ოთხშაბათს, საქართველოს ახალმა პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა განაგრძობს ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პროდასავლურ კურსს, თუმცა იმავდროულად ის შეეცდება ურთიერთობების მოგვარებას რუსეთთან, თბილისის ყოფილ საბჭოთა პატრონთან და 2008 წლის ომის მოწინააღმდეგესთან.
პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა და მისი კაბინეტი 93 ხმით 19-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, დაასრულა რა პოლიტიკური ტრანზაქცია, რომელიც ასრულებს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ათწლიან დომინირებას, რომელიც თავის მხრივ მთელი ძალით ცდილობდა დასავლეთთან ინტეგრაციას.
სამხრეთ კავკასიის ამ 4.5-მილიონიან ქვეყანაზე გადის მილსადენები, რომელიც კასპიის ნავთობს ევროპას აწვდის. მას თბილი ურთიერთობა აქვს ვაშინგტონთან და იმედი აქვს, რომ ხელს მოაწერს ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირთან დააახლოებს.
უფრო შორეული მიზანი ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაა – პერსპექტივა, რომელსაც რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
„საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ ერთადერთი სწორი გზაა ჩვენთვის… ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ განვაგრძობთ ევროპისკენ სვლას“, განაცხადა 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს კენჭისყრამდე. „მთავრობა ასევე შეეცდება კრიზისის დაძლევას რუსეთთან ურთიერთობაში“.
ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შეცვლის, მილიარდერს, რომელიც პრემიერმინისტრი მას შემდეგ გახდა, რაც სათავეში ჩაუდგა ოპოზიციურ კოალიციას, რომელმაც დაამარცხა სააკაშვილის პარტია 2012 წლის საპარლამენტო არჩვენებში.
ივანიშვილმა პოლიტიკაში ორი წლის წინ შემოაბიჯა ბიზნესკარიერის შემდეგ, რომლის დროსაც მან დაახლოებით $5.3 მილიარდის ქონება დააგროვა. ის შეეცადა კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას დასავლეთთან და, იმავდროულად, გააუმჯობესა კავშირები მოსკოვთან.
ივანიშვილი გადადგა მას შემდეგ, რაც კვირას მისი მოკავშირის, არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა, და განაცხადა, რომ სააკაშვილის, მისი მწვავე მეტოქის თანამდებობიდან წასვლით, მან თავისი საქმე გააკეთა.
მან ღარიბაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და მის ასევე ახლო მოკავშირეს, ამოცანად დაუტოვა პოლიტიკური ბალანსის შენარჩუნება რუსეთსა და დასავლეთს შორის.
ივანიშვილმა, რომელსაც მისი პარტიის დომინირებამაც პარლამენტში პოლიტიკურად სააკაშვილის დაჩრდილვის შესაძლებლობა მისცა გასული წლის განმავლობაში, წარმატებას მიაღწია ისეთ საქმეში, როგორიცაა რუსეთის ბაზრის გახსნა ქართული ღვინის, მინერალური წყლისა და ხილისთვის 2006 წელს შემოღებული ემბარგოს შემდეგ.
მაგრამ რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობა კვლავ მაღალია 2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვის მხარდაჭერილი რეგიონების გამო, და დიპლომატიური ურთიერთობებიც აღდგენილი არ არის.
საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის ძირითადი უფლებამოსილებები პრემიერმინისტრს გადაეცა, შესაბამისად, ღარიბაშვილი ქვეყნის ყველაზე ძლევამოსილი პოლიტიკოსი ხდება.
ის პასუხისმგებელია როგორც საგარეო, ასევე ეკონომიკურ პოლიტიკაზე იმ ქვეყანაში, სადაც სიღარიბე პრობლემაა და ეკონომიკური ზრდა შენელებულია მრავალწლიანი პოზიტიური დინამიკის შემდეგ.
მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ 1.5%-ით გაიზარდა ამ წლის მეორე კვარტალში, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ იმავე პერიოდში 8.2% იყო.
ხაზი გაუსვეს რა მუდმივ პოლიტიკურ უთანხმოებას, სააკაშვილის პარტიის დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს ახალ კაბინეტს, რომელშიც ერთადერთი ახალი კადრი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძეა.
foreignpress.ge