„ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი პროგნოზირებს, რომ დაკავებების ახალი ტალღა დაიწყება. როგორც ჩანს, ყოფილ მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ეს შიში სერიოზულია. სამწუხაროდ, ეს იყო რეალობა, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ იკარგებოდა. ამ ეტაპზე, რამდენიმე უგზო-უკვლოდ გამქრალ ადამიანთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამწუხაროდ და საუბედუროდ, საპარლამენტო უმცირესობისთვის, იკვეთება სერიოული დანაშაულის ნიშნები, რომ სწორედ მათ მიერ ნახსენები პირები მონაწილეობდნენ სხვადასხვა ადამიანების გატაცებაში და მათ ლიკვიდაციაში.
„უახლოეს ხანში მოსახლეობა გაიგებს, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების უგზო-უკვლოდ დაკარგვა და შემდეგ რა ბედი ეწიათ მათ. ეს არის ძალიან მძიმე საქმეები. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ გამოძიებას რამდენიმე პიროვნებაზე. ეს არის ჩვენი ტკივილი, როცა ჩვენი ქვეყნის შვილები, თანამოქალაქეები ასე უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ და დღესაც მათი ოჯახის წევრები ელოდებიან მათ შვილებს. მათ სჯერათ, რომ მათი შვილები არიან ცოცხლები, თუმცა სამწუხაროდ, ბევრი მათგანი, წინასწარი ინფორმაციით, იქნა ლიკვიდირებული.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება დამტკიცება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საქმეები იქნას გახსნილი და გამოძიებული. არ შეიძლება ასეთი მძიმე საქმეების გაუხსნელობა, როდესაც რამდენიმე ასეულ ადამიანზე გვაქვს საუბარი და არა ერთ და ორ ადამიანზე. თუმცა, ერთი ადამიანის სიცოცხლეც სიცოცხლეა. თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ძვირფასია ჩვენთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მას არ სურს გამოძიების დასრულებამდე რაიმე დამატებითი კომენტარი გააკეთოს, თუმცა ადასტურებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც ადამიანების გატაცება და მათი ლიკვიდაცია ხდებოდა. საქართველოში 2010 წლიდან დღემდე 631 ადამიანია გაუჩინარებული. მათგან 194 პირი დაკარგულია 2010 წელს. ყველაზე მეტი ადამიანი 2011 წელს არის დაკარგული - 198. შსს-ს ინფორმაციით ყველაზე ხშირად საქართველოში 25-დან 44 წლამდე ასაკის ადამიანები იკარგებიან. ბოლო ოთხ წელში ამ კატეგორიის 225 ადამიანია დაკარგული.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან პირობა დადო, რომ ხურჩის ინციდენტის დამკვეთები დადგენილი და დასჯილნი იქნებიან. გაეროს ექსპეტების დასკვნაში აღნიშნულია, რომ ინციდენტი მომზადებული იყო წინასწარ და იყო პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოყენებული, რაც როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ინციდენტის ინსცენირების ეჭვს ბადებდა.
„ფაქტი, რომელიც გამოძიებულია ჩვენს მიერ, საგანგაშოა. გამოძიებამ დაადგინა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, შსს-ს მაღალჩინოსნების მონაწილეობით განხორციელდა ე.წ. ტერორისტული აქტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს არის ფაქტი, ეს არის რეალობა, რაზეც საუბრობდა არა მხოლოდ მაშინდელი ოპოზიცია, არამედ გაეროს ექსპერტები. გრძელდება გამოძიება და საბოლოო ვერდიქტს სასამართლო გამოიტანს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ხურჩაში განხორციელებული ე.წ. ტერორისტული აქტის ბრალდებით დაკავებული რომა შამათავას და მალხაზ მურღულიას დაკავებას უკანონო უწოდეს და აღნიშნეს, რომ ამ საქმის გამოძიება რუსეთის ფედერაციის ინტერესში შედის, ისევე, როგორც სხვა საქმეები, რომლებზეც საუბარია, რომ იძიებს შს სამინისტრო.
„აფხაზი ეროვნების ტერორისტების – ბუთბას და ჩიკირბას და სხვა ადამიანების მკვლელობასთან დაკავშირებით შს სამინისტრო იძიებს საქმეებს საქართველოს სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლების წინააღმდეგ. ეს არის საქმეები, რომლებიც არის სწორედ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ეს არის რუსეთის მხრიდან ოკუპაციის ლეგიტიმაციის მცდელობა და ოკუპაციის ხაზის გადმოწევით. ხურჩის საქმეს იძიებენ და შს და თავდაცვის სამინისტროს მთავარი მოწმეები მაღალ თანამდებობეზე ჰყავდა, რომლებიც თითქოსდა აღიარებენ, რომ მონაწილეობენ ამ ტეროროსტულ აქტებში.
მაგალითად, ბახვა ჩიქობავა, რომელიც მაღალი თანამდებობის პირია თავდაცვის სამინისტროში, ადამიანი, რომელიც იძახის, რომ „მე ტერორისტი ვარო“. ონისე კვაშილავა, ალექსანდრე დანელია, გია ფაჩულია, გია ბარამია, გელა ალანია, ჩაჩავა - ყველა ესენი არიან მაღალ თანამდებობაზე, ამ დროს, მათ აქვთ ჩვენებები მიცემული რომა შამათავას, პატრიოტი ადამიანის წინააღმდეგ, რომ შამათავასთან ერთად ისინი ჩადიოდნენ ტერორისტულ აქტს. აი, სად არის შერჩევითი მართლმსაჯულება და აი, რატომ გვჯერა ჩვენ ტერმინის - დეპოლიტიზების“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას აკაკი მინაშვილმა.
ვინ არის რომა შამათავა და რა საქმეებში ფიგურირებს მისი გვარი?
რომა შამათავამ ძალოვან სტრუქტურაში მოღვაწეობა ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს დაიწყო. ის აფხაზეთის უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი იყო. ყოფილი კოლეგები მას დადბითად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ იმ წლებში შამათავა დაკისრებულ მოვალოებას კარგად ასრულებდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შამათავამ მოღვაწეობა ამავე უწყებაში გააგრძელა და ამ პერიოდში დაუხლოვდა ის ძმებ ახალაიებს. შსს-ს კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას რეკომენდაციით აფხაზეთის ა-რ კუდ-ის მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა. სწორედ ამ წლებიდან ჩნდება მის კარიერაში სკანდალური საქმეები.
შამათავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლითაა აღძრული, 2012 წლის 27 ნოემბერს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღებიდან რეგისტრირებული არც-ერთი არ არის. გამოძიებით დადგენილია, რომ შამათავამ სხვადასხვა დასახელების საბრძოლო მასალა შესანახად მის მოადგილეს სამსახურში მიუტანა და მიუთითა, რომ სარდაფში შეენახა. შამათავას წინააღმდეგ სს-ს საქმე 236–ე მუხლით აღიძრა, მაშინ შამათავა მიმალვაში იმყოფებოდა. თუმცა მალევე იმავე წლის 4 დეკემბერს, რომან შამათავა, ამავე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსი ტარიელ ბარამია, მეორე სამმართველოს უფროსი სერგო უბილავა და ოპერატიული თანამშრომელი როინ აბშილავა დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მინდინარობდა. შამათავა და სხვა დაკავებულები სასამართლომ გირაოთი გაანთავისუფლა.
თუმცა მოგვიანებით, შამათავა ისევ დააკავეს, მას ბრალად ედება 2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის ორგანიზება და განხორციელება, რამაც შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიშროება, ასევე ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება. გამოძიება სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება გრძელდება დამკვეთის და სხვა პირების დადგენის მიზნით. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს.
დაკავებულის ადვოკატი განმარტვას, რომ ხელისუფლების შეცვლამდე დღეს მოქმედი მაღალჩინოსნები დაზარალებულებს ეუბენოდნენ, რომ შამათავა იყო მათი შვილის გაუჩინარებაში დამნაშავე.
