ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ავრცელებს ღია წერილს სახელწოდებით "პოსტსკრიპტუმი" , რომელშიც აცხადებს, რომ კულუარებიდან ქვეყნის მართვას არ აპირებს. 

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ამ წერილით იმ ერთადერთ კითხვას მინდა გავცე პასუხი, რომელიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ჩემს განცხადებას მოჰყვა. ქართული, ევროპული და ამერიკული საზოგადოების ერთ ნაწილს გაუჩნდა კითხვა - ხომ არ ვაპირებ კულუარულად ვმართო ქვეყანა.

ბევრი აბსურდული ბრალდება ისმოდა ჩემ მიმართ მაშინაც, როდესაც პოლიტიკაში შემოვედი. რას არ მაბრალებდნენ - კრემლის აგენტობით დაწყებული, საარჩევნოდ მაცივრების დარიგებით დამთავრებული. აღარაფერს ვამბობ ისეთ სიცრუეზე, თითქოს პოლიტიკაში საკუთარი ქონების გადასარჩენად მოვედი ან დიდი ჰესების ხელში ჩაგდება მინდოდა.

და ახლა, როცა უკვე პოლიტიკიდან წავედი, მინდა ვუპასუხო იმ ბოლო აბსურდს, რომ თითქოს კულუარებიდან მინდა ვმართო ქვეყანა და გავლენა მოვახდინო ხელისუფლებაზე. და როცა გავლენაზე მიანიშნებენ, სამწუხაროდ,მხოლოდ უარყოფით კონტექსტს გულისხმობენ.

მთელი ჩემი ცხოვრებით, მთელი ჩემი ბიოგრაფიით მე დავამტკიცე, რომ უკადრისი არასოდეს არაფერი ჩამიდენია.

ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი რუსეთში მომიწია ყოფნა და საქმიანობა. ეს მართლაც ურთულესი პერიოდი იყო, ბიზნესი ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, ძალიან მოკლე დროში უამრავი საკუთრება გაიცა და ხშირადეს უხეშ ფორმებსაც იღებდა. რთული იყო ასეთ ვითარებაში გამჭვირვალე და კანონიერი ბიზნესის კეთება. და მიუხედავად ამისა, ჩემი ბიზნესი იყო სრულიად სამაგალითო და გამჭვირვალე. ბევრს ეცადნენ, ბევრი ეძებეს ოპონენტებმა, მათ შორის უცხოელებმაც, მაგრამ ვერც ერთი შავი ლაქა ვერ იპოვეს ჩემს ბიზნესში. მე არათუ კანონი არ დამირღვევია არასდროს,კონტრაქტიც კი არ მომიშლია, მეტიც, სიტყვაც არ გამიტეხია. 

ჩემი რუსეთში საქმიანობის 20-წლიან პერიოდზე ყველა კითხვას გავეცი პასუხი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემაში, ,,ვედომოსტში". ეს იყო ერთადერთი ინტერვიუ, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე მივეცი. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს და თავად დარწმუნდეს, როგორი რეპუტაცია მქონდა რუსეთში და ბიზნესწრეებში. ჩემი ცხოვრების მთავარი ხელწერა არის აბსოლუტური გამჭვირვალობა. ასე ვიყავი ბიზნესში და ასეთივე ვიყავი პოლიტიკაშიც. როდესაც 2003 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ახალი ხელისუფლება მოვიდა, მე მათ კონსულტაციას ვუწევდი მათივე თხოვნით, 3 წლის განმავლობაში სააკაშვილს მრავალჯერ შევხვდი, ცხადია, ყოველთვის მისივე სურვილით. ვერც სააკაშვილი და ვერც მისი გუნდის რომელიმე წევრი ვერ გაიხსენებს ერთ შემთხვევასაც კი, როდესაც მე მათ რამე პირადი თხოვნით მივმართე ან პირადი ინტერესების გამო შევხვდი. მე მათ ყოველთვის ისეთ რჩევებს ვაძლევდი, რომლებიც ჩემს ქვეყანას, ჩემს სახელმწიფოს სჭირდებოდა და არა პირადად მე. 

ჩემი ინიციატივით იმ ფონდს ვაფინანსებდი, რომელიც ორნახევარ წელზე მეტხანს მთელ მთავრობასა და პარლამენტს ხელფასებს უხდიდა, რათა ქვეყანა კორუფციის ჭაობიდან ამოსულიყო და ევროპული განვითარების გზას დადგომოდა.

რჩევებს ვაძლევდი მერაბიშვილსაც, ვეხმარებოდი პოლიციას პატრულის მანქანების ყიდვაში და არავითარ შემთხვევაში - იარაღის შეძენაში. ვეხმარებოდი ჯარს, ვაშენებდით ყაზარმებს, ვყიდულობდით ტანსაცმელს ჯარისკაცებისთვის. და იქაც მქონდა პრინციპული პოზიცია, რომ ამ დახმარებით არ ეყიდათ იარაღი. 

