წინა კვირის ქართული სპორტული ცხოვრების მთავარი მოვლენა ბატონი თემურ ქეცბაიას ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი აღმოჩნდა. ნება მომეცით ამ თემაზე საუბრის დაწყებამდე გიორგობის ბრწინვალე დღესასწაული და ჩვენი მორაგბეების მორიგი წარმატება მოგილოცოთ. გუშინ „ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო რეიტინგის მერვე საფეხურზე მყოფი სამოას ნაკრები დაამარცხეს და მსოფლიო რაგბის ოჯახს საკუთარი სიძლიერის შესახებ კიდევ ერთი მესიჯი გაუგზავნეს.
მორაგბეებმა ქართული სპორტის მატიანეში მორიგი სასახელო ფურცელი ჩაწერეს. სამწუხაროდ ანალოგიური „მიღწევით“ ბატონი თემურ ქეცბაია თავს ვერ მოიწონებს. საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე თავის დროზე ჩინებული ფეხბურთელი გახლდათ. აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ ხელი მწვრთნელობას მიჰყო და მოკრძალებული „ანორთოსისი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ სტადიაზე გაიყვანა. ამ წარმატების გამო, რამდენიმე წლის წინ ქეცბაია მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთა სიაში დაასახელეს. მაგრამ...
მაგრამ ქეცბაია ისტორიულ სამშობლოში ჩამოვიდა და საქართველოს ეროვნული გუნდი ჩაიბარა, ნაკრები რომელიც არცერთ მწვრთნელს არ ახარებს და ტრადიციულად ფეხბურთის სპეციალისტების პროფესიული დასამარების საწარმოდ არის გადაქცეული.
მიმდინარე წელს თემურ ქეცბაია არაერთხელ გამიკრიტიკებია, მაგრამ საკუთარი შენიშვნებისას ყოველთვის ვცდილობდი ზრდილობის ელემენტარული ნორმები დამეცვა. საქართველოს ეროვნული გუნდის დღევანდელი მესაჭე ამ განხრით მოიკოჭლებს, მაგრამ ჟურნალისტმა ამ კუთხით შეცდომები არ უნდა დაუშვას.
გამიგრძელდა შესავალი და პირდაპირ საქმეზე გადავალ. ერთი კვირის წინ, ერთ-ერთ ტელეარხზე ბატონი ქეცბაიას სტუმრობა და გადაცემის სავარაუდო სცენარი წინასწარ დაგეგმილი გახლდათ. „ქოუჩი“ თემურის „არაორდინარული“ ხასიათი და სპორტულ მასმედიასთან მისი მძიმე დამოკიდებულება არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ორი კომპონენტის გათვალისწინებით მიმაჩნია რომ ბატონი თემური (ჩინებული ფეხბურთელი გახლდათ და მიმართვა „ბატონო“-ს ნამდვილად იმსახურებს, ოღონდ არა მის ხელში საქართველოს ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგების გამო) ორშაბათის გადაცემაზე სტუმრობაზე არ უნდა დათანხმებულიყო. რასაკვირველია საუბარი მაქვს გადაცემის ფორმატზე. ალბათ უმჯობესი იყო ქეცბაია წამყვანთან პირისპირ ყოფილიყო, მისი მწვავე შეკითხვებისთვის პასუხები გაეცა და მაყურებელთა ზარებისთვის ეპასუხა.
სამწუხაროდ მწვრთნელი თემური „განრისხებული“ სპორტული ჟურნალისტების წინაშე აღმოჩნდა. შედეგი სავალალო გამოდგა. საკუთარი „ხასიათი“ თემურ ქეცბაიამ და სატელევიზიო სტუდიის დარბაზში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა თანაბრად გამოამჟღავნა.
მკითხველს ბოდიშს მოვუხდი მაგრამ ორშაბათის „სპორტულმა“ გადაცემამ დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში არსებული კულტურის დეფიციტი სრულიად წარმოაჩინა. „ოდიოზური“ თემური ხელების ქნევით საკუთარი სიმართლის დამტკიცებას უშედეგოდ ცდილობდა, ჩემი რამდენიმე კოლეგა კი ორი საათის განმავლობაში, სტუდიაში მყოფი სხვა დამსწრეებისთვის მიკროფონის მიცემას არ აპირებდა და სრულიად საქართველოსთვის ფეხბურთში საკუთარი განსწავლულობის ჩვენებას ცდილობდა.
