„უკრაინის გადაწყვეტილების შემდეგ ევროპასთან საქართველოს დაახლოება შეიძლება, უფრო დაჩქარდეს“

„უკრაინის გადაწყვეტილების შემდეგ ევროპასთან საქართველოს დაახლოება შეიძლება, უფრო დაჩქარდეს“

უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი თქვა. უკრაინის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესი შეჩერდა. 

მოგვიანებით უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის მიზეზებს განმარტავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ განკარგულება მიღებულ იქნა დეტალური შესწავლისა და კომპლექსური ზომების გატარების მიზნით, რომელიც უკრაინამ უნდა განახორციელოს დაკარგული წარმოების, რუსეთთან, ასევე დსთ-ს სხვა სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მიმართულების აღსადგენად, შიდა ბაზრის სათანადო დონეზე ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინასა და ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს შორის პარიტეტულ ურთიერთობას.

უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინაში ვიზიტი გააუქმა ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ, რომელსაც მოლაპარაკებები უნდა გაემართა უკრაინის ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ევროკომისარი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, უკრაინის ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან ეკონომიკური და სავაჭრო ზეწოლის შედეგად მიიღო.

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია ევროკავშირიც. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, კეტრინ ეშტონი მიიჩნევს, რომ ეს იმედგაცრუებაა არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ უკრაინელი ხალხისთვისაც. რეფორმები, რომლებიც მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინაში ტარდებოდა, იმედისმომცემი იყო. კეტრინ ეშტონი იმედს იტოვებს, რომ უკრაინა გააგრძელებს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობებს.

საქართველო კი ნოემბრის ბოლოს ევროკავშირთან ისტორიული შეთანხმების პარაფირებას მოახდენს, რაც ქვეყანას დემოკრატიული ინტიტუტების გამყარებაში, ეკონომიკურ ზრდასა და კანონის უზენაესობის გაძლიერებაში დაეხმარება. ექსპერტები გამორიცხავენ, რომ უკრაინის მაგალითი საქართველოზეც აისახოს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით ის ამბიციური გეგმა, რომელიც ქვეყანას აქვს, რომ პარაფირებიდან ერთ წელიწადში ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას, რჩება მთავრობის მთავარ სტრატეგიად.

„ვილნიუსის სამიტზე ჩვენ, როგორც ქვეყანა უაღრესად კარგი შედეგით მივდივართ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო არის ევროპის განუყოფელი ნაწილი და კარგი საბუთებიც გაგვაჩნია ამის დასამტკიცებლად ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე. ჩვენ ამაზე გავაკეთებთ აქცენტს და ასევე ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე, რომელიც გვაქვს ასოცირების პარაფირებიდან ხელმოწერამდე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის აზრით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მზადების პროცესის შეჩერებაზე უკრაინის უარი საქართველოზე არ აისახება.

„ამას ძალიან განვიცდით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, რამდენიმე დღე არის დარჩენილი ვილნიუსის სამიტამდე და მინდა იმედი ვიქონიო, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერება. საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას რამდენიმე დღეში მოაწერს ხელს და დაიწყება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცის გახსნა, რის შედეგადაც ევროკავშირის ბაზარზე ათასობით პროდუქტის შეტანა იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ვიქტორ დოლიძემ.

პრეზიდენტის მრჩეველი ვანო მაჭავარიანი თვლის, რომ უკრაინის გადაწყვეტილების შემდეგ ევროპასთან საქართველოს დაახლოება შეიძლება, უფრო დაჩქარდეს. მისი თქმით, უკრაინის უარი ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, სერიოზულ გეოპოლიტიკურ პროცესებზე მიუთითებს.

„რუსეთს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი კონკრეტული დამოკიდებულება ევროკავშირის ამ პროცესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, უკრაინას თავისი სუვერენული გადაწყვეტილება აქვს, მაგრამ საქართველოს ნება ევროპასთან დაახლოებაა. რასაკვირველია, ძალიან ბევრი გამოწვევა და გამოცდა იქნება წინ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი ეროვნული კონსესუსის თემა იყოს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

როგორც მაჭავარიანმა განმარატა, გიორგი მარგველაშვილი აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ 2014 წლის სექტემბრამდე საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად მაქსიმალურად მზად იყოს.

