საქართველოს პარლამენტმა მთავრობის კაბინეტი 93 მომხრე ხმით 19-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურად მას შემდეგ დაიკავებს, რაც მას თანამდებობაზე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დაამტკიცებს.
პრემიერ-მინისტრი წინამორბედს, ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის მადლობას უხდის, ქართველ ხალხს კი ჰპირდება, რომ ქვეყნის სამსახურში იქნება.
საპარლამენტო უმცირესობას მთავრობის დაპირებების არ სჯერა, უმრავლესობა კი, აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, ნდობის მანდატი გაამართლოს.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პროგნოზით, წინ შრომის ძალიან დაძაბული სამი წელიწადია, რომელიც ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას განუსაზღვრა.
„ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა, რადგან გარკვეულ დონეზე, პოლიტიკური ციკლი დასრულდა, რომელიც 1-ლი ოქტომბრის შემდეგ დაიწყო. საქართველოს მოსახლეობას ვუსურვებ, რომ მათთვის ყოველი წელი, წარმატებების წელი იყოს“, - განაცხადა სპიკერმა.
საკანონმდებლო ორგანოს ნდობას გაამართლებს თუ არა მთავრობა, ამას დრო აჩვენებს, მაგრამ პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ საქართველოს „ხელშეუხებელი მინისტრები“ არ ეყოლება.
„ჩვენმა გუნდმა, ის მავნე ტრადიცია დაამსხვრია, როდესაც მთავრობას გამორჩეული და ხელშეუხებელი მინისტრები ჰყავდა“, - ამბობს ღარიბაშვილი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს კოალიციის ერთობის შენარჩუნების პირობაც მისცა.
„ბატონო ბიძინა, გამოცხადებული ნდობისთვის - დიდი მადლობა. დიდი მადლობა, რომ ის დიდი ნდობა, რომელიც ქართველმა ხალხმა თქვენ გამოგიცხადათ, ჩვენ გვანდეთ. მინდა ისიც გითხრათ გულით, და არა გონებით, რომ თქვენ ყოველთვის იყავით ჩემთვის სამაგალითო და ყოველთვის დარჩებით სამაგალითოდ. ასევე გპირდებით, რომ იმ მტკიცე ერთობას, რაც თქვენ კოალიციის სახით შექმენით, ასეთივე სიმტკიცით შევინარჩუნებთ“, - განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან ღარიბაშვილმა, რომელმაც უმცირესობის კრიტიკული კითხვების საპასუხოდ, ეკონომიკურ საკითხებზეც ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრმა ნაციონალებს მოუწოდა, ინვესტორებს ნუ დააფრთხობენ, რომ, თითქოს, საქართველოში ცუდი ვითარებაა.
„როცა პრეზიდენტი ქვეყნის მთავარი ოპოზიციონერი იყო, როგორ გგონიათ, ინვესტორების დარწმუნება როგორ უნდა მომხდარიყო?! რეალური ინვესტიციების განხორციელება მოხდება, რადგან რამდენიმემილიონიანი ინვესტიციების დაბანდება იგეგმება. სასწაულებს ვერ გავაკეთებთ, გარკვეული დაღმასვლაც იყო, მაგრამ ბოლო ორი თვის განმავლობაში, ეკონომიკის გაჯანსაღებს პროცესი ჩანს. მოგიწოდებთ, ინვესტორებს ნუ დააფრთხობთ და ისეთ სიტუაციას ნუ წამოაჩენთ, რომ ქვეყანაში ცუდი პროცესია. გაცილებით ცუდი ვითარება ომის შემდგომ იყო, როდესაც საგარეო ვალს იღებდით“, - მიმართა უმცირესობას ღარიბაშვილმა, რომელმაც ერთ-ერთი კომპანიის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც მისი ინფორმაციით, ქვეყნიდან გასვლას აპირებდა.
