კულტურის სამინისტრო „ისტორიული“ გადაწყვეტილებებით გვანებივრებს. ისინი მკვეთრ წინააღმდეგობრივ პოზიციას ვერ გამოხატავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიმართ, რომელიც „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლში ცვლილებებს ითვალისწინებს.
ეს მაშინ, როცა დარგის სპეციალისტები და იურისტები უკვე ღიად საუბრობენ, რომ ბუნდოვანი კანონპროექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს საშიშროებას შეუქმნის.
ამ კანონპროექტის მიხედვით, „განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას“ ისტორიული ძეგლებისთვის სტატუსის მოხსნა იგეგმება, რაც უპრეცედენტო გადაწევეტილებაა და ძეგლის მიმართ ვანდალობის წახალისებას ემსახურება.
ნაციონალების დროს შეჩვეულნი ვიყავით, რომ ისტორიული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს არად დაგიდევდნენ და სტატუსით, თუ მის გარეშე ძეგლებს ანგრევდნენ და ამახინჯებდნენ.
ამჯერად კი, ამ დანაშაულს შეიძლება, კანონის სახე მიეცეს და კანონიერებით შეინიღბოს. კანონპროექტი ცნობს გამონაკლისსაც - ეროვნული და მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლებზე მსგავსი გადაწყვეტილება არ მოქმედებს.
„კულტურული მეკვიდრეობის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის სტატუსის ჩამორთმევა შესაძლებელია, თუ ძეგლი იმდენად დაზიანდა, რომ მან კულტურული მნიშვნელობა დაკარგა.
გურამ ოდიშარია აცხადებს, რომ სახელმწიფომ ოქროს შუალედი უნდა იპოვოს, რომ არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და არც ეკონომიკა არ დაზარალდეს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოცაიციის თავმჯდომარეს, კახა კოჟორიძეს კულტურის მინისტრის ამგვარი სიმშვიდე უსაფუძვლოდ მიაჩნია. მისთვის გაუგებარია, რას გულისხმობს „განსაკუთრებული შემთხვევები“ და „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობა.“ მისი განმარტებით, ამგვარი ბუნდოვანება კულტურული ძეგლისთვის სტატუსის ჩამორთმევის ინიციატორ უწყებას უფლებას უტოვებს, საკმარისად არ დაასაბუთოს ამგვარი აუცილებლობა და სურვილისამებრ, ძეგლს სტატუსი მოუხსნას.
„ტფილისის ჰამქრის“ წევრი ალეკო ელისაშვილი ამ ყველაფრის მიღმა „სააკაშვილისა და უგულავას ბარაბაროსული სულისკვეთების გაგრძელებას“ ხედავს, რასაც ახალი კულტურის სამინისტრო ახორციელებს. მისთვის სამარცხვინოა კულტურის მინისტრის პოზიცია, რადგან არანაირ ოქროს შუალედზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი. ჟურნალისტი ფიქრობს, რომ კანონპროექტის მიღების მოტივი მიხეილის საავადმყოფოს შენობის გასხვისების სურვილია და ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევა ინვესტორს სურს. (საუბარია „მიხეილის საავადმყოფოს“ კომპლექსში შემავალი ძეგლის სტატუსის მქონე სამ შენობაზე).
ამასთან, ალეკო ელისაშვილი პარლამენტარებს მიმართავს, არ დაანგრიონ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს.
„კულტურული მემკვიდრეობის კანონში“ ცვლილებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს „ICOMOS-საქართველო“. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, მხარი არ დაუჭირონ წარმოდგენილ რედაქციას. ამასთან, უზრუნველყონ კანონპროექტის ფართო განხილვა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა.
„SOS! კულტურულ მემკვიდრეობის დაცვა უქმდება! აღნიშნული ცვლილება წინააღმდეგობაში მოდის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო პრინციპებთან, საქართველოს კონსტიტუციასთან (მუხლი 34.2) და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მომავალს. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას წინ უძღოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნა კულტურის სამინისტროს მიმართ, ძეგლის სტატუსი მოეხსნა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ორი შენობისათვის, მათ ადგილზე „ახალი ფუნქციის მქონე ნაგებობების აშენების მიზნით“, - ნათქვამია „ICOMOS-საქართველო“-ს განცხადებაში.
