„უკრაინამ ვერ შეძლო წინააღმდეგობა გაეწია ეკონომიკური ზეწოლისა და შანტაჟისთვის. ქვეყანას ემუქრებოდნენ რუსეთში პროდუქციის იმპორტის შეზღუდვით, განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინის კომპანიებს, სადაც კონცენტრირებულია წარმოების ძირითადი ნაწილი, რომელშიც ასობით ადამიანია დასაქმებული. ქვეყანაში ჩათვალეს, რომ უკრაინას მილიარდობით ზარალი მიადგებოდა“, - ეს მიზეზები დაასახელა უკრაინს პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ლიტვის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი ვანო მაჭავარიანი თვლის, რომ უკრაინის უარი ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, სერიოზულ გეოპოლიტიკურ პროცესებზე მიუთითებს.
„რუსეთს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი კონკრეტული დამოკიდებულება ევროკავშირის ამ პროცესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, უკრაინას თავისი სუვერენული გადაწყვეტილება აქვს, მაგრამ საქართველოს ნება ევროპასთან დაახლოებაა. რასაკვირველია, ძალიან ბევრი გამოწვევა და გამოცდა იქნება წინ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი ეროვნული კონსესუსის თემა იყოს“, - აცხადებს მაჭავარიანი.
მაჭავარიანის შეფასებით, შესაძლოა, ეს ფაქტი საქართველოსთან მიმართებაში პოზიტიურიც აღმოჩნდეს გარკვეული თვალსაზრისით - უკრაინის მაგალითმა ევროპას აჩვენოს, რომ საქართველოსთან დაახლოება უფრო მნიშვნელოვანია და პროცესები უფრო სწრაფად წარიმართოს.
საინტერესოა ვითარება თავად უკრაინაში, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება ღიად საუბრობს რუსეთის ზეწოლაზე, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომლის გათავისუფლებაც ევროპის მხრიდან უკრაინისთვის ხელშეკრულების ხელმოწერის საპირწონე პირობა იყო, განცხადებას ავრცელებს - უკრაინის ევროპული მომავალის შანსებს დაკარგულად არ მიიჩნევს და თანამოქალაქეებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
„თუ ხელისუფლებაზე ზეწოლა ძლიერი იქნება, მაშინ იანუკოვიჩი შეძლებს იმ პირობების შესრულებას, რომელიც ბრიუსელმა წაუყენა“, - ნათქვამია იულია ტიმოშენკოს ქალიშვილის განცხადებაში.
რაც შეეხება ევროპას, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, კეტრინ ეშტონმა აცხადებს, რომ ევროკავშირი იმედგაცრუებულია უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მომზადების პროცესი.
თუმცა კეტრინ ეშტონი იმედოვნებს, რომ ყველაფერი წინაა და სამომავლოდ უკრაინა საკუთარ გადაწყვეტილებას შეცვლის.
შეგახსენებთ, 21 ნოემბერს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესი შეაჩერა. ოფიციალურ მიზეზად რუსეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება დასახელდა.
საინტერესოა, ეს იყო მართლაც უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილება, იძულება რუსეთის მხრიდან თუ არჩევნებზე პრორუსული იანუკოვიჩის გამარჯვებამ მაშინვე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკრაინის პროდასავლური ორიენტაცია.
ექსპერტი კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ იანუკოვიჩი მოვიდა ხელისუფლებაში საპროტერსტო ტალღის ფონზე.
„მოხდა ისე, რომ უკრაინაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პროევროპული ძალები, პრეზიდენტ იუშჩენკოსა და პრემიერ-მინისტრ ტიმოშენკოს მომხრეები. შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალური ძალებიც, პროევროპულებიც კი, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რამაც მოსახლეობის გაღიზიანება და აპათია გამოიწვია. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ამომრჩეველი არ მივიდა არჩევნებზე, მაშინ, როდესაც პრორუსულმა ძალებმა იანუკოვიჩის მოწოდებითა და სხვადასხვა ძალების მცდელობით პრაქტიკულად, გააკეთეს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოება არ გამოიღვიძებს უკრაინაში და დათმობს საბოლოო ჯამში ევროპულ არჩევანს. ამ ეტაპზე რომ არ მოხდეს ხელმოწერა, უკრაინა ადრე თუ გვიან მაინც დაუბრუნდება ამას და შესაძლოა, იმაზე ადრეც, ვიდრე გვგონია“,- აცხადებს გოგოლაშვილი.