მე არასდროს მიმიღია მონაწილეობა რომელიმე მინისტრის ან პრემიერ-მინისტრის დანიშვნაში. თავს ვარიდებდი და არ ვერეოდი ამ საქმეში. ანუ მაშინ, როდესაც არ ვიყავი საჯარო ფიგურა და მართლაც "კულუარებიდან" მქონდა ურთიერთობა ხელისუფლების უმაღლეს წრეებთან, ფაქტია, რომ არ მომინდომებია "კულუარებიდან მართვა".

პოლიტიკაში ორწლიანი მოღვაწეობისას ჩამოვაყალიბეთ გუნდი, რომელიც კარგად მიცნობს, უამრავი ადამიანი გავიცანი, უამრავს დავუმეგობრდი, ძალიან ბევრი ხშირად მაკრიტიკებს კიდეც, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ მე ორმაგი სტანდარტით ვცხოვრობ და ვმუშაობ. ერთ ეპიზოდსაც კი ვერ გაიხსენებს ვერავინ, რომ მე რაღაც კულუარულ თამაშებში ვერთვებოდი. პირიქით, ზოგჯერ ჩემივე გუნდის წევრები სწორედ "კულუარებში" მაკრიტიკებდნენ პოლიტიკოსისთვის ზედმეტი გულახდილობისა და საჯაროობისთვის. 

ნებისმიერი ჩვენი გუნდის წევრი, ნებისმიერი მინისტრი მაქსიმალურად თავისუფალი იყო, მე მათ არასოდეს თავს არ ვახვევდი არაფერს, მხოლოდ მსჯელობისა და საღი აზრის პატივისმცემელი ვარ. ასეთია ჩემი მუშაობის წესი. მე არასოდეს არ ვმართავ კულისებიდან, მე ამას არ ვაკადრებ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ გუნდს, რომელსაც უაღრესად დიდ პატივს ვცემ. 

ამიერიდან მე ვიქნები საზოგადოების აქტიური წევრი, ჩემი საქმიანობა იქნება სრულიად გამჭვირვალე და, რა თქმა უნდა, მექნება გარკვეული გავლენაც. ამასთანავე, მე ამ გავლენას არათუ სათაკილოდ ვთვლი, არამედ ძალიანაც შევეცდები მის გაზრდას. სხვანაირად როგორ შეიძლება იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი? 

ხელისუფლებაზე საზოგადოების გავლენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაც, პირველ რიგში, პოლიტიკური სისტემის სიჯანსაღის, ანუ დემოკრატიის მანიშნებელია, რადგან ეს გავლენა ხალხის, საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას და მასთან უკუკავშირს გულისხმობს.

საბოლოოდ, საზოგადოება აქტიური მოქალაქეების, ინდივიდების კრებულია. ბუნებრივია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მოქალაქის გავლენა პოლიტიკაზე, შესაბამისად, მაღალი იქნება. და თუ ეს მოქალაქე ყოფილი პოლიტიკოსია, როგორც ამ შემთხვევაში მე, მაშინ ეს წესი აღარ მუშაობს?! თუ მხოლოდ საქართველოში არ უნდა მუშაობდეს და საფრთხის შემცველად განიხილებოდეს ის, რაც აბსოლუტურად ნორმალურად ითვლება დემოკრატიულ ქვეყნებში?!

ადამიანის უფლებები, ევროპული ღირებულებები, ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვა, ის, რომ ამერიკა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ის, რომ აუცილებლად უნდა დავალაგოთ ჩვენს მეზობლებთან და, მათ შორის, რუსეთთანაც ურთიერთობა, ეს არის ჩემი ღირებულებები, და თუ ვინმე ამის წინააღმდეგია, ისინი ნამდვილად უნდა შფოთავდნენ, რადგან დიახაც რომ, მე მოვახდენ გავლენას ამ მიმართულებით. 

ამ ღირებულებებს რომ ვცემ პატივს და ერთგული ვარ მათი, ეს არაერთხელ განვაცხადე. მეტიც, კოალიციის დეკლარაციასაც მოვაწერე ხელი, რომელიც მთლიანად ამ ღირებულებებს ეფუძნება. ამ ღირებულებებს ვცემდი პატივს ყოველთვის, და თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეს, 57 წლის კაცი შევიცვლი ღირებულებებს, ასეთებისთვის პასუხის გაცემას არ ვაპირებ.

მე სხვა ინტერესი, გარდა ჩემი ქვეყნის წინსვლის და ევროპული განვითარებისა, არასოდეს მქონია. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში ბიზნესი არა მაქვს და ამას არც მომავალში ვაპირებ, და როგორ შეიძლება რამე სხვა მოტივი მამოძრავებდეს, გარდა ჩემი ქვეყნის სამსახურისა.

თუ შევძლებ და მართლაც მოვახდენ ევროპული მიმართულებით ქვეყნის წინსვლის საქმეში გავლენას ხელისუფლებაზე, ამას უნდა მიესალმებოდეს ყველა.

არც საჯარო მხარდაჭერას, არც რჩევებს დავამადლი და არც კრიტიკას მოვაკლებ მთავრობას, რომელიც ჩემს ხალხთან ერთად შევქმენი და რომელზეც პასუხისმგებლობა ავიღე.

მინდა ყველას გასაგონად ვთქვა: ის, რომ პოლიტიკიდან წასული ლიდერები გავლენას ახდენენ ქვეყნის ცხოვრებასა და პოლიტიკაზე, ჩვეულებრივი ამბავია და მიღებული ტრადიციაა დემოკრატიულ ქვეყნებში. ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს ამისა, ბევრი პოლიტიკოსი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელთა გავლენა პოლიტიკაზე ათეული წლებია ნარჩუნდება, და ეს არავის აფრთხობს.

ვფიქრობ, ჩემგან არ უნდა ესწავლებოდეთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, რომ ასეთი ტიპის ,,ტჰინკ ტანკ"-ის (ანალიტიკური ცენტრების) გავლენა პოლიტიკაზე, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმდენად მაღალია, რომ ამ ,,ბრაინ ტრუსტ"-ების კეთილგანწყობისა და ნდობის მოპოვება მთელი რიგი ქვეყნების მთავრობებისგან დიდ დიპლომატიურ ძალისხმევას მოითხოვს და, ხშირ შემთხვევაში, მოქმედი ადმინისტრაციის კეთილგანწყობის მოპოვების ტოლფასია. ამ ,,ტჰინკ ტანკ"-ის სათავეებთან კი, როგორც წესი, ყოფილი პოლიტიკოსები დგანან.

და მაინც, ყველაზე დიდი აბსურდი, რასაც მომაწერენ,არის ის, თითქოს მეშინია, თითქოს გავურბივარ პასუხიმგებლობას და ამიტომ მივდივარ პოლიტიკიდან. შეიძლება არსებობდეს თანამდებობის დაკარგვის შიში. მაგრამროდესაც მე ჩემი ნებით უარს ვაცხადებ თანამდებობაზე, რა შიშზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?

მე მაშინ არ შემშინებია, როდესაც უმძიმეს ვითარებაში მივიღე პოლიტიკაში შემოსვლის გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენს ქვეყანას ავტორიტარული რეჟიმის მრავალწლიანი მმართველობა ემუქრებოდა, როდესაც საზოგადოებაში სრული სასოწარკვეთილებისა და უპერსპექტივობის განცდა მეფობდა, როდესაც მთლიანად განადგურებული იყო ოპოზიციური ძალები, - სწორედ მაშინ დავდე სასწორზე მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი ოჯახი, შვილების უსაფრთხოება და სამშობლოს გადარჩენის გადაწყვეტილება მივიღე. 

მე მოვახერხე და გავაერთიანე პოლიტიკური ძალების საუკეთესო ნაწილი, ერთ მუშტად შევკარი საზოგადოება და ვაიძულე სააკაშვილის რეჟიმი მშვიდობიანად, უსისხლოდ გადმოებარებინა ხელისუფლება. და ახლა, როდესაც ხელისუფლებაში ნამდვილი დემოკრატიული ძალები მოვიყვანე, თავად ხელისუფლების ზენიტში მყოფმა, დავტოვე ხელისუფლება. ეს, ალბათ, ძნელი გასაგებია ბევრისთვის, რადგან ვერავინ დაასახელებს პოლიტიკოსისგან მსგავსი ნაბიჯის გადადგმის მაგალითს. 

შეიძლება სწორედ ეს აბნევთ ვიღაცებს, რადგან ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკური ლიდერისთვის ერთ-ერთი უმთავრესიმოტივაცია, ამოცანა და მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა, ქვეყნის მართვა და თავისი შეხედულებით სახელმწიფო საქმეების გაძღოლა.

მინდა მივმართო ყველას - ნუ დავრჩებით თითქმის ზოგადსაკაცობრიო სტერეოტიპის ტყვეობაში, უნდა დავიჯეროთ, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ჭარბი სიმდიდრე და ჭარბი ძალაუფლება, მაგრამ გული და გონება მაინც სხვაგან მიუწევდეს, რადგან მისთვის კიდევ უფრო მაღალი ღირებულება არსებობს და ეს არის თავისუფალი სამშობლოს თავისუფალი მოქალაქეობა. ამ ოცნების ასრულებისთვის გახდა აუცილებელი ჩემი პოლიტიკაში დროებით მოსვლაც და ამასვე ემსახურება ჩემი პოლიტიკიდან წასვლაც. აი, ასე მარტივია სინამდვილეში ყველაფერი", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში.