[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]
Skoda ასწლოვან ტრადიციაზე დამყარებული უახლესი ტექნოლოგიები გახლავთ. ამ მარკის ავტომობილი საყოველთაოდ არის განთქმული უმაღლესი ხარისხითა და მისაღები ფასით. ამიტომაც არის მისი მრავალფეროვანი პროდუქცია მთელს მსოფლიოში გვარიანად პოპულარული.
გრაფის და ემილის პირმშო
1859 წელს გრაფმა ვალენშტაინ-ვარტენბერკმა ქალაქ პილზენში ქარხანა დააარსა, რომელშიც 100-მდე ადამიანი მუშაობდა და რომელიც შაქრის წისქვილების, ლუდსახარშების, ორთქლის ძრავების, ლითონის ხიდების და რკინიგზისათვის განკუთვნილ ხეოსაწყოებს უშვებდა. ათი წლის შემდეგ ეს ქარხანა შრომისმოყვარე ინჟინრისა და ჭკვიანი მეწარმის ემილ შკოდას საკუთრებაში გადავიდა, რომლის სახელიც შემდგომში ეწოდა კიდეც. Skoda-ს ბიზნესი სწრაფად იზრდებოდა და 1880-იან წლებში ქარხანა თანამედროვე ლითონგადამამუშავებელ წარმოებად იქცა, რომელიც პროდუქციით თვითმფრინავ და გემთმშენებელ კომპანიებს ამარაგებდა.
1899 წელს კვლავინდებურად მზარდი ქარხანა სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა და პირველი მსოფლიო ომის წინ Skoda ავსტრია-უნგრეთის იარაღის უმსხვილეს მწარმოებლად იქცა. ძირითადად იგი მძიმე ქვემეხებსა და საბრძოლო მასალებს ამზადებდა, თუმცა, არ შეჩერებულა ლითონის ნაკეთობათა წარმოებაც. უფრო მეტიც, ისინი მთელს მსოფლიოში უდიდესი მოთხოვნილებით სარგებლობდა. მაგალითად, ნიაგარას ჩანჩქერზე მდებარე ელექტროსადგურის მილები და სუეცის არხის დამბები, თურქული შაქრის წისქვილების მოწყობილობა და მთელი ევროპის ლუდსახარშები სწორედ Skoda-ს ქარხანაში იყო დამზადებული.
1918 წელს ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის დაარსების და მთელს ევროპაში ეკონომიკური ვითარების გაუარესების შემდეგ კომპანიამ სამხედრო პროფილით მუშაობაზე უარი თქვა და ტრადიციულ მიმდინარეობებთან ერთად მატარებლების, ჩარხების, ორთქლის ტურბინების და გემების წარმოება დაიწყო. კომპანიის საქმეები კვლავ კარგად წავიდა და 1925 წლის 27 ივნისს განხორციელდა კომპანია Laurin&Klement-ის და სინდიკატ Skoda-ს შერწყმა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი მლადა ბოლესლავში მდებარე საავტომობილო ქარხნის მფლობელი გახდა.
ორი ვაცლავი
1895 წლის შობის წინა დღეს დაარსდა „სლავიას“ ველოსიპედების მწარმოებელი და შემკეთებელი პატარა ფირმა. მისი მფლობელები ვაცლავ ლაურინი და ვაცლავ კლემენტი საქმეს მუყაითად შეუდგნენ, თან ახალი იდეების განხორციელებას ცდილობდნენ და მალე ერთცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი ველოსიპედი გამოუშვეს. ვაცლავები ამაზე არ შეჩერდნენ და სამი წლის შემდეგ კონვეიერიდან ჩამოვიდა სამთვლიანი მოტოციკლის პრინციპულად ახალი მოდელი, რომელსაც 40 კმ საათში სისწრაფის განვითარება შეეძლო.
ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. 1905 წელს ლაურინმა და კლემენტმა უზარმაზარი წინსვლა განიცადეს და თავიანთი პირველი ავტომობილი L&K Voiturette A წარმოადგინეს. ეს 2, ან 4 ადგილიანი მანქანა 2 ცილინდრიანი, წყილს გაგრილების ძრავით იყო აღჭურვილი. იმავე წელს ამ ავტომობილმა ავსტრიულ სემერინგში კლასიკური რბოლა მოიგო. 1906 წელს ავტომობილები 4, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი 8 ცილინდრიანი ძრავებით აღჭურვეს.
ეგზომ დიდი წარმატების შემდეგ წინსვლა, წარმოების გაფართოვება, ანუ, ინვესტიციები იყო საჭირო. ამიტომაც, 1907 წლიდან პარტნიორებმა ფირმა Laurin&Klement-ის სააქციო კომპანიად ტრანსფორმირება დაიწყეს. 19 ივლისს ფირმა ოფიციალურად დარეგისტრირდა როგორც „სააქციო კომპანია Laurin&Klement, მლადა ბოლესლავის საავტომობილო ქარხანა“ (ASAP).
მალე გამოჩნდა ახალი ოთხცილინდრიანი მოდელი Laurin&Klement F, რომელსაც ძალიან დიდი მოწონება ხვდა წილად. იგი 2438 კუბური სმ მოცულობის ძრავით და მაღალძაბვიანი სანთლებით იყო აღჭურვილი. 1907 წლის მაისიდან 1909 წლის ოქტომბრამდე 371 ამგვარი მანქანა გაიყიდა, რაც იმ დროისათვის დიდი წარმატება იყო. აღსანიშნავია, რომ იგი არა მარტო მსუბუქი, არამედ სატვირთო ავტომობილისა და ავტობუსის სახით გამოდიოდა. ამავე პერიოდში გამოუშვეს ცენტრალურ ევროპაში პირველი რვაცილინდრიანი ავტომობილი Laurin&Klement FF, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ავტოსალონებზე ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად და პრაღისა და ვენის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლობა ბუდაპეშტშიც გაიხსნა.
ამავე პერიოდში Laurin&Klement-მა დაამტკიცა, რომ კონკრეტული შეკვეთების შესრულება შეეძლო. კომპანიამ ჯერ ჩერნოგორიის ადმინისტრაციის მიერ მაღალმთიანი, ვიწრო გზებისათვის განკუთვნილი ავტობუსების ტენდერში გაიმარჯვა, შემდეგ კი, ვენის მაგისტრატის შეკვეთით 100 ტაქსი დაამზადა.
1911 წელს წარმოებაში ჩაუშვეს ახალი, მძლავრი ძრავით აღჭურვილი მოდელი Laurin&Klement S, რომელიც პირველ მსოფლიო ომამდე ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ავტომობილი გახდა. ერთი-მეორის მიყოლებით გაიხსნა წარმომადგენლობები რუსეთში, ინგლისში, გერმანიაში, ჩინეთში, იაპონიაში, აშშ-ში და მექსიკაში.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში კომპანია ასევე უშვებდა თვითმფრინავის ძრავებს, ელექტროენერგიის გამომმუშავებელ სტაციონარულ ძრავებს, სამაცივრო დანადგარებს და ა.შ. რაც საავტომობილო კომპანიისათვის უჩვეულოა. ომის დროს Laurin&Klement-მა აქცენტი სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე გააკეთა. ომის შემდეგ დუხჭირ პერიოდში კომპანიას გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნა, რასაც Skoda-სთან შერწყმა მოჰყვა.
მრავალტანჯული და აღორძინებული
ახალ, გაერთიანებულ კომპანიას, ცხადია, Skoda ეწოდა, ემბლემად კი ისარი და ინდიელის თავი იქნა არჩეული. ცხადია, ჩეხეთში ინდიელები არ იყვნენ, მაგრამ თურმე ემილ შკოდას ამერიკაში მოგზაურობისას ერთგული ინდიელი გამცილებელი ჰყავდა, რომლის პროფილიც მის კაბინეტში ეკიდა და საბოლოოდ იგი ძველ ემბლემას - წრეში ჩასმულ ფრთოსან ისარს დაამატა.
