"ლობისტური კამპანიისთვის ბიუჯეტის ფულის ხარჯვის გამო გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს. იმისთვის კი არა რომ ვინმე დაისაჯოს. შესაძლოა არავინ არ დაისაჯოს, მაგრამ საქმე უნდა გამოამზეურონ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ამგვარ დანაშაული სხვა სახელისუფლებო პარტიებმაც ჩაიდინონ", - განუცხადა for.ge-ს პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.
მისი თქმით, უნდა გაირკვეს რისთვის იხარჯებოდა საბიუჯეტო თანხები – ქვეყნის იმიჯისთვის თუ ერთი კონკრეტული პარტიისა და მისი ლიდერის პიარისათავის. საყვარელიძის თქმით, თუ საბიუჯეტო რესურსი "ნაცმოძრაობისთვის" იხარჯებოდა, მაშინ ეს დანაშაულია.
დასავლურ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები ეს არის ჟურნალისტების გემოვნების საკითხი თუ პოლიტიკური პარტიების მიერ დაქირავებული ლობისტური ჯგუფების მუშაობის შედეგი?
რამაზ საყვარელიძე: ორივე შეიძლება იყოს, თუმცა ლობისტური კამპანია უფრო მუშაობს.
"ნაცმოძრაობა" იმით განსხვადება მისი წინამორბედი სახელისუფლებო პარტიებისგან, რომ მან შეინარჩუნა სტრუქტურული მთლიანობა. მან შეინარჩუნა ყველა ის გავლენა, რაც პარტიას ჰქონდა. ბუნებრივია "ნაცმოძრაობამ" ლობისტური გავლენაც შეინარჩუნა.
“საქართველოს პრეზიდენტი თბილისში ხელისუფლებას არაპოპულარული და დაუფასებელი ტოვებს, მაგრამ, ჩვენი აზრით, ისტორია უფრო კეთილი შემფასებელი იქნება. სააკაშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მთავარი რაღაცეები სწორად გააკეთა. სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტს დატოვებს, როგორც საქართველოს ჯორჯ ვაშინგტონი, რადგან მან უხელმძღვანელა დემოკრატიაში გადასვლას რეგიონში, სადაც არჩეული ლიდერები ძალიან ხშირად ხდებიან დიქტატორები", - ვკითხულობთ გავლენიან ამერიკულ გამოცემა "უოლ სტრიტ ჯორნალში" გამოქვეყნებულ სტატიაში... როგორია თქვენი შეფასება ეს სტატია ლობისტების მუშაობის შედეგად დაიბეჭდა?
- სტატია უფრო ლობისტების ნამუშევარს ჰგავს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ჟურნალისტის ნამუშევარიც იყოს. საქართველოში ვსაუბრობთ ხოლმე ჟურნალისტების დილეტანტობაზე, მაგრამ ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა. შესაძლოა მათ არ იციან თუნდაც საქართველოს შიდა დემოკრატიის დონე. ვინაიდან ფაქტები არ გვაქვს ვერაფერს ვერ დავამტკიცებთ, მაგრამ სტატიის ჟღერადობა აშკარად ლობისტების ნამუშევარს ჰგავს.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭომ ლობისტებს მარტო გასულ წელს 16 მილიონი გადაუხადა. რეალურად ეს თანხა საქართველოს პიარზე კი არ იყო გათვლილი, არამედ პრეზიდენტ სააკაშვილისაზე...
- ლობისტური მომსახურება საკმაოდ ძვირია. საფასურს იღებს როგორც თავად ლობისტური კომპანია, ასევე ის ჟურნალისტი, რომლებმაც უნდა დაწერონ, ან ის პოლიტიკოსები, რომლებმაც პოზიცია უნდა დააფიქსირონ. ეს თანხა საკმაოდ რეალურია და ზღაპრულად ნამდვილად არ გამოიყურება, მაგრამ საქართველოს ბიუჯეტისთვის ეს საკმაოდ სოლიდური თანხაა.
როგორ ფიქრობთ, სწორია ამ საქმის გამოძიება?
- ჯერ უნდა გაირკვეს, ვისი პიარისთვის იყო გამოყენებული ეს თანხა. საქართველოს პიარისთვის თუ ერთი კონკრეტული პარტიისა და მისი ლიდერის პიარისთვის. თუ თანხები იხარჯებოდა "ნაცმოძრაობისა" და სააკაშვილის პიარისთვის ეს დანაშაულია.
ხშირად იყო საუბარი, რომ ”ნაცმოძრაობა” პარტიის პიარისთვის ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხას ხარჯავდა... ჩნდება ლოგიკური კითხვა თუ ერთი საქმით დაინტერესდა გამოძიება, მაშინ ყველა საკითხით უნდა დაინტერესდეს. ელოდებით საგამოძიებო ორგანოების გააქტიურებას ამ მიმართულებით?
