საქართველოს მთავარ პროკურატურას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ოთარ ფარცხალაძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედებული ცვლილების თანახმად, საქართველოს მთავარი პროკურორი იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დანიშნა. უკვე ცნობილია, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძის დანიშვნასთან ერთად, პროკურატურის ხელმძღვანელი რგოლი მთლიანად შეიცვლება. თანამდებობებს დატოვებენ მთავარი პროკურორის ყველა მოადგილე და დეპარტამენტების ხელმძღვანელები.
იუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი ოთარ ფარცხალაძე ძირეულ საკადრო ცვლილებებს გეგმავს, თუმცა თეა წულუკიანმა დეტალებზე კომენტარი არ გააკეთა.
„ოთარ ფარცხალაძე გარკვეულ ცვლილებებს, მათ შორის საკადრო ცვლილებებს გეგმავს და მე მას დავუტოვებ პრეროგატივას, რომ ამის შესახებ თავად ისაუბროს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მთავარ პროკურორს დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა. როგორც ცნობილია, თანამდებობიდან უკვე გადადგა თბილისის პროკურორი მაია მწარიაშვილი. ამ თანამდებობას კი მიხეილ შაყულაშვილი ჩიაბარებს, რომელიც 2012 წლიდან დღემდე გორის რაიონულ პროკურატურაში რაიონული პროკურორის თანამდებობას იკავებს. ის შიდა ქართლში იმ პერიოდში საქმიანობდა, როდესაც შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის უფროსად ოთარ ფარცხალაძე მუშაობდა.
ოთარ ფარცხალაძე მთავარ პროკურატურაში გარკვეულ საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს. ფარცხალაძის შეფასებით, უწყების თანამშრომელთა უმრავლესობა პროფესიონალია, თუმცა საჭიროა ძლიერი და ერთიანი პროფესიული გუნდის ჩამოყალიბება. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით პროკურატურის წინაშე სხვა სახის და კიდევ უფრო რთული გამოწვევები დგას, რომელთა წარმატებით დაძლევისკენ მიმართული იქნება მისი მუშაობა და ძალისხმევა.
„პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიმაჩნია სტაბილური და თანმიმდევრულად განვითარებადი პროკურატურის სისტემის საბოლოოდ ჩამოყალიბება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ხარისხიანი და ეფექტური გამოძიების წარმოებას, კომპეტენტური საპროცესო ზედამხედველობის განხორციელებას, სასამართლო პროცესებზე პროკურორთა კვალიფიციურ გამოსვლას. ყოველივე ამის ერთადერთი მიზანი კი არის საქმეებზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა“, - აცხადებს მთავარი პროკურორი.
როგორც ახალი გენერალური პროკურორი ამბობს, აღნიშნული ამოცანების წარმატებით დასაძლევად, საჭიროა ძლიერი და ერთიანი პროფესიული გუნდის ჩამოყალიბება და მათი თავდაუზოგავი მუშაობა, ხოლო მეორე მხრივ, სისტემის სწორი მართვა და ეფექტური მენეჯმენტის განხორციელება.
„ვფიქრობ, პროკურატურის მუშაკთა უმრავლესობა პროფესიონალია, თუმცა ცხადია, ამით არ გამოვრიცხავ გარკვეული საკადრო ცვლილებების განხორციელებას და სტრუქტურულ ოპტიმიზაციას, რომლის მიზანი, სისტემის სრული გაჯანსაღება და მუშაობის გაუმჯობესება იქნება. უწყებაში შესაძლოა თანამშრომელთა ე.წ შიდა შეფასების სისტემა შემოვიღო, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმისგან იქნება შედგენილი.
ეს ერთი მხრივ, იქნება ჯანსაღი კონკურენციის და საკუთარ თავზე სისტემატურად მუშაობის მზაობის საფუძველი თითოეული პროკურორის მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, საშუალებას მოგვცემს, შევაფასოთ კონკრეტული პროკურორების საქმიანობის ხარისხი, დადებითი თუ უარყოფითი მხარეები, რათა პირველ შემთხვევაში მოხდეს წარმატებული პროკურორების დაწინაურება თუ წახალისება, ხოლო მეორე შემთხვევაში - მათი მუშაობის დახვეწა-გამოსწორება“, - აცხადებს ოთარ ფარცხალაძე.
მაშ ასე, პროკურატურაში საკადრო ცვლილებები დაიწყო. უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, ახალმა მთავარმა პროკურორმა დასვა საკითხი - მე მივდივარ იქ ჩემი გუნდით და შესაბამისად, მომეცით საშუალება, ჩემი გუნდით ვიმუშავო. ქუცნაშვილის განცხადებით, საპარლამენტო მოსმენებისას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც დაადასტურა ახალი მთავარი პროკურორის ეს სურვილი.