ღარიბაშვილის ცნობით, რამდენიმე დღეში, ერთ-ერთი კომპანია განცხადებას გააკეთებს, რომელი საქართველოდან გასვლას იმის გამო აპირებდა, რომ ქვეყანაში საინვესტიციო გარემო არ იყო.
„საქართველოში ამ კომპანიას დაახლოებით 200-300 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჰქონდა შემოტანილი, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში ძალიან დაზარალდა. ამ კომპანიას ყველა ის პრობლემა მოვუგვარეთ, რაც თქვენ შეუქმენით“, - მიმართა ნაციონალებს პრემიერმა, რომლის ინფორმაციითაც, წინა მთავრობას 30–მდე ქვეყანასთან ჰქონდათ შეჩერებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრეულების გაფორმება, ვინაიდან უამრავი შემთხვევა არსებობდა საკუთრების უფლების დარღვევის.
მისი შეფასებით, ინვესტორებს საქართველოში შემოსვლის ეშინოდათ.
მთავრობის ხელმძღვანელმა უცხოეთში მოღვაწე ქართველების დაბრუნების პროცესზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ემიგრაციაში მყოფი ქართველების თემა ძალიან სენსიტიურია.
„როგორც ბიძინამ ბრძანა, თითოეული ქართველი ჩვენთვის ძვირფასია. გეგმები გვაქვს, რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველების დაბრუნების პროცესი დავაჩქაროთ“, განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელმაც ამავდროულად, აღნიშნა, რომ საქართველო სავიზო რეჟიმს გადახედავს.
აღსანიშნავია, რომ ნაციონალებისთვის პრემიერ-მინისტრის მიერ დადებული პირობები და მის მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამა სარწმუნო არ აღმოჩნდა, რის გამოც, მათ მთავრობას მხარი არ დაუჭირეს.
კონკრეტულად, თუ რა პრეტენზიები აქვთ ოპოზიციონერებს, ამის გარკვევა for.ge უმცირესობის ლიდერებთან შეეცადა.
„სამწუხაროდ, ეს სამთავრობო პროგრამა რეალობას ვერ ასახავს. სამწუხაროდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკა გაჩერდა. მთავრობას წარმოდგენილი არ აქვს გეგმა, თუ როგორ აპირებს ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას. მათი სამთავრობო პროგრამა კარგად გაწერილი სიტყვათა წყობაა, რომლის უკანაც არაფერია. ვეცადეთ, პრემიერის წინაშე კონკრეტული წინადადადებები დაგვეყენებინა, მაგრამ მათი მხრიდან ისმის ბრალდება თუ როოგრ ვანგრევდით ეკონომიკას. მართალი გითხრათ, ასეთი რიტორიკა მთავრობას არ გამოადგება და ეს პროგრამაც ვერ შესრულდება“, - განუცხადა for.ge-ს მიხეილ მაჭავარიანმა, რომლის პათოსსაც დავით საყვარელიძე და აკაკი მინაშვილი იზიარებენ.
საყვარელიძე აცხადებს, რომ სამწუხაროდ, ეს არის პირველი მთავრობა, რომელმაც ცხრა წლის მანძილზე, შემცირებული და ფაქტიურად სეკვესტრირებული ბიუჯეტი წარადგინა.
„რაც არ უნდა იძახონ, რომ ეკონომიკას ვანგრევდით, ყველამ იცის, რომ ეს აბსურდია. საქართველოს ასეთი მთავრობა არ უნდა ჰყავდეს. მათი მიდგომა საქმიანი და კონსტრუქციული არ იყო. იმის ნაცვლად, რომ ეკონომიკური პოლიტიკის გამოსწორებაზე გვემსჯელა, მათი რიტორიკა იყო აგრესიული და კონფრონტაციაზე ორიენტირებული, რაც ამომრჩეველს ნამდვილად არ მოეწონებოდა“, - განუცხადა for.ge-ს საყვარელიძემ.
აკაკი მინაშვილი კი ყურადღებას პრემიერ-მინისტრის უნარ-ჩვევებზე ამახვილებს.
