„გაძლიერებული ინტუიცია, რისკების ყნოსვა, რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნა და თავგანწირვამდე მისული დახმარების სურვილი“, - ეს „მისტერ რექსის“ თვისებების არასრული ჩამონათვალია.
ძაღლისთავიანი ადამიანის - „მისტერ რექსის“ სარეკლამო კლიპებმა და თბილისის ქუჩებში განთავსებულმა ბანერებმა უკვე დღეებია, საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. რა იმალება ძაღლისთავიანი კაცის მიღმა? - ამ კითხვაზე პასუხი ჟურნალისტების ნაწილმა ექსკლუზიურად მედიისთვის გამართულ ღონისძიებაზე უკვე მიიღო.
„მისტერ რექსი“ სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი-ს“ კრეატიული სარეკლამო პროექტია. სადაზღვევო კომპანია საზოგადოებაში საკუთარი სერვისების ფართოდ გავრცელებას, სწორედ, ამ პერსონაჟის მეშვეობით გეგმავს.
სარეკლამო სახედ ძაღლი ადამიანთან ერთგულების ნიშნით შეირჩა. ლაბრადორის ჯიშის ძაღლი კი სხვა ჯიშებისგან ადამიანის ტანთან უფრო პროპორციულობით გამოარჩიეს.
„რაც არ უნდა შეგემთხვეთ, დახმარება არ გამიჭირდება“, - ამბობს სარეკლამო რგოლებში „მისტერ რექსი“.
„ადამიანი ძაღლის თავით, ანუ პერსონა „მისტერ რექსი“ ბრიტანული წარმოშობისაა, მას დედა ჰყავს ქართველი და ამიტომ კარგად იცის ქართული ენა, ტრადიციები, ის კეთილი და პოზიტიური პერსონაა. „რექსი“ ბრიტანეთში დამზადდა და სწორედ ამიტომ არის გალანტური, გემოვნებიანი და თვითირონიით გამსჭვალული პერსონა. იგი ხუმრობს სხვებზეც, მაგრამ არ აქვს პრობლემა, იხუმროს საკუთარ თავზე“, - ამბობს თინა სტამბოლიშვილი - კომპანია „ჯი პი აი-ს“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, „მისტერ რექსი“ ქართულ სარეკლამო ბაზარზე უპრეცენდენტო პროექტია და მალე საზოგადოება მათ სარეკლამო სახეს უფრო ახლოს გაიცნობს.
„უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ სხვა სარეკლამო რგოლების გაშვებას, რომელთა მეშვეობითაც საზოგადოება „მისტერ რექსის“ სულ სხვა კუთხით დაინახავს - გაიცნობენ როგორც დამხმარეს, მზრუნველს, პრობლემების მომგვარებელს, რადგან სადაზღვევო კომპანია სწორედ ის კომპანიაა, რომელიც ადამიანის პარტნიორია რთულ სიტუაციაში. ჩვენი მიზანია, გრძელვადიან პერსპექტივაში დავანახოთ ადამიანებს, თუ რა მოაქვს დაზღვევას“, - განმარტავს თინა სტამბოლიშვილი.
„ჯი პი აი-ში“ არ მალავენ, რომ საკუთარი პროდუქტების ფართო რეკლამა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც საქართველოში მთავრობის გადაწყვეტილებით საყოველთაო სადაზღვევო პროგრამა ამუშავდა. კომპანია საკუთარი პიარკამპანიით კერძო დაზღვევის უპირატესობასა და კონკრეტული სადაზღვევო პროდუქტის რეალიზაციას შეეცდება.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს არის დრო, როცა უნდა გავაქტიურდეთ და ჩვენი სადაზღვევო მომსახურება უფრო პოპულარული გავხადოთ. ადამიანებს კერძო დაზღვევის ღირებულება უნდა ვაჩვენოთ“, - განმარტავენ სადაზღვევო კომპანიაში.
რამდენად დაეხმარება „ჯი პი აი-ს“ საკუთარი ბიზნესგეგემების წარმატებით განხორციელებაში „მისტერ რექსი“, ამას დრო აჩვენებს, მანამდე კი კომპანიაში იმ ხარჯებს აზუსტებენ, რაც სარეკლამო კამპანიას დასჭირდება.
თინა სტამბოლიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სარეკლამო კლიპებზე უცხოურმა გადამღებმა ჯგუფებმა იმუშავეს და რგოლები რუმინეთის წამყვან გადამღებ სტუდიაში დამზადდა, ხარჯი ქართულ სარეკლამო ბაზარზე არსებულ ფასს არ აღემატება.