თუ 2012 წელს, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები მარიამ საჯაიას გამო განხორციელდა და დეპუტატის ასაკობრივი ზღვარი 21 წლამდე დავიდა, ამჟამად, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა „ნდობის ჯგუფის შესახებ“ კანონში ცვლილებები გივი თარგამაძის გამო მოამზადა.
კერძოდ, იმის გამო, რომ მმართველი ძალა „ნდობის ჯგუფის“ წევრად გივი თარგამაძის კანდიდატურას ეწინააღმდეგება, ირაკლი სესიაშვილმა გამოსავალი კანონის კორექტირებაში იპოვა.
დღეს მოქმედი კანონით, ხუთი წევრისგან შემდგარ „ნდობის ჯგუფში“ ერთი თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა, ერთი - უმრავლესობის წევრი, ერთი - მაჟორიტარი დეპუტატი, ხოლო ორი - უმცირესობის ან იმ ფრაქციის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში.
მოქმედი ნორმით, აღნიშნული სუბიექტები „ნდობის ჯგუფში“ ასარჩევ კანდიდატებს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ და უწყება ჯგუფის შემადგენლობას დადგენილებით ამტკიცებს და კენჭისყრა პერსონალურად ტარდება.
სესიაშვილის მიერ მომზადებული პროექტით კი, „ნდობის ჯგუფის“ წევრების დამტკიცება პარლამენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა ხდება. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარე „ნდობის ჯგუფის“ წევრებს, ბიუროსთან შეთანხმებით ცალ-ცალკე ამტკიცებს.
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ წინადადებით, „ნდობის ჯგუფის“ დაკომპლექტების უფრო მოქნილი მექანიზმის შემოღება ხდება. სესიაშვილისგან განსხვავებით კი, აღნიშნული რეგულაციის შემოღებას მმართველი გუნდი ეწინააღმდეგება, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე.
დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ის იქნება წინააღმდეგი, „ნდობის ჯგუფი“ იყოს არა საკანონმდებლო ორგანოსი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის.
სპიკერის მსგავსად, სესიაშვილის მიერ მომზადებულ წინადადებას ეწინააღდეგება უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძეც.
for.ge-სთან საუბარში კანონმდებელი აცხადებს, რომ უმრავლესობა „ნდობის ჯგუფში“ გივი თარგამაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.
„კომპრომისული ვარიანტი, შესაძლოა, ისეთი წინადადება გახდეს, რომ „ნდობის ჯგუფის“ წევრთა შერჩევა მოხდეს არა უმრავლესობის თანხმობით, არამედ უმცირესობამ საკუთარი კანდიდატი თავად აირჩიოს. ანუ, კანდიდატი არ საჭიროებდეს მხარდაჭერას. „ნდობის ჯგუფში“ გივი თარგამაძის შესვლას ხმას არ მივცემ და მხარდაჭერას ვერც სხვას მოვუწოდებ. ეს თემა განხილული იქნება, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ნორმა არ უნდა არსებობდეს“, - აცხადებს საგანელიძე, რომელიც „ნდობის ჯგუფის“ წევრობის კანდიდატია.
for.ge-ს ინფორმაციით, მმართველი გუნდი სესიაშვილის მიერ მომზადებულ პროექტს მხარს არ დაუჭერს. როგორც ჩვენთან საუბარში უმრავლესობის წევრები აცხადებენ, არ აქვს მნიშვნელობა გივი თარგამაძეს მხარს ბიუროზე დაუჭერენ, თუ სესიაზე.
წყაროს ცნობით, „ნდობის ჯგუფის“ შექმნის საკითხი, მმართველ გუნდში უთანხმოების მიზეზი ერთხელ უკვე გახდა. თურმე, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თანაგუნდელებს მოუწოდა თარგამაძეს მხარი დაუჭირონ, რაზეც მან მტკიცე უარი მიიღო.
„ნდობის ჯგუფი“, რომელიც თავდაცვისა კომიტეტის ფარგლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით იქმნება, ამ მოწვევის პარლამენტში ამ დრომდე არ შექმნილა. მიზეზი გივი თარგამაძეა, რომლის მხარდაჭერასაც უმრავლესობა არ აპირებს, უმცირესობა კი პოზიციის გადახედვას.
ფაქტია, რომ „ნდობის ჯგუფის“ არშექმნით პარლამენტი ზარალდება, მაგრამ როგორც ჩანს, მმართველი გუნდის წევრები გივი თარგამაძის ცნობილ მუქარას - „სულს ამოგხდით, თქვე ნაძირლებო“ ვერ ივიწყებენ.
რაც შეეხება თავად თავდაცვის კომიტეტს, როგორც გივი თარგამაძის ხელმძღვანელობის პერიოდში, ასევე ახლაც, ირაკლი სესიაშვილის კომიტეტი პარლამენტის „აქილევსის ქუსლია“. კომიტეტში ხშირად, კვორუმის პრობლემაა და საკომიტეტო საქმიანობას დიდი პასუხისმგებლობით არც დეპუტატები ეკიდებიან.