„უშიშროების საბჭოს მიერ თანხების ხარჯვაზე უკვე გამოძიება ისაუბრებს“

„უშიშროების საბჭოს მიერ თანხების ხარჯვაზე უკვე გამოძიება ისაუბრებს“

საქართველოს პრეზიდენტმა უშიშრობის საბჭოს მდივნად, ირინა იმერლიშვილის დანიშვნას ხელი უკვე მოაწერა. უშიშროების საბჭოს მდივანს მომავალი მოადგილეები ჯერჯერობით შერჩეული არ ჰყავს. რაც შეეხება საკდრო ცვლილებას, როგორც იმერლიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მხოლოდ პროფესიონალური ნიშნით მიუდგება ამ საკითხს.

უსაფრთხოების კუთხით, ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვეების წინაშე დგას, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, როგორ ფიქრობთ, რამდენად რთული უწყების ჩაბარება მოგიწიათ?

ირინა იმერლიშვილი: ნამდვილად რთულია. მითუმეტეს ამ პერიოდში, როდესაც ამდენი გამოწვევები და საფრთხეები აქვს ქვეყანას, თუნდაც თავისი მეზობლების მხრიდან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლება შეძლებს ამ ურთიერთობების დალაგებას, შეძლებს არ წამოეგოს პროვოკაცაიზე და უფრო მეტად დაათბოს ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან და არა თავისი ტერიტორიების ხარჯზე.

რა გეგმებით მიდიხართ უშიშროების საბჭოში? როგორც ცნობილია ცვლილებები შედის უშშროების საბჭოს შესახებ კანონში, ანუ საუბარია მთავრობასა და უშიშროების საბჭოს შორის ფუნქციების გადანაწილებაზე...

- თვისობრივად ახალი პრეზიდენტი ჰყავს ქვეყანას და ასევე, თვისობრივად ახალი უშიშროების საბჭოც ეყოლება. იცით, რომ სულ სხვა ფუნქციები აქვს დღეს საქართველოს პრეზიდენს, ის უფრო დამბალანსებელი ფუნქციებით არის აღჭურვილი. თუმცა, კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და სამხედრო ძალების აღმშენებლობა, ეს არის უშიშროების საბჭოს პირდაპირი მიმართულება, ისევე როგორც საგარეო უსაფრთხოება და ნატოსთან ურთიერთობა.

რაც შეეხება ცვლილებას, აქ საუბარია ფუნქციების გადანაწილებაზე მთავრობასა და უშიშროების საბჭოს შორის. დიდი ალბათობით, მთავრობაში შეიქმნება კრიზისების მართვის ჯგუფი, რომელშიც გადანაწილდება ფუნქციები. ვინაიდან პრეზიდენტი აღარ გახლავთ მთავრობის მეთაური, ამიტომ ფუნქციები გადასანაწილებელი იქნება მთავრობასა და უშიშროების საბჭოს შორის, ამ კანონზეა საუბარი. პირველივე კვირას, როდესაც შეიკრიბება პარლამენტი და მიიღება ეს კანონი, შემდეგ უკვე შევასწორებთ სამსახურის დებულებებს.

უშიშროების საბჭოს ბიუჯეტი 1 800 000 ათასია, ამ ბიუჯეტით რამდენად რთული იქნება იმ ფუნქციების შესრულება, რომელიც უშიშროების საბჭოს განკარგულებაშია. წლების განმავლოვაში 26 მილიონზე მეტი იყო უშიშროების საბჭოს ბიუჯეტი, თუმცა როგორც ცნობილია, ეს თანხა, ძირითადად, ხმარდებოდა ლობისტური კომპანიებს...

- რამდენადაც გვეუბნებიან, ნამდვილად მათი მომსახურებისთვის იყო ეს თანხა გადახდილი. მე ეს დოკუმენტი არ მინახავს, მაგრამ უკვე, წელს 2013 წლის ბიუჯეტი როდესაც დამტკიცდა, მათ ისევ მოითხოვეს დამატებითი თანხა, თუმცა წელს უშიროების საბჭო მუშაობდა მილონ 800 ათასი ბიუჯეტით, ეს თანხა მიმართული იყო უშიშროების საბჭოს აპარატის ხელფასებზე. შესაბამისად, რა პარამეტრებიც ახლა არის შემოსული, უშიშროების საბჭოს მომავალი წლის ბიუჯეტშიც იგივე თანხაზეა საუბარი. ეს თანხა ძირითადად, მიმართული იქნება უშიშროების საბჭოს აპარატზე და მის მივლინებაზე.

