ოპერაცია „სემკეპი“

ოპერაცია „სემკეპი“

ჰელმანდის პროვინციაში, „რეგიონალური სარდლობა სამხრეთ დასავლეთის“ დაქვემდებარებაში მყოფმა ბათუმის ცალკეულმა მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა, ნოუზადის რაიონში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა. კოდური სახელით „სემკეპი“ ოპერაციის მთავარი მიზანი პასუხისმგებლობის რაიონში თალიბების თავისუფალი გადაადგილების აღკვეთა, ბუფერული ზონების შექმნა, „წითელი გზის“ დაცვის გაძლიერება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

ბათუმის ბატალიონის “ალფა” და “ჩარლი” ასეულების ჯარისკაცებმა, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ოპერაცია დილის 9 საათზე დაიწყეს. სამხედრო მოქმედება ოთხ ფაზად დაიყო.

სოფელ შინ კარეზში ჩატარებულ ოპერაციას ქართული დანაყოფისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან დასახლებულ პუნქტში თალიბების კინეტიკური აქტიურობა საშუალო დონემდე იყო მისული და საჭირო გახდა ერთგვარი ძალის დემონსტრირება. სოფელში შესვლის დროს, ქართველი სამხედროები ერთ-ერთ მოსახლეს გაესაუბრნენ და ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს.

სოფლის უხუცესებთან შეხვედრისას (შურა), ქვეითი პატრულის უსაფრთხოების უზრუნველყოფით დაკავებული ქართველების ჯავშანმანქანა „MRAP“ თვითნაკეთ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე აფეთქდა.

თუმცა, ეკიპაჟის არცერთი წევრი არ დაშავებულა. ოპერაციის მეთაურის ბრძანებით, უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ბათუმის ბატალიონის სწრაფი რეაგირების ძალები და გამნაღველთა ჯგუფი გამოიძახეს, ხოლო პირადმა შემადგელობამ აფეთქებული მანქანის გარშემო უსაფრთხოება უზრუნველყო. ტერიტორიის განაღმვის შემდეგ, მოხდა მანქანის ბაზაზე ევაკუირება.

ოპერაცია „სემკეპი“ 7 საათის განმავლობაში გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა. კომბინირებული ოპერაციაში ქართველების ორ ოცეულთან ერთად, ამერიკელ საზღვაო ქვეითთა “ქართული მეკავშირე ჯგუფისა“ (GLT) და საცეცხლე მხარდაჭერის (საჰაერო, საზღვაო საარტილერიო) “ანგლიკო“ ჯგუფის სამხედროები მონაწილეობდნენ. ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს ძირითადად მხარდამჭერის ფუნქცია ჰქონდათ. მათ საჭიროების შემთხვევაში დროულად უნდა გამოეძახათ სამედიცინო ევაკუაცია და საცეცხლე მხარდაჭერა. ჯავშანმანქანა “MRAP”-ების გარდა, ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცების უსაფრთხოებას ჰაერიდან “სუპერ კობრა“ და UH-1 ე.წ. იროკეზი-იანკი მოდელის ვერტმფრენები უზრუნველყოფდნენ.