პარლამენტმა იპოთეკური მორატორიუმის გამოცხადებაზე საბოლოოდ უარი თქვა. შესაბამისად, ისედაც გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ათიათასობით ადამიანი ბანკების პირისპირ დატოვეს. მოსახლეობა ხელისუფლებას საარჩევნო დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძე ადასტურებს, რომ მორატორიუმზე საუბარი აღარ არის, თუმცა ამ მიმართულებით სხვა პროექტები განიხილება. ფოფხაძის პროექტი, რომელიც იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე აღსრულების 2014 წლის 1-ელ თებერვლამდე შეჩერებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა პრემიერ ივანიშვილისა და საბანკო სექტორის მწვავე კრიტიკის შემდეგ განხილვა შეჩერდა.
საფინანსო სექტორისთვის იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივაა მისაღები, რომელიც რეგულაციებს კერძო იპოთეკის სფეროს უწესებს. პროექტის თანახმად, კერძო იპოთეკარებს კრედიტის ზედა ზღვარი უწესდებათ, თუმცა ეს ინიციატივა, მათთვის, ვისაც უკვე იპოთეკური სესხი აქვს, შეღავათის მომტანი ვერ იქნება.
არასამთავრობო ორგანიზაციები მინიმუმ 2-წლიანი მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ, ბოლოს კი, დეპუტატების ნაწილთან ერთად, 6 თვეზე შეჯერდნენ. საბოლოოდ, კი მოქალაქეების ქონებაზე დაგეშილი ბანკებისთვის 6 თვეც მიუღებელი აღმოჩნდა. მათი წნეხის შედეგად პარლამენტმა ფინანსური სექტორის მხარე დაიჭირა და უამრავი დაზარალებული ბანკებს პირისპირ შეატოვა.
უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, საქართველოში მინიმუმ 75 000 ოჯახი გამოსახლების მოლოდინშია. „აუცილებლად უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი. სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში არსებობდა სქემები, რომლითაც ამ ადამიანებს აკოტრებდნენ. ამ ყველაფრის გამოძიება უნდა მოხდეს და ეს უნდა აიკრძალოს“, - ამბობს კაკაბაძე.
საბანკო და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მორატორიუმის გამოცხადებას უარყოფითი ეკონომიკური შედეგი მოჰყვება და ამ სახით მისი მიღება არ შეიძლება.
ახალი კანონპროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ის ბაზრის რეგულაციას მოახდენს. სხვანაირად არ შეიძლება, რადგან საქმე გვაქვს ველურ ბაზართან, სადაც დაადგენენ თამაშის ისეთ წესებს, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება ცნობილი“, - აცხადებს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია.
რაც შეეხება ბანკების მხრიდან დაზარალებული იპოთეკარების პრობლემას, გვასალიას შეფასებით, ყველა საკითხი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. საბოლოოდ კი, ბანკების გადასაწყვეტია და სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ამ პრობლემის მოგვარებაში.
იპოთეკით დაზარალებულები კი ყოველ კვირა აქციებს მართავენ და ხელისუფლებას პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, იპოთეკართა დიდი ნაწილი სწორედ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მყოფი პირები არიან, რომლებიც პრემიერს დეზინფორმაციებს აწვდიან.
„გამოფხიზლდეს პრემიერი, ნუ უსმენს მისი გარემოცვის ტყუილებს და დროულად დაგვეხმაროს“, – ამბობენ იპოთეკით დაზარალებულები.
იპოთეკით დაზარალებულთა მოსაზრებებს, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაიაც იზიარებს.
„იპოთეკარები სწორედ სამთავრობო წრეებში არიან და ისინი ითბობენ ხელს პრობლემური სესხებით. ამიტომ პრემიერს ისეთ ინფორმაციებს აწვდიან, თითქოს ამ ხალხის დახმარება შეუძლებელია. დროა მთავრობა გონს მოეგოს, ვიდრე 73 000 ოჯახი უსახლკაროდ დარჩება, აუცილებელია ამ ადამიანებს მთავრობამ შეუქმნას ისეთი პირობები, რომ ვალის გასტუმრება შეძლონ“, – ამბობს წულაია.
იპოთეკით დაზარალებულები გრძელვადიან დაბალპროცენტიან სესხებს და აღსრულების შეჩერებას ითხოვენ. „აუცილებლად შევძლებთ დაბალპროცენტიანი სესხების პირობებში ვალის გასტუმრებას და ქუჩაშიც აღარ დავრჩებით“, – ამბობს იპოთეკით დაზარალებული ეთერ ფურცხვანიძე და მის აზრს ყველა დაზარალებული იზიარებს.