მობრუნებული “რაკია” და ღარიბაშვილის გამოცანა

მობრუნებული “რაკია” და ღარიბაშვილის გამოცანა

„ამ დღეებში ერთ-ერთი კომპანია გააკეთებს განცხადებას, რომ აპირებდა საქართველოდან გასვლას იმის გამო, რომ ქვეყანაში არ იყო საინვესტიციო გარემო“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა (უკვე პრემიერმა) ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, როდესაც ინვესტიციებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის კითხვებს უპასუხა. კონკრეტულად რომელ მსხვილ ინვესქტორს გულისხმობდა ღარიბაშვილი?

კომპანიის სახელი პარლამენტში არ გაჟღერებულა, თუმცა აღნიშნა, რომ საუბარია ძალიან მსხვილ კომპანიაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში საქართველოდან გასვლას აპირებდა.

„ამ კომპანიას დაახლოებით 200-300 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჰქონდა შემოტანილი საქართველოში, რომელიც ძალიან დაზარალდა თქვენ პირობებში. ჩვენ მათ ყველა ის პრობლემა, რაც თქვენ შეუქმენით, მოვუგვარეთ.

ამ დღეებში ეს კომპანია და მისი მფლობელი აპირებს გააკეთოს განცხადება, სადაც დაადასტურებს, რომ ის ნამდვილად აპირებდა საქართველოდან გასვლას იმიტომ, რომ არ იყო აქ სათანადო საინვესტიციო გარემო, რომ არ იყო მისი ინვესტიცია დაცული, რომ ჰქონდა საკუთრების უფლების დარღევის ძალიან ბევრ ფაქტს ადგილი და რომ მას, უბრალოდ, ეშინოდა საქართველოში დარჩენის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალმა მთავრობამ ეს კომპანია საქართველოში დატოვა და მათი ინვესტიციები ამ წელს კიდევ უფრო გაიზრდება. „30-მდე ქვეყანასთან გქონდათ შეჩერებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრეულების გაფორმება, ვინაიდან საკუთრების უფლების დარღვევის უამრავი შემთხვევა არსებობდა. ინვესტორებს, უბრალოდ, ეშინოდათ საქართველოში შემოსვლის. ჩვენ განვაახლეთ და უკვე მიმდინარეობს ხელმოწერების პროცესი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რომელ კომპანიეზე საუბრობდა აწ უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არ დაუკონკრეტებია, თუმცა გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს ყველაფერი „რაკია-საქართველოს“ ეხებოდა. მისმა დირექტორმა დაუფარავად დაადასტურა, რომ კომპანიას არსებულ ვითარებაში მუშაობაზე ხელი ჩაქნეული ჰქონდა.

„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ „რაკიას“ გადაწყვეტილი ჰქონდა ქვეყნიდან გასვლა გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო. გაჩერებული ჰქონდათ აქტიური საინვესტიციო საქმიანობა. მხოლოდ არჩევნების შემდეგ დარწმუნდნენ იმაში, რომ საქართველოში არის უნიკალური გარემო, რათა ბიზნესი ყოველგვარი ზეწოლის გარეშე განახორციელონ.

მე ბიზნესმენი ვარ და არა პოლიტიკოსი, ამიტომ არ მინდა პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო. თუმცა ვიტყვი, რომ კონკრეტულად „რაკიას“ და „რაკიინს“ პრობლემები შეექმნა. ამის დასტურია ის, რომ გადაწყვეტილი ჰქონდათ ქვეყნიდან გასვლა“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ საუბრისას „რაკია-საქართველოს“ დირექტორმა გუგა ცანავაამ.

შესაძლოა, ღარიბაშვილის მიერ ნაგულისხმევი კომპანია „რაკია“ სულაც არ იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ვითარება კიდევ უფრო მძიმდება. თუკი ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის გზას სხვა კომპანიაც ადგა, მაშინ იკვეთება წინა მთავრობის მიერ უცხოელი კაპიტალის მაქსიმალური შევიწროება. ამით ადვილად დასტურდება, რომ უამრავი საინვესტიციო პროექტი ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეჩერდა და რომ არა საპარლამენტო არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, ქვეყანა ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

ახლა კი თუნდაც „რაკიას“ მაგალითზე აშკარად ჩანს, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ინვესტორებს გული ისევ მოუბრუნდათ.

„დღეისათვის გარკვეული მონახაზი გვაქვს იმისა, თუ რა გვინდა. ვფიქრობ, რომ 2014 წელს უფრო ჩამოყალიბებულები ვიქნებით კონკრეტულ პროექტებზე. ინვესტირება ამ ეტაპზე ჩვენი სათავო ოფისის მეშვეობით მოხდება. განვმარტავ რას ვგულისხმობ: თანაინვესტირების ფონდში პარტნიორი არის ჩვენი “მშობლიური” კომპანია. ჩვენ ვართ წარმომადგენლობა საქართველოში. ამიტომ 3 მიმართულება გვაქვს. ერთია, არსებული ბიზნესები რაც გაგვაჩნია, მეორე - ახალი სექტორები და მესამე - თანაინვესტირების ფონდთან ერთად გასახორციელებელი პროექტები, რომლებშიც უშუალოდ ჩვენი სათავო ოფისი მიიღებს მონაწილეობას”, - აცხადებს ცანავა, რომელიც ადასტურებს, რომ “რაკია” საქართველოში 20-25-მილიონიან საინვესტიციო პროექტს იწყებს.