შეშის მომარაგების პრობლემამ ზამთრის პირზე თავი ერთბაშად იჩინა. განსაკუთრებით დიდი პრობლემებია დასავლეთ საქართველოში. თითქმის ყველგან მოსახლეობა ამ პრობლემაზე ჩივის, ზოგან კი საპროტეტო აქციაც გაიმართა.
გასხვისებული ტყეების გამო, ადგილობრივ მოსახლეობას ტყეკაფები მიუვალ ადგილებში გამოუყვეს, თანაც დროის ლიმიტი განუსაზღვრეს - შეშა 24 საათის განმავლობაში უნდა გამოიტანონ.
კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის (CENN) მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გამოსავალი რაჭველმა მეტყევეებმა მოძებნეს. ისინი საბუთს არა დამზადების, არამედ ტყიდან გამოტანის ადგილზე წერენ.
„სოფელი ძალიან ცუდ დღეშია, მოსახლეობის ნახევარს შეშა მოსატანი აქვს. ხეების დაბეჭდვა ძალიან გვიან, ოქტომბრის თვეში დაიწყო. სადაც დაიბეჭდა, გზა არ არის და ხარებით ძლივს გამოგვაქვს. ოთხი კაცი უნდა წავიდეთ და ოთხი დღე მაინც ვუნდებით შეშის დამზადებას. თუ არადა, 5 კბ/მ შეშა 700 ლარი გვიჯდება და ისიც არ გვყოფნის მთელი ზამთარი. მადლობელი ვართ მეტყევეების, რომლებიც გველოდებიან და ტყიდან რომ გამოვიტანთ, ბილეთს მერე გვიწერენ, თორემ 24 საათში შეშის გამოტანას ვერავინ შევძლებდით“, - ამბობს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის მკვიდრი ირაკლი გრძელიშვილი.
CENN-ის ინფორმაციით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ტყის ფონდის ტერიტორიაზე, დატვირთვამდე უნდა შეივსოს. მიუვალ ადგილებში დამზადებისა და დატვირთვის ადგილებს შორის კი მანძილი საკმაოდ დიდია. მოსახლეობას შეუძლია დამზადების ადგილიდან დატვირთვის ადგილამდე ხე-ტყის მისატანად ცოცხალი გამწევი ძალა გამოიყენოს.
„თუკი ბილეთი დამზადების ადგილზე შეივსება, კანონიერ ვადაში შეშის სახლში მიტანა შეიძლება მართლა გაძნელდეს. ასე რომ, ტყის შესასვლელთან მყოფი მეტყევეები მოსახლეობას არა მარტო კანონისა და მორალის, არამედ ლოგიკის ფარგლებშიც ეხმარებიან“, - აცხადებენ CENN-ში.
სამეგრელოში კი შეშის გამო უკვე საპროტესტო აქციებიც იმართება. ზამთარი, პრაქტიკულად, უკვე დაიწყო და სოფლის მოსახლეობის საკმაო ნაწილს სახლში სათბობი საშუალება არ მოეძევება. არადა, ტყიდან შეშის გამოტანა დღითი დღე რთულდება.
ახალი ტყეკაფების გამოყოფის მოთხოვნით მარტვილის რაიონის სოფელ კურზუს მოსახლეობამ აქცია გამართა. „ადრე არავინ კითხულობდა, სად იყო შეშა მოჭრილი. შეშის მოჭრას არც ხე-ტყის დამამზადებელი კომპანია „ჯორჯიან ფორესთი“ კრძალავდა, რომელიც კურზუსა და ტალერის ტყეებში ოცწლიანი ლიცენზიის მფლობელია. ახლა კი, შეშის დამზადებისა და ტრანსპორტირების წესები ერთბაშად აამოქმედეს. ეს, ფაქტობრივად, შეშის გამოტანის აკრძალვა და ზამთარში ხალხის სიცივეში დატოვებაა“, - აცხადებენ კურზუში.
„ჩვენთან ძალიან მკაცრი და ხანგრძლივი ზამთარი იცის, ბუნებრივია, მოსახლეობას ყველაზე მეტად შეშის გარეშე დარჩენის ეშინია. რამდენიმე დღის წინათ ტყეკაფამდე მისვლა რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტთან ერთად ვცადეთ. ეს არის 20-22 კილომეტრი სიგრძის ურთულესი და სახიფათო გზა, რომელზე გადაადგილებაც საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასადაც კი გიჯდება. ნიადაგის ზედა ფენები თითქმის მთელ სავალ გზაზე დაშლილი, ჩამორეცხილი, დაღარული და დახრამული“, - აცხადებს „ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის“ კოორდინატორი სამეგრელო-ზემო სვანეთში მაია კოდუა.
CENN-ის ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო დამზადებისა და ტრანსპორტირების ფაქტზე ნოემბრის დასაწყისში სოფელ კურზუს რამდენიმე მცხოვრები დააკავეს. დაჯარიმება 12 ნოემბერს კიდევ განმეორდა. თენგიზ ნაჭყებია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში მითითებული შეშის მოცულობის მანქანაზე დატვირთულ რაოდენობასთან შეუსაბამობაზე დააჯარიმეს: „მანქანაზე 6 კბ/მეტრიც არ მქონდა. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა კი მოცულობის დასადგენად ყველაზე გრძელი მორის ზომა გამოიყენეს“, - ამბობს თენგიზ ნაჭყებია.
პრობლემებია აბაშის რაიონშიც. როგორც „ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის“ სამეგრელოს საკოორდინაციო ჯგუფში აცხადებენ, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეშის მოტანისგან თავს იკავებს. ამის მიზეზი მიუვალ ადგილებში გამოყოფილი ტყეკაფები, გამკაცრებული კონტროლი და გახშირებული ჯარიმებია.
„შეშა, ჯერჯერობით, ძალიან ცოტა რაოდენობით გვაქვს დამზადებული. ხეებს ყანებსა და ეზოებში ვჭრით. ტყეკაფები სოფლიდან ძალიან შორს, 45-50 კილომეტრზეა და ისიც მიუვალ ადგილებში. იქიდან შეშის გამოზიდვა მხოლოდ ხარით და ურმით არის შესაძლებელი“, - აცხადებს სოფელ სუჯუნას მკვიდრი ზურაბ წულაია.
სოფელ გამოღმა კოდორში აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში ტყეკაფების გამოყოფა მხოლოდ ფორმალობა იყო. კანონიერად შეშის მოსაპოვებლად არავინ წავიდოდა და ვინმე რომც წასულიყო, შეიძლება ტყეკაფებამდე ვერ მიეღწია. სოფლის მკვიდრი ოლეგ ნაკაშიძე აღნიშნავს, რომ შარშან ტყეკაფი სერიაჩკონის ტყეში იყო გამოყოფილი, რომელიც სოფლიდან 60-70 კილომეტრითაა დაშორებული. ამ კუთხით მდგომარეობა არც წელს შეცვლილა.