თემურ ქეცბაიას ტელევიზიაში სტუმრობა საბოლოოდ შოუდ, სახელწოდებით „2 + 1“ გადაიქცა. ალბათ მიხვდით, ორი სპორტული ჟურნალისტი თემური მწვრთნელის წინააღმდეგ. ორმა კოლეგამ ქეცბაია არ დაინდო, ვალში ეს უკანასკნელიც არ დარჩენილა.
ნება მომეცით ერთი კულუარული ფაქტი მოგახსენოთ. ჟურნალისტური ეთიკის დაცვით ინფორმაციის წყაროს ვერ დაგისახელებთ. ჩემთვის ცნობილი გახდა რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შოთა არველაძე ჩაიბარებს. იმასაც ამბობენ რომ ქეცბაიას წინააღმდეგ აგორებული კომპანიის სათავეში ლევან ყიფიანი დგას.
ეს ცნობები კოლეგებთან არაოფიციალურ საუბრებში მოვიპოვე და მათ უტყუარობაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებ.
ერთ ისტორიას გაგახსენებთ. 2010 წლის მსოფლიო პირველობის ფინალურ ეტაპზე „სკუადრა აძურა“ ჯგუფში ჩარჩა. სამხრეთ აფრიკაში მყოფმა იტალიელმა ჟურნალისტებმა ნაკრების მაშინდელი თავკაცი მარჩელო ლიპი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. იმ პრესკონფერენციაზე ბატონ მარჩელოს არაერთი კრიტიკული კითხვა დაუსვეს. ლიპის სასახელოდ უნდა ითქვას რომ წონასწორობიდან არ გამოსულა და ყველა შეკითხვას დასაბუთებული პასუხი გასცა. იმასაც აღვნიშნავ რომ იმ კითხვა-პასუხში ოცამდე მასმედიის წარმომადგენელი მონაწილეობდა და ორი ჟურნალისტის „შოუდ“ არ გადაქცეულა.
ალბათ გაინტერესებთ ამ წერილის ავტორის მოსაზრება თემურ ქეცბაიას მომავალი ნაბიჯის შესახებ. ორი აზრი არ არსებობს. უიღბლო მწვრთნელი საკუთარი ნებით უნდა გადადგეს, მაგრამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს და არა ბოლო დღეებში განვითარებული აჟიოტაჟის შედეგად. იცოდა თემურმა რომ მისი მუშაობით საქართველოში უკმაყოფილოები იყვნენ. ამის მიუხედავად დღემდე ბრალი ფეხბურთელებზე გადააქვს და „არ გადავდგებიო“ ჯიუტად იმეორებს.
ბოლო დღეებში ქართულ მასმედიაში ქეცბაიას შესახებ არაერთი კრიტიკული წერილი გამოქვეყნდა. ამის გამო მწვრთნელის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს დღევანდელ წერილში არ გამოვეხმაურები. ერთს კი ნამდვილად აღვნიშნავ. ორი დღის წინ თემურს ბატონი რეზო ძოძუაშვილი გამოექომაგა და „როდესაც მაგინებდნენ უკეთ ვთამაშობდიო“ - განაცხადა. სანამ დროა წადი თემურ, ხომ ხედავ, ზოგიერთი ფეხბურთის დამსახურებული ვეტერანი შენს დასაცავად ასეთი აბსურდული მიზეზების მოყვანასაც არ ერიდება. ბატონ რეზოს პირადად ვიცნობ და ერთი გაბედე, ცოტა შებრუნებული სიტყვა უთხარი. ეს დღეს, ახალგაზრდობაში კი თურმე მწვრთნელი აგინებდა და ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი მომავალში წარმატებული ფეხბურთელი რომ გამოვიდა.