„შეიძლება ამის გამოხატულებაა, რომ პროკურატურაში საკვანძო თანამდებობის პირები წერენ განცხადებას. მე მაქვს ინფორმაცია, რომ მთავარ პროკურატურაში მმართველი რგოლის ძირეული გადახალისება იგეგმება. თუმცა, იქ არის ბევრი ღირსეული ადამიანი მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის და ა.შ. რანგში და ეს მათი პრეროგატივაა, როგორ დაალაგებენ კადრებს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ახალი მთავარი პროკურორი საკმაოდ მოტივირებულია იმისათვის, რომ გაართვას გამოწვევებს თავი“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა პროკურატურამ სამართლიანობის აღდგენის მოლოდინს უპასუხოს. დეპუტატის განცხადებით, პარლამენტში არის სრული პოლიტიკური ნება იმისა, რომ სამართლიანობის აღდგენის კამპანია ნაწარმოები იყოს და ეს გამოწვევა ახალი პროკურორების წინაშე ნამდვილად არის.
„მესმის გამოწვევის სირთულე, რადგან ადამიანები, ვინც დანაშაულს ჩადიოდნენ, კვალს შლიდნენ. მთელ რიგ დანაშაულთან მიმართებაში მოწმეებიც კი განადგურებულები არიან. სისხლის სამართალს და სამართლიან მართლმსაჯულებას ჭორაობა არ უხდება. შეიძლება იცი, რომ ადამიანი დამნაშავეა, მაგრამ თუ ამას უტყუარი სამხილებით ვერ უდასტურებ, ამ შემთხვევაში, ცუდი ადამიანიც კი რჩება მართლმსაჯულების მიღმა. ამიტომ, გამოწვევა მართლაც სერიოზულია“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
განსხვავებულია საპარლამენტო უმცირესობის პოზიცია. გიგი წერეთელი იმედოვნებს, რომ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები კიდევ უფრო აგრესიულ დამოკიდებულებას არ მოიტანს და ცვლილებებს პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებების გაგრძელება არ მოჰყვეს.
„მთავრია, რომ ამ ახალმა ცვლილებებმა პროკურატურაში არ მოიტანოს კიდევ უფრო აგრესიული დამოკიდებულება. პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს ბევრი ისეთი საქმე, რომლებზეც მიანიშნებენ, რომ არსებობს მოტივები პოლიტიკური საფუძვლებით სისხლის სამართლის აღძვრისა. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი არ იყო კმაყოფილი სამართლიანობის აღდგენის ტემპებით, პირდაპირ ვთქვათ, დაპატიმრებული ადამიანების რაოდენობით და შესაძლებელია, ამან გარკვეული გავლენა იქონიოს პროკურატურის საქმიანობაზე მომავალში. პროკურატურამ უპირველეს ყოვლისა, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
სამართლის ექსპერტი კახი კახიშვილი თვლის, რომ პროკურატურა ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. ერთი მხრივ, ძველი, მიმდინარე საქმეები და მეორე მხრივ - გაფუჭებული საქმეები. მისი თქმით, იგულისხმება ის საქმეები, რომელთა გამოძიება დაიწყო და არასწორი მიმართულებით წავიდა წლების განმავლობაში, თუნდაც ახალი ხელისუფლების პირობებში.
„სისხლის სამართლის საქმის გაფუჭება ძალიან ადვილია, ყველა იურისტი, ვინც სისხლის სამართალში მუშაობს, დამეთანხმება, რომ შესაძლოა, გამოძიების პირველივე ეტაპზე ისე გააფუჭო სისხლის სამართლის საქმე, რომ შემდგომში ძალიან გართულდება ამ საქმის ფარგლებში ბრალეული პირების გამოკვეთა და მათი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა სასამართლოში არსებითი განხილვის შედეგად. ამიტომ პროკურატურა ძალიან რთული ამოცანის წინაშე დგას.
ამასთან, ბოლო პერიოდში მან დაკარგა საზედამხედველო ფუნქცია. სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პროკურორებმა დაკარგეს რეალური საპროცესო ხელმძღვანელობის შესაძლებლობა, რამაც, ვფიქრობ, გარკვეული პრობლემა შექმნა გამოძიებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ, გარდა იმისა, რომ პროკურატურა იქნება პასუხისმგებელი საკუთარ სისტემაში გამოძიების შედეგებზე, ამავდროულად, მან უნდა იმუშაოს პროკურორის ინსტიტუტის როლის ამაღლებაზე და უნდა უზრუნველყოს, რომ პროკურორები ნამდვილად იყვნენ საპროცესო ზედამხედველები და ხელს უბრალოდ არ უნდა აწერდნენ საპროცესო დოკუმენტებზე“, - აღნიშნა კახი კახიშვილმა.