„ამ მთავრობას 9 წელი არ ეყოფა გასარყვნელად“

„ამ მთავრობას 9 წელი არ ეყოფა გასარყვნელად“

მთავრობის ახალი ლიდერისა და ქვეყნის ხელმძღვანელის გეგმების ფართო პრეზენტაცია დასრულდა. ვიხილეთ შემტევი საპარლამენტო ოპოზიციაც და ვალში არდარჩენილი ახალი პრემიერ-მინისტრიც. ურთიერთჭიდილმა საქმიანი დებატების ადგილი ნაკლებად დატოვა, თუმცა რამდენიმე ძირითადი გზავნილი - როგორ და რა გზით აპირებს ქვეყნის მართვას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, მაინც გაისმა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ლოიალურობა ნაციონალთა მიმართ დასრულდა.

რა ძირითადი გზავნილები მიიღო საზოგადოებამ ახალი მთავრობისგან, რა მოლოდინები გაჩნდა ხალხში და რა შემთხვევაში იქნება საქართველოს ახალი ხელისუფლება წარმატებული? ამ თემებზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

ბატონო სოსო, მოკლედ რომ შევაფასოთ, მთლიანობაში ირაკლი ღარიბაშვილის საპარლამენტო პრეზენტაციამ როგორი შთაბეჭდილება დატოვა?

- შთაბეჭდილება რჩება, რომ ორდღიანი საპარლამენტო პროცედურა, გარკვეულწილად, შეჯიბრის ხასიათს ატარებდა და ეს შეჯიბრი ორი ტაიმისგან შედგებოდა. პირველი ტაიმი იყო საკმაოდ მძაფრი, ზოგჯერ წესების დარღვევითაც მიმდინარეობდა, მაგრამ ამ უთანასაწორო ბრძოლას - თავდამსხმელთა რაოდენობას ვგულისხმობ - წარმატებით გაუმკლავდა ბატონი ღარიბაშვილი. ამ კარგად მომზადებულ ჯგუფს, რომელსაც დიდი ხნით ადრე ჰქონდა დაანონსებული საკუთარი პოზიცია იმის თაობაზე, რომ ისინი არ აპირებენ ახალი მთავრობის მხარდაჭერას პარლამენტში, საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა - არაერთხელ შეახსენა წარსული და შედეგები სახელმწიფოს მართვის პროცესში გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე.

მეორე დღე ბევრად აკადემიური იყო, გაისმა კონკრეტული გზავნილები საზოგადოებისთვის. კითხვები იყო უფრო ჩამოყალიბებული, ემოციები ნაკლები, ინფორმაცია - მეტი. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად, ამ ორი ტაიმის განმავლობაში ფლობდა რა ინიციატივას, ბატონი ღარიბაშვილი, დარჩა გამარჯვებული არა მხოლოდ შედეგით, არამედ მოლოდინების ოპტიმისტურ ტალღაზე გადაწყობითაც.

რამდენიმე ძირითადი თემა იყო, რასაც პარლამენტში გამოსვლისას შეეხო ღარიბაშვილი, რომელიც ასევე სამთავრობო პროგრამაშიც არის ხაზგასმული, ეს არის მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღება და მის მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენა. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა ახსენა რამდენიმე კონკრეტული საქმეც... შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რაკი პროკურატურაში საკადრო ცვლილებებიც დაიწყო, სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომელსაც ჯერ კიდევ ელის საზოგადოება, მართლაც დაიწყება?

- ვშიშობ, რომ ამ შემთხვევაშიც მოლოდინი გადააჭარბებს რეალურ შესაძლებლობებს, თუ ასე დავინახავთ ღარიბაშვილის მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს. რასაკვირველია, მართლმსაჯულებას სჭირდება ხარისხობრივი ზრდის მოდელის მონახვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის 10-ათასამდე საჩივარი დაიძვრება გამოძიების მიმართულებით.

ჩვენ მართლაც ძალიან დაბალი ნდობა გვაქვს მთლიანად ამ სისტემის მიმართ, ცალკეული ადამიანები ნამდვილად სახელს უტეხდნენ პროკურატურასაც და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. სამწუხაროა, რომ მიუხედავად დიდი რაოდენობის მოხელეთა გამოცდისა, განსაკუთრებით პოლიციის შემადგენლობაში, სამინისტროში მაინც რჩებიან ადამიანები, რომლებიც არად დაგიდევენ ყალბი დოკუმენტის შექმნას და მერე მასზე კიდევ ექსპერტიზის მოთხოვნას.

ვფიქრობ, არ არის ადგილი დღევანდელ შს სამინისტროში ადამიანისთვის, რომელმაც საკუთარი ხელით შექმნა დოსიე ე.წ. ენვერის საქმესთან დაკავშირებით. არ არის ადგილი არც თუ ცოტა რაოდენობის პროკურორისთვის, რომლებიც სინდისის და პროფესიის საწინააღმდეგოდ ბრალს სდებდნენ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს და დღემდე გატრუნულნი არიან. უფრო მეტიც, ისინი ზემოქმედებენ სასამართლოზე, არ იძლევიან სასამართლო პროცესების ჩანიშვნის უფლებას, სადაც არსებობს საშუალება, რომ ბოლომდე გაარკვიონ ჭეშმარიტება.

ამიტომ, ჯერ შინაური პრობლემები უნდა მოაგვაროს ქართულმა მართლმსაჯულებამ, რომ სანდო გახდეს, რათა იმ საქმეების განხილვა მივანდოთ, რომლებიც კარგა ხანია, თაროზე შემოდეს. ამ საქმეების გამოძიების დასრულებას სამართლიანი შედეგით, ელოდება ჩვენი მოსახლეობის არც თუ მცირე ანგარიშგასაწევი ნაწილი. ერთი უკანონოდ გაუბედურებული ოჯახის ისტორიაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ გვქონდეს პრეტენზია ქართულ მართლმსაჯულებასთან.

საზოგადოებაში ასევე აქტუალურია ყოფილი სახელმწიფო ჩინოვნიკების მიერ ჩადენილი დანაშაულების თემა. ამ შემთხვევაში როგორი მოლოდინი უნდა გვქონდეს? დასავლეთის მკვეთრ განცხადებებს მოერიდება ღარიბაშვილი, ივანიშვილის მსგავსად, რომელმაც რამდენჯერმე აღნიშნა კიდეც - ჩვენ კი გვინდოდა, მაგრამ დასავლეთმა უარი გვითხრაო - ამ შემთხვევაში რა გზას აირჩევს ღარიბაშვილი?

- მე მგონი, საქართველომ აირჩია თავისი გზა, როდესაც ბატონი ღარიბაშვილი მიიღო, როგორც ქვეყანაში ყველაზე მეტი უფლებამოსილებით შემკული პირი. პირი, რომელსაც არანაირი პირადი ვალდებულებები არ გააჩნია რომელიმე საზღვარგარეთელი მოკეთის მიმართ. რომელიმე პოლიტიკური ძალის ფავორიტი უცხოური პოლიტიკური წრეებიდან ის არ ყოფილა და ამდენად, მისი ვალდებულებები საქართველოს მოსახლეობის მიმართ ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მისი რომელიმე წინამორბედის.

ამდენად, უნდა ველოდოთ, რომ ასეთი მცდელობა იქნება. ვფიქრობ, სწორი თემაა მიგნებული - დასავლეთში ფინანსურ დარღვევებს ყველა კარგად აცნობიერებს. ვინმემ ვინმეს სილა გააწნა, წაართვა თუ არა რაიმე ქონება, ან უკანონოდ მოათავსა თუ არა ადამიანი ციხეში, ეს მუდმივი მსჯელობის საგანია და ყველა საკუთარი გადმოსახედიდან ამტკიცებს თავის სიმართლეს.

მაგრამ, ფინანსურ მაქინაციებში ყველა კარგად ერკვევა და დასავლეთსაც დიდი გამოცდილება აქვს, რომ კაცისმკვლელებს ხშირად, მხოლოდ, ფინანსური ბრალდების საფუძველზე აპატიმრებდნენ - მიუხედავად იმისა, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ეს ადამიანები მკვლელები იყვნენ, ამისი დასაბუთება ყოველთვის ჭირდა...

თუ კეზერაშვილის საქმეს გავიხსენებთ, რომელიც ევროპაში დააპატიმრეს, ეს იქნება პრეცედენტი იმისათვის, რომ დასავლეთი დიდი უნდობლობით არ იყოს განწყობილი თუკი ფინანსურ მაქინაციებში ჩართული აღმოჩნდებიან სააკაშვილის სხვა ჩინოვნიკებიც?

- ეს დიდად იქნება დამოკიდებული თავად კეზერაშვილის მეხსიერების უნარზე. თუ ის აღმოჩნდა გულმავიწყი, მაშინ ჭეშმარიტების ძიებისკენ მიმავალი გზა გაგრძელდება, ხოლო თუ მან მოიხმო მეხსიერება და ცოტა სინდისიც, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მაშინ უფრო მკაფიო და დამაჯერებელი იქნება ყველა ფაქტი, რომელიც მარტივად გადამოწმდება.

რაც შეეხება ეკონომიკას, რომელიც დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ახალი მთავრობის წარდგენისას თუ გაგიჩნდათ განცდა, რომ მათ მართლაც აქვთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების რეალური ხედვა?

- ჯერ ერთი, სრულიად მკაფიოდ უნდა ვეცადოთ, რომ საბოლოოდ დაესვას წერტილი ორხელისუფლებიანობას. მთავარი მოქმედი პირი ამ მუდმივად მავნებელი მოვლენისა, რასაც ჰქვია ორხელისუფლებიანობა, გაქრა პოლიტიკური მოედნიდან და მისი აქტივისტები, რომელთა დიდი ნაწილი უკვე პარლამენტარების სტატუსით არიან შემოსილნი. რასაკვირველია, შეეცდებიან, გარკვეული გავლენა შეინარჩუნონ ადგილობრივი მმართველობის სხვადასხვა დონეზე, გარკვეულ ბიზნესწრეებზეც და ეს უნდა იყოს აღკვეთილი ძალიან მალე.

სხვა მხრივ, ჩვენ ვიქნებით კიდევ უფრო უარესი, არა გაცხადებული, არამედ ფარული კოაბიტაციის პროცესში, რომელიც უფრო მავნებელი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე გასული წლის ყბადაღებული კოაბიტაციის პერიოდი.

გარკვეულ ბიზნესმოძრაობებზე არის საუბრები, ითქვა, რომ ბიზნესების გადაბარებები ხდება ფარულად და .. თუმცა წილების წართმევის შესახებ ჯერ არ გვსმენია. თქვენ რა ტენდენციას ხედავთ?

- ვერ გეტყვით, რომ რაიმე გამოცდილება მაქვს ბიზნესურთიერთობებში, ეს სატრაბახო არ არის, რეალობაა - მაგრამ ჩანაცვლება - შეიძლება, თეორიული საფუძველი ამ ტერმინის გამოყენებისა, გახდეს ის, რომ ელიტური კორუფცია აღარ არსებობს, მაგრამ ფასები არ გაიაფებულა იმ კომპონენტებზე, რომლის ირგვლივაც მუდმივად ისმოდა ბობოქრობა ამ ელიტური კორუფციის შესახებ საუბრისას.

არ გვაქვს მონაცემები, რამდენ სუბიექტს შემოჰქონდა ნავთობპროდუქტები 2011-2012 წლებში, გაიზარდა თუ არა, ან რა დაემართა ამ ციფრს 2013 წლის განმავლობაში, ანუ რაიმე ძვრა მოხდა თუ არა ანტიმონოპოლიური ქმედებების მიმართ. თუმცა, ფასები პოზიტიური დასკვნის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს. უფრო მეტიც, კიდევ ჩნდება კითხვა, რატომ გაიარა 2013-მა წელმა ისე, რომ პარლამენტმა ვერ მოასწრო დიდი ხნის წინ მომზადებული ანტიმონოპოლიური კანონის ძალაში შეყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე გაკეთილშობილებული სათაურით იარსებებს და ძირითადად კონკურენციის დაცვის თემებს შეეხება (შინაარსი ერთი და იგივეა). ფაქტია, რომ მზადყოფნაში შენახული დოკუმენტი, დიდი ალბათობით, მხოლოდ მომავალ წელს შეიძლება მოხვდეს პარლამენტის ყურადღების სფეროში.

რამდენადაც ცნობილია, კანონპროექტი პარლამენტშია, თუმცა არსებობს სადავო საკითხები - ითქვა, რომ კოაბიტაციის პერიოდსაც მოერიდნენ. როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა მოქმედების მეტი თავისუფლება ამ მიმართულებით?

- წესით, უნდა იყოს ასეთი თავისუფლების მეტი პოტენციალი. თუ ეს არ მოხდა, მაშინ სახელებს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა თანამდებობაზე მუშაობს. ამას ჰქვია პოლიტიკური ნება, რომელიც ან არსებობს, ან არ არასებობს.

როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პოლიტიკაში შემოსვლის გადაწყვეტილება, მისი მიზანი მხოლოდ მიშას და მისი პოლიტიკური გუნდის გაცილება არ იქნებოდა, მათთან ერთად ის მანკიერებებიც უნდა მოისპოს, რაც მათ მმართველობას ახლდა. თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების ცვლას მხოლოდ გვარების ჩანაცვლებად აფასებს...

- ივანიშვილი ნამდვილად არ შემოფარგლულა ერთი გვარის ხალხის მეორე გვარით შეცვლით - გვარი ამ ადამიანების ყველაზე უმნიშვნელო მახასიათებელი შეიძლება იყოს. ზურაბ ადეიშვილს და თეა წულუკიანს გვარები კი არ განასხვავებს ერთმანეთისგან, არამედ ცხოვრების წესი, ფასეულობათა მთელი სისტემა - სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებული განსხვავება განასხვავებს. სხვა გვარებსაც რომ ჩამოვყვე, იგივე შედარებების გაკეთება მომიწევს...

თქვენი შეფასებით, დღეს საზოგადოებას აქვს ბერკეტები, ხელისუფლება ელიტური თუ ჩვეულებრივი კორუფციისკენ გადახრის შემთხვევაში დროულად გამოაფხიზლოს და არ დაუშვას, განმეორდეს ის, რაც უკვე გავიარეთ?

- სამოქალაქო საზოგადოებას გარკვეული ოპოტიმიზმის საფუძველი იმ მხრივაც შეიძლება ჰქონდეს, რომ ახლა მათი გადასახედიდან დააკვირდება სიტუაციას ბატონი ივანიშვილი - არ იქნება მისთვის მარტივი, რომ საკუთარი რჩეულებისგან შემდგარი გუნდი აკრიტიკოს, მაშინ, როდესაც მას შეეძლო შენიშვნების მიცემა და მათი გამოსწორების მცდელობის ბერკეტებიც გააჩნდა. მაგრამ, ამ სირთულეს, დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი დაძლევს, რადგან ობიექტურობა მისი მისწრაფება გახლავთ.

ამასთანავე სამოქალაქო საზოგადოება კიდევ უფრო მეტი ყურადღებით უნდა იყოს ჩაკირკიტებული ყველა იმ საფრთხის მიმართ, რომელიც ახასიათებდა წინა წლებში სავაჭო-ეკონომიკურ-ფინანსურ სფეროს. რასაკვირველია, თქმა იმისა, რომ ყველას გაუქრა უკანონო შემოსავლების მადა, არ იქნება მართებული. მხოლოდ საზოგადოება, თავისი აქტიურობით შეძლებს არა მხოლოდ გამოვლენასა და შერცხვენას ვინმესას, არამედ საკუთარი ფასეულობების ამაღლების და მათი დამკვიდრების შანსიც უჩნდება. მისი ვალია, რომ უკანონო ქმედება სირცხვილად ითვლებოდეს ქვეყანაში, რომ უკანონო შემოსავლების ხარჯზე გამდიდრებული და გალაღებული დაცინვის ღირსი იყოს და არა მიბაძვისა.

თუ ასეთი მენტალური ცვლილებები არ დაიწყო ქვეყანაში, გაჭირდება იმ პოლიტიკური ნების გამომჟღავნება პოლიტიკოსების მხრიდან და უფრო მეტი საფრთხე შეიქმნება იმ არამზადათაგან, რომელთაც ცხოვრების წესად აქვთ სხვის ჯიბეში ხელის ფათური.

სამოქალაქო საზოგადოების ვალია, მისი მოდარაჯის ფუნქცია გახადოს უფრო აქტიური. ჩვენ უკვე არაერთხელ გავიარეთ პროცედურები, რომ ახლადარჩეულ პრეზიდენტთან თუ პრემიერთან „მოდი დავაცადოს“ რეჟიმით ვიწყებთ ურთიერთობას, მერე ეს რეჟიმი თავად იხანგრძლივებს საკუთარ თავს და შემდეგ უკვე თავისთავად მივდივართ ნაკლებად მიმზიდველ შედეგებამდე.

ამას თავადაც გრძნობენ დღევანდელი უმაღლესი ეშელონის პირები, რადგან მათი უმრავლესობა ან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წიაღში ყალიბდებოდა პოლიტიკოსად, ან აქტიურ საზოგადოებრივ სექტორში. ამიტომ, ამისი გაუცნობიერებლობა არც მათი მხრიდან მოხდება.

ამიტომ, ვფიქრობ, უფრო მარტივი იქნება, რომ ადრეულ ასაკში გამოითქვას ხმამაღალი პროტესტი საზოგადოების მხრიდან და ამავე დროს, გაფრთხილება უმაღლესი თანამდებობის პირებისა, იმის თაობაზე, რომ ფავორიტობა ამა თუ იმ პირის, ვნებს როგორც ფავორიტს, ასე მის შემქმნელსაც.

