„დღესვე დავავალებ პროკურატურას, რომ შეისწავლოს მიხეილ სააკაშვილისა და ლეხ კაჩინსკის ესკორტზე ცეცხლის გახსნის საკითხი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის მოსმენისას განაცხადა. ამ საკითხით დეპუტატი გია გაჩეჩილაძე დაინტერესდა. გაჩეჩილაძის თქმით, პოლონურ პრესაში პოლონეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაცია გამოქვეყნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.
„პოლონურ პრესაში გამოქვეყნდა პოლონეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. თუ გაქვთ ინფორმაცია ამ საშინელ პროვოკაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქართველოს იმიჯს და პოლონეთის პრეზიდენტს და დაიწყო თუ არა გამოძიება ქართულ საგამოძიებო უწყებებში ამ ფაქტთან დაკავშირებით?“, - აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მან ეს საკითხი არ იცის, თუმცა პირობა დადო ამ საკითხს აუცილებლად მოიკითხავს. მისივე თქმით, პროკურატურას საკითხის გამოძიებისა და შესწავლის მიზნით დავალებას მისცემს.
2008 წლის ომის შემდეგ, 23 ნოემბერს, საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა პოლონეთის პრეზიდენტი კაჩინსკი. როდესაც ესკორტი აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით სოფელ მეტეხში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების მოსანახულებლად უნდა ჩასულიყო, მოულოდნელად ესკორტმა გადაუხვია ახალგორის რაიონისკენ, საიდანაც მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოში სტუმრად მყოფი პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის კორტეჟს ოკუპირებული ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსენს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ თვლიან, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტის კორტეჟისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან ცეცხლის გახსნის საქმის გამოძიების დაწყება, პოლიტიკურად მოტივირებულია. გიორგი თევდორაძე თვლის, რომ ყველაფერს გამოძიება გვეტყვის.
„ძალიან კარგია თუ კი პრემიერ-მინიტრმა გასცა განკარგულება. როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ შექმნილმა ბანდფორმირების წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს ერთ-ერთი ევროპელი ქვეყნის პრეზიდენტს და ამის გამო, ბრალდებული თუ ეჭვმიტანილია თვითონ ამ სახელმწიფოს ხელმძღვანელი, ეს რამდენად მიახლოებულია ობიექტურობასთან, დასკვნა მოსახლეობამ გააკეთოს.
ხელისუფლება ბევრს საუბრობს რაღაცა ჩადენილ დანაშაულებზე და არ ყოფნის გონივრულობა და კომპეტენცია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და დამნაშავეც შესაბამისად იქნას დასჯილი. იმედს ვიტოვებ, რომ ობექტურად იქნება ეს საქმე გამოძიებული და ამ შემთხვევაშიც, როგორც მინიმუმ, აბსურდული ბრალდების მოსმენა არ მოგვიწევს. ჩემთვის ძალიან ნათელია სიო საითკენ უბერავს, როცა ჩემი კოლეგები უმრავლესობიდან რუსულ-ქართულ პერიპეტიებს განიხილავენ, ეს ბევრი დასკვნის გაკეთების წინაპირობაა ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი თევდორაძე.
საგარეო მიმართულებით ექსპერტ თორნიკე შარაშენიძისთვის გაუგებარია რაში სჭირდება სახელმწიფოს ამ საქმის გამოძიება. მისი თქმით, ძალიან ბევრი საქმეა გამოსაძიებელი, რომელიც აწუხებს საზოგადოებას და რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს საქმე.
„მე არ მესმის რატომ არის აუცილებელი დღეს ამ საქმის გამოძიება. არ ვიცი რა დაიწერა პოლონურ პრესაში, მაგრამ უფრო ხშირად იბეჭდება, რომ კაჩინსკის თვითმფრინავი ჩამოაგდეს რუსებმა და მოდით მაშინ ესეც გამოვიძიოთ. თუ ეს დარჩება დეპუტატის ინიციატივად, ეს გასაგებია, მაგრამ თუ დაიწყებენ გამოძიებას, რა თქმა უნდა, გაჩნდება კითხვები.
შეიძლება საინტერესოა მართლაც ამის გამოძიება, მაგრამ ამაზე საინტერესო საქმეები არსებობს, რომელიც უნდა გამოიძიონ. საინტერესოა რაში სჭირდება სახელმწიფოს ამის ამოქექვა, ეს სახელმწიფო ინტერესებს წაადგება? სააკაშვილს კი არ დაბრალდება რაღაც-რაღაცეები, არამედ სახელმწიფოს დაბრალდება და ეს არის დამაფიქრებელი“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.