უკრაინის კომპრომისი ვილნიუსის სამიტზე საქართველოს ხელს ვერ შეუშლის

უკრაინის კომპრომისი ვილნიუსის სამიტზე საქართველოს ხელს ვერ შეუშლის

ვადა, რომელიც უკრაინას დაუთქვა ევროკავშირმა, ამოიწურა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არც უკრაინის და არც ევროკავშირის მხრიდან მიღებული არ არის. ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სანაცვლოდ, ევროპა უკრაინის ექს-პრემიერის, იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას ითხოვს. უკრაინის უმაღლეს რადაში კი ამისთვის საჭირო კანონპროექტზე შეთანხმება ვერ შეძლეს. როგორც ცნობილია, სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა ოპოზიციის მიერ წარმოდგენლი კანონპროექტის მხოლოდ ნაწილი შეათანხმა. დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ თუ ამ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისს უახლოეს დღეების განმავლობაში მიაღწიეს, მაშინ ტიმოშჩენკოს მკურნალობის შესახებ კანონი უმაღლეს რადაში ხმის მისაცემად ხუთშაბათს გავა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ვილნიუსის სამიტზე დაგეგმილია უკრაინასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა. ხოლო საქართველო და მოლდოვა ამ შეთანხმების პარაფირებას (ხელმოწერის წინასწარი დადასტურება) მოახდენენ. ევროკავშირი საქართველოსა და მოდლოვასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას 2014 წელს მოაწერს ხელს.

ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ კეთდებოდა შეფასებები, რომ 19 ნოემბრის გადაწყვეტილება იქნებოდა ბოლო შანსი უკრაინისთვის ვილნიუსის სამიტამდე. 18 ნოემბერსაც კი ევროპარლამენტარების, მათ შორის გერმანიის კანცლერის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ უკრაინა მზად არ იყო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის.

თუმცა მოულოდნელად სიტუაცია შეიცვლა - 18 ნოემბერს რუსულმა ნავთობკომპანია „გაზპრომმა“ უკრაინულ „ნაფტოგაზთან“ 1,3 მილიარდი დოლარის მოცულობის ვალის გადახდის გადავადებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ნოემბრის დასაწყისში „ნაფტოგაზმა“ საერთოდ შეწყვიტა გაზის იმპორტი „გაზპრომისგან“ და განაცხადა, რომ მომავალ წლამდე უკრაინას საკმარისი ბუნებრივი აირის მარაგი ჰქონდა, თუმცა ამჟამად აირის მიწოდება კვლავ განახლდა.

რუსული მედია ამ ფაქტს მაშინვე გამოეხმაურა, მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მორიგი გაზის ომის თავიდან აცილება რუსეთის და უკრაინის პრემიერ-მინსიტრების საუბრის შემდეგ გახდა შესაძლებელი - აზაროვი და მედვედევი შეთანხმდნენ, რომ ევროპელი იმპორტიორებისათვის გაზის მიწოდებას საფრთხე არ უნდა დაემუქროს.

პარალელურად, უკრაინის საკითხზე ევროპული საბჭოც მსჯელობდა, თუმცა, ვერ მიიღო გადაწყვეტილება, მზადაა თუ არა უკრაინა ევროკავშირთან ასოცირებისთვის. როგორც ლიტვის საგარეო საქმეთა მინსიტრმა ლინას ლუნკიავიჩუსმა განაცხადა, საბჭომ გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვილნიუსის სამიტზევე მიიღოს. მინისტრის განცხადებით, უკრაინამ ამასობაში ყველა საჭირო კანონპროექტი უნდა მიიღოს და უკრაინისთვის ვილნიუსის სამიტამდე დარჩენილი 9 დღე გადამწყვეტი იქნება.

რეალურად, უკრაინას ხელმოწერის გადავადებისთვის საკმაოდ რეალური მიზეზი აქვს, ის რუსულ გაზზეა დამოკიდებული, გარდა ამისა, რუსული ბიზნესელიტა თლის, რომ რუსული ბაზრის დაკარგვა უკრაინისთვის ეკონომიკური კოლაფსის ტოლფასი იქნება და საკუთარი ხელისუფლებისგან ხელმოწერის გადავადებას ითხოვს.

უკრაინასა და რუსეთს შორის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული შთანხმების პარალელურად, ევროპის მხრიდანაც გაკეთდა განცხადებები, რომ ევროპა უკრაინას გაზთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება.

მოვლენათა ეს ჯაჭვი ამჯერად გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით გვირგვინდება, რომელიც რუსეთს აფრთხილებს, თავი შეიკავოს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვაზე ზეწოლისგან.

კანცლერის განცხადებით, ამ სახელმწიფოებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რამდენად მჭიდროდ უნდათ ევროკავშირთან დაახლოება.

„სახელმწიფოებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება თავიანთი განვითარების მომავალ მიმართულებაზე. მესამე პირებს ამაზე ვეტოს უფლება არ აქვთ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

როგორც მერკელი აცხადებს აღმოსავლეთ პარტნიორიობის ქვეყნები მოსკოვის მხრიდან ზეწოლის გამო ევროკავშირთან დაახლოების საკითხში სირთულეებს აწყდებიან.