ამ ეტაპზე რთულია განისაზღვროს, რეალურად რა გახდა უკრაინის თავშეკავების მიზეზი, რამდენად სერიოზული მასშტაბები გააჩნდა მოსალოდნელს კრიზისს, ან უკრაინამ დროზე ადრე დაყარა თუ არა ფარ-ხმალი და რუსეთთან პოზიციების დათმობა ამჯობინა. კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ ხელმოწერის გადავადება ტრაგედია არ არის და ამ თემასთან დაბრუნება ძალიან მალე შესაძლებელი იქნება.
„გასაგებია რომ რუსეთის ზეწოლა იყო ძალიან დიდი - ამაზე არაერთხელ ევროპელებიც აცხადებდნენ და უკრაინელებიც. მაგრამ უკრაინას არ გაუკეთებია ის, რაც სომხეთმა გააკეთა - პირდაპირ განაცხდა, რომ საბაჟო კავშირში შედიოდა და ევროკავშირთან მოაპარაკებებს წყვეტდა. უკრაინის შემთხვევაში საკითხი დგას ასე, რომ უკრაინამ დროებით შეაჩერა ხელმოწერა“,- აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
მისივე შეფასებით, საქართველოზე ეს არ იმოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ზეწოლა გაძლიერდება და რუსეთი იფიქრებს, რომ თუ უკრაინა შეაჩერა, საქართველოს შეჩერება უფრო მარტივია.
„შეეცდებიან ჩვენზე ზეწოლა გააძლერონ, მაგრამ სამაგიეროდ, ევროკავშირის ყურადღებაც გაიზრდება - ევროკავშირი რუსეთთან დაპირისპირების „ფრონტს“ საქართველოს მონაკვეთში მაინც გაამაგრებს. მისთვის საქართველოს დაკარგვა ძალიან დიდი დარტყმა იქნება ევროპული ინტეგრაციის ხაზით. თუ ის შეინარჩუნებს საქართველოს და უფრო მეტად დაეხმარება - წარმოაჩენს მას, როგორც მისი მხარდაჭერის შედეგს, ეს დაეხმარება შემდგომში უკრაინასთან მიმართებაშიც“, - თვლის კახა გოგოლაშვილი.
ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით იყო მოლოდინი, რომ უკრაინა გადაავადებდა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას. მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში ეს ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში არანაირად არ აისახება.
„შესაძლოა, გარკვეულწილად უკეთესიც კი იყოს ამ შემთხვევაში ის, რომ უკრაინამ უკან დაიხია. რადგან ველოდები, რომ რელური ზეწოლა რუსეთის და არა მარტო მისი მხრიდან, დაიწყება მას შემდეგ, რაც პარაფირების შემდეგ დღის წესრიგში დადგება ხელშეკულებაზე ხელმოწერა“,- აცხადებს ძაბირაძე.
მისივე შეფასებით, ძალზე საინტერესო ფაქტია, თუ რუსეთმა მართლაც მოახდინა ზეწოლა და კიევი ამას აღიარებს.
„მართალია ეს არ შეცვლის იმას, რომ რუსეთი ყველა შემთხვევაში შეეცდება საქართველოზე ზეწოლას, მაგრამ თუ გავუძლებთ, დღესვე დავიწყებთ მზადებას რომ ხელმოწერის მომენტისთვის რუსეთის მხრიდან განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული, მაშინ, ალბათ, შევძლებთ, რომ ეს ზეწოლაც გადავიტანოთ. თუ გავაგრძელებთ ისეთივე პოლიტიკას, რომ მაინც არაფერი გამოვა, ეს მძიმე შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისთვის.
ამ შემთხვევაში დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ პარაფირება მოხდება ვილნიუსის სამიტზე, ხოლო შემდეგ დაიწყება მძიმე და რთული პროცესი. საქართველომ პარაფირების დღიდანვე უნდა დაიწყოს ყველა იმ რისკის გათვლა, რაც რუსეთს უკავშირდება“,- მიჩნევს ძაბირაძე.
ექსპერტები თვლიან, რომ მოვლენათა მთელ ამ სცენარში განსაკუთრებით საინტერესოა ევროკავშირის პოზიცია - რატომ შეაგდო მთელი ქვეყნის მომავალი და ერთი ადამიანის თავისუფლება ერთ სასწორზე. ვახტანგ ძაბირაძის მოსაზრებით, სწორედ ეს პოზიცია აჩენს კითხვებს, ხომ არ ემთხვევა ერთმანეთს რუსეთისა და მთელი ევროკავშირის თუ არა, ევროკავშირში შემავალი რამდენიმე სახელმწიფოს ინტერესები ერთმანეთს.
ძალიან საინტერსოა საკითხი, რომელიც თავად დასვა ევროპამ ტიმოშენკოსთან მიმართებაში - ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეტ დაფიქრებასა და ანალიზს მოითხოვს და არ ღირს ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა.
