საერთაშორიოს ორგანიზაციების პროგნოზებმა მთავრობა მოაყოჩაღა

საერთაშორიოს ორგანიზაციების პროგნოზებმა მთავრობა მოაყოჩაღა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა ადრინდელი სკეპტიკური დამოკიდებულება წლის ბოლოსთვის შეცვალეს. ახლა მათი შეფასებები და პროგნოზები საკმაოდ დამაიმედებელია. ამიტომ მთავრობის წევრებიც საკმაოდ შემართულნი და მობილიზებულნი არიან.

„ბოლო რამდენიმე თვეში ეკონომიკა გამოცოცხლდა, რაც ძალიან კარგი ნიშანია“, - აცხადებს სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მარკ გრიფიტსი. მისი აზრით, მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს უმუშევრობის აღმოფხვრის მიმართულებით და მეტი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. 

„ქართულ მხარესთან ერთად განვიხილეთ მიმიდნარე წლის ეკონომიკური მდგომარეობა და ვისაუბრეთ მომავალი წლის პერსპექტივაზე, მთავრობის გეგმებზე 2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. წელს ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, შეადგენს 2.5%-3%-ს, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეში ეკონომიკა გამოცოცხლდა, რაც ძალიან კარგი ნიშანია და შემდეგი წლისთვის იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკის ზრდა იქნება დაახლოებით 5%, რაც იქნება ძალიან კარგი.

ამისათვის ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა, გაუმჯობესებული ბიზნეს-გარემო, ფისკალური სტიმულირება გონივრულ ფარგლებში, უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა. მთავრობამ ასევე, უნდა იმუშაოს უმუშევრობის აღმოფხვრის მიმართულებით და მეტი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, რათა ხელი შეეწყოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ქვეყნის ახალ მთავრობას აქვს კარგი შანსები აღნიშნულის მისაღწევად და ჩვენ გვსურს მათ დახმარება გავუწიოთ“, - აღნიშნა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა.

სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა მშპ-ს წლიურ ზრდაზეც გააკეთა პროგნოზი და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე არც თუ ურიგო. გრიფიტსის ვარაუდით, წლეულს საქართველოს ეკონომიკის ზრდა, სავარაუდოდ, 2.5%-3% იქნება.

ფინანსთა მინისტრი კმაყოფილი დარჩა სსფ-ს მისიის შეფასებით. „ჩვენ ბევრ საკითხზე შევთანხმდით, მათ შორის, მომავალი წლის პროგნოზებზე - ეკონომიკური ზრდის, ინფლაციისა და ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლებზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, პრაქტიკულად, გაიზიარა საქართველოს მთავრობის ხედვა, რაც კიდევ უფრო დიდ იმედს გვაძლევს, რომ მომავალ წელს საქართველო მიაღწევს დაგეგმილ ყველა მაკროეკონომიკურ პარამეტრს, რომელსაც ეყრდნობა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მოკლედ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ადრინდელი სკეპტიკური დამოკიდებულება წლის ბოლოსთვის შეცვალეს. მათი შეფასებები და პროგნოზები უკვე დამიმედებელია. ამიტომაც არის, რომ ქვეყნი პრემიერ-მინისტრს არსებული ეკონიმიკური მდგომარეობა დრამატულად სულაც არ ეჩვენება.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეკონიმიკაში დაღმასვლა იყო, მაგრამ კატასტროფული მდგომარეობა სულაც არ გვაქვს. ამ მოსაზრების გასამყარებლად იგი სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაკეთებულ შეფასებას დაეყრდნო.

„რელური დაღმასვლა იყო, მაგრამ ამის გამოსწორება იოლად შეიძლება. ჩვენი გუნდი ამისათვის ეფექტური იქნება და პრობლემებს გადავლახავთ. ეკონომიკური დაღმასვლის ერთ-ერთი მიზეზი რთული კოაბიტაციური პერიოდი და არასტაბილური ვითარება იყო. ასეთ პირობებში კი, როგორ შეიძლება, ინვესტორი დაარწმუნო და ქვეყანაში შემოიყვანო?! როცა პრეზიდენტი ქვეყნის მთავარი ოპოზიციონერია, როგორ შეიძლება, უცხოელი ინვესტორი დაარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა?! ყველა ქვეყანაში, სადაც მსგავსი სიტუაცია შექმნილა, დაღმასვლა ყველა სფეროში ყოფილა და ჩვენ სასწაულს ვერ მოვახდენდით. თუმცა, ბოლო თვეებში ეკონომიკაში გაჯანსაღება დაიწყო და ამისათვის მუშაობა ჩვენც უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ეკონომიკის კუთხით, არც ისე რთულადაა საქმე. აქედან გამომდინარე, მან ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, ისე ნუ წარმოაჩენენ ვითარებას, რომ ინვესტორები დააფრთხონ. ღარიბაშვილმა უმცირესობას ისიც შეახსენა, რომ გაცილებით უარესი მდგომარეობა საქართველოში ადრეც, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იყო და პრობლემების მოსაგვარებლად მაშინდელი მთავრობა ვალებს იღებდა.