თურქული სეინერები შავი ზღვის ფსკერის ფლორასა და ფაუნას ანადგურებენ

თურქული სეინერები შავი ზღვის ფსკერის ფლორასა და ფაუნას ანადგურებენ

მეთევზეები და ეკოლოგები შავი ზღვის ფსკერის ფლორისა და ფაუნის განადგურებაზე საუბრობენ. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ თურქულ სეინერებს რამდენიმე კილომეტრის რადიუსში შეუძლიათ, აღმოაჩინონ თევზის ქარავანი და დაიჭირონ. თუმცა დაჭერის პარალელურად, თურქული მძიმე სეინერები ზღვის აკვატორიას აზიანებენ. სპეციალისტების თქმით, თურქულმა თევზმჭერმა გემებმა აზოვის ზღვის ფსკერიც ასე გაანადგურეს.

მეთევზეები აცხადებენ, რომ კატასტროფული შედეგი მას შემდეგ დადგა, რაც სააკაშვილის რეჟიმმა თევზის მოპოვებისათვის ზღვის აკვატორია თურქებს მიჰყიდა.

ქართველ მეთევზეთა საპროტესტო აქციას დეპუტატი გია ცაგარეიშვილი გამოეხმაურა და მათ სპეციალური კომისიის შექმნას დაჰპირდა, რომელიც ადგილობრივი მეთევზეების წარმომადგენელი იქნება და პრობლემების შესწავლას დროულად დაიწყებს.

პრობლემაში გასარკვევად ჩვენ დავუკავშირდით საზღვაო სააგენტოს, თუმცა ტელეფონს არავინ პასუხობდა. შემდეგ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ, სადაც ამ დარგის სპეციალისტ რევაზ გორაძესთან დაგვაკავშირეს. რევაზ გორაძის ინფორმაციით, შავი ზღვის აკვატორია თურქებზე არ უნდა იყოს მიყიდული. უბრალოდ, გაცემულია თევზჭერის ლიცენზია და მსხვილი ლიცენზიანტებიც არიან ჩვენი, ანუ ქართველი მეთევზეები. სწორედ ისინი აძლევენ თურქულ სეინერებს თევზჭერის საშუალებას და მათ შემოჰყავთ თურქული გემები.

„ქართველები ქირაობენ თურქულ გემებს. რაც შეეხება ფსკერის დაზიანებას, ეს ნაწილობრივ მართლაც ხდება, მაგრამ ამაში ისევ ჩვენი მეთევზეები და საშუალო დონის მოხელეები არიან დამნაშავენი, რომლებიც ამის ნებას რთავენ თურქებს. რამდენადაც ვიცი, უშუალოდ თურქებს სახელმწიფოსგან ლიცენზია არ აქვთ ნაყიდი. მაგალითად, ფოთში, ბათუმში მცხოვრები შეძლებული ადამიანი გადაიხდის 10 მილიონს, იყიდის, ვთქვათ, სტავრიდას ან სხვა თევზის ლიცენზიას და მას უკვე აქვს უფლება, თავისი ლიცენზიის ნაწილი მიჰყიდოს სხვებს, თუნდაც თურქებს. ამიტომ დაჩაგრულები არიან ჩვენი ე.წ. წვრილმანი მეთევზეები, რომლებიც მცირე რაოდენობით ეწევიან სანაპირო თევზჭერას“, - აცხადებს რევაზ გორაძე.

რაც შეეხება თურქულ სეინერებს, დარგის სპეციალისტი ადასტურებს, რომ თურქული გემები უფრო ძლიერი და დიდია, გაცილებით მეტი სიმძლავრე და უფრო მსხვილი ტრალის (ტომრისებრი დიდი ბადე გემიდან ზღვაში თევზის საჭერად) ბადეები აქვს. ამიტომ ისინი ფართო მასშტაბით იჭერენ თევზს და, ალბათ, აქვთ იმის უფლება, რომ ტრალური ვარიანტით დაიჭირონ თევზი.

„რა თქმა უნდა, ტრალური ჭერის შედეგად, ნაწილობრივ, ფსკერი ზიანდება, მაგრამ ესეც საკამათოა. არ არის ასე ცალსახად მეცნიერულად გადაწყვეტილი, ტრალის გატარების შედეგად ფსკერი რამდენად ზიანდება და როგორ ზიანდება მისი ფლორა და ფაუნა. გემი რადგან მოძრაობს, ის ნაწილობრივ აბრუნებს ფსკერის ნიადაგს, ამით თავისუფლდება საკვები ნივთიერებები, ამოდის წყლის სისქეში და ხელსაც კი უწყობს ფლორის განვითარებას. ამით ფაუნაც სარგებლობს,“ - განმარტა რევაზ გორაძემ.

მან ვერ დააკონკრეტა, რა რაოდენობის თევზჭერა ხდება ამჟამად ზღვის აკვატორიაში, თუმცა დაადასტურა, რომ გასულ წელსაც პრიორიტეტი ჰქონდათ თურქებს.

უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე თურქულ სეინერებს შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის განადგურებაში ადანაშაულებს. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, არავინ აკონტროლებს, თუ რა რაოდენობის თევზჭერა ხდება საქართველოში. მაგალითად, სულ ახლახანს ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე თურქეთის გემმა 80 ტონა შავი ზღვის შავთვალა კეფალი დაიჭირა, რომელსაც ზემოდან ხამსა დააყარა და ამ გზით უნიკალური, ძვირადღირებული თევზი თურქეთში იაფად გაიტანა.

„სანამ თურქებზე არ გაიყიდებოდა ზღვის აკვატორია, მანამდე მოქმედებდა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს შემორჩენილი წესი - მეთევზეს შეეძლო, სამ კილომეტრში ჩვეულებრივი ნავით გასულიყო და ეთევზავა, მაგრამ შემდეგ აკვატორია გაყიდეს თურქებზე და სამასი მეტრის იქით მეთევზეს გადასვლის უფლება არ აქვს. რაც შეეხება თურქულ სეინერებს, ეს ცნობილი ფაქტია, მათ აზოვის ზღვის ფსკერი ისე გაანადგურეს, რომ იქ რუსეთის მთავრობამ, ეკოლოგებმა და მეთევზეებმა განგაში ატეხეს. მოგეხსენებათ, შავი ზღვის თევზი აზოვის ზღვიდან მრავლდება, თუმცა თურქულმა სეინერებმა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ისე დახნეს ზღვის ფსკერი, რომ იქ ათი წლით აიკრძალა თევზის რეწვა. ანალოგიური საგანგაშო მდგომარეობაა შავი ზღვის აკვატორიაში. სპეციალური ბადე ყოფილა, რომელიც ზღვის ფსკერს ხვეტავს და ერთიანად ანადგურდებს. ამის შემდეგ თევზი ქვირითს ვერ ყრის და უამრავი პრობლემა წარმოიშობა. ეს მაშინ, როცა იქ არსებულ ცოცხალ ორგანიზმს ათი წელი მაინც სჭირდება, რომ ჩამოყალიბდეს“, - გვითხრა მერაბ ბლადაძემ.

მან არ გამორიცხა, რომ ფულის „ხათრით“ ამ დანაშაულში ზოგიერთი ქართველიც იყოს ჩართული და გაჭირვების გამო ნამუსზე ხელი აეღოს.

„მწვანეთა მოძრაობის – „დედამიწის მეგობრები“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ შავი ზღვის აკვატორიაში 20-წლიანი ლიცენზიები წინა პერიოდშია გაცემული და ეს ლიცენზიები თურქულ კომპანიებზეც უნდა იყოს გაცემული. პრობლემას ისიც ამძაფრებს, რომ თურქულ სეინერებს თანამედროვე ხელსაწყოები აქვთ.

„ჩვენს აკვატორიაში ფსკერული ტრალის გამოყენება იკრძალება, ხოლო პელაგიური ტრალი დაშვებულია. შესაბამისად, ფსკერის ფხეკა ხდება, როცა ისინი პელაგიური ტრალის მაგივრად, ფსკერულს იყენებენ. ამის კონტროლი შეუძლებელია, თუ არ გვექნება შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახური, რომელსაც შეუძლია, ჩანაწერების მიხედვით, ზუსტად აღმოაჩინოს, რა ხდება აკვატორიაში. ახლახანს დაკომპლექტდა სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური, რომელიც კონტროლს გაუწევს თევზჭერის ლიცენზიის მქონე გემებს. თორემ ადამიანის გამოჭერა იმაში, მან გამოიყენა პელაგიური თუ ფსკერული თევზჭერის ვარიანტი, თითქმის რთულია, თუკი სპეციალისტი არ იმყოფება გემზე“, - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

მან განმარტა, რომ უკვე გაცემული ლიცენზიები ვეღარ გადაიხედება, რადგან ისინი აუქციონის წესით არის გაყიდული და ეს სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.