ობლიგაციების სამყაროს ორაკული ბილ გროსი

ობლიგაციების სამყაროს ორაკული ბილ გროსი

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

ბილ გროსი თანამედროვეობის ერთ-ერთი განთქმული და წარმატებული ინვესტორია. მას ხშირად „ობლიგაციების სამყაროს უორენ ბაფეტს“ უწოდებენ. იგი აქტივების მმართველი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Pacific Investment Management Co (PIMCO)-ს დამაარსებელი, 96 მილიარდიანი ფონდის PIMCO Total Return Fund-ის და კიდევ რამდენიმე წვრილი ფონდის თავკაცია. ჟურნალ Forbeს-ის მონაცემების მიხედვით, მისი პირადი კაპიტალი 2 მილიარდ დოლარს აღწევს.

დიდი მოთამაშე

უილიამ ჰანტ გროსი დაიბადა 1944 წლის 13 აპრილს ოჰაიოს შტატის პატარა ქალაქ მიდლთაუნში. მამამისი სიუელი მეტალურგიულ კომპანია Armco-ში გაყიდვების მენეჯერად მუშაობდა. მალე იგი კომპანიის სან ფრანცისკოს განყოფილებაში გადაიყვანეს და ოჯახი კალიფორნიაში გადაბარგდა.

1962 წელს ბილმა ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ დარემის უნივერსიტეტის სტიპენდია მიიღო. მისი თქმით, იგი დარემში ისე გაემგზავრა, რომ წინასწარ დაგეგმილი არ ჰქონდა, რა შეესწავლა. საბოლოოდ, ფსიქოლოგია აირჩია, რადგან ყოველთვის აინტერესებდა, როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი. თანაც, ერთობ მაღალი ყმაწვილი კოლეჯის კალათბურთის გუნდში ჩაირიცხა, თუმცა, მისდა სამწუხაროდ, სპორტში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია.

გროსი თავიდანვე ცდილობდა ფული ეშოვნა. ერთხელ მან ტოტალიზატორი მოაწყო და ამგვარად 100 დოლარი ჩაიჯიბა. თავად თვლის, რომ მისი ფინანსური კარიერა ლას ვეგასში სათამაშო მაგიდასთან დაიწყო. პირველად კაზინოში ოპერატორად მუშაობა 1965 წელს დაიწყო, როცა საათში 5 დოლარს უხდიდნენ. თავად ძლიერ აზარტული ბილი არ თამაშობდა და ფული რომ მოეგროვებინა, მანქანაში ეძინა, ტბაში ბანაობდა და ავტოგასამართ სადგურზე იპარსავდა. მან თამაში მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გადაწყვიტა და მთელი დანაზოგი წააგო.

კოლეჯში დაბრუნებულმა ედვარდ ტორპის ბესტსელერად ქცეული წიგნი „დამრიგებლის გამარჯვებები“ შეიძინა. მათემატიკის პროფესორი ბლექჯეკის თამაშის ტექნიკა სრულყოფილებამდე დაეუფლა, სტრატეგია კომპიუტერის მეშვეობით გათვალა, შემდეგ ჰეჯერული ფონდი შექმნა და ეს სტრატეგია აქციებში ინვესტირებაში გამოიყენა. გროსი ტორპის იდეებით აღტაცებული დარჩა.

1966 წელს ბილმა კოლეჯი დაამთავრა, ბაკალავრის ხარისხი მიიღო და 200 დოლარით კვლავ ლას ვეგასში გაემგზავრა. იგი ყოველდღიურად 16 საათის განმავლობაში თამაშობდა და ოთხი თვის შემდეგ ჯიბეში უკვე 10 ათასი დორლარი ედო. ეს მისი პირველი ნამდვილი ფული იყო.

საერთოდ, გროსი თვლის, რომ ბლექჯეკის პროფესიონალურად თამაშის პერიოდი მისი კარიერისათვის ძლიერ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან აზარტულ თამაშებს ძალიან ბევრი საერთო აქვს ფულადი სახსრების მართვასთან. ორივეგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რისკის სწორად განაწილებას, მომდევნო სვლების გათვლას და ემოციების მოთოკვას.

რისკიანი ბიზნესი

ლას ვეგასის შემდეგ გროსი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, რომელიც სამი წელი გაგრძელდა. მას ძალიან უნდოდა მფრინავი გამხდარიყო, მაგრამ ვიეტნამის სანაპიროზე განლაგებულ საინჟინრო ნაწილში აღმოჩნდა.

1969 წელს დემობილიზებულმა გროსმა მოგებული ფული ბიზნეს-სკოლაში სწავლისათვის გამოიყენა, თანაც ტორპის მეორე წიგნი „დაამარცხე ბაზარი“ წაიკითხა. 1971 წელს ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო და სამუშაოდ სადაზღვევო კომპანია Pacific Mutual Life Insurance Co-ში დაიწყო. მან იქ ჯეიმს მაზი და უილიამ პოდლიჩი გაიცნო. სამეულმა კომპანიის ხელმძღვანელობა დაარწმუნა 5 მილიონი დოლარის ოდენობის აქტივების მქონე ფონდი მათთვის ჩაებარებინა და თანაც თავიანთი კომპანია Pimco გახსნეს.

