ნდობის ჯგუფის წევრების დამტკიცება, შესაძლოა, პარლამენტის ნაცვლად, უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა გახდეს - ასეთი ინიციატივით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი გამოდის, რომლის საკანონმდებლო პროექტი ბიუროს წარედგინა.
ხუთი წევრისგან შემდგარ ნდობის ჯგუფში ერთი უშუალოდ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა, ერთი - უმრავლესობის, ერთი - მაჟორიტარი პარლამენტის წევრების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატი, ხოლო ორი – უმცირესობის ან იმ ფრაქციის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში. აღნიშნული სუბიექტები ნდობის ჯგუფში ასარჩევ კანდიდატებს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ და, თავის მხრივ, პარლამენტი ნდობის ჯგუფის შემადგენლობას ამტკიცებს დადგენილებით, კენჭისყრა კი პერსონალურად ტარდება.
ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ნდობის ჯგუფის წევრები არა პარლამენტმა, არამედ პარლამენტის თავმჯდომარემ ცალ-ცალკე, ბიუროსთან შეთანხმებით დაამტკიცოს. სესიაშვილის ინიციატივის ამოქმედების შემთხვევაში, ნდობის ჯგუფის წევრებს უკვე არა პარლამენტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე დაამტკიცებს. თავად პარლამენტის თავმჯდომარემ კი, სესიაშვილის შეთავაზებასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია - ნეგატიური დამოკიდებულება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით - ბიუროს სხდომაზევე დააფიქსირა.
როგორც ცნობილია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში ნდობის ჯგუფი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით იქმნება. ირაკლი სესიაშვილის ეს ინიციატივა დიდი ალბათობით უმცირესობის წევრის, გივი თარგამაძის ფაქტორს უკავშირდება. დღევანდელ პარლამენტს, რომელიც უკვე მეორე წელია კონსტიტუციით და კანონით დაკისრებულ უფლებამოსილებას ახორციელებს, ისეთი მნიშვნელოვანი ორგანო, როგორიც ნდობის ჯგუფია, დღემდე არ ჰყავს.
უმცირესობა საკუთარი კვოტით პარლამენტს გივი თარგამაძის კანდიდატურას სთავაზობს. მმართველ გუნდს არ სურს ნდობის ჯგუფში მხარი დაუჭიროს თარგამაძეს და არც ისეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს, რომ ნდობის ჯგუფი უმცირესობის წარმომადგენლის გარეშე შეიქმნას. თავის მხრივ უმცირესობაც პრინციპულ პოზიციას იკავებს და უარს აცხადებს გივი თარგამაძის კანდიდატურის მათი რიგებიდან სხვა დეპუტატით შეცვლაზე.
სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე თვლის, რომ ამ კანონპროექტით ირაკლი სესიაშვილმა პასუხისმგებლობის თავიდან აცილება მონდომა. მისივე თქმით, გარკვეულწილად მისი როლი ამ საკითხში მნიშვნელოვანია.
„თავდაცვის მთლიანი სისტემის კონტროლი უნდა განახორციელოს პარლამენტმა, მაგრამ კონკრეტულ მუშა საკითხებს უშუალოდ ხელმძღვანელობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეც არის ბატონი ირაკლი. აქედან გამომდინარე, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არის ამ ჯგუფის შექმნისა და ფუნქციონირების საკითხი. სხვანაირად ხარვეზიანია საპარლამენტო კონტროლი იგივე შეიარაღებულ ძალებზე.
ეს არის ის საკითხი რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ პიროვნებაზე არ უნდა იყოს მორგებული. უმრავლესობას აქვს უფლება, რომ გარკვეული პოლიტიკური ფიგურის მიმართ ჰქონდეს გარკვეული უნდობლობის მიზეზი, უმცირესობასაც აქვს უფლება, რომ ეს საკითხი აქციოს პოლიტიკურ საკითხად. თუმცა, ჩემთვის უმცირესობის ქმედება გაუგებარია. რა უფრო მნიშვნელოვანია, ერთი ფიგურის მიმართ გამოხატული სოლიდარობა, თუ მონაწილეობის მიღება თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, რომლის ერთ-ერთი ბერკეტი გახლავთ ნდობის ჯგუფი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი თავდგირიძე.
იურისტი ლევან ალაფიშვილი დარწმუნებულია, რომ ეს კანონპროექტი კანონად არ იქცევა. მითუმეტეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელსაც კომპეტენციას უზრდიდა კანონპროექტის ავტორი, საჯაროდ თქვა ბიურს სხდომაზე, რომ ის ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა.
„სამწუხაროა, რომ ასეთი ინიციატივა ჩვენს საკანონმდებლო ორგანოშიც კი გაჟღერდა. არ ვიცი რა მიზანი ჰქონდა ირაკლი სესიაშვილს, მაგრამ რაც შეეხება პრობლემურად დარჩენილ საკითხს, არ გამოვრიცხავ, რომ კანონპროექტის ავტორის მიზანი იყოს ამ გზით გვერდი აევლო მისთვის არასასურველი კანდიდატურის ნდობის ჯგუფში შეყვანისგან, მაგრამ ეს წარუმატებელი მცდელობაა.
დემოკრატია მოითხოვს თანამონაწილეობას, თანამონაწილეობით მიღებულ გადაწყვეტილებებს, კანონისადმი პატივსიცემას. ჩვენი კანონდებლობით ნდობის ჯგუფი არის ერთდ-ერთი ყველაზე მძლავრი ბერკეტი საზოგადოების და პარლამენტის ხელში, რომ სრულად გააკონტროლოს არა მხოლოდ სამხედრო სფერო, არამედ მთლიანად უსაფრთხოების სფერო“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.
როგორც იურისტი განმარტავს, როდესაც პარლამენტი ასეთი სუბიექტური გადაწყვეტილებით არ ქმნის ამ მნიშვნელოვან ორგანოს და გადაწყვეტილების მიღების დროს სუბიექტური ფაქტორები დომინირებს, ეს არაა სახელმწიფოებრივი აზროვნება. მისივე განმარტებით, უმრავლესობა და თვითონ ამ კანონპროექტის ავტორი, ირაკლი სესიაშვილი ამ ჯგუფის არ შექმნით, კარგავს უმთავრეს ბერკეტს უსაფრთხოების სფეროზე სამოქალაქო კონტროლისთვის.
„საპარლამნეტო უმრავლესობა ამ საკითხის გაჭიანურებით თავის თავზე საზიანო გადაწყვეტილებას იღებს. ამ ყველაფერს გააზრება სჭირდება და არა ასეთი საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც თვითინ უმრავლესობაშიც კი მყისიერ ნეგატიურ შეფასებებს იმსახურებს“, - განმარტავს ლევან ალაფიშვილი.