დაინტერესდებით რაში იხარჯებოდა წლების განმავლობაში 26 მილიონი, მითუმეტს, რომ პროკურატურამ ამ საკითხის შესწავლა დაიწყო? თქვენ ერთხელ უკვე გაასაჯარვეთ პრეზიდენტის ფარული ხარჯები...

- მოგეხსებათ, რომ მე ვიყავი ავტორი „სპეციალური დაცვის სამსახურის“ შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილების, რომელიც მიიღო პარლამეტმა. იმხელა წინააღმდეგობა მოჰყვა ამ ცვლილებას პარლამენტში, რომ საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა და სწორედ, ამიტომ, მივმართე პროკურატურას, რომ გაესაჯაროვებინა ფარული ხარჯები. როდესაც ეს ინფორმაცია როგორც პარლამენტის წევრს მომაწოდეს, ამის შემდეგ ვისაუბრე დოკუმენტებით და არც ერთი სიტყვა არ მითქვამს დოკუმეტის გარეშე. ახლა თუ კი არსებობს ეჭვი და როგორც მე ვიცი არსებობს ეჭვი უშიშროების საბჭოს მიერ თანხების ხარჯვისა, ამაზე უკვე გამოძიება ისაუბრებს. მე არ მაქვს შესაბამისი კომპეტენცია, რომ გამოძიების მაგივრად გავაკეთო განცხადება.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ამ დრომდე მხოლოდ ერთი მოადგილე გადადგა ეს არის ბათუ ქუთელია, რომელიც სასწავლებლად გაემგზავრა აშშ-ში. თქვენი გუნდით მიდიხარ ამ უწყებაში თუ შეინარჩუნებთ ბოკერიას გუნდს?

- უშიშროების საბჭოს მდივანს სულ 4 მოადგილე ჰყავს და როგორც ვიცი, ჯერ არ დაუწერიათ განცხადება. როგორც მათ განაცხადეს, როგორც კი გადმომაბარებენ საქმეს, ამის შემდეგ აპირებენ განცხადების დაწერას. მე ჯერ იქ არ მივსულვარ, ვნახავ რამდენი საშტატო განრიგია, რამდენი თანამშრომელია, ვინ რა პოზიციაზეა. ნამდვილად არ ვაპირებ ყველას ერთი ხელის მოსმით განთავისუფლებას, მხოლოდ პროფესიონალური ნიშნით მივუდგები ამ საკითხს. რამდენადაც ვიცი, იქ არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან სერიოზული გადამზადების კურსები აქვთ გავლილი აშშ-ში, ამიტომ, ეს ადამიანები ძალიან საჭირო იქნებიან ამ შემთხვევაშიც.

ბიძინა ივანიშვილმა უკვე გადაინაცვლა სამოქალაქო სექტორში, როგორ ფიქრობთ, სამოქალაქო სექტორიდან ექნება მას მთავრობაზე ზეგავლენა?

- მას რომ ნდომოდა გავლენის მოხდენა და კულუარებიდან ემართა ქვეყანა, არ წავიდოდა თანამდებობიდან. მას აქვს მოსახლეობის უაღრესად დიდი ნდობა და სურვილის შემთხვევაში, მას თავისუფლად შეეძლო ემართა ქვეყანა. როდესაც მოვიდა პოლიტიკაში, მაშინვე განაცხადა, რომ 2-3 წლის მერე წავიდოდა ხელისუფლებიდან, მან ეს პირობა შეასრულა, მას არ მოუტყუებია ქართველი ამომრჩეველი. მან გადაწყვიტა, რომ წასულიყო სამოქალაქო სექტორში. ვინაიდან, იქიდან უფრო მეტი საშუალება ექნება, რისი საშუალებაც არ აქვს სახელმწიფოს მეთაურს თუ საჯარო მოხელეს, შესაბამისად, ის იქიდან უფრო გააძლიერებს როგორც ამ სექტორს, ასევე ქვეყანას.

წინ გელოდებათ ვილნიუსის სამიტი და ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ლიტვის პრეზიდენტმა, რომლის განცხადებით, ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს შერჩევით სამართალზე...

- ხელშეკრულების პარაფირება ხდება, თუმცა შემდეგ ხელმოწერამდე კიდევ გვექნება ერთი წელი. ძალიან სასიხარულოა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ამ ხელშეკრულების პარაფირებით იწყებს თავის მოღვაწეობას. პირველივე გასვლა საერთაშორისო ასპარეზზე, მისი, როგორც საქართველოს წარმომადგენლის, არის ვილნიუსი, სადაც მოხდება პარაფირება. ჩვენ ვუახლოვდებით ევროპულ ოჯახს და ეს არის პირველი ნაბიჯი, დასაწყისი ევროპულ ოჯახში ჩვენი გაწევრიანებისა.