„ვილნიუსის სამიტზე გამოვალ მოწოდებით, რომ ევროკავშირი წინ აღუდგეს ამ ზეწოლას, კონკრეტული შანსებითა და სოლიდარობით, იქნება ეს პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანა, რომელიც რუსულ ბაზარზე აკრძალულია, თუ ენერგომომარაგების სისტემის შემუშავებაში დახმარება“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა.

როგორც მერკელმა აღნიშნა, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაარწმუნა რუსეთის პრეზიდენტი, რომ ევროკავშირთან მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ძლიერი კონტაქტები რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

სავარაუდოდ, ევროკავშირისა და რუსეთის „საჭადრაკო“ სვლები უკრაინაზე გავლენის მოსაპოვებლად ვილნიუსის სამიტამდე გასტანს.

ქართველი ექსპერტები შიშობენ, რომ უკრაინის კომპრომისზე წასვლამ შესაძლოა საქართველოც დააყენოს სირთულეების წინაშე, თუმცა ექსპერტი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ უკრაინა მოაწერს თუ არა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელს, ამ ეტაპზე საქართველოზე ზეგავლენას ვერ მოახდენს და საქართველოსთან მიმართებაში ეს თემა არ იქნება აქტუალური -ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება აუცილებლად მოხდება.

„საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა უფრო პარაფირების შემდეგ გამოიკვეთება, რადგან არ მგონია, რუსეთი ასე იოლად შეეგუოს საქართველოს ევროკავშირსა და შემდეგ ნატოში გაწევრიანებას. პარაფირებიდან ხელშეკრულების ხელმოწერამდე უნდა ველოდოთ გარკვეულ რეაქციასა და პოლიტიკის შეცვლას რუსეთის მხრიდან. თუმცა ამ ეტაპზე რუსებს ბერკეტები არ აქვთ. რაც შეეძლო რუსეთს, საქართველოს უკვე დაუშავა- 20% ტერიტორიების ოკუპირებული აქვს, ეკონომიკისთვის რუსული სივრცე, ფაქტობრივად, დახურულია. შერჩევით გარკვეული პროდუქციის შესვლა რუსულ ბაზარზე ბევრს ვერაფერს ცვლის ქართული ეკონომიკისთვის. ისევ რომ გადაკეტოს რუსეთმა ეს სივრცე, დიდად არ შეცვლის რამეს რადგან საქართველოს მოსახლეობის 2/3 ისედაც სიღატაკეში ცხოვრობს“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე თვლის რომ საქართველოს მიმართ რუსეთის რეაქცია მოგვიანებით, ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას გამოიკვეთება.

რამაზ საყვარელიძე: „დავაკვირდეთ, ხელმოწერამდე რუსეთს რეაქცია არ ჰქონდა, იმიტომ, რომ ხელმოწერა არის რეალური ზღვარი, რომლის შემდეგაც უკრაინაზე მცირდება რუსული, ხოლო იზრდება ევროპული გავლენა. ვიდრე ჩვენთან ხელმოწერის საკითხი დადგება (და შესაძლოა, ამას წლებიც დასჭირდეს), ამ მაგალითიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ არც ჩვენზე არ ექნება რუსეთს რეაქცია და ვილნიუსის სამიტის პროცესები რუსეთის საგრძნობი გაღიზიანების საბაბი არ იქნება.

ჯერჯერობით, ჩვენგან რეაქცია აუცილებელი არ არის მითუმეტეს, რომ უკრაინის მაგალითი წინაა. სავარაუდოა, რომ ამ ინფორმაციის ფონზე თვითონ დასავლეთიც დაფიქრდება რაღაცეებზე და ტიმოშენკოს თემას არ აქცევს იმ თემად, რომლის წყალობითაც ისევ რუსეთის ხელში აღმოჩნდება უკრაინა - უფრო ფრთხილად მოეკიდება თავისი ევროპული პრეტენზიების ფორმასა და შინაარსს როგორც უკრაინის, ასე საქართველოს მიმართაც“.

ვაჟა ბერიძე ვარაუდობს, რომ საქართველოს შემთხვევაში შესაძლოა, რუსეთმა რაღაც მექანიზმი შეიმუშავოს, თუმცა, უკვე ყველაფერი ნაცადი აქვს.

„არ ვიცი, რამდენად გამოძებნის რაიმე ქმედით ღონისძიებებს რუსეთი უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, რადგან მისთვის ძნელი იქნება შეგუება, რომ კავკასიაში გავლენის ფორპოსტი საბოლოოდ გადავიდეს ევროატრლანტიკური სივრცეში“,- ვარაუდობს ვაჟა ბერიძე, რომელიც თვლის, რომ უკრაინის კომპრომისის შემთხვევაშიც კი, საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზა მაინც რჩება.