მისი აზრით, პრემიერ-მინისტრს ეკონომიკაში არაფერი ესმის.
„ამ მთავრობამ, ერთი წლის განმავლობაში, ეკონომიკის 6-პროცენტიანი ზრდის 2 პროცენტამდე შემცირება მოახერხა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, პირველად მოხდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს 600 მლნ ლარიანი გარღვევა აქვს. მთავრობამ ის მოახერხა, რომ შემოსავლები შემცირდა და ეკონომიკა სტაგნაციაშია. ამასთან, გამოიკვეთა, რომ პრემიერ-მინისტრს არანაირი გამოცდილება არ აქვს, მას ეკონომიკის თაობაზე არანარი ცოდნა არ აქვს. მეორეს მხრივ, ამ ადამიანების მცდელობაა, პოლიტიკური ზეწოლა განახორციელონ ოპონენტებზე და ამით გავლენა მოიპოვონ. ამას გარდა, ახალ მთავრობას იმის უნარი არ აქვს, რომ კრიტიკული მოსაზრება მოისმინონ“, - განუცხადა for.ge-ს მინაშვილმა, რომელთა კრიტიკასაც, თავის მხრივ, არც ხელისუფლება იზიარებს.
ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს, ეკონომიკა ერთი კაბინეტიდან მართული იყო, ბიზნესი კი დატერორებული.
„ნაციონალების შეშფოთება არაგულწრფელია, რადგან ახლა იმას ვიმკით, რაც მათ დათესეს. მათი ხელისუფლების დროს, ეკონომიკა მართული ერთი კაბინეტიდან იყო, ბიზნესი კი დატერორებული. საქართველოს ეკონომიკა ნაციონალური შოკიდან გამოვა და ის დაემყარება არა რომელიმე კაბინეტში მიღებულ გადაწყვეტილებებს, არამედ რეალურ მაჩვენებლებს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, რომლის მსგავსადაც ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ საქართველოში ეკონომიკური ვარდნა 2012 წლის ივნისიდან დაიწყო.
მისი განმარტებით, მიმდინარე წლის ოქტომბრის ეკონომიკურ მონაცემებს, გასული წლის ოქტომბერის მონაცემებთან შედარებით, 6 პროცენტიანი ზრდა აქვს.
„ანუ, ზრდის ტენდენცია დაიწყო და ეს პროცესი, გაგრძელდება. რაც შეეხება ეკონომიკურ ვარდნას, მავანნი როცა გვსაყვედურობენ, ის მონაცემებიც უნდა გაითვალისწინონ, რომელიც აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთშია. აღნიშნულ ქვეყნებში, ეკონომიკურ ზრდის დაგეგმილი საპროგნოზო მაჩვენებელი სათანადოდ ვერ შესრულდა. ეს საერთო სენია. ამას გარდა, ვეტოდადებული კანონები და ორაზროვანი პიარიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოვიდნენ „მნგრეველები“ და ა.შ. ეს რიტორიკა ინვესტორებს აფერხებდა“, - აღნიშნა ტყემალაძემ.
თანაგუნდელების მსგავსად, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზციის კრიტიკა უსაფუძვლოა.
„ცხრაწლიან მმართველობაზე ყურადღებას იმის გამო ვამახვილებთ, რომ ისინი საკუთარ შეცდომებს ახალ მთავრობას აბრალებენ. სამთავრობო პროგრამა ოპტიმისტურია, რომელიც შესრულებადია. ამ მთავრობას იმის პასუხისმგებლობა აქვს, რომ ეს პროგრამა შეასრულოს“, - განუცხადა for.ge-ს კობახიძემ.
მთავრობის კაბინეტის თაობაზე პარლამენტი დღეს, ცხრა საათის განმავლობაში მსჯელობდა. რაც შეეხება 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც ნაციონალების კრიტიკას იმსახურებს, მთავრობიდან პარლამენტში ნოემბრის ბოლოს დაბრუნდება.