ანუ, რაც არ უნდა ცუდი სცენარი წარმოვიდგინოთ, ეს ხელისუფლებავერ მივანაცმოძრაობამდე?

- ყოველ შემთხვევაში, 9 წელი გარყვნისთვის ამ შემადგენლობას არ ეყოფა და ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ მხოლოდ იმ პირობებში, თუ მთელი საზოგადოება იქნება აღტაცებული და ყველა ჩაერთვება კორუფციაში, ერთმანეთის გაუტანლობაში და დავბრუნდებით ათეულობით წლების უკან, სადაც ადამიანი ადამიანის მიმართ, მგლად ჩამოყალიბდა, სოციალიზმის პირობებშიც კი.

ეკონომიკასთან ერთად ინვესტიციები არის დღეს ქვეყნის სუსტი წერტილი, თუმცა როგორც ღარიბაშვილი ამბობს, როდესაც ქვეყანაში მთავარი ოპოზიციონერი პრეზიდენტია, როგორ შეიძლება დაარწმუნო ინვესტორი, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა. დღეს არის სტაბილურობის განცდა? რამ უნდა მოიზიდოს ინვესტორი საქართველოში?

- ამ გამონათქვამს, მოდით დავარქვათ ღარიბაშვილის ფორმულა, რადგან სრულიად ღრმა და ყოვლისმომცველი შინაარსი აქვს ამ ფრაზას. პირველი ოპოზიციონერი კიდევ „კომპლიმენტი“ იქნებოდა სააკაშვილისთვის, რადგან ის მთავარი მავნებელი იყო ქვეყნის განვითარების კუთხით, მთელი 2013 წლის მანძილზე - ნებისმიერი გამონათქვამი პრემიერ-მინისტრისა, ნახევარ საათში ყველა ევროპარლამენტარს საკუთარ კომპიუტერში შეეძლო მოეძიებინა, თანაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ნათარგმნი და კომენტირებული.

დისკრედიტაციის ბევრი მცდელობა წარმატებით დამთავრდა და დღესაც ბევრ ჩვენს მეგობარს დასავლეთში მიაჩნია, რომ მათ მიერ აღიარებული ფავორიტი, განუმეორებელი დემოკრატი, შემოქმედი, პატიოსნების სიმბოლო სააკაშვილი უსამართლოდ არის გაკიცხული საქართვლოს მოსახლეობის მხრიდან.

ეს არის, ვფიქრობ, უპირველესად ქართული დიპლომატიის მარცხი და არასაკმარისი ძალისხმევა იმავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების. ერთია, უდარაჯო შენს მთავრობას, მაგრამ როდესაც მას სჭირდება საზოგადოებრივი ადვოკატირება, ეს ფუნქციაც სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა შეასრულოს. თუ იგი ხვდება, რომ მისი ხელისუფლების წინააღმდეგ ორგანიზებულ საბოტაჟს, უსაფუძვლო ცილისწამებებსა და პოლიტიკურ დემარშებს აქვს ადგილი, რათა არ შედგეს ის, რისკენაც ისწრაფვის მთელი საზოგადოება, ამაზე რეგირება უნდა მოახდინოს.

კვლავ ეკონომიკას რომ დავუბრუნდეთ, რადგან ამ ეტაპის მთავარი პრობლემაა - ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ერთწლიანი საკმაოდ რთული კოაბიტაციის გამო მოხდა შეფერხება და მისი სწრაფად დაძლევის მექანიზმები არსებობს. უნდა ვენდოთ ამ შემთხვევაში მის ოპტიმიზმს?

- რამდენად ადვილია რეალიზება ამ ჭეშმარიტების, მომავალი გვიჩვენებს. საზოგადოება იყოფა ოპტიმისტებად და პესიმისტებად, ძალიან კარგი, რომ ღარიბაშვილი ოპტიმისტების ჯგუფს განეკუთვნება. ცხოვრება განვითარებადი პროცესია. უკუსვლაზე საუბარი არ არის, უნდა დავაკვირდეთ რომ არ მოხდეს იზოლირება ხელისუფლებისა საზოგადოებისგან, რადგან შესაძლოა, გარკვეულ პერიოდში გამოცდილების დეფიციტი შეინიშნებოდეს ახალგაზრდა მმართველთა წრეში. ეს შესაძლოა, ბუნებრივ პროცესად იქნეს აღქმული, მაგრამ ეს მოითხოვს, ასევე ხელის გაწვდენას, გარკვეულ დახმარებებს, რჩევებს და არა „ნოტაციებს“ განზე გამდგარი პოზიციიდან.