მათი თქმით, აღმაშფოთებელია, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იხსნის პასუხისმგებლობას, დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ძნელად თუ აანალიზებს, ამან რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. მით უფრო, რომ მსოფლიოში არ არსებობს ამგვარი ნორმის ანალოგი და ძეგლის სტატუსის მოხსნა მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებისა და მრავალწლიანი განხილვის ფონზე ხდება.
არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, მცხეთის ქალაქ-მუზეუმის ყოფილი დირექტორი თემურ ბიბილური For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს არის ძეგლების გაწირვა, რაც ბიძგს მისცემს მავანს, რომ ძეგლს ძეგლის სახე აღარ ჰქონდეს, ანუ დააზიანოს ძეგლი. ამის შემდეგ ძეგლს მოეხსნება სტატუსი, რადგან ამავე რედაქციაში არ წერია, რამ შეიძლება გამოიწვიოს ძეგლის სახეცვლილება იმდენად, რომ მას ძეგლის სახე აღარ ჰქონდეს.
„ამ რედაქციის მიხედვით, ძეგლის დაცულობის პრევენცია აღარ ჩანს. ეს არა მარტო ბუნდოვანი, არამედ მავნებლური კანონპროექტია. ძეგლის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს ვანდალიზმმა, თუ არ ჩავთვლით ბუნებრივ კატაკლიზმებს ან საომარ მოქმედებას. თუმცა მარტო „მიხაილის საავადმყოფოს“ გაყიდვის გამო ამ კანონპრექტს არ შეცვლიდნენ. ერთ კონკრეტულ ძეგლს არ მიაბამდნენ ამ საკითხს. მაგალითად, ნაციონალებმა ჩემი ყოფილი მცხეთის მუზეუმი ისე გააუქმეს და შენობა ისე გაყიდეს, ხმა არავის ამოუღია. ყოფილ ხელისუფლებას კანონი არ სჭირდებოდა, გასდიოდათ და აკეთებდნენ. ამათ კი სურთ, უფრო ცივილური სახე მისცენ ამ ყველაფერს და ლამაზად შეფუთონ - ხომ ხედავთ, კანონი გვეუბნება, კანონი გავალდებულებსო. ჩემთვის ყველა ნაძირალაა - ცივილურიც და ბარბაროსიც. რა კუთხით დაანგრევს ძეგლს, ამას შეფუთავენ საკანონმდებლო აქტით თუ კანონდარღვევით, რა მნიშვნელობა აქვს? ნაციონალები არ მალავდნენ მაინც, რომ ანგრევდნენ“, - აღნიშნა თემურ ბიბილურმა.
მას ეჭვი გაუჩნდა, რომ ამ კანონპროექტს საყდრისის საბადოს, ხუდონის მიმდებარედ არსებულ ძეგლებთან მიმართებით ამზადებენ, გარდა ამისა, გაუგებარია ხევის პრობლემატიკაც და სტეფანწმინდის მიდამოებში არსებული პატარ-პატარა ძეგლები, რომლებიც დაიკარგება. მისი თქმით, კულტურის სამინისტრომ ამ თემის შემოგდება რომ გაბედა, გამოდის, რომ ჩვენ არ გვთვლიან საზოგადოებად. უფრო მეტიც, ასეთი პრეცედენტი არ არსებობს უცხოეთში. შესაძლოა, ეგვიპტეში ოდესღაც სხვა ადგილას გადაიტანეს რომელიღაც ძეგლი, როცა ასუანის კაშხალი შენდებოდა, მაგრამ მისთვის ძეგლის სტატუსი არავის მოუხსნია. ძეგლის გადატანა ერთია, მაგრამ სტატუსის მოხსნა თავში არავის მოსვლია.
თემურ ბიბილურის აზრით, ხელოვანმა საზოგადოებამ კონიუნქტურას თავი უნდა დაანებოს, თბილ ადგილების მოძიებაზე ხელი აიღოს და ამ კანონპროექტის გასაპროტესტებლად ქუჩაში გავიდეს.
„ათეულ ათასობით ძეგლია საქართველოში და შესაძლოა, მათ დიდ ნაწილს საფრთხე დაემუქროს - ურბანულ დასახლებებში მდებარე ხუროთმოძღვულ სეგმენტს თუ ქალაქგარეთ სადმე სოფელის მიღმა ტყეში არსებულ ძეგლებს. თუ ხელთქმნილ ძეგლებს მიადგებიან, შემდეგ ბუნების ძეგლებსაც არად დაგიდევენ. ტვინნაღრძობნი არიან, ამიტომ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს. რა თქმა უნდა, ქართული კულტურის ძეგლები უფრო მტკივა, მაგრამ ეს ერთი მთლიანი კრიალოსანია. ჩემთვის ასევე მტკივნეულია თალიბების მიერ აფეთებული ბუდას ძეგლები, ან ერაყში დანგრეული ძეგლები. ამიტომ, ეს ჯაჭვური რეაქციით რუსეთშიც გადავა, უკრაინაშიც და დაიწყება ძეგლთა ხელყოფა. კულტურის მინისტრის კომენტარმა კი, თურმე ამ საკითხში ოქროს შუალედია მოსაძებნი, შემზარა“, - აღნიშნა თემურ ბიბილურმა.
„თბილისის ჰამქრის“ გამგეობის წევრი ცირა ელისაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა უკანონოა, როგორც კანონის ფარგლებში მოქცევის შემთხვევაში, ისე კანონის მიღმა ქმედების დროს. არ შეიძლება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სტატუსი მოეხსნას, რაც თავის დროზე კონკრეტული კვლევის (ისტორიული, არქიტექტურული, მხატვრული, საინჟინრო ღირებულების) საფუძველზე მიენიჭა. ეს სტატუსები ძეგლებს ტყუილ-უბრალოდ არ ენიჭებოდა და ძეგლთა ნუსხამ წლები გამოიარა.
ცირა ელისაშვილი იხსენებს, რომ წინა მთავრობის დროს „იმელის“, „ზარია ვოსტოკას“ შენობებს სრულიად უკანონოდ მოუხსნეს სტატუსი. იმ დროს სტატუსის მოხსნის შესაძლებლობა კანონში არ იდო და ძეგლები, ასე თუ ისე, დაცული იყო. თუმცა ახლა იგივე დამოკიდებულება გრძელდება, ოღონდ ე.წ. კანონის ფარგლებში.
„ეს კანონი პირდაპირ ეხება ურბანულ ძეგლებს და არ შეეხება ეროვნული მნიშვნელობის და იუნესკოში შესულ ძეგლებს. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლები საქართველოში არის მხოლოდ ეკლესია-მონასტრები, ამდენად, მათ სტატუსს ისედაც ვერ მოუხსნის სახელმწიფო, რადგან აქ შემოდის მეორე მონაწილე აქტორი - საპატრიარქო. რაც შეეხება იუნესკოს, მათ ძეგლებსაც ვერ მოუხსნიან სტატუსს, რადგან იუნესკოს სტატუსი საქართველოს მინიჭებული არ არის. ამიტომ რჩება ურბანული მნიშვნელობის ძეგლები ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში, რომელთაც არ აქვთ საკულტო მნიშვნელობა. ასეთია ოპერის თეატრი, ასევე, ჭონქაძის № 12 ანუ, უბრალოდ, საცხოვრებელი სახლი და სხვა“, - აცხადებს ცირა ელისაშვილი.
ამასთან, ეჭვობს, რომ მიხეილის საავადმყოფოს გამო მოხდა ამ პროექტის ინიცირება, რადგან ინვესტორს იქ სხვა შენობის ჩადგმა სურს და ამაში ხელს უშლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. თუმცა, ცირა ელისაშვილის აზრით, აღმაშენებლის გამზირზე სახელმწიფო ინტერესი არ შეიძლება იყოს, არც ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე არ შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს ინტერესი. სახელმწიფო ინტერესი მაშინ არის, როცა ძალზე ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა განახორციელონ და ამ პროექტის ტერიტორიაზე არის ძეგლი, რომლის გადატანაც შეიძლება გახდეს აუცილებელი.
„სახელმწიფო მნიშვნელობა ვერანაირად ვერ დაფიქსირდება თბილისის მასშტაბით თუ სხვა ქალაქის მასშტაბით. როგორც ჩანს, სახელმწიფო ეძებს მარტივ გამოსავალს, თუ როგორ მოიზიდოს ინვესტიცია იმის გამო, რომ ბიუჯეტის შევსება ვერ მოხერხდა. ნაცვლად იმისა, ეკონომიკურ გუნდს ინვესტიციები მოეზიდა, ყველაზე მარტივი გამოსავალი იპოვეს - ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა და მის ნაცვლად სხვა შენობის აშენება. ეს ოდიოზური ტიპის ცვლილება ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო კონვენციას. ამიტომ, მხოლოდ არქიტექტორებმა და ხელოვანებმა არ უნდა გამოხატონ პოზიცია. ეს მთელი ერის საქმეა. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ყოფნა-არყოფნის საკითხი“, - აცხადებს ცირა ელისაშვილი.
არასამთავრობოთა და ცალკეულ ექსპერტთა უკმაყოფილებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოეხმაურა და საჭიროდ მიიჩნია საზოგადოებისთვის განმარტებები გაეკეთებინა. გთავაზობთ განცხადების ტექსტს, რომელიც სამინისტრომ დღის ბოლოს გაავრცელა:
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სურს, გამოეხმაუროს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და საზოგადოებას მიაწოდოს დამატებითი განმარტებები აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების თაობაზე.
პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ კანონპროექტი არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ან დააკნინებს ქვეყანაში კულტურული მემკვიდროების დაცვის მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კანონის დღეს მოქმედი რედაქცია, რომლის თანახმადაც, ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ სათანადოდ შეისწავლოს ის წინაპირობები და კრიტერიუმები, რომლებიც დადგენილია ძეგლის სტატუსის მოსახსნელად.
კერძოდ, გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ კანონის მე-17 მუხლის იმ ნაწილზე, რომელიც სტატუსის მოხსნის საფუძვლად უთითებს მეცნიერული (მეთოდოლოგიური) კრიტერიუმებით იმ ძირითადი მახასიათებლების დაკარგვას, რომლის გამოც ობიექტს თავის დროზე მიენიჭა ძეგლის სტატუსი.
აღნიშნულთან მიმართებაში საინტერესოა, რომ წინა წლებში რიგ ობიექტებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება ხდებოდა კანონმდებლობით განსაზღვრული სამეცნიერო კრიტერიუმების უგულებელყოფით, მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან დაკავშირებული ისტორიული ან კულტურული ღირებულების შეფასების გვერდის ავლით.
აღნიშნული გარემოების ამსახველი ერთ–ერთი თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის ბრძანება, რომლითაც 4075 ობიექტს ერთდროულად მიენიჭა ძეგლის სტატუსი ყოველგვარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე, რაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. ბუნებრივია, მსგავსი სახის ფაქტები ბადებს კითხვებს აღნიშნული გადაწყვეტილებების ადეკვატურობასა და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ცალსახაა, რომ მითითებულ პერიოდში ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები გარკვეული კითხვის ნიშნების მატარებელია და აბსოლუტურად ბუნდოვანია მათი მიღების დასაბუთებულობა კანონით დადგენილი მეცნიერული კრიტერიუმების შეფასების კუთხით. ხოლო ამ ტიპის ობიექტებისთვის, რომლებსაც მათთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების დროს არ გააჩნდათ შესაბამისი დასაბუთებები და მახასიათებლები, სტატუსის მოხსნის საკითხი ბუნებრივად ხდება პრობლემური, რადგან კანონით გათვალისწინებული საბჭო, რომლის დასკვნაც არის სავალდებული ძეგლის სტატუსის მოხსნაზე გადაწყვეტილების მისაღებად, რეალურად ვერ ახდენს იმ გარემოებებისა და საფუძვლების გადამოწმება/შედარებას, რომლის გამოც ძეგლს თავის დროზე მიენიჭა ძეგლის სტატუსი. კანონის მე–17 მუხლის თანახმად კი, ძეგლს შესაძლებელია ასევე მოეხსნას ძეგლის სტატუსი თუ მეცნიერული (მეთოდოლოგიური) კრიტერიუმებით, ძეგლმა დაკარგა ის ძირითადი მახასიათებელი, რომლის გამოც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი.
რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებულ რედაქციას, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში, კერძოდ, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის დროს, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, სტატუსის მოხსნა შესაძლებელი იქნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე - ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ საკითხი, გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საქართველოს მთავრობას, რაც რა თქმა უნდა განხორციელდება შესაბამისი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების დასაბუთების, ეკონომიკური ეფექტების ანალიზისა და კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებული შეფასებების საფუძველზე.
ამდენად, საქართველოს მთავრობა, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს კოლეგიურ ორგანოს, კომპლექსურად შეაფასებს საკითხს, მის სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ მნიშვნელობას, იმსჯელებს მოსალოდნელ ეკონომიკურ ეფექტებზე, ძეგლის მნიშვნელობასა და მისთვის სტატუსის მოხსნის შესაძლებლობაზე, მოსალოდნელ შედეგებზე და მხოლოდ აღნიშნული მსჯელობისა და განხილვის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
მიგვაჩნია, რომ კულტურის სამინისტროს ჩართულობის ფაქტორი თავისთავად გამორიცხავს ამ პროცესში ობიექტის კულტურული და სამეცნიერო ღირებულების უგულებელყოფის შესაძლებლობას. უფრო მეტიც, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობა, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი იქნება უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, ვიდრე ეს არის მოქმედი კანონმდებლობით ძეგლის სტატუსის მოხსნისთვის დადგენილი წესი, რომელიც ხორციელდება ინდივიდუალურად საქართველოს კულტურის მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
აქვე გვსურს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნოს - ის ფაქტი, რომ წინა წლებში მთელ რიგ ობიექტებზე ძეგლის სტატუსი მინიჭებულია სათანადო დასაბუთებისა და დასკვნების გარეშე, დღესდღდეობით წარმოადგენს შემაფერხებელ ფაქტორს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ძეგლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, შესაბამისი ძეგლისთვის მოხდეს სტატუსის მოხსნა. ეს ბუნებრივია, რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია უარყოფითად აისახოს ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობებისა და ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით და ასევე კონკრეტული მოქალაქეების ინტერესებზე, რომელთა საცხოვრებელ სახლებსაც თავის დროზე მიენიჭათ ძეგლის სტატუსი და რომლებიც დღეს რიგი პრობლემების წინაშე დგანან მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ ხორციელდება მათი საცხოვრებელი სახლებისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა.
ინვესტიციების მოზიდვა და საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღება წარმოადგენს ქვეყნის ერთ–ერთ ძირითად პრიორიტეტსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვალდებულებას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის დროული მოწესრიგება და ადეკვატური რეგულირების მექანიზმების დადგენა, ისე რომ დაცული იყოს საქართველოს კონსტიტუცია და ქვეყნის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებები, როგორც ჩვენი სამინისტროს, ასევე საქართველოს კულტურის სამინისტროს ძირითად ამოცანას უნდა წარმოადგენდეს.
ამასთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ექსპერტების ჩართულობის საკითხთან დაკავშირებით გვსურს აღვნიშნოთ - მხოლოდ დადებითად შესაძლებელია შეფასდეს, რომ აღნიშნულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში გამოიწვია სათანადო ინტერესი და წარმოშვა შესაბამისი დისკუსია“, - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.