„მესმის ადამიანის უფლებები და ისიც, რომ ტიმოშენკო ოპოზიციონერია. გასაგებია, რომ ის არის ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის ლიდერი - თავად ტიმოშენკოს პოზიციაა საინტერესო - ვფიქრობ, მას შეეძლო, ევროპისთვის მიემართა და ეთხოვა, რომ მოეხსნა ეს საკითხი დღის წესრიგიდან რათა უკრაინას წინააღმდეგობა არ შექმნოდა ამ ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით“,- აღნიშნავს ძაბირაძე.
იულია ტიმიშენკომ ამ ფაქტზე მართლაც მოახდინა რეაგირება, თუმცა, მან არა ევროპას, არამედ უკრაინელ ხალხს მიმართა და მოუწოდა, რომ ბრძოლა არ შეწყვიტონ. რამდენად ადეკვატური რეაქციაა, როდესაც ქვეყნის ბედზეა, საუბარი ძნელი სათქმელია.
ვახტანგ ძაბირაძე: „თუ ტიმოშენკო ევროკავშირს აუხსნიდა, რომ მისი თავისუფლება არ არის ქვეყნის მომავლის ფასი, ასეთ შემთხვევაში, გაჩნდებოდა თავად ევროპის პოზიციის უკეთ დაფიქსირების საშუალება.
გამოჩნდებოდა ევროკავშირი ტიმოშენკოსთვის იბრძვის თუ იმისთვის, რომ რუსეთის კაპრიზები უკრაინასთან მიმართებაში დააკმაყოფილოს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი მგონია. მესმის ადამიანის უფლებები, მაგრამ ეს უფლებები ჩვენთან რომ ირღვეოდა ორიოდე წლის წინ, უკრაინაში მსგავსი რამ არ მომხდარა, იმის მიუხედავად, რომ ამ მხრივ იქაც მძიმე მდგომარეობაა. მაშინ რა პრობლემაა?! ამას იმიტომ ვამბობ, რომ რუსეთი მუშაობს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ევროპაზეც. ამიტომ, აქ შესაძლებელია იყოს დახურული ორმაგი თამაში. არ გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ ევროპასაც სჭირდება რუსეთი“.
განმეორდება თუ არა მსგავსი თამაში საქრთველოსა და მოლდოვის მიმართაც, ამ ეტაპზე ნაადრევია პროგნოზირება, თუმცა ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ რა პრობლემებიც ტრიალებს, ეს საქართველოსაც უკავშირდება და როდესაც რისკებზეა საუბარი, ამ რისკებში რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებიც მოიაზრება.
საინტერესოა, რას მოიმოქმედებს ევროპა როდესაც საქართველოსაც დაუდგება ხელშკრულებაზე ხელმოწერის მომენტი.
„ყოველ შემთხვევაში, ნაციონალები ამ კარტის გათამაშებას დღეს უკვე ცდილობენ. ამიტომ საინტერესოა, ხომ არ მზადდება რაღაც ერთად. ხომ არ ცდილობს ევროპა, რუსეთის კაპრიზებისთვის ანგარიშის გაწევას, ეს გასათვლელი და გასაანალიზებელია საქართველოს მიმართაც“,- აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
კახა გოგოლაშვილი კი თვლის, რომ ყველაფრის მიუხედავად, ევროპა საკუთარ ინტერესებს არ დათმობს.
კახა გოგოლაშვილი: „ევროპა გააგრძელებს უკრაინისთვის ბრძოლას. ამ თვალსაზრისით არც სომხეთი და სამხრეთ კავკასიაა დაკარგული. გარდა ამისა, არავის სჯერა, რომ რუსულ პროექტს აქვს რაიმე მომავალი, ვგულისხმობ ჯერ, საბაჟო შემდეგ ევრაზიული კავშირის პროექტებს, - ეს რუსეთის მცდელობაა გადაარჩინოს თავისი სტრატეგიული გავლენა ამ რეგიონებზე, სიღრმისეულად არც არავის დაუთვლია რა ეკონომიკურ მოგებასა და სარგებელზეა გათვლილი ეს პროექტი. ვფიქრობ, ეს არის რუსულ პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებული ავანტურა“.
როდესაც ევროკავშირის სამომავლო გეოგრაფიაზე და სერიოზულ გეოპოლიტიკურ გადათამაშებაზეა საუბარი, ასეთ შემთხვევაში მეტი კითხვები არა უკრაინასთან, არამედ სწორედ ევროკავშირთან ჩნდება - ეს არის ჩვეულებრივი სავაჭრო თემა რუსეთთან, თუ ამ ეტაპზე ევროპას საკმარისი ძალა არ გააჩნია ბრძოლის მოსაგებად.