[ეკა ბაქრაძე]
მსოფლიოში მშიერი ბუნტები იქნება, საქართველოში კი - უსაშველოდ ძვირი სურსათი. პირნციპში, ძვირ პროდუქციას მოსახლეობა მაინც ვერ იყიდის და ამიტომაც სოციალური ბუნტი აქაც მოსალოდნელია. გადარჩენის ერთადერთი გზა სოფლის მეურნეობის უსწრაფესი აღორძინებაა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემებით, 2011 წლის იანვარში, 2010 წლის იანვართან შედარებით, ინფლაციის დონემ 12.3% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასი ერთი წლის განმავლობაში 25.2%-ით გაიზარდა და ჯგუფის წვლილმა ეროვნულ ინდექსში 10.2% შეადგინა.
აღნიშნული მაჩვენებელი, ძირითადად, განაპირობა ფასების მატებამ ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (50.8%-ით) ხილსა და ყურძენზე (38.3%-ით), ზეთსა და ცხიმზე (35.5%-ით), პურსა და პურპროდუქტების ჯგუფზე (20%-ით), შაქარსა და საკონდიტრო ნაწარმზე (16.6%-ით). 12 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის ფასი 20.5% გაიზარდა, ხოლო ბენზინის ფასი - 13.7%-ით. შარშან დასუფთავების გადასახადი 66.7%-ით, ხოლო წყლის გადასახადი 9.6%-ით გაიზარდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფლაციის გამომწვევ მიზეზებად მხოლოდ საგარეო ფაქტორებს ასახელებს.
„ინფლაციის მთავარ მიზეზად გვევლინება სურსათზე მაღალი ფასები, რაც პირველ რიგში გამოწვეულია გარე ფაქტორებით. კერძოდ, მაღალი საერთაშორისო ფასებით. მსოფლიოში არასდროს ყოფილა სურსათზე ასეთი მაღალი ფასი, რაც 2010 წლის განმავლობაში მომხდარი ბუნებრივი სტიქიების და მთელი რიგი ქვეყნების მიერ სასურსათო პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვითაა გამოწვეული.
ეს ყველაფერი განსაკუთრებით მოქმედებს ისეთ პატარა განვითარებად ეკონომიკებზე როგორიც საქართველოა, სადაც მოსახლეობის მოხმარებაში სურსათს დიდი ხვედრითი წილი უჭირავს. მთელი ჩვენი სამომხმარებლო კალათის 40%-ზე მეტი სასურსათო საქონელზე მოდის“, - აცხადებენ „საქსტატში“.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, სასურსათო საქონლის ინდექსი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მსოფლიო მასშტაბითაც. ევროკავშირის ქვეყნებში 2011 წლის იანვარში ინფლაციის მაჩვენებლის ბოლო 2 წლის ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა. ამასთან, ნიუ იორკის ბირჟაზე შაქრის ფასმა ბოლო 30 წლის მაქსიმუმს მიაღწია.
გაეროს ანგარიშის მიხედვით, 2011 წლის იანვარში მსოფლიოში სურსათზე ფასები რეკორდულად, 3,4 პროცენტით გაიზარდა. ეს კი ყველაზე მეტად იმპორტზე ორიენტირებულ განვითარებად ქვეყნებს დააზარალებს.
მსოფლიოში სურსათზე ფასების ზრდას, შესაძლოა, „მშიერი ბუნტებიც“ მოჰყვეს. ასეთი განცხადება საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა გაეროს სასურსათო და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ გაეროს ორგანიზაციის პროგნოზით, საკვები პროდუქტების ფასები მაღალი იქნება რამდენიმე თვის განმავლობაში. ყველაზე მეტად კი ამით ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია და რუსეთი დაზარალდებიან.
ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, სწორედ კვების პროდუქტების გაძვირებაა ეგვიპტეში მიმდინარე და ტუნისში მომხდარი არეულობების მიზეზი. 2007-08 წლებში სასურსათო ინფლაციამ მშიერი ბუნტები 61 ქვეყანაში გამოიწვია.
ეკონომიკის ექსპერტის ლევან კალანდაძის შეფასებით, მსოფლიოში სურსათის ფასების რეკორდულად ზრდა, საქართველოზე ნეგატიურად აისახება, რადგან ქვეყანა პირველადი მოხმარების პროდუქტებსაც კი ვერ აწარმოებს და მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული.
„სურსათზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა შეიზღუდება, რადგან ფასები ძალიან იზრდება. საქართველოში სურსათი არ გაქრება, თუმცა ფასები ძალიან მაღალი იქნება. მთელ მსოფლიოში არსებული სასურსათო დეფიციტი საქართველოზე ძალიან ნეგატიურად აისახება, რადგან საქართველო პირველადი მოხმარების პროდუქტებს თვითონ არ აწარმოებს, ჩვენ ვართ იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანა და შესაბამისად, მსოფლიოში ფასების რეგულირების პროცესზე საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები გავლენას ვერ მოახდენს.
რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ეს თემა სოციალური თვალსაზრისით ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იქნება, სურსათზე მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით“, - განუცხადა „მედიანიუსს“ კალანდაძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე მთავარი ის არის თუ როგორ ანტიკრიზისულ პროექტს შეიმუშავებს საქართველოს ხელისუფლება.
„ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს გარკვეული ანტიკრიზისული პროგრამა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ფისკალური ეფექტები. მონეტარული მექანიზმების გამოყენებით, ფასების ზრდის პროცესი საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ნაკლებად მტკივნეული უნდა იყოს. მთავრი დღეს სწორედ ეს არის - რამდენად მოქნილ ანტიკრიზისულ პოლიტიკას შეიმუშავებს საქართველოს ხელისუფლება“, - აღნიშნა ექსპერტმა და დასძინა, მომავალში მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინება ქვეყნისთვის უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვროს.
„სოფლის მეურნეობის აღორძინება უნდა იყოს ის უმთავრესი პრიორიტეტი და ვექტორი, რომელზეც სამომავლოდ სასურსათო დეფიციტის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოებრივი კონცეფცია უნდა დაფუძნდეს“, - აღნიშნა ექსპერტმა, რომელიც ვერ აკონარეტებს თუ რა ვადებში მოხდება სოფლის მეურნეობის აღორძინება.
„ამას ვერავინ იტყვის. გააჩნია, რამდენად მოქნილი და სიტუაციაზე მორგებული იქნება ანტიკრიზისული პროგრამა“, - დასძინა კალანდაძემ.