გამიგრძელდა მკითხველთან საუბარი. ჩემი აზრით მწვრთნელი-ფეხბურთელი-ჟურნალისტის ურთიერთობის სამკუთხედს გაცილებით ცივილური ფორმები ესაჭიროება. სამწუხაროდ დღევანდელ საქართველოში საწინააღმდეგო სურათს ვაწყდებით. სურათს სადაც ალალი და პატიოსანი გულით არავინ მოქმედებს. დაპირისპირებული მხარეების ნებისმიერ მონაწილეს საკუთარი პირადი ინტერესები გააჩნია და ყველა ვიღაცასთან არის „შეკრული“. ქეცბაიას თანამდებობიდან წასვლა გაცილებით უმტკივნეულოდ და ნაკლები აჟიოტაჟის პირობებში უნდა „განვითარდეს“.
დღევანდელი „სპორტული ფიქრების“ დასასრულს ორ მოზრდილ ციტატას შემოგთავაზებთ. ბოლო დღეების განმავლობაში ამ საფეხბურთო თემამ ქართული ფორუმების უპირობო ლიდერის პოზიცია დაიკავა. ამ ზღვა ინფორმაციიდან ორ მაგალითს მოგიყვანთ. პირველი ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის სასტიკ მოწინააღმდეგეს ეკუთვნის, მეორე მოსაზრების ავტორი კი თემურ ქეცბაიას დამცველთა რიგებს უნდა მივაკუთვნოთ.
„1.ფაქტია, როცა შენ გელანდება ომები, ზურგსუკან თამაში და შეთქმულებები – ერთადერთი მწვრთნელი ხარ საქართველოს ნაკრების ისტორიაში, რომელსაც ზედიზედ ორი შესარჩევი ციკლის სრულად ჩამთავრების საშუალება მოგცეს და თანაც არცერთ მათგანში შენთვის არავის მოუთხოვია ქვეჯგუფიდან გასვლა. მხოლოდ მებრძოლი, შემტევი და ლაღად მოთამაშე გუნდის ჩამოყალიბება გთხოვეს, რომელიც გულშემატკივარს ტაშს დააკვრევინებდა და იმედს გაუღვივებდა. ისიც ფაქტია, შენ ეს ვერ მოახერხე. ვერცერთ შეხვედრაში, არათუ ზოგადად.
2. გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელია, რომ შენს მოღვაწეობას წარმატებულად მიიჩნევ და არგუმენტად სტატისტიკას იშველიებ. ჯერ მეექვსე ადგილზე გავედით, მერე მეხუთეზე, ახლა კი მეოთხეზეო. ჯერ ერთი, ეგ მეოთხე ადგილი ბოლოდან მეორე ადგილია და თავმოყვარე მწვრთნელი ამას წარმატებად კი არა შერცხვენად უნდა მიიჩნევდეს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მთელს შესარჩევ ციკლში მხოლოდ 3 გოლი გააქვს და ამ მაჩვენებლით ლამის ნახევარ დედამიწაზე (თავად განსაჯეთ და დახედეთ მსოფლიოს რუკას – ვლადივოსტოკიდან და ალმატიდან რეიკიავიკამდე და ლისაბონამდე (მადეირამდეც კი) და მურმანსკიდან თელ-ავივამდე), მხოლოდ ორ ჯუჯა სახელმწიფოს აჯობებ, შენი ქვეყნის უამრავ სოფელში რომ მათზე მეტი ხალხი ცხოვრობს, ისეთებს. თანაც, ზემოთაც აღვნიშნე და შენთვის მიზნად არც გულშემატკივარს და არც ფედერაციას მიზნად არა ამ ადგილების დაკავება, რომელსაც სხვათაშორის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თუ ადგილებს უყურებ, ობიექტურად, პირველი და მეორე ადგილის გარდა ყველა წარუმატებლობაა, არამედ სწორედ რომ გოლების გამტანი, შემტევი, მომენტების შემქმნელი, ფეხ-ბურ-თის მოთამაშე გუნდის შენება გთხოვეს და გავმეორდები, ამისთვის ისტორიაში რეკორდულად დიდი დრო მოგცეს, ბაზაც აგიშენეს, ჩარტერული რეისებითაც გაფრინეს, უზარმაზარი ხელფასიც მოგცეს და მთელი ევროპის მასშტაბით სიარულისა და ფეხბურთელებზე დაკვირვების ხარჯებიც აგინაზღაურეს, რაც მანამდე როგორ იყო, თავად იცი ყველაზე კარგად, რადგან ამავე ნაკრებში ფეხბურთელიც იყავი.
