როგორ მოხერხდება 650-მილიონიანი ხვრელის ამოვსება?

როგორ მოხერხდება 650-მილიონიანი ხვრელის ამოვსება?

„სასიამოვნო არაა, როდესაც ბიუჯეტი არ სრულდება. 650 მილიონი არ არის მიღებული“, - აცხადებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, - „ეს არ აისახება სოციალურ პროგრამებზე, თუმცა კაპიტალურ დანახარჯებზე, რა თქმა უნდა, აისახება“.

ახალ პრემიერს და ფორმალურად ახალ მთავრობას წლის ბოლოს დიდი თავსატეხი ელის. ბიუჯეტს საშემოსავლო ნაწილს ნახევარ მილირდზე მეტი თანხა აკლდება. მართალია მთავრობაში ირწმუნებიან, რომ სეკვესტრი არ მოხდება, მაგრამ გარკვეული მიმართულებები და პროექტები არ დაფინანსდება. როცა წლიური გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები არ სრულდება, ამას სეკვესტრი ერქმევა თუ სხვა რამ, ყველა შემთხვევაში ცუდია.

კვირიკაშვილის თქმით, მთელი ეკონომიკა იყო ოლიგოპოლიზებული და მონოპოლიზირებული, ახლა კი მიმდინარეობს თავისუფალ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი. „ეს პროცესი იმაზე მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ გვეგონა“, - აცხადებს ის.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, 2012 წლის მშპ იყო 15.82 მილიარდი დოლარი, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ამჯერად 2%-იან ზრდაზე გავა, მთლიანი შიგა პროდუქტი 16.2 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ეკონომიკურ ვარდნას ადგილი არ ჰქონია.

მთავრობა წლის ბოლოს მაინც ოპტიმისტურ ტალღაზეა, მაგრამ საპარლამენტო ოპოზიცია გაუჩერებლად საუბრობს ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის უნიათობაზე.

„2014 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია ისე, თითქოს, 2013 წლის ბიუჯეტი შესრულდა, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 6 პროცენტია და ბიუჯეტში შევიდა ყველა შემოსავალი. ნათელია, რომ 2013 წლის ბიუჯეტი ვერ შესრულდება იმიტომ, რომ ზუსტად 800 მილიონი აკლდება. გამომდინარე აქედან, ბიუჯეტის დაგეგმვა არის ფარატინა ქაღალდი. შემდეგ, იმის გამო, რომ პრობლემებია შემოსავლების ნაწილში, შემოსავლები იზრდება 30 მილიონით, როცა შარშან დაახლოებით 600 მილიონით იყო გაზრდილი. 400 მილიონს იღებს ფინანსთა სამინისტრო ვალის სახით შიდა კომერციული ბანკებისგან.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ 2014 წელს არ იზრდება არც პენსია და პირველად არის, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში არ იმატებს პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასები. ძალიან ბევრი კონკრეტული შენიშვნა გვაქვს. სხვათა შორის, უმრავლესობის მხრიდანაც არის საკმაოდ კრიტიკული და არასახარბიელო მიმართვები ფინანსთა მინისტრისადმი“, - ამბობს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი.

ფინანსთა მინისტრი კი იხტიბარს არ იტეხს და დაბეჯითებით ამბობს, რომ ბიუჯეტი შესრულდება. „არცერთი პროექტი ბიუჯეტიდან არ შეჩერდება იმის გამო, რომ ფული არ არის. საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით, შესაძლოა, გვქონდეს გარკვეული პრობლემები, მაგრამ გეტყვით, რომ ბიუჯეტში წელს იმაზე მეტ ფულს მივიღებთ, ვიდრე დახარჯვას მოვახერხებთ. ბიუჯეტის დეფიციტი ვფიქრობთ, 2%-მდე შემცირდება“, - აცხადებს ნოდარ ხადური.

„ჩვენ გადავიხდით ყველა ვალს. ახლა ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესია, კერძო სექტორი გამოვა ზეწოლიდან და არავინ აღარ დაიბარებს არავის და არ წაართმევს ფულს. მაგალითად, შარშან 100 მილიონი ლარი იყო აკრეფილი არადეკლარირებული გადასახადების საგადასახადო შეთანხმებით“, - დასძენს ფინანსთა მინიტრი, რომელმაც თანამდებობაზე ხელახლა წარდგენისას ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს

იმისათვის, რომ ქვეყანაში ცხოვრების დონე ამაღლდეს.

მისი თქმით, მთავრობამ ის კურსი უნდა გააგრძელოს, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აიღო. „უნდა გავაგრძელოთ კურსი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამდე მიგვიყვანა და რომელიც ქვეყანას გამარჯვებამდე მიიყვანს. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეკონომიკური განვითარება ქვეყნის განვითარების დონეს დიდად განაპირობებს. მთავრობის ეკონომიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა საქართველოში ცხოვრების დონე ამაღლდეს, რათა თითოეულმა ადამიანმა რეფორმის შედეგები იგრძნოს“, - აღნიშნა ხადურმა.

რაც შეეხება ბიუჯეტის შევსება-შეუვსებლობას, სპეციალისტები ამ პრობლემას ცოტა სხვა კუთხით ხედავენ. ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე ქვეყანაში არსებული ბიუჯეტის დანაკლისში პრობლემას ვერ ხედავს, რადგან მთავარია არა ბიუჯეტი, არამედ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. ამ მხრივ კი ვითარება მაინცდამაინც სახარბიელო არ არის.

„არსებული ბიუჯეტის შესრულებაში არის პრობლემა, მაგრამ შესრულება არ არის მთავარი. მთავარია როგორი იყო ეკონომიკური აქტივობა და რამ შეუშალა ხელი, რომ ამ ეკონომიკას გამოემუშავებინა რესურსები. ამ დროისთვის საბიუჯეტო დანაკლისის შესახებ გაცხადებული ინფორმაცია, შეიძლება დაფინანსდეს რომელიმე კერძო პირს მიერ. მაგალითად, როგორც ეს მოხდა მიწის დამუშავების პროექტის შემთხვევაში, ამისთვის თითქმის 200 მლნ დაიხარჯა კერძო ფონდიდან. ასევე, თითქმის 700 მილიონი დაიხარჯა ამავე ფონდიდან იაფი აგროსესხების პროგრამაზე.

ამიტომ ბიუჯეტის შესრულება-არშესრულება არ არის პრობლემა. მთავარია, ეკონომიკური მდგომარეობა. სამწუხაროდ, წლევანდელი ეკონომიკური აქტივობა შემცირებული იყო და ეკონომიკური ზრდის ტემპი 2%-საც ვერ აღწევს“, - განაცხადა შეშელიძემ.