„ჩვენთან ერთად, ამ პროცესში არის მოლდოვა, რომელსაც მსგავსი პროცესი აქვს. რაც შეეხება უკრაინის გადაწყვეტილებას, ამას, რა თქმა უნდა, თავისი გავლენა გარკვეულწილად ექნება და ეს შეიძლება იყოს პოზიტიური იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინის მაგალითმა ევროპას შესაძლოა, აჩვენოს, რომ საქართველოსთან დაახლოება უფრო მნიშვნელოვანია და პროცესები უფრო ჩქარა წავიდეს, ვიდრე სკეპტიკოსებს წარმოუდგენიათ“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია თვლის, რომ საქართველომ ამ პროცესიდან გაკვეთილები უნდა გამოიტანოს და მომავალ ქმედებებში გაითვალისწინოს. რადგანაც, მისვე განმარტებით, რუსეთი ეწინააღმდეგება ნებისმიერ მცდელობას ამ რეგიონში ქვეყნებმა მოიპოვონ სუვერენიტეტი და თავისუფლება.

„ეს არის არა რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციის, ან რაიმე კონკრეტული მოვლენის მიმართ დამოკიდებულება, არამედ, ნებისმიერი პროცესი, რომელმაც ჩვენ შეიძლება მოგვიპოვოს უკეთესი ცხოვრება, ამას ეწინააღმდეგება რუსეთი. ჩვენ გვახსოვს, რომ იანუკოვიჩის მთავრობა მოსვლისთანავე სხვაგვარ განცხადებებს აკეთებდა ნატო-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებით. ეს არის კლასიკური მაგალითი ბალანსირების პოლიტიკის და ეს პრაქტიკულად კრახით დამთავრდა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.

ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ზეწოლის ყველა ბერკეტს გამოიყენებს, მათ შორის საქართველოზე. ეს ბერკეტები რუსეთს აქვს და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ დამატებითი ბერკეტები არ მივცეთ. იგივე ვაჭრობა შეიძლება გახდეს რუსეთის ხელში ბერკეტი. ამ ბერკეტებს კი რუსეთი, რა თქმა უნდა, ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

მისი შეფასებით, ამ პროცესში საქართველო არ უნდა შევიდეს რუსეთთან საერთო, არარეალისტურ და საშიშ თამაშებში და არ უნდა ენდოს ამ ქვეყანას კიდევ ერთხელ.

„საქართველომ უნდა გააკეთოს სრული აქცენტი დასავლეთთან ინტეგრაციაზე და მთავარი საყრდენი უნდა იყოს დასავლეთი, ევროკავშირი და ნატო. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვეგონოს, რომ ბალანსირებით დასავლეთიც და რუსეთიც ერთად გამოვა. არ არის დაპირისპირება რუსეთთან საჭირო, მთავარი უნდა იყოს ძალიან თანმიმდევრული, აქტიური და ინტენსიური დასავლური ინტეგრაციის პოლიტიკა და მაშინ ვერანაირი რუსეთის ზეწოლა და ხრიკები ჩვენს ამ კურსს ვერ გატეხავს“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ ევროკავშირი როგორც არ უნდა მოიქცეს უკრაინის ფინანსური და ეკონომიკური მასშტაბები და ის დახმარება, რომელიც უკრაინას სჭირდებოდა, სრულიად განსხვავდება საქართველოს პრობლემისგან. მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინაში განსხვავებული წონითი პრობლემებია, ქვეყნებს შორის მასშტაბებს, მოსახლეობის რაოდენობას თუ შევადარებთ, წესით ევროპას საქართველოს დახმარება და დაცვა უფრო უნდა უადვილებდეს.

„პრინციპში საქართველოსთვის რუსეთის ბაზრის ჩაკეტვა მტკივნეული არც უნდა იყოს, რადგან ეს ბაზარი, ფაქტობრივად, არ აქვს, რაც უკრაინის შემთხვევაში ყველაზე არსებითი იყო. თუმცა საუბარი, მიმდინარეობდა იმაზე რომ უკრაინაში შესაძლებელი იყო ტერიტორიული დავების ნიადაგზე შიდასამოქალაქო დაპირისპირება და შემდეგ გარკვეული ინტერვენციანც განხორციელდებოდა, მაგრამ ეს არ იყო არსებითი, რადგან პერსპექტივაში ამ საფრთხის განეიტრალება შესაძლებელი იყო.

მთავარი სწორედ ის იყო, რომ უკრაინისთვის იკარგებოდა რუსული ბაზარი. საქართველოს შემთხვევაში ამგვარი ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემა არ არსებობს. ამ მხრივ რუსეთს არაფრით არ შეუძლია დიდად საქართველოს დაზარალება. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რუსეთს შეუძლია საბაჟო კავშირის წევრი დანარჩენი ორი ქვეყანა აიძულოს შეწყვიტონ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობები“, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.