3. კიდევ უფრო სამარცხვინო და ამაზრზენია, როცა შენს წარუმატებლობას სხვებს აბრალებ, თანაც მათ, ვინც ვალდებული ხარ მამასავით გიყვარდეს და მათ პრობლემებს შენ უნდა უგვარებდე, არათუ უქმნიდე! – ანუ ფეხბუთელებს.
მერე დაბრალებაც არის და დაბრალებაც – ამან თამაში არ იცისო, იმას თავი კიტრი გონიაო, ეს ფულის ხამიაო, ის ზარმაცი და უზრდელიაო. მორიდებით მინდა ვიკითხო: ნუთუ მწვრთნელობა მხოლოდ თამაშამდე დაფაზე სქემების ხაზვა და მატჩის დროს ზურგზე ხელის დაწყობა და ორივეს დროს ფეხბურთელების უშვერი სიტყვებით ლანძღვაა?
კარგი, სლოვენია ჩვენზე მდიდარი ქვეყანაა (თუმცა მხოლოდ სიმდიდრე რომ შველოდეს თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთში ამინდს ყატარი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ახალი ზელანდია და ნორვეგიაც შექმნიდნენ სხვებთან ერთად), კარგი ბოსნიაში ყარაულის თოფს უსვრია და თაობა წამოუვიდათ ძალიან ძლიერი ფეხბურთელების, აგერ, ჩვენთან, ზუსტად ყურის ძირში ერთი პატარა ქვეყანაა, ჩვენზე ღარიბი და პატარა, ჩვენზე სუსტი ჩემპიონატითა და ფეხბურთელებით, დავიჯერო მხითარიანი, ოზბილისი და მოვსისიანი არიან ის ფეხბურთელები, რომელთა მსგავსი არც გვყოლია და არც გვყავს? ვიცი, შემ მეტყვი – კიო, მაგრამ ეს ხომ სიცრუეა? ხოდა, როცა მამა ვერ ალაგებს ოჯახში სიტუაციას და არც საკუთარი თავის გამოსწორებას ცდილობს, ის ოჯახი ინგრევა!
4. ფეხბურთელები არ გვყავს და შემტევი ფეხბურთი სუპერმარკეტში არ იყიდებაო. ნეტავ სად ყიდულობენ ამ ფეხბურთელებს გიორგი დევდარიანი, ვასილ მაისურაძე და გია გეგუჩაძე? და ნეტავ კიდევ რამდენი წლის უნდა გახდნენ გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი და კიდევ რომელ ჩემპიონატში უნდა ითამაშონ წარმატებით, რომ მწვრთნელის თვალმე შენიშნოს დახლზე? და კიდევ, ვინც გყავს – არ მოგწონს, ეჩხუბები, ლანძღავ და იძულებულს ხდი სახლიდან წავიდნენ. რა გინდა, მარტო გინდა დარჩენა?“
„1.კი არ ელანდება არამედ არის კიდეც შეთქმულება, მისი და ნაკრების წინააღმდეგ, იმას რასაც ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, ყენია და ა.შ. აკეთებენ სხვა სახელი არ ჰქვია. ნაკრები დაიკიდეს-დაიკიდეს, ახლა უკვე გუნდიდან წასულები მაინც დიდ გულზე არიან და იქით აძლევენ შენიშვნებს მწვრთნელს, მიზანი კი გასაგებია რაც არის-ქეცბაიას მოშორება.
2.ამ კონტიგენტით ქეცბაიას მოღვაწეობა წარმატებულია, იმიტომ რომ ამ ხალხით უკეთეს შედეგს ვერავინ დადებს, უარესს კი რამდენიც გინდა (კუპერი გაიხსენეთ).
3.მხითარიანის და მოვსისიანის დონის ფეხბურთელები მართლაც არავინ გვყავს (თუ არიან დაასახელეთ ვინ?), ამ ორის საბაზრო ფასით მთელ ჩვენს ნაკრებს იყიდი და გაყიდი, ვინც ამას ვერ ხედავს ან ძალიან მიკერძოებული უნდა იყოს ან ფეხბურთი არ უნდა ესმოდეს საერთოდ.