ვაჟა ბერიძე: „ამ ყველაფერთან სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, უკრაინას ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ხელსაყრელი იქნება თუ ჩვენთან ერთად ან ჩვენს წინ ევროპას მიუერთდება უკრაინა - ეს გააადვილებს ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენს ჩართვას. რომ გადაავადოს კიდეც უკრაინამ ხელმოწერა, ჩვენ სამხრეთის ფლანგიდან მივუახლოვდებით ევროპას, პერსპექტივაში თურქეთის ევროპაში მზარდი როლის გათვალისწინებით, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ გაუქმდა, ევროკავშირის ცნობილი პრეტენზიების გამო.

რაც შეეხება თავად უკრაინას, ევროკავშირის პრეტენზიები, რომ უკრაინას არ შეუსრულებია ყველა ვალდებულება და ამიტომ შეიძლება შეფერხდეს, ეს ევროპის მხრიდან უფრო თავის დაზღვევა მგონია - ისე არ უნდათ გამოვიდეს, რომ უკრაინამ პოზიცია შეიცვალა და ამის გამო ვერ ხერხდება ხელშეკრულების ხელმოწერა“.

საკმაოდ საინტერესოა, განცხადებები ევროპის მხრიდან უკრაინისთვის ეკონომიკური მხარდაჭერის შესახებ, თუმცა საინტერესოა, რეალურად რა დახმარების გაწევა შეუძლია ევროპას, რომელსაც ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები ისედაც თავზე საყრელად აქვს. ხაზგასასმელია ტონიც, რუსეთის მიმართ, რომელიც უკრაინასთან მიმართებაში საკმაოდ გამკაცრდა.

როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, ჩვენ სამწუხაროდ იმ მასშტაბის ქვეყანა არ ვართ არც გეოგრაფიული და არც ეკონომიკური პოტენციალით, როგორიც უკრაინაა და ბუნებრივია, ევროპისთვის რომელიც ასე უფრეთხილდება პატარა საქართველოს, ამ შემთხვევაში გაცილებით მეტი მოტივაცია არსებობს.

„ამიტომ შეეცდება რუსეთთან ურთიერთობით წარმოქმნილი პრობლემები როგორმე მოუგვაროს ამ ქვეყანას. თუ მწარე გაკვეთილი ჩაუტარა რუსეთმა უკრაინის თემაზე დასავლეთს, გამორიცხული არ არის, დასავლეთმა უფრო ენერგიული ნაბიჯები გადადგას სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიმართ, რომ რუსული გავლენა შეამციროს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ვაჟა ბერიძე თვლის, რომ ევროპის პოზიციის მიუხედავად, საბოლოოდ დოკუმენტზე ხელმოწერა მთლიანად უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

„ეს პოზიცია იყო ცალსახა, როდესაც იანუკოვჩი აცხადებდა, რომ ევროპისკენ სწრაფვა გარდაუვალია, რადგან რუსეთი უკრაინას გაცილებით ძვირად აძლევდა გაზს, ვიდრე ავსტრიას ან გერმანიას. თუმცა უკრაინელი ბიზნესმენები მუდმივად შიშობენ, თუ რუსეთი ემბარგოს დაუწესებს უკრაინას, რა მოხდება მაშინ.

უკრაინა დიდი ქვეყანაა, ეს არ არის საქართველო, რომლის მოსახლეობის 1/3 რუსული ემბარგოს შემდეგ საქართველოდან დაიძრა და უცხოეთს, მათ შორის რუსეთს მიაშურა სამუშოდ. იანიკოვიჩი, გნებავთ აზაროვი, ამ ყველაფერს კარგად აცნობიერებენ“, - აცხადებს ბერიძე.

რაც შეეხება ზეწოლას, ვაჟა ბერიძის შეფასებით, გავლენის ეპიცენტრში მყოფი ნებისმიერი სახელმწიფო ახდენს ზეგავლენას შედარებით სუსტ ქვეყნებზე, ეს იქნება რუსეთი თუ ევროკავშირი, რომელსაც აღმოსავლერთ პარტნიორობის გეგმა აქვს შესასრულებელი და იცის, რომ თუ ეს ქვეყნები არ მიიღო თავის რიგებში, მათ მიმართ რუსეთი აუცილებლად აამოქმედებს საკუთარ გეგმებს.

„ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინის ხელისუფლებაზე რამდენად გარისკავს, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას რუსეთისგან მოსალოდნელი სანქციების ფონზე - ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება“, - აცხადებს ბერიძე.

იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ხელმოწერას გადაავადებს, რუსეთი შეეცდება როგორმე საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზეც დაიყოლიოს. ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო იზრდება შანსი, საქართველოსა და მოლდოვას, მომავალ წლამდე, როდესაც ხელშეკრულების ხელმოწერის დრო მოახლოვდება, რუსეთმა ახალი ხაფანგებიც მოუმზადოს. თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა და თუ ევროპის ბოლო განცხადებებს გავითვალისწინებთ, ის არ აპირებს უკრაინა ასე მარტივად დათმოს.