ირაკლი ღარიბაშვილის „ერთადერთი ნაკლი“

ირაკლი ღარიბაშვილის „ერთადერთი ნაკლი“

“თქვენს პრეზიდენტს, რატომ არ აკრიტიკებდით? მიხეილ სააკაშვილისთვის, როდესმე შენიშვნა მიგიციათ? ნეპოტიზმზე და კორუფციაზე საუბარი, არ გცხვენიათ? რა დღეში გყავდათ ბიზნესი, გიკითხავთ? როცა ადამიანებს აწამებდნენ, სად იყავით? - ამ ყველაფერზე დუმდით, რადგან თქვენ თქვენი ლიდერის გეშინოდათ, ვინაიდან ციხე იყო საშინელი, სადაც ადამიანებს ცოცხებითა და „დუბინკებით“ აუპატიურებდნენ” - ამ სიტყვებით მიმართა მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს და ნაციონალებს სანახაობის გამართვის საშუალება არ მისცა, პირიქით - ისინი ცხრა წილიანი მმართველობის გამო დატუქსა.

თუ წლების განმავლობაში, ძალოვანი მინისტრები პარლამენტს არ სტუმრობდნენ და საკანონმდებლო ორგანოს აბუჩად იგდებდნენ, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, პარლამენტში გამოცხადდა და ოპოზიცია სიცრუეში დაადანაშაულა.

უმცირესობის სხდომას ლაიტმოტივად ირაკლი ღარიბაშვილის იუმორი სდევდა, რომელმაც ოპოზიციონერები წყობიდან ისე გამოიყვანა, რომ ორსაათიანი სხდომა, რეპლიკებით - „ნუ გვიყვირით, ხელს ნუ გვიშვერთ“ დამთავრდა.

ნაციონალებისა და მინისტრთა კაბინეტის შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა და ირმა ნადირაშვილს მიმართა: „თქვენ ჩემი ნათესავი ყოფილხართ“. ოპოზიციონერში „პოლიტიკურმა მადამ“ გაიღვიძა და მან მომავალ პრემიერს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი მოსთხოვა, რაზეც ღარიბაშვილმა მიუგო - „უფრო ახლო ნათესავი ჭიკაიძეა, რომელიც ამ პოსტზე წარვადგინე“.  

აღნიშნულ რეპლიკას მინისტრთა კაბინეტის მხრიდან სიცილი მოჰყვა, უმცირესობის თავდასხმის ობიექტი კი, სწორედ ალექსანდრე ჭიკაიძე გახდა, რომელიც მოქმედმა ძალოვანმა მინისტრმა დაიცვა, მას „ნათელი სახის კაცი“ უწოდა და ოპოზიციონერთა კითხვაზე - „შეუსრულებია თუ არა უკანონო ბრძანება ჭიკაიძეს?“ განაცხადა, რომ 2011 წლის 26 მაისს, ალექსანდრე ჭიკაიძე რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, თუმცა ის აცხადებს, რომ „მრბეველი“ არ ყოფილა.

„მაშინ ლექსო სამინისტროში მუშაობდა. ეს ლექსოსაც არ დაუმალავს, მაგრამ ის არ იყო დამარბეველი. ვისაც ბრალი წარვუდგინეთ, ესაა ვანო მერაბიშვილი და  გამოძიებას კითხვები აქვს არა დარბევაში მონაწილე პოლიციელების მიმართ, არამედ ბრძანების გამცემთა მიმართ“, - განაცხადა მომავალმა პრემიერმა, რომელიც გივი თარგამაძემ სპეცდანიშნულების რაზმების სიძულვილში დაადანაშაულა, რის გამოც, ძალოვანმა მინისტრმა ოპოზიციონერს ბრალი „უსირცხვილო“ განცხადების გაკეთებაში დასდო.

პრემიერობის კანდიდატის შეფასებით, გივი თარგამაძე საზოგადოებას ოსტატურად ატყუებს, რადგან მას თითოეულ სპეცრაზმელთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.

„ბატონო გივი, ეს შეგიძლიათ მოიკითხოთ. უსირცხვილოდ გამოდიხართ და მეუბნებით, რომ თურმე, ეს ხალხი მეზიზღება. ეს არის ცინიზმი და ტყუილი“, - აღნიშნა მთავრობის მომავალმა ხელმძღვანელმა, რომლის განცხადებამაც თარგამაძე წყობიდან გამოიყვანა და მან დაიმუქრა „რომ მოვიყვანო, მე ვიქნება უსირცხვილო?“

თარგამაძის მუქარას მინისტრმა ცხრაწლიანი მმართველობის შეხსენებით უპასუხა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნეოფაშისტური ძალა იყო, რომელმაც მისი ოჯახის წევრის მსგავსად, 300 ათასი ადამიანი  გაასამართლა.

აღსანიშნავია, რომ თარგამაძის მსგავსად, ღარიბაშვილმა სიცრუის დემონსტრირებაში გიორგი კანდელაკიც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „კანდელაკს ტყუილი ძალიან კარგად ეხერხება“.

მინისტრის აღნიშნული რეპლიკის შემდეგ, უმცირესობის კითხვები ეკონომიკურ პროექტებსა და მომავალი წლის ბიუჯეტს დაეთმო. ოპოზიცონერები დაინტერესდნენ, თუ რატომ აქვს ბიუჯეტს 500 მლნ. ლარიანი „გარღვევა“, რაზეც ღარიბაშვილმა მათ ის პერიოდი შეახსენა, როცა მათი მმართველობის პირობებში, ბიზნესზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

ბიზნესის ძარცვის თაობაზე, ნაციონალებმა მინისტრისგან ინფორმაციის მოსმენა არ ისურვეს, მაგრამ მან გამოსვლა მაინც გააგრძელა და განაცხადა, რომ ელიტარული კორუფციის მასშტაბები შესწავლილი იქნება.

„შესასწავლი იქნება საკუთრების უფლების ტოტალური დარღვევის შედეგად შექმნილი ვითარება და დაისახება მისი გამოსწორების გზები. ასევე შესწავლილი იქნება საქართველოში ბოლო წლებში გავრცელებული ელიტარული კორუფციის მასშტაბები და მექანიზმები და დაისახება მისი აღმოფხვრის გზები“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა, რომელმაც უმცირესობას კითხვები დაუწუნა და აღნიშნა, რომ ნაციონალებს წყაროები არ უვარგათ.

ირაკლი ღარიბაშვილის კრიტიკა უმცირესობამ იმის გამოც დაიმსახურა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობით ისინი წლების განმავლობაში არ ინტერესდებოდნენ.

„თქვენ ახალ მთავრობას აკრიტიკებთ, მაგრამ თქვენი პრეზიდენტი, როდის გააკრიტიკეთ? რამდენჯერ მიგიციათ მისთვის შენიშვნა?  თქვენი პრეზიდენტი მაშინ რატომ არ გაკიცხეთ, როცა ის სიძულვილის ენით საუბრობდა? როცა ხალხს აწამებდნენ, სად იყავით? ნეპოტიზმზე და კორუფციაზე საუბრის არ გცხვენიათ? კორუფციული სქემები მაშინ რატომ არ შეადგინეთ, როცა  სააკაშვილი თავის ოჯახის წევრებს ქონებას ერთ ლარად გადასცემდა?  - ამ ყველაფერზე დუმდით, რადგან თქვენ თქვენი ლიდერის გეშინოდათ, ვინაიდან ციხე იყო საშინელი, სადაც ადამიანებს ცოცხებითა და „დუბინკებით“ აუპატიურებდნენ. ცხრა წლის განმავლობაში, მოსახლეობას ტყუილში აცხოვრებდით და არასოდეს გაგჩენიათ შეკითხვა და ვერც გაბედავდით გეკითხათ ჩემი წინამორბედისთვის, თუ რატომ არსებობენ „ოდეერები“ სხვადასხვა სამინისტროებში“, - მიმართა ნაციონალებს ღარიბაშვილმა, რომლის მიმართვის ტონიც გიორგი ბარამიძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ბარამიძემ ტრადიცია არ დაარღვია და მან სააკაშვილის დაცვის პარალელურად,  ღარიბაშვილი გაკიცხა.

„ბატონო ირაკლი, თქვენ რა გგონიათ, ვისთან მოხვედით და როგორ საუბრობთ?! თავი შეიკავეთ! მთავარი თქვენი ტყუილი არის, ის, რომ ჩვენ ქვეყანა დავანგრიეთ. თავი შეიკავეთ და წესიერად ილაპარაკეთ! თქვენ იმყოფებით პარლამენტში და არა ბალაგანში! დაიცავით ეთიკა, რადგან ღლაბუცის და ნახევრად იუმორისტული, უკბილო ხუმრობების ადგილი აქ არ არის“, - მიმართა ბარამიძემ ღარიბაშვილს, რომელმაც „რჩევებისთვის“ მას მადლობა გადაუხადა და თან შეახსენა: „თქვენ ხართ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც ციხეებში  ადამიანებს ანადგურებდა. ემოციებისგან თავი შეიკავეთ, გერჩივნათ მასე მიხეილ სააკაშვილთან გესაუბრათ“.

უნდა ითქვას, რომ ვითარება განსაკუთრებით ბარამიძესა და ღარიბაშვილს შორის დაიძაბა.  მომავალმა პრემიერმა ვიცე-სპიკერს მოუწოდა, დაესახელებინა თუნდაც ერთი შენიშვნა, რომელიც მან სააკაშვილს მისცა, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს მოხდა მაშინ, როცა გირგვლიანის მკვლელები შეიწყალეს.

„მე ის საჯაროდ გავაკრიტიკე. თქვენ კი, ახალგაზრდა კაცი გამოდიხართ და ტყუილებს ლაპარაკობთ! გგონიათ, რომ ხურდას არავინ არ დაგიბრუნებთ“, - მიმართა ბარამიძემ ღარიბაშვილს, რომელთა შორის დაწყებული კამათი რეპლიკებით - „ნუ მიყვირი, ხელს ნუ იშვერ“ დასრულდა.

ღარიბაშვილი-ბარამიძის შემდეგ, ვითარება მომავალ პრემიერსა და აკაკი მინაშვილს შორის დაიძაბა, რომელმაც ირაკლი ალასანიასა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შუღლის ჩაგდება სცადა, მაგრამ ოპოზიციონერს „კოვზი ნაცარში ჩაუვარდა“.

„ბატონო ირაკლი, თქვენ ჩვენ ნეოფაშისტებს გვიწოდებთ და თქვენი გურუ ივანიშვილი ევროპარლამენტარებს მექრთამეებს უწოდებს, მაგრამ თქვენი კრიტერიუმებით ეს ჩვენთვის საწყენი არ არის. პირად პასუხისმგებლობად  რაფალიანცის საქმე აიღეთ და თქვენი გუნდის წევრებმა განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი ნაციონალებმა განახორციელეს. რა გამოიძიეთ?“ - მიმართა  ღარიბაშვილს მინაშვილმა, რომელიც დაინტერესდა, როგორ აღმოჩნდა ალასანია ზუგდიდიდან კახეთში ორ საათში.

ღარიბაშვილმა ოპოზიციონერს კითხვა დაიწუნა - „ბატონო აკო, ვინ ჩაგაწერინათ შეკითხვა?“,  ხოლო ირაკლი ალასანია ნაციონალებს ჩაეკითხა, თუ რისი ხაზგასმა სურდათ.

„ამას რა მნიშვნელობა აქვს?  რისი ხაზგასმა გინდათ იმით, რომ მე კახეთში ჩავედი? თუ გნებავთ, შეგიძლიათ მკითხოთ თავდაცვის უწყებაზე დახარჯული 8 მილიარდის შესახებ, როგორ დაიხარჯა, სად წავიდა და რატომ აღმოჩნდა ქვეყანა ომისთვის მოუმზადებელი 2008 წელს?“, - მიმართა მინაშვილს ალასანიამ.

მას  შემდეგ, რაც ნაციონალებმა სხდომათა დარბაზში ტრადიციისამებრ, შოუ ვერ დადგეს და ვერც „პოლიტიკური სპექტაკლი“ მოაწყვეს, გოგა ხაჩიძე დაინტერესდა „ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც მინისტრს, აქვს თუ არა ნაკლი?“, რაზეც მომავალმა პრემიერმა უპასუხა, რომ „ველოსიპედი არ უყვარს“.

იქედან გამომდინარე, რომ პარლამენტი მთავრობას ნდობას ხვალ გამოუცხადებს, ნაციონალებსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის პოლიტიკურ პაექრობას საზოგადოება კვლავ იხილავს.