[ლელა კობერიძე]
ბანკებთან ურთიერობისას კლიენტების უფლებები აბსოლუტურად დაუცველია. განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ, მთავრობამ ყველა პირობა შექმნა იმისთვის, რომ ბანკებს მომხმარებელი ბოლომდე „გაეწურა“. ის, რომ ომი მოხდა თურმე ბანკები არაფერ შუაშია, ხოლო მოსახლეობამ პასუხი ყველაფერზე უნდა აგოს. ბანკების მიერ კლიენტების მიმართ ასეთი დამოკიდებულება დღემდე გრძელდება. ბანკებს აქვთ უფლება კლიენტს ხელშეკრულება შეუცვალონ, მხოლოდ თავისი თამაშის წესებით ათამაშონ და თუ ამ პროცესით კლიენტი დაზარალდება ამაზე პასუხისმგებელი არავინ არის.
აქედან გამომდინარე, მოსახლეობამ საქართველოში საბანკო ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის აუცილებლობა კიდევ ერთხელ დაინახა. ქვეყანაში არ არსებობს არცერთი სამსახური, რომელიც ბანკის კლიენტის უფლებებს დაიცავს. არადა, სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში ყველა კანონი მხოლოდ ბანკებზეა მორგებული.
ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობებს არეგულირებს კანონი, იდება ორმხრივი ხელშეკრულება, რომლის შესრულება ორივე მხარემ უნდა უზრუნველყოს. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ხელშეკრულებებში, ძირითადად, ბანკების უფლებებია გაწერილი, კლიენტის უფლებები კი მინიმუმამდეა დაყვანილი. დიდი პრობლემა არის ისიც, რომ დღეს საქართველოში ბანკებთან ჯანსაღი ურთიერთობის საკმაოდ დაბალი კულტურა არსებობს.
მომხმარებელი ისე იწყებს ბანკთან თანამშრომლობას, ვთქვათ, იღებს კრედიტს, რომ ხელშეკრულებაში საერთოდ არ იხედება. თუმცა, ხელშეკრულებაც რომ წაიკითხოს, ჩვეულებრივი კლიენტისთვის საკმაო რთულად აღსაქმელია მასში გაწერილი პუნქტები. მომხმარებელმა არ იცის, რა უფლებები აქვს ბანკთან ურთიეთრობაში და რა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს პრობლემების თავიდან ასარიდებლად. საბანკო ომბუდსმენმა მომხმარებლის ბანკთან ურთიერთობის კულტურის გაზრდაც უნდა უზრუნველყოს.
ექსპერტის ნოდარ ხადურის განცხადებით, დღეს ბანკებს აქვთ ძალაუფლება და მათ შეუძლიათ მომხმარებელს საკუთარი პირობები წაუყენონ. მომხმარებლეს კი არჩევანი არ აქვს და იძულებულია იგი მის პირობებს დათანხდეს. ამგვარი სიტუაციის მიუხედავად, ნოდარ ხადური საბანკო ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას საჭიროდ არ მიიჩნევს.
„არსებობს ბანკების ზედამხედველობის სამსახური და კიდევ დამატებითი მარეგულირებალი ინსტიტუტის შემოღება საჭიროდ არ მიმაჩნია. მომხმარებელთა უფლებები ეროვნულმა ბანკმა უნდა დაიცვას და მან დამატებითი მარეგულირებელი აქტები უნდა გამოსცეს, რომელიც კლიენტს დაიცავს. ვფიქრობ, რომ ამ პროცესის რეგულირება ეროვნული ბანკის პრეროგატივაა“, - ამბობს ხადური.
რამდენად მძიმეა ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და ირღვევა თუ არა მომხმარებელთა უფლებები, ამ კითხვაზე ეროვნული ბანკში გვიპასუხეს, რომ ხელშეკრულებების გამარტივებაზე მუშაობა მიდის. რაც შეეხება კლიენტის უფლებების დარღვევას, ბანკში ამ კითხვაზე პასუხს თავი აარიდეს.
საქართველოს ბანკების ასოციაციას კი კლიენტების უფლებების დარღვევაზე მარტივი პასუხი აქვს. კერძოდ, თუ კლიენტს არ მოსწონს ხელშეკრულება, მას ხელი არ უნდა მოაწეროს.
მაგრამ, უკეთესი ხელშეკრულების მქონე ბანკის მოსაძებნად კლიენტს არჩევანის საშუალება არ აქვს, ვინაიდან ყველა ბანკის ხელშეკრულება გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. შესაბამისად, მომხმარებელი, რომელსაც ფულის სჭირდება, იძულებულია ბანკის მიერ შეთავაზებულ ნებისმიერ პირობას დაეთანხმოს.
ბანკებსა და კლიენტებს შორის არსებული დავებისას მხოლოდ ბანკების უფლებების დაცვა ხდება, ეს ბოლო პერიოდის მოვლენებმაც კარგად აჩვენა. მომხმარებლის დამცველი, ფაქტობრივად, არ არსებობს. თუმცა, ბანკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვა მათი პრეროგატივაც არის.
ექსპერტები კი თვლიან, რომ საბანკო სექტორი კლიენტებთან გამწვავებული ურთიერთობის დარეგულირებას საბანკო ომბუდსმენის საშუალებით შეძლებს. მათი განცხადებით, ბანკებთან ურთიერთობის კულტურა საკმაოდ დაბალია, რის გამოც მომხმარებელი ბანკების მსხვერპლი ხშირად ხდება.
„ეს იდეა ჯერ კიდევ 2 წლის წინათ უნდა განხორციელებულიყო. განსაკუთრებული სიმძაფრით პრობლემა 2008 წლის შემოდგომიდან წარმოჩინდა. დღევანდელი სიტუაციის პროგნოზირება არ იყო რთული და საბანკო სისტემას ამ დროიდან უნდა დაეწყო ზრუნვა საფრთხეების თავიდან აცილებაზე.
საბანკო ომბუდსმენის სისტემა დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას. საბანკო სექტორში მხოლოდ ერთი მხარეა პროფესიონალი, კლიენტებმა არ იციან საკუთარი უფლებების დაცვის გზები და საფრთხის აცილების საშუალებები“, - აცხადებს ექსპერტი ლევან კალანდაძე.
ექსპერტის დავით ნარმანიას განცხადებით, ბანკების კლიენტების უფლებები ხშირად იგნორირებულია და მომხმარებლის უფლებებს დღეს საქართველოში არავინ იცავს. შესაბამისად, საბანკო ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა საინტერესო იდეაა. მით უმეტეს, რომ საბანკო ომბუდსმენი ინსტიტუტი ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებობს.