ჯორჯიის შტატის გენერალური ინსპექციის ვიზიტი დასრულდა (ვიდეო)

ჯორჯიის შტატის გენერალური ინსპექციის ვიზიტი დასრულდა (ვიდეო)

საქართველოში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალური ინსპექციის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა.

საქართველოს ამერიკული მხარე გენერალური ინსპექციის დონეზე პირველად სტუმრობდა. დღევანდელ დასკვნით შეხვედრაზე ქართველმა და ამერიკელმა კოლეგებმა სამუშაო ვიზიტის დროს განხილული საკითხები შეაჯამეს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრებზე ამერიკელმა სამხედროებმა ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს. მათ საქართველოში მონიტორინგის საკითხში სამხედრო და სამოქალაქო უწყებების თანამშრომლობის სპეციფიკის მიმართ ინტერესი გამოხატეს. ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს საკუთარი ქვეყნის სამხედრო კონტროლის მექანიზმები დეტალურად გააცნეს.

ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრე ქემფბელის ხელმძღვანელობით, შეხვედრები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსთან ანდრია გოცირიძესთან გამართეს. გაფართოებულ შეხვედრებს ასევე დაესწრნენ, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის მოადგილეები, სამმართველოს უფროსები და გაერთიანებული შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა.

ანდრია გოცირიძის თქმით, ამერიკულ მხარესთან შეხვედრები ნაყოფიერი იყო და მომავალში მათთან თანამშრომლობა კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება სამინისტროს შიდა კონტროლისა და გამჭვირვალობის გზაზე.

ვიზიტის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა ამერიკელ კოლეგებს თანამშრომლობისა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.