რაზე ვდაობთ, მხითარიანი „ბორუსიაშია“, ჩვენ კი არათუ „ბორუსიის“ დონის, არამედ გერმანიის ბუნდესლიგის ყველაზე მაჩანჩალა გუნდების დონის ფეხბურთელებიც კი არ გვყავს, აგერ „უნიჭიერესი" ყენია მეორე ბუნდესლიგასაც ვერ ქაჩავს.
4.ასაკობრივ ნაკრებებს, და იქ არსებულ დონეს და ეროვნული ნაკრების დონეს შორის განსხვავებას როგორ ვერ ხედავთ? ასაკობრივებში მხოლოდ ჯერჯერობით ნიჭი ჭრის იმიტომ რომ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების დონეზეა ფეხბურთელი, აი როცა 25 წლისების არიან და ერთ ნაკრებში „ბარსელონას“ ფეხბურთელია, მეორეში კი „დილასი“, მერე ნახეთ შედეგი. წარმატებას ვუსურვებ U19-ის მოთამაშეებს, მაგრამ 4-5 წლის შემდეგ იგივე ჰოლანდიასთან ამ ბიჭებს რა შანსი ექნებათ წარმოდგენაც კი არ მინდა
ფეხბურთელ ქეცბაიას და მწვრთნელ ქეცბაიას ერთნაირი მებრძოლი ხასიათი აქვთ, მოსაბოდიშებელი კიდევ არაფერი აქვს მაგას, იმ ფეხბურთელებისგან განსხვავებით ვინც ნაკრები დაიკიდა.
როგორც მწვრთნელი, ქეცბაია შეიძლება დიდად არ მხიბლავს, არც კაპელოა,არც ლიპი და არც ჰაინკესი, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მწვრთნელის კომპეტენციას დიდი მნიშვნელობა არც აქვს, აქ ჯერ ანაბანა ვერ გაუგიათ (ის რომ ნაკრებში უნდა ჩამოხვიდე, ის რომ 31 წლის კაცი ნაკრებიდან გაშვებას არ უნდა იხვეწებოდე, პრემიებს არ ითხოვდე არაფერში, ქორწილი თამაშის დღეს არ უნდა დანიშნო და ა.შ).
მეკარეები: ლორია, რევიშვილი, კვასხვაძე
მცველები: ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, გრიგალავა, ხურცილავა, ხუბუტია, ფოფხაძე, ღვინიანიძე, თომაშვილი, ხიზანიშვილი
ნახევარმცველები: კანკავა, დაუშვილი, ჭანტურია, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, პაპავა, თარგამაძე, ყენია, ილურიძე, ანანიძე, კობახიძე, ძარია, ებრალიძე, გრიგალაშვილები, მერებაშვილი
თავდამსხმელები: დვალიშვილი, მარცვალაძე, მჭედლიძე, ვაწაძე, (სხირტლაძე, გელაშვილი)
ეს არის ჩვენი რესურსი. ქეცბა რომ წავიდეს დღესდღეობით 35 ფეხბურთელი + მაქსიმუმ 5 ფეხბურთელი. მწვრთნელად ვინც არ უნდა მოვიდეს, ამ მოთამაშეებით მაღალი შედეგი როგორ უნდა მოსთხოვოთ?
მაურინიოს პროფესიონალები ჰყავდა და ჰყავს.
ჩვენი ფეხბურთელები თამაშობენ არა ფეხბურთის სიყვარულით, არამედ ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაშიც სამარცხვინო არაფერია: ბევრი არაა ახალგაზრდა, რომელმაც სიღარიბეს თავი პატიოსანი შრომით დააღწია, მაგრამ პროფესიონალური მენტალობა მათ არ გააჩნიათ.
ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენს საფეხბურთო სკოლებს არ შეუძლიათ საშუალო ნიჭის, მაგრამ მონდომებული ბავშვების კარგ პროფესიონალებად ჩამოყალიბება, ამიტომ ვართ დამოკიდებული ნიჭიერ თაობებზე. სანამ ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელების პროფესიონალიზმს არ ვუშველით, ამ მოცემულობიდან უნდა ამოვდიოდეთ“.