„ის ცალსახად აცხადებს, რომ არანაირ დანაშაულთან მას შეხება არ აქვს. რაც შეეხება ხურჩის ტერაქტს, 5 ადამაინი ადებს რომა შამათავას ხელს და აცხადებენ, რომ ხურჩის ტერაქტი ჩვენ ჩავიდინეთ შამათავას ხელმძღვანელობითო და ეს ადამიანები დღემდე შსს-ში უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობენ. მათ შორის ერთ-ერთს ჩაბარებული აქვს სამეგრელოს უშიშროება. ამით ყველაფრი ნათქვამია. ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა, მათი მიზანია, რომ შამათავამ ხელი დაადოს ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილს, რადგან მათ ვერ უმტკიცდებათ ბრალი, რის გამოც ისინი არიან დაკავებული. პირველად მკვლელობის და გაუჩინარების ბრალდებით მოხდა მისი დაკავება, მან თვითდაზიანებაც მიიყენა ციხეში. შემდგომ ეს ბრალი მას არ დაუდასტურდა და სთხოვეს, რომ ეღიარებინა იარაღის უკანონო ტარება, პირობითს გაუკეთებდნენ და გაუშვებდნენ სახლში, რაც მოხდა კიდევაც. შემდგომ როდესაც ნახეს, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულ საქმეებში გაუჭირდათ, ამის შემდეგ დასჭირდათ ისევ რომა შამათავას დაკავება“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას შამათავას ადვოკატი, გოგა ონიანი.
სად იკარგება დავით ცინდელიანის კვალი?
შამათავას გვარი უკავშირდება ჭუბერის მკვიდრის 27 წლის დავით ცინდელიანის გაუჩინარების ფაქტს. ის 2008 წლის 16 აგვისტოს დააკავეს. ცინდელიანი სვანეთში რეინჯერად მუშაობდა, სასწრაფოდ ქუთაისში მეტყევეთა შეკრებაზე გამოიძახეს. ცინდელიანი იმერეთში მამასთან, ზაურ ცინდელიანთან ერთად გაემგზავრა, რომელიც ასევე სატყეოს თანამშრომელი იყო. უკვე შუა ქუთაისში, ავტომანქანას სადაც ცინდელიანები ისხდნენ, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები დასხნენ თავს და დავით ცინდელიანი გაიტაცეს. მას შემდეგ, იგი აღარავის უნახავს. ცინდელიანის მამა, ზაურ ცინდელიანი აცხადებს, რომ მისი შვილის გატაცება დათა ახალაიას ბრძანების სამეგრელოს კუდ-ის თანამშრომლებმა განახორციელეს.
როგორც ირკვევა, კუდ-ს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ცინდელიანმა სოციალურ ქსელში, მეგობარ რუს გოგონასთან მიმოწერის დროს, ახსენა ბორჯომის ხეობაში გადამალული ქართული ტანკები. სწორედ ეს გახდა მისი ქუთაისში ჩამოტყუების მიზეზი. კუდ-მა ცინდელიანი ჯაშუშობის ბრალდებით აიყვანა და კვალიც გააქრო. ოფიციალური ინფორმაცია ცინდელიანის დაკავების შესახებ შსს-ს ოფიციალურ გვერდზე არ მოიპოვება. ამის მიუხედავად შსს-მ სისხლის სამართლის საქმე ცინდელიანის გაუჩინარების ფაქტზე აღძრა, მეტიც, ჯილდოდ 10 000 ლარიც კი დააწესა, თუმცა, როგორ და ვინ გაიტაცა შუა ქუთაისში 27 წლის ახლაგაზრდა, შსს-მ 5 წლისა და 5 თვის მანძილზე ვერ გამოიძია.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა მიანიშნა, რომ ცინდელიანის ლიკვიდაცია შესაძლოა, აფხაზეთის კუდ-ის ყოფილ უფროსს რომან შამათავას უკავშირდებოდეს. მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 27 წლის რეინჯერი გარდაცვლილია, და მის გატაცებაში აფხაზეთის კუდ-ის უსაფრთხოების უფროსი რომა შამათავაა ეჭვმიტანილი. შამათავას გასამარლებას ითხოვს ცინდელიანების ოჯახიც.
„შვიდი გამომძიებელი იძიებდა ამ საქმეს, მაგრამ საქმე ადგილიდან არ დაძრულა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქმის გამოძიების მოთხოვნით მივმართეთ პროკურატურას. უშიშროების სპეცრაზმმა აიყვანა ქუთაისში, თბილისში მოჰყავდათ, ბორჯომამდე მოსულები იყვნენ, ამ დროს ურეკავს მათ დათა ახალაია და ეუბნება, რომ წაიყვანეთ უკან ბათუმში და ჩააბარეთ აფხაზეთის კუდს, მაშინ კუდ-ის უფროსი იყო შამათავა. ანონიმური წყაროდან ვიცით, რომ შამათავასთან ერთად იყო ჩიქოვანი იგივე „მაიმუნა“. შამათავამ და ჩიქოვანმა აიყვანეს ჩემი შვილი ნავში, სადაც კლავენ, მოაბეს ტყვია და ასე ჩაძირეს ზღვაში“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ზაურ ცინდელიანმა.
ზუგდიდის ცენტრიდან სამხედრო მზვერავი პაატა ქარდავა გაუჩინარდა
2008 წლის 27 აგვისტოს, ზუგდიდის ცენტრიდან, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი პაატა ქარდავა დაიკარგა. გაუჩინარებამდე მან ქალიშვილი ზუგდიდის ბაზარში მიიყვანა, შემდეგ თანამშრომლებს შეუარა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. იმავე დღეს, მისი ავტომანქანა, სოფელ კოკთან, მდინარე ენგურთან ახლოს იპოვეს. ოჯახი უკვე ხუთი წელია უშედეგოდ ეძებს. არსებობს ეჭვი, რომ მის გაუჩინარებაში ქართველი ძალოვანების ხელი ურევია, თუმცა გამოძიება ხუთი წელია წინ არ წასულა - ოჯახს წლების განმავლობაში არწმუნებდნენ, რომ ქარდავა აფხაზეთში გადავიდა, თუმცა ამ ვერსიის ახლობლებს არ სჯერათ.
არაოფიციალური ინფორმაციით პაატა ქარდავაც ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და მის გატაცებაშიც ყოფილი ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. პაატა ქარდავა ბოლოს მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა, საპატრულო სამსახურის თანამშრომელმა ნახა. გაუჩინარებამდე რამდენიმე წუთით ადრე ქარდავამ მეგობარი სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის უკან დატოვა, თვითონ კი გეზი ზუგდიდის ცენტრალური ბაზრისკენ აიღო, სადაც მას ქალიშვილი ელოდებოდა. ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში პაატა ქარდავას გაუჩინარების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა გამოძიებამ ეს საქმეც, ისევე როგორც ცინდელიანის გაუჩინარება, ვერ გახსნა.
სად არის გოგიტა აბულაძე?
ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ 42 წლის ანაკლიელს, გოგიტა აბულაძეს. სერიოჟა და ცინარა აბულაძეები თითქმის დარწმუნებული არიან, რომ მათი ერთადერთი ვაჟიშვილი ქართული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ სპეცოპერაციას შეეწირა.
ერთ-ერთი ვერსიით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მაიორთან კავშირის დასამყარებლად გოგიტა აბულაძის გამოყენება, შსს-სთვის ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილება იყო, თუმცა რა მოხდა რეალურად, სად და რა ვითარებაში აღმოჩნდა რეზიდენტი თუ უბრალოდ მსხვერპლი ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი, ამ დრომდე უცნობია. ცნობილია ის, რომ გაუჩინარებამდე დაწერილ წერილში ნახსენები კიდევ ერთი სახელი, მალხაზ პაჭკორია, სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უწყებაში მაღალ თანამდებობას იკავებდა. თუმცა პაჭკორიამ გაუჩინარებულთან არა თუ თანამდებობრივი კავშირი, უბრალო ნაცნობობაც კი უარყო.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია განმარტავს, რომ საკმაოდ დიდი სიაა იმ ადამაინების, რომლებიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან და მათ კვალს ვერ პოულობენ.
„საკმაოდ მძიმე მასალებია თავმოყრილი პროკურატურაში, სადაც იკვეთება სერიოზული დანაშაულის ნიშნები, როგორ ხდებოდა ადამაინების გატაცება და როგორ მონაწილეობდნენ ამაში სხვადასვა პირიები, რომლებიც არ იყვნენ რიგითი მოქალაქეები“, - აცხადებს ეკა ბესელია.
უგზოუკვლოდ გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებით პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გენერალურ პროკურატურაში კომენტარი არ კეთდება.
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ 2008 წელს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჯაშუშობის ეჭვით თუ პოლიტიკური მიუღებლობის გამო, ასეული ადამიანია ლიკვიდირებული. მაისაია ამბობს, რომ დაკარგული ადამიანების საქმეების ძიებისას დიდი ალბათობით ბევრი ყოფილი მაღალჩინოსნის სახელი ამოტივტივდება და მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი ყოფილი ჩინოვნიკი ვანო მერაბიშვილის ყოფილი პირველი მოადგილე ამირან მესხელი იქნება.
„შემიძლია დავასახელო ამირან მესხელი, რომელიც ასეთი ტიპის გატაცებებში მონაწილეობას უშუალოდ იღებდა. ის ახლა ძებნაშია, თუმცა, მგონია, რომ ის შეიძლება მოკლულიც იყოს. მესხელის მაღლა იდგა ვანო მერაბიშვილი. 2008 წელს იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც დაკარგულია, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ არის მოტაცებული და მათგან ვინც წამებას ვერ გაუძლო, ისინი დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაშია.
ცრუ დაკარგვის ფაქტი საკმაოდ ბევრი იყო. 2008 წელს ადამიანთა დაპატიმრება მასობრივად ხდებოდა, განსაკუთრებით კუდ-ის, სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლების მიერ ხდებოდა ადამიანების გატაცება ოფიციალური ბრალდებით, შემდეგ პოლიციაში მიჰყავდათ და მათ აწამებდნენ. ვინც წამებას ვერ უძლებდა, კვდებოდა და შესაბამისად, მათ გვამს ანადგურებდნენ. ჩემს ბრალდებაშიც არის ნახსენები ოსი ეროვნების სამი ადამიანის გვარი - ცხინვალში მცხოვრები ალექსანდრე ბიბილოვი, პეტია გაბარაევი და გიორგი დოგუზოვი და სად არიან ისინი, დღესაც არავინ იცის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
სამეგრელოში მოქმედი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ხელმძღვანელი კახა მიქაია ამბობს, რომ როლანდ ახალაიას და თენგიზ გუნავას გარეშე სამეგრელოში არაფერი ხდებოდა. მისივე თქმით, გამოძიებული იქნას ყველა საქმე, რომ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს.
„ყველა შემთხვევაში საუბარი იყო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მათ გადასვლაზე. რაც შეეხება კუდ-ის მაღალჩინოსნებს, მათ გარეშე არაფერი ხდებოდა. თავდაცვის სამინისტროს თანამშრობლები იკარგებოდნენ და წარმოუდგენელია, რომ კუდ-ის თანამშრომელებმა და მინისტრმა ეს არ იცოდნენ. ფაქტია, რომ ადამიანები იაკრგებოდნენ საზღვართან, ფაქტია, რომ ამაში ფიგურირებდნენ კუდ-ის მაღალჩინოსნები. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ყოველივე ამაში მონაწილეობდნენ და ინფორმირებული იყვნენ შსს-ს მაღლჩინოსნები, შს მინისტრი, სამხარეოს უფროსი თენგიზ გუნავა და რაც მათავარია როლანდ ახალაია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კახა მიქაიამ.