ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობის შემდეგ პარტიულ საქმიანობასაც ჩამოშორდა. პარტია, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრობა, მან ირაკლი ღარიბაშვილს ანდო. „ექსპო-ჯორჯიაში“ გამართულ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გენერალური მდივნის კანდიდატურაც დასახელდა. ივანიშვილმა ამ პოსტზე ვიცე-პრემიერი კახა კალაძე წარადგინა, რომლიც ასევე მისი დიდი ნდობით სარგებლობს.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პოლტსაბჭოს წევრებიც აირჩია - 21 -ის ნაცვლად 12 წევრი, ესენი არიან: კახა კალაძე, ნოდარ ხადური, ირინა იმერლიშვილი, გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, დავით საგანელიძე, თამაზ ავდალიანი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, ირაკლი სესიაშვილი და არმაზ ახვლედიანი.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკოსის სტატუსით ბოლო განცხადება „ექსპო-ჯორჯიაში“ გააკეთა. წინამორბედი ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 9 წლის განმავლობაში არსებული მოჩვენებითი დემოკრატია საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების შემდეგ საბოლოოდ დასრულდა.
მის მიერ დაარსებული პარტიის ახალ ხელმძღვანელობას კი მოუწოდა, რომ ხალხის აზრი მოისმინონ და ქვეყანაში არსებული მავნე ტრადიციის მსგავსად „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ სახელმწიფო ინსტიტუტებთან შეზრდილ პარტიად არ აქციონ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში მოღვაწეობის ორწლიან პერიოდში ხალხისთვის მიცემული პირობა შეასრულა და ქვეყანა მოძალადე რეჟიმისგან, სახელმწიფო ინსტიტუტები კი ხელისუფლების ზეწოლისგან გაანთავისუფლა. ახლა კი იმედოვნებს, რომ მის მიერ დატოვებული გიორგი მარგველაშვილი, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანას ფეხზე დააყენებენ.
„დღეიდან მე თქვენ წინაშე ვდგავარ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე. მე მივდივარ პოლიტიკიდან და ვრჩები აქტიურ მოქალაქედ. არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, მეტიც, იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე იყო შენი ქვეყნის ერთი ჯარისკაცი, შენი საზოგადოების რიგითი წევრი.
მე ვიქნები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქალაქე, ვინც გააკონტროლებს ხელისუფლებას სწორედ სამოქალაქო პოზიციებიდან. დარწმუნებული ვარ, ჩემი საზოგადოებაში ყოფნა და აქტიური საქმიანობა მეტ სიკეთეს მოუტანს ჩემს ქვეყანას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
ყრილობის დასრულების შემდეგ კი ჟურნალისტებთან განმარტა, რომ სამოქალაქო სექტორში აქტიურობის საკითხზე უახლოეს თვეებში ჩამოყალიბდება, მანამდე კი ხელისუფლებას დაღვინებას აცლის.
„დრო მჭირდება, ვთქვა, კონკრეტულად რას და როგორ გავაკეთებ - 2-3 თვე მაინც, რომ დავლაგდე, გავაკეთო სტრუქტურა და ამის შემდეგ მოგახსენებთ. უნდა დაღვინდეს ახალი მთავრობა, საზოგადოება შეეგუოს ახალ დროს და იმის შემდეგ, საჭიროებისდა მიხედვით, ნელ-ნელა დავიწყებ აქტიურობას“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკიდან წასვლის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობენ მისი თანაგუნდელები. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აღნიშნავს, რომ ივანიშვილი წონადი ფიგურა იყო და, მისი ფაქტორის გათვალისწინებით, „ქართულ ოცნებას“ ხალხის მხარდაჭერის მოპოვება არასდროს უჭირდა.
„პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა პარტიისთვის ძალიან დიდი დანაკლისია. ის ჩვენთვის „მძიმე“ პოლიტიკური ფიგურა იყო. ივანიშვილის ყოფნა პარტიაში გარკვეულწილად არღვევდა ბალანსს პოლიტიკურ სპექტრში. ალბათ, ქვეყნისთვის კარგი იქნება, როცა პოლიტიკური პარტიები თანაბარ სიტუაციაში ჩადგებიან და შედარებით თანაბარი კონკურენცია იქნება.“
საგანელიძე მიიჩნევს, რომ პარტიის ახალი ხელმძღვანელობა დადებით შეფასებას იმსახურებს და ახალგაზრდული გუნდი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით პოლიტიკურ წარმატებებს კვლავ მიაღწევს.
„ქართული ოცნების“ პარტიულ წარმატებებს შემდეგშიც ელის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
რესპუბლიკელები ვართ ამაყები, რომ მოგვეცა საშუალება „ქართული ოცნების“ პარტნიორები ვიყოთ. ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკური ასპარეზი, მაგრამ მოახერხა გუნდის შექმნა, რომელიც წარმატებით გაუძღვება პარტიას“, - განმარტავს უსუფაშვილი.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი არმაზ ახლედიანი კი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ უკვე არჩეული ღირებულებები არ გადაიხედება.
„ქართული ოცნება“ ჩვენს ხალხთან ერთად ბოლომდე უერთგულებს დემოკრატიის, სამართლიანობის იდეალებს. სწორედ იმ იდეალებს, რომელთა პრიმატიც თავის დროზე საქართველოში ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ ქართულ პოლიტიკას ბრძენი კაცის რჩევა, აზრი და ავტორიტეტი დააკლდება, მაგრამ, ვფიქრობ, იგი, როგორც ქვეყნის მოქალაქე ყოველთვის შეძლებს, ეს აზრი გამოთქვას. მისი აზრი და შეხედულება ყოველთვის სასიკეთო იქნება და ქვეყნის განვითარებას წაადგება“, - განუცხადა არმაზ ახლედიანმა for.ge-ს.
პოლიტიკიდან მიმავალ ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად „ექსპო-ჯორჯიას“ ტერიტორიაზე ე.წ. „ატსტუპნიკები“ შეიკრიბნენ. ისინი ივანიშვილის მიერ ხელისუფლებაში დატოვებული გუნდისგან დახმარებას და ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
„ექსპო-ჯორჯიას“ პავილიონში საზოგადოების ერთი ჯგუფი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასაცილებლად და მისთვის მადლობის სათქმელადაც მივიდა. მანამდე კი ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის მადლობის გადასახდელად სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სპეციალური გვერდი სახელწოდებით - „მე ვამბობ მადლობას“ - შეიქმნა. ჯგუფს დაახლოებით 5 დღის განმავლობაში 21 ათასზე მეტი მხარდამჭერი შეუერთდა. ჯგუფის წევრებმა სოციალური ქსელით მხარდაჭერის ამსახველი ვიდეოები და ფოტოები გაავრცელეს. ისინი მადლობის გამომხატველი პლაკატებით პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობაზეც გეგმავდნენ მისვლას, თუმცა „ექსპო ჯორჯიაში“ აღარ გამოჩენილან.