ლაშა ნაცვლიშვილი: „სამუშაო ოთახში ვზივარ“

ლაშა ნაცვლიშვილი: „სამუშაო ოთახში ვზივარ“

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიხეილ ღურწკაია თანამდებობიდან მოხსნილია. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად დანიშვნამდე, მიხეილ ღურწკაია მთავარ პროკურატურაში პროკურორად მუშაობდა. კულუარული ინფორმაციით, ღურწკაია სასჯელაღსრულების სამინისტროში მთავარი პროკურორის მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის რეკომენდაციით დანიშნეს. ნაცვლიშვილი კი, მთავრობაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა. თავად ლაშა ნაცვლიშვილი ღურწკაიასთან დაკავშირებით კომენტარს იმ მოტივით არ აკეთებს, რომ ის სხვა უწყების თანამშრომელია.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ დროს საკმაოდ გავლენიან ფიგურას, ლაშა ნაცვლიშვილს თანამდებობის დატოვება მოუწევს. ახალ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ხვალ პირველი სამუშაო დღეს აქვს. მას თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარუდგენს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ახალი გენერალური პროკურორი ჯერ თანამშრომლებთან გამართავს თათბირს და მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდება ჟურნალისტებისთვის კომენტარი.

მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძის დანიშვნასთან ერთად, პროკურატურის მთავარი პროკურორის ყველა მოადგილისა და ასევე დეპარტამენტების უფროსების ძირითადი ნაწილის შეცვლა უკვე გადაწყვეტილია. არსებული ინფორმაციით, მთავარი პროკურატურაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებზე ოთარ ფარცხალაძემ  იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრისას ისაუბრა.

პროკურატურის სისტემაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებას უმრავლესობასთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილიც შეეხო, რომელმაც განაცხადა, რომ პროკურატურაში ცვლილებებს იმედიანად უყურებს და დარწმუნებულია, რომ ახალი გუნდის პირობებში ყველა საქმე სათანადო მტკიცებულებებით იქნება გამყარებული.

„განვიცდიდი, როცა სასამართლოში გაგზავნილ საქმეებთან დაკავშირებით ირკვეოდა, რომ ობიექტურად თუ არაობიექტურად, მტკიცებულებები იყო სუსტი და ასე შემდეგ, ყველა საქმე, რომელზეც ძიება მიდის, გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით, ჩვენ შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, პოლიტიკური განცხადებები ვაკეთოთ, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის.

ძალიან დიდი რწმენით ვუყურებ პროკურატურაში განხორციელებულ ცვლილებებს, მჯერა, რომ ახალი გუნდი შეძლებს ეფექტურ მუშაობას და ყველა იმ მტკიცებულების მოგროვებას, რომელიც ამა თუ იმ საქმის უტყუარობას დაადასტურებს, ყველა მძიმე საქმე იქნება გამოძიებული და ჩვენ ამ საქმეებს მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ახალი პროკურორის დანიშვნის შემდეგ მოადგილეებისა და დეპარტამენტების თავმჯდომარეების გადადგომას, გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას ვერ შეინარჩუნებს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი. როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ახალი პროკურორის დანიშვნის შემდეგ კონსტრუქციული კონსულტაციები გაიმართება და ყველაფერი ამის შემდეგ გადაწყდება.

„კანონი „პროკურატურის შესახებ“ არ ითვალისწინებს იმას, რომ ახალი პროკურორის დანიშვნის შემდეგ მოადგილეების უფლებამოსილება ავტომატურად იყოს მოხსნილი. მე განვაგრძობ ჩემი უფლებამოსილების შესრულებას. ახალი პროკურორის დანიშვნის შემდეგ კონსტრუქციული კონსულტაციები გაიმართება და ამის შემდეგ გადაწყდება ყველაფერი“,  - აცხადებს ნაცვლიშვილი.

ამასთან, ის უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერილი აქვს.

