ვიდრე უშიშროების არქივებს არ გახსნის, საქართველო ყოველთვის იქნება რუსული სპეცსამსახურების შანტაჟის მსხვერპლი. დღეს ეს არქივები “ცხრათავიან დევს” აქვს ჩაგდებული და მისი ჩანაწერების გაცნობა სულ ორ-სამ ადამიანს შეუძლია. ცნობილია, რომ რუსული სპეცსამსახურები ადამიანთა გადასაბირებლად დღესაც აქტიურად იყენებენ საჭოთა საარქივო ჩანაწერებს. ასეთი ბოლო შემთხვევა კი ლიტვაში მოხდა. იმისთვის, რომ საზოგადოება იმ ინფორმაციის გასაგებად შეამზადოს, რომელსაც არქივის ძველი ფოლიანტები ინახავენ, ლუსტრაციის კანონი კი, რომელიც სასწრაფოდ მისაღებია, “კუდიანებზე ნადირობას” არ დაემსგავსოს, უშიშროების საკითხების ექსპერტმა ბესო ალადაშვილმა პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია - “სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი - საქართველოს ცენტრი” დააფუძნა... “ქართულ სიტყვას” ცენტრის ხელმძღვანელი ბესო ალადაშვილი ესაუბრა:
- უშიშროების საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლების წვალებას რომ ვუყურე, ავდექი და სპეცსამსახურების საქმიანობაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოვაყალიბე. მინდა, ის ხალხი შემოვიკრიბო, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში სპეცსამსახურების რეფორმა დაგვიანებულია, ქვეყანა უცხოური აგენტურის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზად არაა და ლუსტრაცია აუცილებელია, თუმცა მანამდე უშიშროების არქივების მდგომარეობა უნდა გავიგოთ. ამ არქივებში გაერთიანებულია როგორც სუკ-ის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცეკა-ს არქივები.
- არქივების მდგომარეობის გაგება რას ნიშნავს?
- ეს არქივები კონკრეტული ადამიანების ხელშია, რომლებიც დაცულ მასალას ექსკლუზიურად ეცნობიან.
- რამდენადაც ვიცი, არქივს ისევ წინა ხელისუფლების კადრი ხელმძღვანელობს. როგორ ფიქრობთ, მას თანამდებობას სწორედ იმიტომ ხომ არ უნარჩუნებენ, რომ ვიღაცას არქივიდან ინფორმაციის გასვლა არ აწყობს?
- არ ვიცი, ვის რა აწყობს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ არქივებზე ადრე ხელი სულ ორ-სამ ადამიანს მიუწვდებოდა და დღესაც ასეა. რამდენჯერმე გავაგზავნე ოფიციალური მოთხოვნა, რომ არქივზე სამუშაოდ დავეშვი, მაგრამ მომწერეს, რომ დროის იმ მონაკვეთის არქივები, რომელთა ნახვაც მაინტერესებდა, განადგურებულია, მაგრამ განადგურებული არაფერია. ვერ გეტყვით, რა მიზნით, მაგრამ ვიღაც მალავს. ეს რომ ეროვნული ინტერესების გამო არ ხდება, გასაგებია.
- არქივების გახსნის როგორი პრაქტიკა არსებობს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბატონო ბესო?
- ეს არქივები ყველგან საზოგადოებრივ ინსტიტუტებს გადაეცა და არა - სახელმწიფო სტრუქტურებს. მაგალითად, ლიტვაში შეიქმნა საზოგადოებრივი ინსტიტუტი, რომელსაც საბჭოთადროინდელი არქივები გადაეცა და მისი განსაიდუმლოება მოხდა. ამ ინსტიტუტმა, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, არქივი დაასკანერა და ინტერნეტში განათავსა. ასევე, ინტერნეტში განთავსებული აგენტურის შესახებ ინფორმაცია, თუ როგორ ხდებოდა ემიგრაციაში აგენტურის მომზადება, ტურისტების მეთვალყურეობა, გადმობირება. ჩვენც სწორედ ეს გვინდა. სხვათა შორის, საზოგადოება უნდა შევამზადოთ, რომ ის, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობამდე ხდებოდა, საბჭოთა კავშირის კანონებით რეგულირდებოდა და იმ ადამიანების იურიდიული პასუხისმგებლობის დაყენების უფლება, ვინც მაშინ სუკ-თან თანამშრომლობდა, არ გვაქვს. მორალური პასუხისმგებლობა კი სხვა თემაა. მოკლედ, უნდა ვიცოდეთ, ვინ რას საქმიანობდა. ჩვენი ძალიან ბევრი ცნობადი სახე და მეცნიერი სპეციალური დავალებით იგზავნებოდა ემიგრაციაში. ამ სახადისგან აუცილებლად უნდა გავთავისუფლდეთ და ვიდრე ამას არ გავაკეთებთ, დროთა კავშირი იარსებებს.
ეს არქივი მხოლოდ დამტვერილი ფოლიანტები არაა, მის უკან ადამიანები დგანან, რომელთა უმეტესობა ცოცხალი აღარაა, მაგრამ არიან მათი შთამომავლები, რომლებიც მძიმე ტვირთს ატარებენ. ეს კი შეიძლება, მტერმა შანტაჟისთვის გამოიყენოს. რუსეთის სპეცსამსახურები დღესაც სუკ-ის აგენტების შთამომავლებს ამ არქივებით აშანტაჟებენ!
- მაინც, ვის ინტერესებშია ქართული არქივების ასეთი გასაიდუმლოება?
- 2004 წლის თებერვალში, როდესაც ზურაბ ადეიშვილი უშიშროების მინისტრად დაინიშნა, მეც უშიშროების სამინისტროში ვმუშაობდი და მის წარდგენას ვესწრებოდი. მახსოვს, სააკაშვილმა ძალიან საინტერესო დავალება მისცა ახალ მინისტრს, გაეხსნა ის არქივები, რომლებსაც იმჟამად ოპერატიული მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ ეს არ მოხდა. გამოდის, რომ ქართული საზოგადოება ისევ სუკ-ის მძევალია!
- და ეს რუსული სპეცსამსახურების ინტერესებს უკავშირდება?
- თუ კონკრეტული მტკიცებულებები არ მექნება, ამის თქმა სერიოზული და თამამი განცხადება იქნება, თუმცა გასათვალისწინებელია, როგორ მოქმედებენ სხვა ქვეყნებში რუსული სპეცსამსახურები ამ ქვეყნების მიერვე გაჟღერებული ინფორმაციით. მაგალითად, ოქტომბრის ბოლოს ლიტვის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები და პრეზიდენტის ადმინისტრაცია იწყებს დეზინფორმაციულ ომს ლიტვის პრეზიდენტის, დალია ბრაზაუსკაიდეს წინააღმდეგ.
- რის საფუძველზე, ბატონო ბესო?
- თითქოს რუსეთის სპეცსამსახურების არქივებში მოიძებნა დოკუმენტი, სადაც პრეზიდენტისა და სხვა თანამდებობის პირების შესახებ კომპრომატებზეა საუბარი. ასე რომ, არქივებს ჩვენი მოწინააღმდეგე ყოველთვის გამოიყენებს. ჩვენს ქვეყანას კი უნდა ჰყავდეს შესაბამისი სამსახურები, რომელიც ამას წინააღმდეგობას გაუწევს.
- ასეთი სამსახური ხომ გვყავს?
- გვყავს, მაგრამ არ ვიცით, რას აკეთებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი.
- როგორ იყენებენ რუსული სპეცსამსახურები ამ არქივებს საქართველოში, ანუ როგორ ხდება ხალხის “დავერბოვკება”?
- ისინი ყველგან ერთი მეთოდით მუშაობენ და ამის შესახებ დოკუმენტური ინფორმაცია მაქვს. თავის დროზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისათვის განსაკუთრებით პრობლემური იყო საზღვარგარეთის ეპარქია, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს არ ექვემდებარებოდა, რადგან სამღვდელოება ნაწილი ემიგრაციაში წავიდა და იქ ცალკე ეპარქიები დააარსა... შექმნეს სერიოზული აგენტურული ქსელი. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, რუსეთის სპეცსამსახურები ძალიან აქტიურად მუშაობენ ამ საარქივო დოკუმენტებით. გარკვეული აქვთ, ვინ თანამშრომლობდა “კა-გე-ბე”-სთან. მათ შთამომავლებს კი, ვინც დღეს ემიგრაციაშია და მაღალ თანამდებობაზე მუშაობს, ამით აშანტაჟებენ!
- ანუ, სპეცსამსახურების აგენტობა მემკვიდრეობითია?
- მუდამ მემკვიდრეობითი იქნება, თუ შიშის ზღვარს არ გადავლახავთ. ბალტიისპირეთში ლუსტრაცია 1994 წელს მოხდა. ადამიანებს მისცეს გარკვეული დრო, თვითონ განეცხადებინათ, რომ სუკ-თან თანამშრომლობდნენ. რაც შეეხება ლიტვური წარმოშობის ოფიცრებს, რომლებიც ღიად მუშაობდნენ ორგანოებში, მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, პოლიტიკური უფლებები შეეზღუდათ.
- გამოდის, რომ გამოსავალი მხოლოდ ლუსტრაციის კანონია...
- დიახ, მაგრამ ლუსტრაციის პროცესი არ უნდა დაემსგავსოს “კუდიანებზე ნადირობას”, როგორც ეს თავის დროზე თორთლაძის ინიციატივით მიღებული კანონის შემთხვევაში მოხდა. გახსოვთ, ალბათ, რა ამბავი ატეხეს საბჭოთა სიმბოლოების წინააღმდეგ. იმ ადამიანებს კი, ვინც პარტიულ, ან კომკავშირულ ორგანიზაციებში მუშაობდნენ, უფლებები შეეზღუდათ. ნებისმიერი ხელისუფალი, თუკი მოინდომებს, ლუსტრაციის პროცესის დაწყებას აუცილებლად შეძლებს. თუ ვინმე სხვა ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობს, ეს ლუსტრაცია აღარაა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ამიტომ უნდა გამოიკვლიონ და დამნაშავე დააკავონ.
- რატომ უფრთხის საქართველოს ყველა ხელისუფალი ლუსტრაციის პროცესის დაწყებას?
- ამის სურვილი მიშას ჰქონდა, მაგრამ მალე დაივიწყა. პირდაპირ კანონის მიღება არასერიოზულად მეჩვენება და დარწმუნებული ვარ, ეს საზოგადოების დაპირისპირებას გამოიწვევს. ჯერ არქივია მთავარი, რომელიც ჩვენს სინამდვილეში ცხრათავიანი დევის სიმბოლო გახდა.
- ახალი ხელისუფლება გვყავს და თქვენს წამოწყებას იქნებ, მხარი აუბას...
- კანონით, პრეზიდენტს განსაკუთრებული უფლება აქვს, არ მოხსნას რომელიმე დოკუმენტს საიდუმლო გრიფი და ძველებურად დატოვოს. სწორედ ამიტომ შევქმენით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ ამ თემაზე ღია დისკუსია დავიწყოთ.