გროსი მალე მიხვდა, რომ ობლიგაციებით ბევრი ფულის შოვნა პროცენტებთან ერთად კაპიტალური მოგების მიხედვით შეიძლებოდა. იგი ინვესტორთან ერთად ტრეიდერიც უნდა გამხდარიყო. მალე მისი მეთოდებით კომუნალური მომსახურების კომპანია Southem  California Edison Co დაინტერესდა და 10 მილიონის ოდენობის ობლიგაციური აქტივები ჩააბარა. გროსმა საქმეს ხელი გულმოდგინედ მოკიდა და 1975-76 წლებში წლიურმა შემოსავალმა 18 პროცენტს მიაღწია. ამან მეორე კლიენტი, სატელეკომუნიკაციო კომპანია AT&T მოუტანა. 1977 წლისათვის Pიმცო-ს აქტივებმა 400 მილიონ დოლარს მიაღწია.

80-იანი წლების დასაწყისში, როცა ობლიგაციების ბაზარი ვარდნას განიცდიდა, გროსმა, კლიენტების აღშფოთების მიუხედავად, უფრო მაღალშემოსავლიანი ქაღალდებით ვაჭრობა დაიწყო. ისეთით როგორიც გახდა ფედერალური სააგენტო Ginnie Mae-ს სერთიფიკატები. ეს სარისკო საქმე იყო, მაგრამ გროსი თვლიდა, რომ ამ ქაღალდების კურსი მაშინვე მოიმატებდა, როგორც კი საპროცენტო განაკვეთს შეამცირებდნენ. ასეც მოხდა. 1987 წელს, როცა Pimco-ს აქტივებმა 20 მილიარდს მიაღწია, გროსმა თავისი მთავარი ფონდი Total Return Fund შექმნა.

გროსის საუკეთესო საინვესტიციო გადაწყვეტილებად 2000 წელს გრძელვადიანი სახაზინო ვალდებულებების ყიდვა იყო, სანამ სახელმწიფო დამატებითი სახსრებით მათ დაფარვას დაიწყებდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში გროსის ტრეიდერებმა 5 მილიარდის ღირებულების სახაზინო ვალდებულებები იყიდეს. საბოლოოდ, ამ საქმით ბილმა 200 მილიონის ოდენობის მოგება ნახა.

ბრძოლა და გამარჯვება

გროსის სამუშაო დღე ოფისში მისვლამდე კარგა ხნით ადრე იწყება. იგი ყოველ დილით ხუთის ნახევარზე დგება და მსოფლიოს ბაზრებზე არსებული სიტუაციის მონიტორინგს ანხორციელებს. გროსი თვლის, რომ წარმატებული მენეჯმენტისათვის მნიშვნელოვანია ხმაურის არარსებობა და ინფორმაციის მინიმუმდე დაყვანა. იგი ელექტრონული ფოსტით მიღებულ მხოლოდ აუცილებელ შეტყობინებებს კითხულობს, არ სარგებლობს მობილურით და თუ ცოლის ზარებს არ ჩავთვლით, ყურმილს დღეში სამჯერ თუ აიღებს.

ყოველდღიურად გროსი გამაჯანსაღებელ კლუბს სტუმრობს, სადაც იოგაში ვარჯიშობს. იგი თვლის, რომ საუკეთესო იდეები სწორედ თავდაყირა მდგომს მოსდის ხოლმე. საერთოდ, ბილს უყვარს ბრძოლა და გამარჯვება, 2003 წელს მან ექვს დღეში ექვსი მარათონი გაირბინა.

იგი თავის ბიზნესში სულ უფრო და უფრო რთულ მეთოდებს ნერგავს, ფინანსურ სამყაროს გამუდმებით რისკიანობით და თავისუფალი აზროვნებით აოცებს. გროსის ფონდის წლიური ზრდა, საშუალოდ, 8,3 პროცენტს შეადგენს. 1996 წელს მენეჯერთა შორის პირველი ფინანსურ ანალიტიკოსთა დიდების დარბაზში შეიყვანეს. ორჯერ, 1998 და 2000 წლებში გროსს „წლის მენეჯერის“ ტიტული მიანიჭეს, 2001 წელს კი ექსპერტებმა იგი 30 ყველაზე გავლენიან ინვესტორთა შორის დაასახელეს.

გროსი ორი წიგნის ავტორი გახლავთ. 1997 წელს გამოვიდა „ყველაფერი, რაც ინვესტიციების შესახებ გაგიგიათ, ტყუილია“, ერთი წლის შემდეგ კი „ბილ გროსი ინვესტირების შესახებ“. გარდა ამისა, მას დაწერილი აქვს უამრავი სტატია და ნაშრომი. გროსის თქმით, თავისი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.