- აბსოლუტურად ლოგიკური კითხვა ჩნდება… პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ საქმეებით. უნდა გაარკვიოს დანაშაულებრივი ასპექტები. გეთანხმებით, რომ გამოძიება დიდი ხნით ადრე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ რიგ შემთხვევებში პროკურატურა არაეფექტურია.
გამოძიება იმიტომ კი არ უნდა დაიწყოს, რომ ვინმე დაისაჯოს. შესაძლოა, არავინ არ დაისაჯოს, მაგრამ საქმე უნდა გამოამზეურონ. ეს უნდა გახდეს პრეცენდენტი ქართული პოლიტიკისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ამგვარი დანაშაული სხვა სახელისუფლებო პარტიებმაც ჩაიდინონ.
უნდა ვისაუბროთ არჩევნებზეც. პიარის თვალსაზრისით პარტიებმა კამპანია სწორად დაგეგმეს? როგორ ფიქრობთ პარტიების სლოგანებმა ამომრჩეველზე იმუშავა?
- გზავნილები რაღაც როლს თამაშობს, მაგრამ არა ისეთს რამხელა მნიშვნელობასაც მას ვანიჭებთ ხოლმე. იყო ასეთი ეფექტური გზავნილებიც. "ნაციონალები" ამ მიმართულებით საკმაოდ მარჯვედ მუშაობდნენ. გემახსოვრებათ მისი "გასაკეთებელი კიდევ ბევრია". სლოგანს თავისი ფუნქცია აქვს, მაგრამ არა - გადამწყვეტი.
ამ არჩევნებზე თავისი ფუნქცია შეასრულა?
- მარგველაშვილისა და ბაქრაძის სლოგანში აქცენტი სიტყვა "ერთადზე" გაკეთდა. მარგველაშვილთან იყო "ერთად განვაგრძოთ წინსვლა", ხოლო ბაქრაძესთან - "ერთად ვაკონტროლოთ მთავრობა". თუმცა, მარგველაშვილთან უფრო დამაჯერებელი იყო, რადგან ბაქრაძე 9 წელი იყო ხელისუფლებაში და ყველაფერს აკეთებდა იმის გარდა, რომ მის გუნდს ამომრჩეველთან ერთად მიეღო გადაწყვეტილება. სლოგანებმა გარკვეულწილად იმუშავა... მარგველაშვილთან უკეთესად იმუშავა.
ხშირად არის საუბარი, რომ პიარის თვალსაზრისით მოქმედი ხელისუფლება ეფექტურად ვერ მუშაობს და რომ ამ მიმართულებით "ნაციონალები" გაცილებით უკეთ მუშაობდნენ... როგორ ფიქრობთ, "ნაცმოძრაობისგან" ოცნებამ დადებით მაგალითები ვერ აიღო?
- "ნაცმოძრაობამ" თავისი პიარით იმდენი რამე გააფუჭა, რომ თავად პიარის მიმართ დამოკიდებულება და მისი ავტორიტეტი გაფუჭდა.
"ოცნებამ" ერთ-ერთი პირველი, რაც თქვა, ის იყო, რომ მე პიარი არ მინდაო. პიარი ყველას უნდა. ყველა ადამიანი ცდილობს, რომ თავისი თავი სხვას მომხიბვლელ ჭრილში აჩვენოს. სახელმწიფოც უნდა ცდილობდეს, რომ ქვეყნის დადებით მხარეები წინა პლანზე წამოწიოს. ხელისუფლებას პიარის გარდა სხვა უფრო ეფექტური კავშირი ხალხთან არ აქვს.
ანუ პიარის თვალსაზრისით გარკვეული შეცდომები ხელისუფლებამ მაინც დაუშვა?
- თუ ამას შეცდომებს დავარქმევთ ეს ნამდვილად არის, ოღონდ უფრო "ნაცმოძრაობის" მიმართ დამოკიდებულების ინერციაა. ეხლა მდგომარეობა ცოტა უფრო შეიცვალა და ეს ასე აღარაა.
რომ ამბობენ, რატომ შეხვდა ივანიშვილი ექსპერტებსა და მედიასო, თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ რეალურად იმ შეხვედრებზე ივანიშვილმა თავის თავზე პიარი აიღო. გვიმტკიცებდა, რომ ჩვენ გამოთქმულ შენიშვნებთან შედარებით ხელისუფლება უფრო ეფექტურია. პიარი სხვა არაფერია, მაგრამ მეორე საკითხია - რამდენად ეფექტური იყო ეს.