გაერთიანების შემდეგ კომპანიამ გამოუშვა ძალზე პოპულარული ავტომობილი Skoda 110. გარდა ამისა, აქცენტი გაკეთდა მძლავრი სატვირთო ავტომობილების, ტრაქტორებისა და და აეროპლანების წარმოებაზე. კომპანიაში საქმე ისე კარგად აეწყო, რომ 1930 წლისათვის დღეში 25 ავტომობილის გამოშვება იყო შესაძლებელი. მაგრამ მოთხივნილება ძალიან დიდი იყო და სამცვლიანი სამუშაო დღის შემოღების და მცირე მოდიფიკაციის შემდეგ ეს მაჩვენებელი 95-მდე აიყვანეს.
1934 წელს საავტომობილო ბაზარი ახალი სისტემის ტრასმისიით აღჭურვილმა Skoda-Popular-მა შეძრა, რომელმაც ორი წლის შემდეგ მონტე კარლოს რალი მოიგო. მას მოჰყვა ორადგილიანი Skoda 1101 (Skoda-Spartak), რომელიც ყველასათვის კარგად ცნობილი Octavia-ს წინაპარი გახლდათ. არ დააყოვნა Felicia-ს პირველი მოდელის გამოსვლამაც.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ ჩეხეთის ოკუპაციამ Skoda გერმანული სამხედრო ინდუსტრიის ნაწილად აქცია, რამაც კომპანიას სერიოზული დანაკარგები მოუტანა. თავად ომის დროს კი ქარხნების 70 პროცენტი მიწასთან იქნა გასწორებული.
1945 წელს კომპანია ნაციონალიზებულ იქნა და თანდათანობით სხვადასხვა ქვეგანყოფილებებად დაიყო: საავტომობილო ქარხანა მლადე ბოლესლავში, საავიაციო ქარხანა პრაღაში, ჩარხმშენებელი ფაბრიკები სლოვაკეთში. ძირითად პრიორიტეტად იქცა მძიმე მანქანათმშენებლობისათვის და ელექტროსადგურებისათვის განკუთვნილი ხელსაწყოების, ინდუსტრიული სექტორის მსხვილი კონსტრუქციების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის წარმოება. ექსპორტის უდიდესი ნაწილი აღმოსავლეთის ბლოკისაკენ იყო მიმართული.
1964-დან 1988 წლამდე Skoda ძირითადად ძარის უკანა ნაწილში განთავსებული ძრავის მქონე მოდელებს უშვებდა და მხოლოდ მოდელებში Favorite და Foreman ძრავი ჩვეულ ადგილას დაბრუნდა. 1989 წელს პოლიტიკური კლიმატის შეცვლას Skoda-ს თანდათანობითი პრივატიზაცია მოჰყვა. ამ პროცესს თან ახლდა პროდუქციის გამოშვების პროგრამის ცვლილება, ახალი კონტაქტებისა და ბაზრის ძიება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ყოფილი სოციალისტური ბანაკის დანგრევამ ძველი კავშირები მოშალა.
1991 წლის ბოლოს Skoda-ს ე.წ. ჩეხური მოდელით პრივატიზაცია დასრულდა და კომპანია გერმანული ავტოკონცერნის Volkswagen Group-ის წევრი გახდა. ამას მოჰყვა ახალი Felicia-ს, Octavia-ს და Fabin-ის გამოშვება. გაფართოვდა წარმოება, Skoda-მ Tatra-ს და Liaz-ის ქარხნები შეიძინა და სასმელების ალუმინის ქილების მწარმოებელი ფაბრიკა ააშენა. ეგზომ სწრაფ გაფართოვებას კომპანიის ფინანსური არასტაბილურობა მოჰყვა, რაც 1999 წელს კრედიტორ ბანკებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით და Skoda-ს სრული რეკონსტრუქციით დასრულდა.
შედეგად, კომპანია იურიდიულად და ფინანსურად სრულიად სტაბილური გახდა და გამოვიდა ახალი მოდელები, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია Skoda Superb. კომპანიამ აღადგინა ექსპორტის ძველი მოცულობა და ამ დროისათვის Skoda-ს მშვენიერი ავტომობილები მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში იყიდება.