ზელენსკი: „როცა უკრაინის ერთ ჭურვზე რუსეთის 10 ჭურვი მოდის, ერთ თვითმფრინავზე კი - 30, გამარჯვების შანსები არ არსებობს“

ზელენსკი: „როცა უკრაინის ერთ ჭურვზე რუსეთის 10 ჭურვი მოდის, ერთ თვითმფრინავზე კი - 30, გამარჯვების შანსები არ არსებობს“

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე ღიად ალაპარაკდა იმაზე, რომ თუკი მოკავშირეები უკრაინას დროზე არ დაეხმარებიან, მაშინ სიტუაცია ფორნტის ხაზზე სავალალო იქნება და ასე ომს ვერ მოიგებენ. მისი თქმით, როცა უკრაინის ერთ ჭურვზე რუსეთის 10 ჭურვი მოდის, ერთ თვითმფრინავზე კი - 30, გამარჯვების შანსები არ არსებობს.

PBS-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი რაოდენობის შეიარაღება, რათა წარმატებით აღუდგეს წინ რუსეთის შემოჭრას - ასეთ პირობებში კი ოკუპანტები ყოველდღიურად უკრაინულ ჯარს უკან დახევენ.

„გულწრფელად გეუბნებით, მოკავშირეების, კერძოდ, აშშ-ის დახმარების გარეშე გამარჯვების შანსები არ გვექნება. ჩვენ მტერზე გაცილებით ძლიერები უნდა ვიყოთ. დღეს ჩვენს ერთ საარტილერიო ჭურვზე მტრის 10 ჭურვი მოდის. შეგვიძლია, ასეთ პირობებში ვიდგეთ? - არა. თვითმფრინავების შეფარდება ერთი 30-თანაა. როგორ უნდა ვიომოთ? ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე განსაკუთრებულს და არც 300-500 თვითმფრინავს. სხვათა შორის, რუსეთი 300 თვითმფრინავს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე იყენებს! ამ სტატისტიკით ისინი ყოველდღე ჩვენ უკან დაგვხევენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, იმისათვის, რომ უკრაინამ დაიცვას ის ტერიტორიები, რომლებსაც ახლა აკონტროლებს, საჭიროა, რომ 10 რუსული ჭურვის პირისპირ უკრაინას ასევე 10 ჭურვი ჰქონდეს.

როგორც ცნობილია, ამერიკიდან შეფეხებული დახმარების ფონზე, ევროპა უკრაინისთვის დახმარების ალტერნატიულ გზებს ეძებს. ამაში კი ჩეხეთია აქტიურად ჩართული. ცნობილია, რომ ჩეხეთმა 800 ათასამდე საარტილერიო ჭურვი შეიძინა მთელ მსოფლიოში სხვადასხვა მიმწოდებლისგან და აღმოაჩინა კიდევ 700 ათასი, რომელთა დამატებით შეძენაც შეიძლება. საქმე ეხება 300 ათას საბჭოთა მოდელს და დასავლური წარმოების 500 ათას ჭურვს. ამის შესახებ Wall Street Journal-ი იტყობინება.

WSJ-ის ჟურნალისტების თანახმად, ჩეხეთი, რომელიც ჭურვებს უკრაინისთვის გადასაცემად აგროვებს, მათ რუსეთის მოკავშირეებისგან იძენს. პრაღა არ ასაჯაროებს, საიდან მოიპოვებს ჭურვებს.

ამჟამად უკვე გადახდილია პირველი ტრანში 300 ათასი ჭურვისთვის. გამოცემის თანახმად, ყველაზე დიდი ფინანსური წილი გაიღო გერმანიამ.

ჩეხეთის მეზობელი ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნები, სლოვაკეთი და უნგრეთი, არ უერთდებიან ჩეხეთის პრეზიდენტის ინიციატივას და არ აპირებენ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას.

ანალიტიკოსები კი ამბობენ, რომ ეს ვერ ჩაანაცვლებს ამერიკულ დახმარებას, რადგან ყველაზე მეტად რაც ახლა უკრაინას უჭირს, საჰაერო თავდაცვაა.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა: „აშშ არ ჩაერევა უკრაინაში მიმდინარე ომში და არ ჩამოაგდებს საჰაერო სამიზნეებს, როგორც ამას ისრაელში აკეთებს“.

კითხვაზე, მზად არის თუ არა აშშ, ჩამოაგდოს ირანული დრონები, რომლებსაც რუსეთი იყენებს, კირბიმ განაცხადა: „საუბარია განსხვავებულ კონფლიქტებზე, განსხვავებულ საჰაერო სივრცეებზე, საფრთხეების განსხვავებულ სურათებზე“.

მისივე განცხადებით, ჯო ბაიდენმა თავიდანვე ნათლად დააფიქსირა, რომ აშშ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ აპირებს.

სამხედრო ანალიტკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ დაგვიანებული დახმარების ფონზე უკრაინის პრეზიდენტი იძულებულია ღიად ისაუბროს იმ რისკებზე, რომელიც შესაძლოა ფრონტის ხაზზე გაჩნდეს. მაისაია for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ევროპიდან დაწყებული საუბარი შეიარაღების დახმარების შესახებ ჯერ მხოლოდ ცარიელი ლაპარაკია და დროული დახმარება არსაიდან ჩანს.

„სიტუაცია რთულია და ზელენსკი იძულებულია ამაზე უკვე ღიად, ინტერვიუებში ისაუბროს. ის აღარ მალავს, რომ ამერიკიდან დაგვიანებული და გაჭიანურებული დახმარება ქვეყანას დიდ პრობლემებს უქმნის. კრემლი ამ ფონზე კი ცდილობს მოსახლეობის კიდევ უფრო დათგრუნვას და ომით გადაღლას. ოკუპანტები სპეციალურად ბომბავენ დასახლებულ პუნქტებს და ქალაქებს, რათა ხალხის აღელვება და შიდა დაპირისპირება გამოიწვიონ. მათ უნდათ, რომ ზელენსკის მოსახლეობა აუჯანყდეს და შიდა დაპირისპირება დაიწყოს.

გასაგებია, რომ ევროპაში მიხვდნენ მხოლოდ ამერიკის დახმარების იმედად უკრაინის დატოვება კატასტორფა იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე მხოლოდ საუბარი მიდის და რეალური ნაბიჯები არაფერია გადადგმული. ძალიან რთულია, ამერიკის დახმარების ჩანაცვლება. რომც მოიძიონ ეს შეიარაღება და იყიდონ, იმას მაინც ვერ ჩაანაცვლებენ, რაც „ლენდლიზი 2“-ია. სწორედ ამ დახმარებით მოხდა მეორე მსოფლიო ომის გარდატეხა. საბჭოთა კავშირს და ევროპას ეს დახარება რომ არ ჰქონოდათ, ჰიტლერს ვერ დაამარცხებდნენ. განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის მხრივ, ამერიკა ყველაზე მნიშვნელოვანი მომწოდებელია და ეს განსაკუთრებით სჭირდება უკრაინას, როცა რუსეთი ყოველდღიურ რეჟიმში ქალაქებს და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს“,-ამბობს მაისაია.

სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ დაინახა, რომ კულუარებში დახმარების თხოვნა ნაკლებ შედეგს იძლევა, მან ამაზე საუბარი უკვე ღიად დაიწყო. ალადაშვილი ამბობს, რომ ფაქტია, უკვე დახმარების მიწოდების შეფერხება იმდენად პრობლემა გახდა, რომ საქმე კრიტიკულ მდგომრეობამდეა მისული.

„ამერიკის წარმომადგენლობითი პალატა უმეტს წილად პროტრამპისტ რესპუბლიკელებით არის დაკომპლექტებული და ამ დახმარებას უკვე მე-7 თვეა აჯანჯლებენ. უკრაინისთვის 60-ი მილიარდი დოლარის დახმარებაზე ბაიდენის ადმინისტრაციას მათი თანხმობა სჭირდება, რისი იმედიც უკვე გადაწურულია. რაც შეეხება ევროპას და მათ ლიდერებს, აქაც მხოლოდ საუბარია. რა დახმარებასაც იღებს უკრაინა, ეს არის მიზერული და ამხელა ფრონტის ხაზზე წყალში წვეთია. როცა მათ მოწინააღმდეგე მხარეს, როგორც ზელენსკი ამბობს, ბევრად მეტი შეიარაღება და რესურსი აქვს. ყველა მიმართულებით დახმარება მეტია საჭირო, რადგან რუსეთის მხრიდან კონტრშეტევის შესაძლებლობა იზრდება. ამიტომ უკრაინა უფრო მძიმე შედეგის წინაშე შესაძლოა დადგეს. რუსეთს კონტრშეტევის რესურსი აქვს, რადგან მთლიანი მრეწველობა სამხედრო ლიანდაგებზე გადაიყვანა.

როგორც აღმოჩნდა, მათ უფრო მეტი რესურსი აღმოჩანდათ, ვიდრე ევროპას და ამერიკას ერთად აღებულს. ყოველ შემთხვევაში, ეს სამწუხარო რეალობაა. რა თქმა უნდა, რუსები არ წყვეტენ და არ შეუწყვეტიათ შეტევები. ახლა ჩანს იმის მზადება, რომ ისინი უახლოეს მომავალში უფრო სერიოზულ შეტევაზე გადავლენ. ამიტომ ზელენსკი, ალბათ, კიდევ უფრო ღია საუბრებს დაიწყებს იმაზე, თუ რა პორბლემების წინაშე დგას ქვეყანა“,-ამბობს ალადაშვილი.

Maverick როცა რუსეთთან დაპირისპირება განიზრახეს, ზელენსკის და მის ხროვას თავის დროზე უნდა ეზრუნათ უკრაინის სამხედრო მრეწველობის რელსებზე გადაყვანაზეა და არა საკუთარი ჯიბეების გასქელებაზე!!!
7 თვის უკან
არაგველი641 Maverick მართალი ხართ, მარა ზელენსკიმ იმაზეც კი ვერ იფიქრა რა შარში გააყოფინეს თავი, არათუ სამხედრო მრეწველობაზე ფიქრი.
6 თვის უკან