სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი კომისია განახლებული შემადგენლობით ამუშავდება. მთავრობის დადგენილების თანახმად, კომისია 2015 წლის 1-ელ იანვრამდე იმუშავებს. ალბათ, ამის შემდეგ საბოლოოდ გაირკვევა თუ რამდენია ვალის მოცულობა და როგორ უნად მოხდეს მისი ეტაპორივად გასტუმრება.
კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალური აუდიტორი, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი.
სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია 2004 წელს შეიქმნა, მაგრამ მას შემდეგ ბევრი არაფერი გარკვეულა. ზოგადი მონაცემებით, შიდა ვალის ოდენობა 1,7 მლრდ ლარია. აქ შედის, როგორც კოოპერაციული ბინათმშენებლობის ვალი, ასევე საბჭოთა ანაბრების გასასტუმრებელი ვალიც. ბინათმშენებლობაზე, სავარაუდოდ, 180 მილიონი მოდის, დანარჩენი კი - ანაბრებზე.
ამჯერად სახელმწიფო კომისიის ძირითადი ამოცანა საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებაა, რომელსაც კომისია მთავრობას და პარლამენტს წარუდგენს.
კომისიის ამოქმედებას დადებითად აფასებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე. იგი მიიჩნევს, რომ კომისია 90-იანი წლების დასაწყისში დაზარალებული მეანაბრეების პრობლემებს შეისწავლის.
„ვფიქრობ, საშინაო ვალის შემსწავლელი კომისიის შექმნა უკავშირდება ქვეყნის შიდა ვალის დადგენას, 90-იანი წლების დასაწყისში დაზარალებული მეანაბრეების პრობლემების შესწავლას. მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობს და იმედია, ერთი წლის განმავლობაში, კომისიის მუშაობის შედეგად, შესაბამის დასკვნა გვექნება.
ეს საკითხი წლებია გადაუჭრელია და კონკრეტული გადაწყვეტილება - რას აპირებს მთავრობა ამ საკითხთან მიმართებაში, მიუხედავად რამდენიმე წლიანი მცდელობისა, მიღებული არ არის. სავარაუდოდ, ახალი კომისია ამ საკითხთან დაკავშირებულ გაურკვევლობას წერტილს დაუსვამს“, - აცხადებს ლექვინაძე.
მთავრობას ინიციატივას უწონებს ახალგაზრდა ფინანასისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაც. ასოციაციის წევრი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი კომისიის ამოქმედება 90-იანი წლების დასაწყისში დაზარალებული მეანაბრეების პრობლემის მოგვარებისკენ წინგადადგმული ნაბიჯია. ახლა აუცილებელია კომისიამ დადოს დასკვნა, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი რა გზით უნდა მოხდეს დაზარალებულები მეანაბრებისთვის კომპენსაციების გაცემა.
სპეციალური კომისია უფლებამოსილია, მოითხოვოს და მიიღოს სამინისტროებიდან, უწყებებიდან, საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან სახელმწიფო საშინაო ვალის და მის მართვასთან დაკავშირებით მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები და ცნობები. ასევე შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციების სპეციალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში.
კომისია უფლებამოსილია ასევე, საჭიროების შემთხვევაში თავის სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების დაინტერესებული და პასუხისმგებელი პირები.