„ახლა ვარ ჩემს სამუშაო კაბინეტში და ვატარებ თათბირს. რასაკვირევლია, არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას და არ ვიცი, კიდევ რა უნდა გავაკეთო, რომ არ დავადასტურო და რამდენჯერ არ უნდა დავადასტურო... გავავრცელე განცადებაც, ვზივარ ჩემს სამუშაო კაბინეტში და ვასრულებ საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მოვალეობას. არაფერი არ დამიცლია და არ გადავმდგარვარ. სხვა არ ვიცი, როგორ დაგარწმუნოთ, რომ სამუშაო ოთახში ვზივარ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლაშა ნაცვლიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ლაშა ნაცვლიშვილის პირადი ინტერესები ფიგურირებს ისეთ გახმაურებულ საქმეებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება, სკანდალი გიორგი ფარესაშვილის გარშემო და მათ შორის სამეგრელოს საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილ ფირებთან დაკავშირებულ საქმეში. გარდა ამისა, მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნაცვლიშვილი დამოუკიდებელი ფიგურა იყო და თავად იღებდა გადაწყვეტილებას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე.

მასზე გავლენა არ ჰქონდა ყოფილ გენერალურ პროკურორს არჩილ კბილაშვილს. მეტიც - არჩილ კბილაშვილმა მისი პირველი მოადგილის წინააღმდეგ პროკურატურაში შეტანილი განცხადება თბილისის პროკურატურაში გადაიგზავნა. მოგვიანებით კი განმარტა, რომ მხოლოდ მოსაზრება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გამოძიება და, მით უფრო, დევნა დაიწყოს პირის მიმართ.

ლაშა ნაცვლიშვილის მოღვაწეობით კმაყოფილი არც უმრავლესობაა. ეს უკმაყოფილება საჯაროდ დააფიქსირა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, როდესაც ნაცვლიშვილმა მის ინიციატივაზე სისხლის სამართლის კოდექსში შესატან საკანონმდებლო ცვლილებაზე ისაუბრა. მანანა კობახიძემ მაშინ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის ახალი კოდექსის მიღების საჭიროებას ვერ ხედავდა.

იურისტი ლია მუხაშავრია თვლის, რომ თუ საუბარია თანამედროვე მართვის სტრუტურებზე, მაშინ, როდესაც პირველი პირი მიდის, მიდის მოადგილეც. მისი თქმით, არჩილ კბილაშვილზე მეტად საზოგადოების უკმაყოფილება სწორედ, რომ ლაშა ნაცვლიშვილთან არის დაკავშირებული. როგორც მუხაშავრია ამბობს, ძალიან რადიკალური ცვლილებების და ნაბიჯების გადადგმა მოუწევს მთავარ პროკურორს, რათ დაარწმუნოს სააზოგადოება, რომ ის განწყობილია საიმისოდ, რომ გამოასწოროს გენერალურ პროკურატურაში შექმნილი მგდომარეობა.

„ნაცვლიშვილი ძალიან კარგად ცნობილი პირია იურისტთა საზოგადოებაში. სამწუხაროდ, მას არ აქვს კარგი რეპუტაცია და მისი ბიოგრაფიის გახსენება - რომ ის გახლდათ უშიშროების მინისტრის მოადგილე იმ ავბედით დროს, როდესაც ამ სამინისტროს პირველი ვალერი ხაბურძანია იყო, მე მგონია, რომ ეს უკვე საკმარისზე მეტი ინფორმაციაა იმისთვის, რომ მას არ ჰქონოდა მხადაჭერა ახალ ხელისუფლებაში, რომელიც დაგვპირდა, რომ ახალ რეალობას შექმის და შეეცდება გამოასწოროს ის უკანონო ქმედებები, რომელიც დატრიალდა ბოლო წლების განმავლობაში.

ჩემი ინფორმაციით, ლაშა ნაცვლიშვილი იმის წინა წლების უბედურებების ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ. ამიტომ, მისი მოთავსება, სადაც ის იყო და ამჟამადაც აგრძელებს ყოფნას, ძალიან სერიოზულ ჩრდილს აყენებდა ბიძინა ივანიშვლს და მის მთავრობას. რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გახდა ის მთავარი პროკურორის მოადგილე, ეს  ჩემთვის უცნობია, მაგრამ ეს ინფორმაცია არ იყო სანდო და საიმედო და მას სჭირდებოდა გადამოწმება. ამიტომ, რაც უფრო დროზე მოაცილებენ ნაცვლიშვილს იქაურობას, მით უფრო მეტი შანსი აქვს ხელისუფლებას, დაარწმუნოსსაზოგადოება, რომ მართლაც რადიკალურ ცვლილებას აპირებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრიამ.