2013 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარიზში ნიკოლა სარკოზის შეხვდა.
როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იტყობინებოდა, სააკაშვილმა სხვა საკითხებთან ერთად განაცხადა, რომ „სარკოზი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ცოცხალი და მოქმედი სიმბოლო. მაშინ, როდესაც ხელი მოეწერა სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას, ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ბოლომდე დაცული“.
შემდეგ, ეს სუბიექტი აცხადებს, რომ „ პრობლემა არის ის, რომ, თუ გასული წლის ოქტომბრამდე სარკოზი მედვედევის შეთანხმებას ევროპელები და ამერიკელები რუსეთს პრაქტიკულად ყოველ კვირა ახსენებდნენ, 1 ოქტომბრის შემდეგ,...საქართველოს მთავრობამ შეწყვიტა ამ შეთანხმებაზე ლაპარაკი და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც მაშინვე შეწყვიტეს ამ ხელშეკრულების დაცვაზე საუბარი“.
გაუგებარია, თუ კიდევ რა სისულელე უნდა თქვას ამ სუბიექტმა, რომ კლინიკური კრეტინიზმის ოფიციალური დიაგნოზი დაესვას. ეს პროვოკატორი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არამარტო ბოლომდეა დაცული, არამედ ამ დარღვეულ მთლიანობას ცოცხალი სიმბოლოც ჰყავს. მისი ავანტიურის შედეგად, დაკარგული ტერიტორიის 20 პროცენტი სათვალავში აღარაა ჩათვლილი. პროვოკატორის ამ ლოგიკით, „ბოლომდე დაცული“ ტერიტორიული მთლიანობის მეორე სიმბოლოს მედვედევი უნდა წარმოადგენდეს, ვინაიდან ამ საერთაშორისო ხელშეკრულებას (თუკი იგი არსებობს) ისიც აწერს ხელს.
საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების ახალ ხელმძღვანელ პირებს, მილოცვასთან ერთად უნდა ვუთანაგრძნოთ იმ საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობის გამო, რომელიც კრიმინალი წინამორბედებისგან მიიღო. ამასთან, უცნობია, თუ რა ანალიტიკური, ან თეორიული ნაბიჯები მაინც განახორციელა ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართებით. ეს კი, ალბათ მნიშვნელოვანი უნდა იყოს იმ რეალური სურათის სრული მოცულობით აღსაქმელად, რაც ტერიტორიული მთლიანობის ამჟამინდელ პრობლემაზე შეუქმნიდა სრულ წარმოდგენას ახალ უმაღლეს ხელისუფალთ.
ზემოხსენებულ ციტატებში ოთხჯერ, მხოლობით რიცხვშია ნახსენები დოკუმენტი, რომელიც თითქოს სარკოზი-მედვედევის მიერ არის ხელმოწერილი. ამ დროს კი ეს დოკუმნეტი საქართველოში თვალით არავის უნახავს, და საერთოდ წარმოუდგენილია იმაზე ზეპირი მსჯელობა, რეალურად არსებობს თუ არა ბუნებაში სარკოზისა და მედვედევის მიერ ხელმოწერილი ერთი დოკუმენტი, როგორადაც მას სააკაშვილი ახსენებს.
ზოგადად, ამ დოკუმენტის არსებობის საკითხი სქელი ბურუსითაა მოცული, რაც იმის საფუძვლიან ეჭვს ბადებს, ხომ არ არსებობს სხვა რაიმე დოკუმენტი, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის საკითხს დაარეგულირებდა. ამ პირობებში არ არის გამორიცხული, რომ არსებობდეს კიდევ სხვა, სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც, მისი პიროვნული უსაფრთხოების სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიათა და სხვა არსებით ინტერესთა დათმობას შეეხება.
ამ ეჭვს აღრმავებს ის შავბნელი ისტორია, რომელიც კონკრეტულად, ზემოხსენებულ დოკუმენტს (თუ დოკუმენტებს) შეეხება. სხვა წყაროების ხელმიუწვდომლობის, თუ არ არსებობის გამო, საკითხში სიცხადის შეტანის მიზნით მივმართეთ რუსულ, ამერიკულ, ფრანგულ და დასავლეთ ევროპულ წყაროებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა ბეჭდვითმა ორგანო „საერთაშორისო ცხოვრებამ“ 2012 წელს, მერვე ნომერში გამოაქვეყნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის - კარასინის სტატია, რომელშიც იგი ამტკიცებს, რომ: „2008 წლის 12 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტ ნ. სარკოზის და რუსეთის პრეზიდენტ მედვედევს შორის მოლაპარაკებათა შედეგად მოწონებულ იქნა კონფლიქტების დარეგულირების ექვსი მშვიდობიანი პრინციპი“. ამის შედეგად შეიქმნა ორი ცალ-ცალკე დოკუმენტი.
კერძოდ, კარასინი სიტყვასიტყვით წერს შემდეგს: ...„იმ დროს, როდესაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ამ ექვს პრინციპს იმ სახით, როგორც ისინი ჩამოაყალიბეს რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, მ. სააკაშვილმა, ხელი მოაწერა არსებითად სხვა ტექსტს. მასში არ არსებობს მედვედევის, სარკოზისთან შეთანხმების პრინციპულად მნიშვნელოვანი პრეამბულა, რომელშიც დაფიქსირებულია მოწოდება ყველა მხარესთან (ქართულ, აფხაზურ და სამხრეთ ოსურ) ხელი მოეწერათ ამ ექვსი პრინციპისთვის. ამგვარად, არ არსებობს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის არ გამოყენების თაობაზე არავითარი ერთობლივად ხელმოწერილი შეთანხმება. სწორედ ეს ქმნის რეგიონში უსაფრთხოების ვაკუუმს და გახდა ამიერკავკასიის თაობაზე ჟენევის დისკუსიების საკვანძო თემა".
„კითხვას, თუ „ვის შორისაა დადებული ეს „შეთანხმება“ ?“ - მკაფიო პასუხი, რა თქმა უნდა, არ მოჰყვება. ამ ეშმაკობის აზრი, რა თქმა უნდა, ნათელია. ზოგიერთ პარტნიორს ძალზედ სურს კონფლიქტის ორი მხარის სახით, ერთ დაფაზე განათავსოს რუსეთი საქართველოსთან. თითქოს შემთხვევით, უნებლიედ, ივიწყებენ დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის არსებობას“.
ზოგადად, რუსეთის წარმომადგენლის ეს განცხადება, მართლსაწინააღმდეგო, დემაგოგიური მსჯელობის, სიცრუის და იმპერიული სითავხედის თვალნათელი მაგალითია, რომელზეც რატომღაც ქართულ მხარეს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. აღნიშნული სტატიის სხვა პუნქტებიც, ასევე კრიტიკულად უნდა შეფასდეს, რაგდანაც ქართულ-რუსული ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება.
ამჟამად, კი ამერიკულ წყაროს უნდა მივმართოთ იმის გასარკვევად, თუ რა შინაარსისაა ის ძირითადი დოკუმენტი, რომელსაც უკავშირდება საქართველოს იმედები ტერიტოტიული მთლიანობის აღდგენის მიმართებით.
ამ საკითხებისადმია მიძღვნილი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ეროვნული კომიტეტის და კოლუმბიის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა შემსწავლელი ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტის დევიდ ფილიპსის მიერ, 2011 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული კვლევა, საქართველო-რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე.
ამერიკის საგარეო პოლიტიკის ეროვნული კომიტეტი, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის შესწავლის ავტორიტეტული, ზეპარტიული, ინტელექტუალური ცენტრია. მისი რეკომენდაციები და ანალიტიკური მიმოხილვები აშშ-ს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებისას გულდასმით მიიღება მხედველობაში.
კვლევის იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ ექვსპუნქტიან შეთანხმებას ეხება, დაფიქსირებულია, რომ: „საქართველომ, [რომელსაც კვლევის ავტორი „ეგრეთ წოდებულ“ დემოკრატიის დეფიციტის მქონე ქვეყნად მოიხსენიებს] ცალმხრივად გამოაცხადა გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 11 აგვისტოს. მეორე დღეს, სარკოზიმ, ევროკავშირის სახელით, მედვედევს წარუდგინა სამშვიდობო გეგმა. შეთავაზება შეიცავდა ოთხ პრინციპს:
- საომარი მოქმედებების გაგრძელების შეწყვეტა;
- უარი ძალის გამოყენებაზე;
- ჰუმანიტარული დახმარების განმხორციელებელთა დაშვების ხელმისაწვდომობა;
- საქართველოს და რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტამდელ პოზიციებზე;
რუსეთის დაჟინებული მოთხოვნით, დოკუმენტის პროექტიდან ამოღებულ იქნა მითითება „საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემაზე“, ისევე როგორც, გაეროს ან ევროკავშირის საერთაშორისო მშვიდობისმყოფელთა განთავსებაზე [კონფლიქტის ზონებში]. სარკოზიმ დაარწმუნა მედვედევი, მიეღო ცეცხლის შეწყვეტის პირობები და 12 აგვისტოს თბილისში ჩავიდა. შეთანხმება შეიცავდა მედვედევის მოთხოვნებს, რათა „რუს მშვიდობისმყოფელებს განეხორციელებინათ დამატებითი უსაფრთხოების ზომები, ვიდრე არ ამუშავდებოდა მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმი (მე-5 პუნქტი), და დისკუსიების გამართვაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „მომავალი სტატუსის “შესახებ (მე-6 პუნქტი)“.
„სააკაშვილმა მკვეთრად უარყო მე-5 პუნქტის მე-2 წინადადება. იგი ჩიოდა, რომ ეს რუსეთს უსასრულო ოკუპაციის ნებართვას აძლევდა. სააკაშვილის პროტესტის მიუხედავად მე-5 პუნქტი უცვლელი დარჩა. მე-6 პუნქტი შეცვლილ იქნა და მოუწოდებდა „სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის უსაფრთხოების და სტაბილურობის პირობებზე საერთაშორისო განხილვების დაწყებისკენ“.
„რაისი სარკოზის 13 აგვისტოს შეხვდა. მათ შეადგინეს დამატებითი წერილის პროექტი, რომელშიც განმარტებული იყო შეთანხმების მე-5-ე პუნქტი. შემდეგ, რაისი ამ წერილით თბილისში გამოემგზავრა. წერილში მითითებული იყო, რომ „დამატებითი უსაფრთხოების ზომები შეიძლება განხორციელებულიყო მხოლოდ სამხრეთ ოსეთის უშუალო სიახლოვეს, რათა [უსაფრთხოების ზონებიდან] ამორიცხულიყო საქართველოს ნებისმიერ სხვა ტერიტორია".
„სააკაშვილმა იგრძნო, რომ მას არჩევანი აღარ ჰქონდა და 15 აგვისტოს ხელი მოაწერა შეთანხმებას. რუსეთის ჯარები საათის სავალზე იყვნენ თბილისიდან და მისი საჰაერო ძალები აკონტროლებდნენ საქართველოს საჰაერო სივრცეს. შეთანმხმებამ საშუალება მისცა საქართველოს თავიდან აერიდებინა უარესი - რუსეთის თავდასხმა თბილისზე, მის მიერ საქართველოს ოკუპაცია და სააკაშვილის დაპატიმრება“.
„არ არსებობს ქაღალდის ერთი ფურცელიც კი, რომელზეც იქნებოდა დაფიქსირებული ორივეს, მედვედევის და სააკაშვილის ხელმოწერები. არსებობს ერთი დოკუმენტი ფრანგულ ენაზე, რომელიც ხელმოწერილია მედვედევის და სარკოზის, როგორც „მოწმეების მიერ“. (აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფალთა ხელმოწერები ამ დოკუმენტზე შემდგომ შესრულდა). არსებობს სხვა დოკუმენტი, რომელიც ხელმოწერილია სააკაშვილისა და სარკოზის მიერ. ეს დოკუმენტები მნიშვნელოვანწილად მსგავსი, მაგრამ მთლიანობაში ერთი და იგივე არ არიან. რუსულ ენაზე ნათარგმნ დოკუმენტში დაფიქსირებულია „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოება“, მაშინ როდესაც ფრანგულენოვანი ვერსია, რომელსაც სააკაშვილმა მოაწერა ხელი, ეხება „უსაფრთხოებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“. პირველი გულისხმობს გარე საფრთხეებისგან (ე.ი საქართველოსგან) დაცვას, მაშინ როდესაც მეორე გულისხმობს, რომ საფრთხე შეიძლება მომდინარეობდეს შიგნიდან“.
აღნიშნულ ფრაზებს არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომლის თაობაზეც არსებობს მესამე ინგლისური ვერსია. მესამე ვერსიის მიხედვით ტექსტში დაფიქსირებულია „უსაფრთხოების და სტაბილურობის ზომების შესახებ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის“. ამ ვერსიას ამყარებს ფრანგული საინფორმაციო სააგენტო „RFI”-ის მიერ 2008 წლის 16 აგვისტოს გამოქვეყნებული ამ დოკუმენტის ინგლისურ ენოვანი ტექსტი, რომელიც ზემოხსენებული ინგლისური ტექსტის იდენტურია.
2009 წლის 13 აგვისტოს, რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი იტყობინებოდა, რომ „ თბილისი იმთავითვე ამტკიცებდა, რომ დოკუმენტი, სახელწოდებით სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიანი გეგმა ბუნებაში არ არსებობს“.
შემდეგ, ამავე წყაროს მიერ მოყვანილია საქართველოს პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარის, ბაქრაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ „არსებობს ორი დოკუმენტი: საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტების ხელმოწერებით და საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ხელმოწერებით. ცეცხლის შეწყვეტის შეთანმხების მხარეები არიან საქართველო და რუსეთი, შუამავალი არის საფრანგეთი“.
ამასთან, სტატიაში დაფიქსირებულია ამიერკავკასიაში ევროკავშირის იმდროინდელი წარმომადგენლის პიტერ სემნების სიტყვები, რომელიც ადასტურებდა 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თაობაზე ორი დოკუმენტის არსებობას. მისი განცხადებით „ამ ორ დოკუმენტს საერთო შეთანხმება აერთიანებს“.
ყოველმხრივი, უშედეგო კვლევის შედეგად, რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტმა სრულიად ლოგიკურად დაასკვნა, რომ „დოკუმენტების წაკითხვა, რომელსაც პრეზიდენტების ხელმოწერები ახლავს, პრაქტიკულად შეუძლებელია“.
საგულისხმოა, რომ ზემოთ მოყვანილი, ბატონ ფილიპსის კვლევის, ხელშეკრულებისადმი მიძღვნილი ნაწილის ბოლოს, აღნიშნულია: „მედვედევი მიესალმა შეთანხმებას. მან განაცხადა, „რომ რუსეთის ოპერაციის მიზანი - ქართული მხარის იძულება მშვიდობისთვის, მიღწეულ იქნა - აგრესორი დაისაჯა. თავის მხრივ საქართველო მიესალმა იმას, რომ შეთანხმებამ ნათლად განსაზღვრა რუსეთი და საქართველო როგორც კონფლიქტის მხარეები“.
სავარაუდოა, რომ კმაყოფილი და ბედნიერი იყო სარკოზი, რომელმაც უზრუნველყო ოკუპანტებსა და დაპყრობილ, კურდღლის მიერ მართულ, საქართველოს შორის ზავი, რის შედეგადაც, იმავე კურდღლისგან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ცოცხალი სიმბოლოს სტატუსი მიენიჭა. ბედნიერი იყო ასევე საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც პარლამენტის წინ, დამარცხებულ ომში გამარჯვებას ზეიმობდა ტაშ-ფანდურის და „სარკო-სარკოს“ შეძახილებით, დღეს კი აღარც ცხინვალის რეგიონი და არც აფხაზეთი ახსოვს.
ბედნიერი ერის ამ შვილთაგან განსხვავებით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც რეალურად შესტკივათ გული სამშობლოს წართმეულ ტერიტორიებზე და ნამდვილად აინტერესებთ პასუხი კითხვაზე - არსებობს თუ არა, და - რა სახით, ზემოხსენებული ხელშეკრულება.
ამ დოკუმენტის გარეშე შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვინ, რაზე და რა სტატუსით მოაწერა ხელი და შესაბამისად მოიპოვა უფლებები და იკისრა მოვალეობები. დღეს არსებული მდგომარეობით, შეუძლებელია ამის დადგენა, ვინაიდან რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ხელშეკრულების მხარედ ყოფნას. სარკოზი ამ პროცესში მონაწილეობდა როგორც ევროკოვაშირის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაური, რომელიც შუამავალის სტატუსით მოქმედებდა ევროკავშირის სახელით. ავტორიტეტული ამერიკული სტრატეგიული კვლევის ცენტრში, სარკოზის და მედვედევს „მოწმეებად“ მოიხსენიებენ.
ეჭვგარეშეა,რომ ფაქტობრივად რუსეთია ყოველივე ზემოხსნებულის უშუალო მონაწილე, მაგრამ ამასთან წარმოიშვება იმის გარდაუვალი აუცილებლობა, რომ მკვეთრად იყოს განსაზღვრული აგვისტოს და მას შემდეგ მოვლენებთან მიმართებაში, მისი სამართლებრივი სტატუსი.
საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისადმი აგდებულმა დამოკიდებულებამ, ერთხელ უკვე მიგვიყვანა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სავალალო მარცხამდე.
სავარაუდოა, რომ ამჟამად მაინც, ინფორმაციას ხსენებული დოკუმენტის თაობაზე ფლობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჯერ კიდევ 2008 წლის 5 სექტემბერს, ეს უწყება აცხადებდა, რომ იმჟამად კონფლიქტის დამარეგულირებელი შეთანხმება არ არსებობდა.
თუკი ეს ესეა, დაინტერესებული პირები მოთმინებით დაელოდებიან ამ დოკუმეტის დედნის სარწმუნო ასლის გამოქვეყნებას.