარწმუნებულია, რომ პროდასავლური ორიენტაცია მომგებიანია საქართველოსთვის, ასევეა ბევრი იმედგაცრუებული ამომრჩეველი: საქართველოს მოსახლეობის ნახევარს არ მიუღია მონაწილეობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

ევროაზიელები დიდად არიან დამოკიდებულნი თავიანთ პოლიტიკურ ცენტრზე, რუსეთის ფედერაციაზე. მაგრამ ბევრი პოლიტიკური და ეკონომიკური ინდიკატორით რუსეთში 2014 წელს რეცესია დაიწყება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბება და რუსეთი კიდევ უფრო მეტად აგრესიული გახდება საგარეო პოლიტიკაში. რუსეთის აგრესიულობის პერსპექტივა საფრთხეს უქმნის დასავლეთის გავლენას საქართველოში და შეიძლება პროდასავლური პარტიების გაერთიანების იმპულსად იქცეს. ამ ტიპის კოალიციამ შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ზეწოლას და დასავლელ პარტნიორებთან ერთად იშრომოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუციურ სტრუქტურებში საქართველოს წარმატებული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს პოლიტიკური სისტემა ამ ბოლო დროს გარდაიქმნა საპრეზიდენტო სისტემიდან ჰიბრიდულ სისტემად, სადაც პრეზიდენტის ძალაუფლება გაყოფილია პარლამენტთან და პრემიერმინისტრთან. ამ ცვლილებით, ერთ ძლიერ პიროვნებაზე დაფუძნებული სისტემა ისეთი სისტემით შეიცვალა, რომელსაც ძლიერი და კარგად ორგანიზებული პარტიული სისტემა სჭირდება. ამ ვითარებაში, დასავლეთმა ხელი უნდა შეუწყოს ისეთი პარტიების კოალიციის შექმნას, რომელიც უთანაგრძნობს ლიბერალურ-დემოკრატიულ იდეალებს. უკვე მოვიდა დრო იმისთვის, რომ საქართველოში გაჩნდეს პროდასავლური კოალიცია, რომელსაც მხარს უჭერენ დაინტერესებული ძალები ევროპიდან და ამერიკიდან.

foreignpress.ge